Accessibility links

დარღვევები რაგბის კავშირის საქმიანობაში - რას და რატომ მიაგნო აუდიტმა


რაგბის კავშირი საკვებს და სამედიცინო მომსახურებას მაღალ ფასად ნაცნობებისგან ყიდულობდა, სპორტული მოედნებისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთებს კორპუსების ასაშენებლად ყიდდა, აქ დასაქმებული ადამიანები ერთდროულად რამდენიმე ორგანიზაციაში მუშაოებენ სრულ განაკვეთზე და მივლინებებისას იმაზე მეტ თანხას იღებდნენ, ვიდრე ამას კანონი განსაზღვრავს - ესაა არასრული ჩამონათვალია იმ დარღვევების, რომელიც აუდიტის სამსახურმა რაგბის კავშირის 2014-18 წლების საქმიანობის შესწავლის შემდეგად დაადგინა.

რაგბის კავშირის საქმიანობის აუდიტი მის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე არაოფიციალურად გავრცელდა და გამოითქვა ეჭვი, რომ დოკუმენტის გასაჯაროება დაემთხვა რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებს და ამ პერიოდში მისი გამოქვეყნება პოლიტიკური აქტი იყო. ფეისბუქ გვერდი, რომელმაც დასკვნა ოფიციალურად გამოქვეყნებამდე გაასაჯაროვა, არჩევნებამდე, 22 იანვარსაა შექმნილი და ამ დრომდე აქვს აქტიური რეკლამები. ყველა მასალა, რომელიც 200-მდე მომწონებლის მქონე გვერდს აქვს განთავსებული, აუდიტის დასკვნაში ხსენებულ დარღვევებზეა.

არჩევნები, სადაც რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩიათ, 30 იანვარს იყო დანიშნული და 24 თებერვალს გადაიდო. 24 თებერვალს არჩევნები კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა და რეგლამენტის თანახმად, ახალი თარიღი 25 მარტამდე უნდა დასახელდეს. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კენჭს იყრიან მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ყოფილი მორაგბე, ამჟამად დეპუტატი მმართველი პარტიიდან ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე, რაგბის კავშირის ყოფილი თანამშრომელი.

22 იანვარს შექმნილ ფეისბუქის გვერდზე აუდიტის დასკვნა არაოფიციალურად 22 თებერვალს გამოქვეყნდა, ოფიციალურად კი დოკუმენტი 9 მარტის საღამოს გახდა საჯარო. გამოქვეყნებას წინ უძღოდა რაგბის კავშირის საჩივარი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც აუდიტის სამსახურმა არ დააკმაყოფილა.

რაგბის კავშირი, ისევე როგორც ყველა ორგანიზაცია, რომლის აუდიტსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკეთებს, მის შესახებ მომზადებულ დასკვნას დოკუმენტის გასაჯაროებამდე გაეცნო და რამდენიმე გარემოების გამო მისი გაუქმება ითხოვა.

აი ის საკითხები, რის გამოც რაგბის კავშირი თვლიდა, რომ დასკვნა ნაწილობრივ უნდა გაუქმებულიყო:

  • ანგარიშში შეფასებული იყო არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯვის პროცესი, რისი უფლებაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია.
  • ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, მივლინებების დროს ზედმეტი ხარჯები და 2015 წელს გაცემული დღიური ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაფარულა და შესაბამისად, ერთი მხრივ მათი შესწავლა აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცილდება, მეორე მხრივ კი რაგბის კავშირს ამგვარი თანხის ხარჯვისას მეტ თავისუფლებას ანიჭებს.
  • საკვებზე გაწეული გაზრდილი ხარჯები აიხსნება ინფლაციით და არა ფლანგვით.

აუდიტის სამსახურის პასუხი ამ გარემოებებზე შემდეგი იყო:

  • აუდიტის ობიექტი შეიძლება იყოს საწარმო, თუ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან/და მუნიციპალიტეტი მასში არსებით წილს ფლობს - 50%-ს და მეტს. აუდიტორული შემოწმება ამ საწარმოს მთლიან საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას მოიცავს, რაც აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დომინანტური საჯარო ფინანსური ინტერესის/გავლენის არსებობას უკავშირდება.
  • კანონით არ არის მოცემული საგამონაკლისო დათქმა, რომელიც აუდიტის ობიექტის საქმიანობის შემოწმების ზოგადი უფლებამოსილებიდან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომ − ა(ა)იპ) გამორიცხავს ან მათ განსხვავებულ რეჟიმში აყენებს.
  • 2014−2018 წლებში რაგბის კავშირის მიერ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება მისი მთლიანი შემოსავლების 70 პროცენტს შეადგენს.

ანგარიში, რომელიც გასაჩივრების მიუხედავად გამოქვეყნდა, უკვე განხილული იყო როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე რაგბის კავშირის პრეზიდენტის ჩაშლილ არჩევნებზე.

24 თებერვალს ამ ანგარიშს ახსნებდნენ, როგორც დასტურს მოქმედი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, გოჩა სვანიძის მუშაობის შესაფასებლად. ანგარიში 2014-18 წლებს მოიცავს და ამ პერიოდში რაგბის კავშირში მუშაობდა პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, მოქმედი პარლამენტარი, ირაკლი აბუსერიძე. რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობას ის 2013 - 2016 წლებში იკავებდა. გოჩა სვანიძე, რომელიც 2004 წლიდან რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე იყო, კავშირის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს.

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, რაგბის კავშირის ნაკრებების მენეჯერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე წარმომადგენლობითი და ნორმის ზემოთ მივლინებებისთვის გაცემული, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მნიშვნელოვანი წილი 2014-15 წლებზე მოდის. საანგარიშო პერიოდში დაუდასტურებელმა ხარჯებმა 404 475 ლარი შეადგინა. აქედან 376 826 ლარი 2014-15 წლებზე მოდის, 2016 წლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელმა ხარჯებმა არსებითად იკლო, 2018 წელს კი ასეთი ფაქტები აღარ ფიქსირდება.

დაუდასტურებელი ხარჯების გარდა აუდიტის სამსახურმა გამოკვეთა სხვა დარღვევებიც:

  • სამუშაო დროის სრულ განაკვეთზე დასაქმებული 140 პირიდან − 79 ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ეწეოდა რამდენიმე ორგანიზაციაში ერთდროულად. ასევე არის შემთხვევები, როცა კავშირში სრულ განაკვეთზე სამუშაო რეჟიმით მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმებული პირები ერთდროულად დასაქმებული არიან კავშირში სხვა ანაზღაურებად პოზიციაზე, რაც სუსტი შიდა კონტროლის სისტემის პირობებში ქმნის ფიქტიური შრომითი საქმიანობის ანაზღაურების რისკებს;
  • 2017-2016 წლებში ზედმეტად ანაზღაურებულმა სამივლინებო თანხებმა შეადგინა 56,603 ლარი.
  • 2018 წელს არსებული წესის შეუსაბამოდ, დიდი 10-ის რვა სარაგბო კლუბზე კომპენსაციის სახით ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 43,500 ლარი.
  • 2015 წელს „მსოფლიო თასისათვის“ მზადების პერიოდში დამხმარე პერსონალზე ე.წ. დღიური ხარჯის სახით, ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 190, 390 ლარი.
  • შესამოწმებელ პერიოდში კავშირის მიერ 4 მიწის ნაკვეთის (საერთო ფართობი − 23,591კვ.მ.) რეალიზაცია განხორციელებულია არაკონკურენტულ საფუძველზე, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის, შეფასების (საბაზრო ღირებულების დადგენის) გარეშე.
  • ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ასოციაცია „ატუს“ მიერ 2010-2108 წლებში აშენებული სარაგბო ბაზების და ბაზებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საერთო ღირებულებამ შეადგინა 132,267,637 ლარი. აქედან, კავშირის საკუთრებაში არსებულ და სახელმწიფოსაგან უზუფრუქტით და აღნაგობის უფლებით გადმოცემულ 376,490 კვ/მ მიწაზე აშენებულ 11 სარაგბო ბაზის ღირებულებამ შეადგინა 124,975,821 ლარი. საჯარო რეესტრის ამონაწერების შესაბამისად, მიწების და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე არის რაგბის კავშირი, ბუღალტრულად კი კავშირის ბალანსზე აღრიცხულია მხოლოდ აღნიშნული მიწის ნაკვეთები, ამ მიწებზე აშენებული შენობა-ნაგებობები კი აღრიცხულია ა(ა)იპ − ასოციაცია „ატუს“ ბალანსზე. ასოციაცია “ატუ” ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანიაა.
  • კვების მომსახურების შესყიდვა ხორციელდებოდა დაკავშირებული პირისგან. შედეგად, მიწოდებულ მომსახურებაზე ჩამოყალიბდა არასაბაზრო, მაღალი ფასი. მხოლოდ 2018 წელს აღნიშნული მომსახურების ერთეულზე ფასის ზრდის გამო, არაეკონომიურმა ხარჯმა შეადგინა 50,090 ლარი.
  • სამედიცინო მომსახურებას კავშირი ყიდულობს მოქმედი თანამშრომლების მიერ 2014 წელს დაფუძნებული შპს „სპორტული მედიცინის კლინიკისგან“, რომელსაც 2015-18 წლებში მორაგბეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურეების ანაზღაურების მიზნით, 2015-2018 წლებში 425,185 ლარი გადაუხადა. კლინიკა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს თბილისში „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე, კავშირის საკუთრებაში არსებულ 142 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობაში და საქმიანობისას გამოყენებული სამედიცინო აპარატურის ნაწილი თავად კავშირის საკუთრებაა.
  • არის შემთხვევები, როცა კლინიკის მომსახურება მიღებული აქვთ ნაკრების იმ მორაგბეებს, რომლებიც მომსახურების გაწევის პერიოდისათვის კავშირის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნაკრების გაფართოებული სიების შესაბამისად, იმყოფებოდნენ უცხოეთში, კერძოდ კანადაში, არგენტინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
  • რაგბის კავშირმა სპორტსმენთა ტრავმების პრევენციის, ტრავმირებული სპორტსმენების რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებისა და მათი სპორტულ-ფიზიოლოგიური შესაძლებლობების ოპტიმალურ დონეზე ასპარეზობის უზრუნველყოფის მიზნით, ნაკრები გუნდებისათვის შეისყიდა 679,199 ლარის საკვები დანამატები. მორაგბეებზე დანამატის გაცემის ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება.
  • 2018 წელს წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინების გარეშე, კლუბებზე გაცემულმა კომპენსაციამ შეადგინა 345,000 ლარი. კომპენსაციების გაცემა ხდება კლუბებიდან წარმოდგენილი ინფორმაციების შესაბამისად. აუდიტმა დააგინა, რომ 2018 წელს, 29 შემთხვევაში კავშირმა დიდი 10-ის 8 კლუბზე 43,500 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცა ზედმეტად, მორაგბეების თავიანთი კლუბების თამაშებში მონაწილეობის მიუხედავად.

კავშირის შემოსავლებმა 2014-2018 წლებში შეადგინა 116,091,129 ლარი. აქედან, საბიუჯეტო დაფინანსებაა 80,928,192 ლარი, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების გრანტი − 19,027,238 ლარი და საკუთარი შემოსავლები − 16,135,699 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG