Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარღვევები თუ აუდიტის სამსახურის შეუსწავლელი დოკუმენტები ქუთაისის მერიაში


  • უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები სოციალურ საცხოვრისში და, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ზედმეტად გადახდა;
  • გარე განათების სისტემის საექსპლუატაციოდ არაეფექტიანად გახარჯული თანხები;
  • უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ მართვაში არსებული კონტროლის სისუსტეები, მერიის მიერ კომპანიების მიმართ გამოუყენებელი საჯარიმო სანქციები, რითაც ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას;
  • წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება სათანადო დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინების მიზნობრიობა, შტატგარეშე მოსამსახურეების დაქირავება მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ;
  • სამსახურებრივი ავტომანქანების დიდი რაოდენობა და, შესაბამისად, მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის არარაციონალური გამოყენება;

ეს და სხვა საკითხები მოხვდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტირების აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისობის ანგარიშში.

ანგარიში მოიცავს ქუთაისის მერიის 2015-2016 წლების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების შესაბამისობას.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების საპასუხოდ აუდიტის სამსახურმა გასცა 20-მდერეკომენდაცია. რეკომენდაციებით აუდიტი ქუთაისის მერიას მოუწოდებს შეისწავლოს ყველა საკითხი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირებიდა გაატაროს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები.

ქუთაისის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ მერაბ მეშველიანი სახელმწიფო აუდიტის 73-გვერდიან ანგარიშში შეტანილ დარღვევებს ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას, პირად ინტერესებს უკავშირებს. მეშველიანის განცხადებით, აუცილებელია დასკვნა შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნოს:

„აუდიტის დასკვნაში კარგად ჩანს, თუ როგორ იკვეთება ყოფილი მერის პირადი ინტერესები პროექტების შესრულებისას. აუცილებელია გამოძიება, რათა სხვა მერებმა არ მისცენ თავს უფლება ბიუჯეტი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დახარჯონ“.

​ქუთაისის ყოფილი მერი, შოთა მურღულია, ბრალდებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ აუდიტორული შემოწმებისას მას არავინ დაჰკავშირებია. მურღულია არ გამორიცხავს, რომ აუდიტს შეუსწავლელი დარჩა დოკუმენტები, რის გამოც იგი მზადაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის საგამოძიებო უწყებებთან:

„აუდიტის შემოწმების მიმდინარეობის პროცესში მე არავის გამოვუძახებივარ. ალბათ, ჩათვალეს, რომ ჩემ მიმართ კითხვა არ უნდა დასმულიყო, თუმცა იმ პერიოდში მიღებულ ყველა მენეჯერულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ვარ, მე მაქვს ყველა დოკუმენტის ქსეროასლი და ელექტრონული ვერსია, თუ დააინტერესებთ, ნებისმიერ უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ“.

შოთა მურღულია
შოთა მურღულია

​პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, ქუთაისის საკრებულოს წევრი დავით გოგისვანიძე მიიჩნევს, რომ აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასახული დარღვევევბი და ნაკლოვანებები დღესაც აქტუალურია ქუთაისის მერიაშიდა მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მსგავსი მეთოდებით ხელმძღვანელობს:

„იგივე ტენდენციებით, იგივე დარღვევებით ხდება ყველა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტის შესრულება, რაც დასკვნაშია მოყვანილი“.

​„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ დავით გოგისვანიძის პასუხად, ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი დავით ნიშნიანიძე განმარტავს, რომ მერიის 2015-2016 წლების საქმიანობის შეფასება შესაბამისი ორგანოების კომპეტენციაა და არა მისი. ნიშნიანიძე აღნიშნავს იმასაც, რომ აუდიტის მიერ შემოწმებულ წლებში იგი სამსახურს არ ხელმძღვანელობდა. დავით ნიშნიანიძისავე განცხადებით, ტენდერებსა და შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გამჭვირვალეა და დარღვევები გამორიცხულია:

„ნებისმიერი დოკუმენტი არის გამჭვირვალე და მეეჭვება, რომ ამჟამად ნებისმიერ პროექტზე მსგავსი დარღვევები იყოს“.

​სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის გარდა მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა იმერეთის 5 მუნიციპალიტეტში. სამსახურმა მუნიციპალიტეტების მიერ 2015-2017 წლებში გაწეული საქმიანობა შეაფასა. აუდიტის სამსახურისინფორმაციით, დარღვევები და ნაკლოვანებები გამოვლინდა ტყიბულში, ბაღდათში, წყალტუბოში, საჩხერესა და სამტრედიაში. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხარვეზებია ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას და სტანდარტებთან მათ შესაბამისობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG