Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის კომპანიები რუსული სუ-30-ის მწარმოებლებს სათადარიგო ნაწილებით ამარაგებენ - “სისტემა”


უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიამ 11 გამანადგურებელი სუ-30 დაკარგა
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიამ 11 გამანადგურებელი სუ-30 დაკარგა

სამხედრო ავიაცია ერთ-ერთი ის საბრძოლო კომპონენტია, რომელშიც რუსეთი ჯერჯერობით კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება მასთან ომში მყოფ უკრაინას.

უკრაინას სჭირდება დაახლოებით 160 გამანადგურებელი თვითმფრინავი F-16, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის დომინირება საჰაერო სივრცეში, - განაცხადა შარშან უკრაინის პრეზიდენტმა პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში.

თავის უპირატესობაში დარწმუნებულმა რუსეთის არმიამ 2024 წლის ახალ წლამდე ორი დღით ადრე მასირებული საავიაციო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე: დაბომბვის შედეგად კიევში, ლვოვში, ხარკოვში, ოდესაში და ქვეყნის სხვა ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში 58 ადამიანი დაიღუპა და 158 დაშავდა.

"დღეს რუსეთმა გვესროლა თითქმის ყველაფერი, რაც არსენალში აქვს", - განაცხადა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაზე განხორციელებულ მასირებულ იერიშებში მონაწილეობა სავარაუდოდ უნდა მიეღოთ ასევე რუსულ მრავალფუნქციურ გამანადგურებელ სუ-30-ებს, რომლებსაც შეუძლიათ როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სამიზნეების განადგურება.

ამ ფონზე, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნატოს სხვა ქვეყნების კომპანიები, სანქციების მიუხედავად, აგრძელებენ რუსეთისთვის გამანადგურებელ სუ-30-ის ნაწილების მიწოდებას, - ნათქვამია პროექტ "სისტემის" მიერ ჩატარებულ გამოძიებაში.

სად ეწყობა და რამდენი გამანადგურებელი სუ–30 ჰყავს რუსეთს?

რუსეთის სამხედრო-კოსმოსურ ძალებსა და რუსეთის საზღვაო ძალებს შეიარაღებაში აქვთ სულ მცირე 120 ერთეული, სხვადასხვა მოდიფიკიაციის სუ-30 გამანადგურებელი. პროექტის Oryx-ის (აგროვებს და აანალიზებს სამხედრო ოპერაციების შესახებ ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას) თანახმად, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიამ 11 ასეთი თვითმფრინავი დაკარგა.

ამ დანაკარგების ასანაზღაურებლად რუსეთი დიდ ძალისხმევას ახმარს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი საავიაციო საშუალებების, მათ შორის გამანადგურებელი სუ-30-ების მოდერნიზებას და წარმოებას.

სუ-30 იწარმოება ირკუტსკის თვითმფრინავების ქარხანაში (სააქციო საზოგადოება „იაკოვლევის“ ფილიალი), რომელიც, როგორც კომპანია „როსტექის“ ნაწილი, არის რუსული თვითმფრინავების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი. ხოლო "როსტექის" ხელმძღვანელი, სერგეი ჩემეზოვი ევროკავშირისა და აშშ-ის სანქცირებულ პირთა სიაში იმყოფება.

სწორედ ირკუტსკში მდებარე ქარხანა აწარმოებს და არემონტებს გამანადგურებელ თვითმფრინავებს.

ეს ქარხანა ქალაქის განაპირასაა და რუსეთის ოფიციალურ ახალ ამბებში მასზე ცნობა მაშინ გამოჩნდა, რაც 2022 წლის ოქტომბერში სუ-30, რომელიც ქარხნის აეროდრომიდან აფრინდა, ირკუტსკში აეროდრომის შორიახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მაშინ ივარაუდეს, რომ ინციდენტი შეიძლებოდა ყოფილიყო "სუ-30-ის უხარისხო რემონტის" შედეგი.

კომპანია Maxar-ისა და Planet Labs-ის სატელიტური სურათების გაანალიზებით, „სქემების“ ჟურნალისტები შარშან მივიდნენ დასკვნამდე, რომ ირკუტსკის ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ძირითადი საწარმოების გვერდით 2019-2021 წლებში გამოჩნდა ახალი ანგარი, რომელიც თვითმფრინავის ასაფრენ ხაზზე გადის. ხოლო წელს დამთავრდება მსგავსი ობიექტის მშენებლობა. სავარაუდოდ, მეორე ობიექტიც დაუკავშირდება ასაფრენ ბილიკს.

ირკუტსკის საავიაციო ქარხანა, ახალი საამქრო (სავარაუდოდ, გამანადგურებლებისთვის) და კიდევ ერთი მშენებარე საამქრო. პროექტ „სქემებისთვის“ Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის მიერ 2023 წლის სექტემბერში გადაღებული სატელიტური ფოტოები.
ირკუტსკის საავიაციო ქარხანა, ახალი საამქრო (სავარაუდოდ, გამანადგურებლებისთვის) და კიდევ ერთი მშენებარე საამქრო. პროექტ „სქემებისთვის“ Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის მიერ 2023 წლის სექტემბერში გადაღებული სატელიტური ფოტოები.

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან იარაღითა და მასთან დაკავშირებული პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვა ჯერ კიდევ 2014 წელს დააწესეს. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სააქციო საზოგადოება „იაკოვლევი“ სანქციების ქვეშ მოექცა. ამის მიზეზად ევროკავშირმა აგრესიის დროს ამ კომპანიის მიერ გამოშვებული გამანადგურებელი სუ-30-ების გამოყენება დაასახელა.

ფორმალურად, „იაკოვლევს“ არ შეუძლია შეიძინოს დეტალები, სათადარიგო ნაწილები და აღჭურვილობა სამხედრო თუ ნებისმიერი სხვა მიზნისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსული კომპანია სანქციების სიებში შეიტანეს. იმპორტირებული კომპონენტების ნაკლებობამ გამოიწვია თვითმფრინავების, მათ შორის Sukhoi Superjet-100-ის სამგზავრო თვითმფრინავის წარმოების შემცირება. კორპორაციის ექსპერტების შეფასებით, უცხოური მარაგ-ნაწილების გარეშე 2030 წლისთვის, რუსეთის ავიაპარკში 30-ზე ნაკლები Sukhoi Superjet-ის თვითმფრინავი დარჩება.

კომპანია „იაკოვლევის“ მენეჯმენტმა განაცხადა, რომ წარმოების რეფორმირებას მოახდენს და შიდა ძრავებსა და სათადარიგო ნაწილებზე გადავა. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ევროპიდან და ნატოს ქვეყნებიდან გარკვეული მარაგ-ნაწილების ექსპორტი არ შეჩერებულა. „იაკოვლევი“ კვლავ ყიდულობს თვითმფრინავების იმპორტულ ნაწილებს და შეაქვს ის იმ ქვეყნებიდანაც კი, სადაც რუსეთის კომპანია ოფიციალურად რჩება სანქციების სიებში.

ტრანსპონდერებიდან საკვნეტლებამდე - რას აწვდიან რუსეთს?

თავდაცვის სფეროში ინფორმაციის მოპოვებითა და ანალიზით დაკავებული არაკომერციული ორგანიზაცია C4ADS-ის თანახმად, 2022-2023 წლებში „იაკოვლევმა“ დასავლეთის კომპანიებისგან 8 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების მაკომპლექტებელი ნაწილები შეიძინა.

კომპანია „იაკოვლევის“ საბაჟო დეკლარაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ შეიტანეს ელექტროძრავის მაკონტროლებელი კომპიუტერები, სანავიგაციო აღჭურვილობა და ავტომატური სისტემების მოდულები. ორგანიზაცია C4ADS-ის ანალიტიკოსის, ომარ ალ-გამბის თქმით, ეს კომპონენტები შეიძლება გამოეყენებინათ სუ-30-ის წარმოებისთვის.

რუსული კომპანიისთვის მარაგ-ნაწილების მიწოდების რაოდენობის და ღირებულების მხრივ ლიდერობს გერმანია. ნატოსა და ევროკავშირის წევრმა გერმანიამ 2022 წლიდან 2023 წლის ივლისამდე კომპანია „იაკოვლევს“ გაუგზავნა 4,4 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია. ყველაზე მეტი (3.9 მილიონი დოლარის ღირებულების) დეტალი „იაკოვლევმა“ შეისყიდა ამერიკული კომპანია Honeywell International-ისგან, რომლის ერთ-ერთი ქარხანა გერმანიაში მდებარეობს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კომპანიამ განაცხადა, რომ შეწყვეტდა ოპერაციებს რუსეთსა და ბელარუსში. 2022 წლიდან 2023 წლის ივლისამდე გერმანიიდან "იაკოვლევის" მიწოდების საერთო მოცულობამ 4.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

რუსეთისთვის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქციის მიწოდების აკრძალვა 2014 წლიდან მოქმედებს
რუსეთისთვის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პროდუქციის მიწოდების აკრძალვა 2014 წლიდან მოქმედებს

კომპანია „იაკოვლევისათვის“ ფრანგული Thales AVS France SAS-ის მიწოდებული პროდუქცია ომის დაწყებიდან 783 ათას დოლარად არის შეფასებული. საბაჟო დეკლარაციებში ის აღნიშნულია, როგორც "არასამხედრო დანიშნულების" აღჭურვილობის მარაგი, მაგრამ მაინც შეიძლება ჩაითვალოს სანქციების დარღვევად. ზოგადად, საფრანგეთიდან მიწოდებული მარაგების მოცულობა რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან შეფასებულია 3,5 მილიონ დოლარად, აშშ-დან - 153 ათას დოლარად, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან - 13,8 ათას დოლარად.

უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, სააქციო საზოგადოება „იაკოვლევმა“ შეძლო ისეთი ევროპული საქონლის იმპორტი, რომელსაც ჰქონდა ნიშანი "სამხედრო დანიშნულებისთვის". სიმართლე უნდა ითქვას, რომ ასეთი პროდუქტი მხოლოდ ორი აღმოჩნდა: Bosch-ის “ცხელი ჰაერის თოფები” და Knipex-ის მავთულის საკვნეტლები. თანაც ისინი რუსეთში ალჟირის გავლით ჩაიტანეს.

ეს ინფორმაცია „სისტემის“ მიერ გაგზავნილი შეკითხვის პასუხად კომპანია Bosch-მა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ალჟირიდან რუსეთში გაგზავნილი საქონელი კომპანიის მიერ ადრე იყო გამოშვებული და მისი წარმოება ჯერ კიდევ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე შეწყდა. გარდა ამისა, Bosch-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიამ საექსპორტო რეგულაციების, მათ შორის სანქციების მოთხოვნათა შესასრულებლად ახალი პოლიტიკა შეიმუშავა. "კომპანიის მიზანია ხელი შეუშალოს Bosch-ის პროდუქციის გამოყენებას პროცესებში, რომლებიც არღვევს სანქციებს", - აღნიშნულია „სისტემისათვის“ გაგზავნილ კომპანიის პასუხში.

ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან სამხედრო დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობასთან დაკავშირებით „სისტემამ“ წერილები გაუგზავნა ასევე სააქციო საზოგადოება „იაკოვლევსა“ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მაგრამ სტატიის გამოქვეყნებისთვის მათგან პასუხები არ მიუღია. ხოლო კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს საკითხი "არ არის [პრეზიდენტის] ადმინისტრაციის თემა". არადა, შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ რატომ ყიდულობს დასავლეთის ქვეყნებისგან გარკვეულ სათადარიგო ნაწილებს რუსეთი, რომელმაც სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა იმპორტის ჩანაცვლების კურსი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG