Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

100 წელი გვამზე ზრუნვაში: ლენინი - სტალინზე უკეთესი თუ უარესი?


ვლადიმირ ლენინი მავზოლეუმში.
ვლადიმირ ლენინი მავზოლეუმში.

21 იანვარს ასი წელი შესრულდა რუსი რევოლუციონერის, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) დამფუძნებლის, 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორისა და მსოფლიო ისტორიაში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს შემქმნელის, ვლადიმირ ლენინის (ულიანოვი) გარდაცვალებიდან.

საბჭოთა იდეოლოგიამ და ისტორიოგრაფიამ ლენინისაგან შექმნა ნამდვილი კერპი, რომლისთვისაც უცხო იყო ადამიანური სისუსტეები. საბჭოთა კავშირში მიღებული ერთადერთი იდეოლოგიის მიხედვით, ლენინი იყო არა ჩვეულებრივი პოლიტიკოსი ან ადამიანი, არამედ ნამდვილი ბრძენი, ერთგვარი იდეალური ადამიანი, რომელსაც არაფერი ეშლებოდა. საბჭოთა პროპაგანდამ მისგან შექმნა მითი შეუმცდარი პოლიტიკური წმინდანისა. არადა, სამყარო დღემდე იმკის ლენინის მიერ დათესილი ბოროტების სისხლიან მოსავალს, რომ არაფერი ითქვას მის ადამიანურ სისუსტეებსა და შეცდომებზე, რომელთა შორის, ალბათ, ყველაზე თვალსაჩინო მსოფლიო რევოლუციაა, რომელიც არ მოხდა. მეტიც, უდღეური აღმოჩნდა თვითონ ლენინის პირმშო, პირველი სოციალისტური ქვეყანა საბჭოთა კავშირის სახით.

სიკვდილი, ძილი, უკვდავება

„არასოდეს სიკვდილს არ მოსწრებია ისეთი დიდი გამარჯვება, როგორც იმ ღამეს, როცა ლენინი მოკვდა, რადგან არასოდეს კაცობრიობას არ ყოლია მჩაგვრელთა ისეთი დიდი მტერი, როგორიც ლენინი იყო, - წერდა მწერალი დემნა შენგელაია ლენინის გარდაცვალების შესახებ გამოცემულ ბროშურაში „ფიცი“, - არასოდეს აჯალი [ბედისწერა] არ ყოფილა ისე ამაყი და საშინელი, როგორც 1924 წლის იანვრის 21-ს. საღამოს 6 საათსა და 50 წუთზე გადაიარა მან ფრთამოტეხილ ყორანივით სოფელ გორკაზე“.

ლენინი გარდაიცვალა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა და თანამებრძოლებმა მალევე უარყვეს ეს აშკარა ბიოლოგიური ფაქტი და ბელადის გარდაცვალებას პირველივე დღეებში მოუძებნეს შესაბამისი ევფემიზმი „ძილის“ სახით:

„წევს აკლდამაში უმოძრაოდ ქვეყნების მძვრელი,
სახეუცვლელად ეს დიადი წლები გალია,
კრემლის კედლების და წითელი მოედნის მცველი,
ის ძილს ეძლევა და მტერი კი ძილდამფრთხალია“.

ეს ლექსი „ლენინის აკლდამაში“ ქართველმა პოეტმა კონსტანტინე ჭიჭინაძემ ლენინის გარდაცვალების 10 წლისთავზე დაწერა, მაშინ ჯერ ისევ ამბობდნენ, რომ წითელ მოედანზე მავზოლეუმში დასვენებულ ლენინს ეძინა. მერე და მერე ბოლშევიკები სულ უფრო მეტი დაჟინებით დაიწყებენ იმის მტკიცებას, მანტრასავით გამეორებას, რომ ლენინი ყველა ცოცხალზე ცოცხალი იყო. სინამდვილეში, როგორც მოგვიანებით იტყვის ამერიკაში მცხოვრები ფილოსოფოსი და კულტუროლოგი, ბორის პარამონოვი, ლენინი რომ მკვდარი იყო, ეს ყველაზე კარგად თავად ბოლშევიკებმა იცოდნენ, ამიტომაც იმეორებდნენ მანტრას, ლენინი ცოცხალია, ლენინი ჩვენთანაა და ა.შ.

ბორის პარამონოვი
ბორის პარამონოვი

„მარად ცოცხალი უწოდეს გვამს. სწორედ გვამზე ზრუნვაში იმალება მთელი ავბედი მაგია რუსული ცხოვრებისა, რომელიც ას წელზე მეტია ერთგვარ ლეთარგიულ მდგომარეობაში იმყოფება“, - ამბობს პარამონოვი, რომლის თქმითაც, იყო დრო, 1991 წლის აგვისტო, როცა გვამის თავიდან მოშორება ძალიან იოლად შეიძლებოდა:

„რატომ არ გააკეთეს ეს? როგორც ჩანს, უბრალოდ დაავიწყდათ, ამის დრო არ იყო - მართლაც, ცხოვრება იცვლებოდა, შეიძლება ითქვას, წყაროსავით მოსჩქეფდა. ფაციფუცში დაავიწყდათ ილიჩი. გამარჯვების აღსანიშნავად სოჭში გაიქცნენ, ხმაურიანად იზეიმეს, თავზე დაიმხეს ყველაფერი... შემდეგ როგორღაც უხერხული იყო მავზოლეუმში სარკოფაგის დალეწვა. ლენინის მუმია ერთგვარ სიმბოლურ გირაოდ, დაპირებად დატოვეს. ეს იყო და არის საბჭოთა-რუსული ცხოვრების ღრმა სიმბოლიკა. როგორც ერთმა ბრძენმა თქვა ამის შესახებ: მატერიალიზმის ტრიუმფმა გამოიწვია მატერიის განადგურება. მატერია დარჩა არა როგორც რეალობა, არამედ როგორც რეალობის ნიშანი, რაღაც რელიგიური „იმქვეყნად“, სადაც ყველაფერი კარგად იქნება. <...> საბჭოთა ლენინური მატერიალიზმი სიკვდილისადმი აპელაციაა. მატერიალიზმი - როგორც სიკვდილის გამოცხადება არსებობის უმაღლეს პრინციპად და ყოფიერების ჭეშმარიტებად. სწორედ ესაა გამოხატული მავზოლეუმის სიმბოლიკაში”.

ლენინის ძეგლი პეტერბურგში. 2023 წ. 18 აპრილი
ლენინის ძეგლი პეტერბურგში. 2023 წ. 18 აპრილი

საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 30 წელზე მეტი გავიდა, რუსეთში კომუნისტები ღრმა უმცირესობაში არიან, ლენინს ხშირად აკრიტიკებს პუტინი, რომელიც ღიად ეტრფის და აცოცხლებს სტალინის, როგორც ძლიერი და გამარჯვებული ლიდერის მითს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ლენინი ჯიუტად არ გამოაქვთ მავზოლეუმიდან.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

„რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება დგას არაფრის კეთებაზე, - ამბობს ბორის პარამონოვი 2020 წელს დაწერილ ესეიში, - ნებისმიერი ჟესტი იწვევს ჩვეული ბალანსის დარღვევას და შეიცავს საფრთხეს. კონსერვაცია და სტატუს-კვო - დღევანდელი პოლიტიკის ალფა და ომეგაა. გაირინდო და არ გაინძრე - მიბაძო გვამს, მოახდინო სიკვდილის იმიტაცია. ასეთი პოლიტიკისთვის რა შეიძლება იყოს უფრო მოსახერხებელი და გამომხატველი, ვიდრე მავზოლეუმში დადებული გვამია?“

ლენინი ადამიანის სახით

2009 წელს ინგლისში გამოვიდა ჰელენ რაპაპორტის წიგნი „კონსპირატორი: ლენინი ემიგრაციაში“, რომელშიც ლენინის ემიგრაციაში ხანგრძლივი ცხოვრების დეტალებია აღწერილი. 1900 წლიდან მოყოლებული ლენინი ევროპის ქალაქებს თანამედროვე მოგზაურებისათვისაც კი შესაშური სიხშირით იცვლიდა. ლონდონი, ვენა, პარიზი, ბერლინი, ბერნი, ბრიუსელი, პრაღა, მიუნხენი, ჟენევა, ციურიხი, კუნძული კაპრი, პოლონეთის და ფინეთის ქალაქები და ა.შ. - „ლენინური ქალაქების“ სიაში სულ ოცზე მეტი ქალაქია.

ვლადიმირ ლენინი
ვლადიმირ ლენინი

როგორი იყო ლენინი არა პოლიტიკოსი და საბჭოთა ისტორიის მიერ შექმნილი ხატი, არამედ ადამიანი?

წიგნის ავტორის თქმით, მას უნდოდა ეჩვენებინა ადამიანი ყოველგვარი იდეოლოგიური მორთულობის გარეშე. მაგალითად, „კონსპირატორის“ ერთ-ერთი თავი ეძღვნება ლენინის ცხოვრებას პარიზში, სადაც მან, არც მეტი და არც ნაკლები, ოთხი წელი გაატარა. როგორც ჰელენ რაპაპორტი წერს, „ევროპული სექსინდუსტრიის ამ საყრდენ წერტილში ლენინს ბევრი ცდუნება ჰქონდა, რაც გასაგებია ნორმალური მამაკაცისთვის, რომლის ცოლსაც ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებისა და სხვა დაავადებების გამო სრულად ჰქონდა ატროფირებული ლიბიდო“.

საინტერესოა, ლენინი, როგორც მისი საბჭოთა ბიოგრაფები წერენ, მთელ დროს მართლა ბიბლიოთეკებსა და პოლიტიკურად კორექტულ კაფეებში ატარებდა თუ...?

ჰელენ რაპაპორტი მემუარულ წყაროებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ ლენინისთვის უცხო არ იყო ბოჰემური ცხოვრების წესი და, რომ პროლეტარიატის ბელადი ხშირად სტუმრობდა პარიზის ბორდელებს. მკვლევარი ასევე დეტალურად აღწერს ლენინის რომანს ინესა არმანდთან, რომელიც რევოლუციის მომავალ ლიდერს ვნებიანად უყვარდა, რაც, თავის მხრივ, საერთოდ არ აღელვებდა კრუპსკაიას, ლენინის ცოლს.

ვლადიმირ ლენინი და ნადეჟდა კრუპსკაია (ფონზე მარჯვნივ), 1918 წ.
ვლადიმირ ლენინი და ნადეჟდა კრუპსკაია (ფონზე მარჯვნივ), 1918 წ.

ცხადია, ლენინზე დაწერილ დოკუმენტურ ნაშრომში ავტორი გვერდს ვერ აუვლიდა ლენინის შეულამაზებელ პოლიტიკურ პორტრეტს, რომელიც ასეთია:

„ლენინი შეპყრობილი იყო აკვიატებული იდეებით. ყოველდღიურ ყოფაში ძალიან მომთხოვნი იყო, უყვარდა პუნქტუალურობა, სისუფთავე და წესრიგი. ეს განასხვავებდა მას ემიგრაციაში მცხოვრები სხვა მრავალი რუსისგან. ლენინი იყო ძალიან ავტორიტარული და ძალიან ხისტი, ვერ იტანდა, როცა არ ეთანხმებოდნენ; ვინც არ ეთანხმებოდა, მას ერეტიკოსად და მარგინალად აცხადებდა. ამის გამო ბევრ მეგობართან გაწყვიტა ურთიერთობა. მეგობრობა მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. პოლიტიკური ნიშნით კამათის გამო ემიგრაციაში ყოფნისას ბევრი მეგობარი დაკარგა, მათ შორის მარტოვი, პლეხანოვი, ზასულიჩი. ნადია (ნედაჟდა კრუპსკაია, ლენინის ცოლი) ერთადერთია, ვინც მისი ერთგული დარჩა ემიგრაციის მთელი 17 წლის განმავლობაში. ლენინი ცინიკური ოპორტუნისტი იყო - მარტივად ცვლიდა პარტიულ ტაქტიკას გარემოებებისა და პოლიტიკური სარგებლის შესაბამისად. ალბათ ამაში მდგომარეობდა მისი როგორც ტაქტიკოსის არაჩვეულებრივი ნიჭი. ლენინი იყო დაუნდობელი და სასტიკი, ის ურცხვად იყენებდა ხალხს საკუთარი მიზნებისთვის“.

ვინ უარესია - ლენინი თუ სტალინი?

მკვლევართა ნაწილი ვლადიმირ ლენინს ჯერაც ცოცხალ და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად აღიქვამს, რადგან, მათი თქმით, მთელი რიგი ქვეყნებისა, მათ შორის რუსეთი, აზიისა და სამხრეთ ამერიკის მრავალი ქვეყანა ჯერ კიდევ განიცდის ლენინის მიერ ორგანიზებული ბოლშევიკური გადატრიალების შედეგების მავნე გავლენას. ასე ფიქრობს ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ სებასტიენი, ავტორი ლენინზე დაწერილი წიგნისა „ლენინი დიქტატორი. ინტიმური პორტრეტი“, რომლის მიხედვითაც, ლენინი არის ფანატიკოსი, დემაგოგი და უპასუხისმგებლო პოპულისტი. წიგნის ავტორი ლენინში ხედავს ცინიკურ და ამორალურ პრაგმატიკოსს, რომელიც ჩაციკლულია ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და შენარჩუნებაზე. სწორედ ლენინია ავტორი „რევოლუციური ზნეობის“ კონცეფციისა, რომლის მიხედვითაც მიზანი ამართლებს საშუალებას და მხოლოდ ისაა ზნეობრივი, რაც ხელს უწყობს რევოლუციას.

ვიქტორ სებასტიენის წიგნი „ლენინი დიქტატორი. ინტიმური პორტრეტი“
ვიქტორ სებასტიენის წიგნი „ლენინი დიქტატორი. ინტიმური პორტრეტი“

როგორც პოლიტიკოსი, ის მეტისმეტად ცინიკური იყო, რადგან მზად იყო წასულიყო ყველაფერზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და შენარჩუნებისთვის. იგი აბსოლუტურად დაუნდობელია, მზად იყო გაეწირა ხალხი ამ მიზნისთვის. ვიქტერ სებასტიენის თქმით, პოლიტიკაში ის იყო როგორც აბსოლუტური ცინიკოსი, ასევე დემაგოგი, რომელიც „უსირცხვილოდ იტყუებოდა“:

„არცერთი დაპირება, რომელიც მან 1917 წელს გასცა - მიწა გლეხებს, ავტონომია ეროვნულ პერიფერიებში, ქარხნები და ქარხნების კონტროლი მუშებს, - არ შესრულდა. გლეხებმა არ მიიღეს მიწა, ქარხნები კი გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში. ლენინი არ ერიდებოდა ტყუილს და მოტყუებას, მიმართავდა ცინიკურ დემაგოგიას. მან შეასრულა მხოლოდ ერთი დაპირება: მოიტანა მშვიდობა, გამოიყვანა რუსეთი ომიდან. რაც შეეხება დანარჩენს, არც უფიქრია მათი შესრულება. განა ეს არ არის დემაგოგიის და უსირცხვილო ცინიზმის გამოვლინება?“

2017 წელს რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანელი მკვლევარი, ლენინის თაოსნობით ბოლშევიკების მიერ გატარებულ სისხლიან ტერორზე საუბრისას, იმეორებს წიგნში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ „ლენინი არ იყო მონსტრი“.

ვიქტორ სებესტიენი
ვიქტორ სებესტიენი

„ვგულისხმობ იმას, რომ პირადად, ბუნებით, ლენინი არ იყო სასტიკი ადამიანი, - აზუსტებს მკვლევარი, - სტალინს და ჰიტლერს, როგორც წესი, ძალიან აინტერესებდათ მათ მიერ მოკლული პოლიტიკური მტრების სიკვდილის დეტალები, მათი ქცევა წამებისას, დაკითხვის დროს და მათი ბოლო სიტყვები. ლენინი გულგრილი იყო ამ ყველაფრის მიმართ. მისთვის ხალხი აბსტრაქცია იყო - მისი უტოპიური თეორიების იარაღები და ელემენტები. პირველ რიგში ის იყო თეორეტიკოსი. რა თქმა უნდა, მისი სანქცირებული იყო სასტიკი და სისხლიანი ქმედებები, მაგრამ პიროვნულ, პერსონალურ დონეზე ის არ იყო სასტიკი ადამიანი, არ იყო მონსტრი. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში და მსოფლიო რევოლუციის მომზადებისას მას შეეძლო ამაზრზენი და ამორალური ქმედებების ჩადენა, მაგრამ, სტალინისაგან განსხვავებით, არ სიამოვნებდა პირადი მტრების მკვლელობა; ვენდეტა მისთვის უცხო იყო. ის ანადგურებდა ეგრეთ წოდებულ „კლასობრივ მტრებს“ აბსტრაქტული, თეორიული კონცეფციებიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით, ის ჰგავდა ფანატიკურ რელიგიურ ლიდერს“.

ამასთან, ვიქტორ სებასტიენი არ იზიარებს რუსეთში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სტალინთან შედარებით, ლენინი ლიბერალი იყო:

ლევ ტროცკი, ვლადიმირ ლენინი (შუაში) და ლევ კამენევი (მარჯვნივ). 1920 წ.
ლევ ტროცკი, ვლადიმირ ლენინი (შუაში) და ლევ კამენევი (მარჯვნივ). 1920 წ.

„სწორედ ლენინმა შექმნა კომუნისტური სისტემა, რომელიც განავითარა და გააუმჯობესა სტალინმა, მისმა ერთგულმა მოწაფემ და მიმდევარმა. სწორედ ლენინმა შვა სტალინი. სწორედ მან შესწირა მილიონობით უდანაშაულო ადამიანი თავის უტოპიას. ლენინის გარეშე სტალინი შეუძლებელი იქნებოდა და მან მშვენივრად იცოდა, თუ ვინ იყო სტალინი. სწორედ ლენინი იყო ბოლშევიკური პოლიტიკური პარანოიის ავტორი, რომელიც აცხადებდა, რომ რევოლუციაში მთავარი პარტიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მისი შენარჩუნებაა. სწორედ ლენინმა დააარსა პირველი საკონცენტრაციო ბანაკები რუსეთში, პრაქტიკაში დანერგა მძევლების სიკვდილით დასჯა და აჩვენა დაუნდობელი სისასტიკის მაგალითი, რასაც სხვადასხვა ხარისხით მისი მემკვიდრეები მისდევდნენ. ვიაჩესლავ მოლოტოვმა, რომელიც მუშაობდა როგორც ლენინთან, ასევე სტალინთან, სიცოცხლის ბოლოს აღნიშნა, რომ ლენინი უფრო დაუნდობელი იყო, ვიდრე სტალინი. არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ მოლოტოვი ცრუობდა. უდავოა, რომ რუსეთში რეპრესიული ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემის შექმნისთვის მთავარი ბრალი ლენინს ეკისრება“.

ლენინი და საქართველო

2023 წლის დეკემბერში გარდაცვლილი ქართველი კინორეჟისორი, ოთარ იოსელიანი, 2008 წელს, კიევში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მოჰყვა ასეთ ისტორიას:

„თბილისში, როცა ბოლშევიკებმა 1921 წელს აიღეს ქალაქი, პირველი რაც გააკეთეს იყო ის, რომ დაუდგეს ძეგლი ლენინს. ამის შემდეგ ყოველ დილით ქალაქელები რომ გამოდიოდნენ ქუჩაში, ხედავდნენ ლენინს, რომელსაც თავზე ედგა განავლით სავსე ღამის ქოთანი. ცხადია, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან დარაჯი მიუჩინეს. ასეთ რამეს დამსახურება უნდა“.

როგორც საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევრები ამბობენ, ლენინმა ნამდვილად დაიმსახურა, რადგან, ისტორიკოს დიმიტრი შველიძის თქმით, სწორედ ვლადიმირ ლენინი იყო საქართველოს დაპყრობის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.

„ლენინმა დაპყრობის პირველი ცდა 1918 წლის დასაწყისში განახორციელა, როცა საქართველო ჯერ კიდევ ამიერკავკასიის ერთიან პოლიტიკურ წარმონაქმნში - ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის შემადგენლობაში შედიოდა. ამიერკავკასიის გასაბჭოება ლენინის ჩანაფიქრით უნდა განეხორციელებინათ ოსმალეთის ფრონტიდან დაბრუნებულ რუსეთის არმიის ნაწილებს, რომელნიც კავკასიის გავლით რუსეთში ბრუნდებოდნენ. 1918 წლის იანვარ-თებერვალში ლენინის ეს გეგმა ჩაიშალა ამიერკავკასიის კომისარიატისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს ენერგიული ღონისძიებების შედეგად“.

ო. იოსელიანის ღამის ქოთნის ამბავი დოკუმენტურად არ დასტურდება, მაგრამ ბიუსტის დადგმის ამბავი სინამდვილეს შეეფერება: ლენინის პირველი ბიუსტი თბილისში 1921 წელს დაიდგა და მისი ავტორი მოქანდაკე ვ. ანდრეევი იყო.

1920 წლის დასაწყისში ლენინს საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს დაპყრობა, მაგრამ ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებას უცდიდა. 1920 წლის 17 მარტს ის სერგო ორჯონიკიძეს დეპეშით აძლევს მითითებას:

„ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად, უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ... იგივე ეხება საქართველოს, თუმცა გირჩევთ, მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ. ჯარების გადაყვანაზე შეუთანხმდით მთავარსარდალს“.

ლენინი იმის გამო, რომ ერიდებოდა საერთაშორისო გართულებას, სტალინსა და ორჯონიკიძეს ავალებდა, დალოდებოდნენ ხელსაყრელ მომენტს და საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაცია სახალხო ამბოხების სახით მოეხდინათ. ხელსაყრელი მომენტი 1921 წლის 26 იანვარს დადგა, როცა რკპ (ბ) (რუსეთის კომუნისტური პარტიის) ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა მიიღო ლენინის მიერ დაწერილი დადგენილების პროექტი, რომელმაც ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმა. 14 თებერვალს კი რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ დაამტკიცა XI წითელი არმიის სარდლობისათვის გასაგზავნი დეპეშის ტექსტი, რომელიც ლენინის მიერ იყო შედგენილი:

„ცენტრალური კომიტეტი ემხრობა აზრს, რომ მეთერთმეტე არმიას ნება დაერთოს, აქტიურად დაუჭიროს მხარი აჯანყებას საქართველოში და დაიკავოს ტფილისი იმ პირობით, რომ საერთაშორისო ნორმები დაცული იქნება“.

ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული ტექსტის ერთ-ერთი ადრესატი სწორედ ლენინია.

მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს, - წერდა სერგო ორჯონიკიძე ელვა-ტელეგრამით 1921 წლის 25 თებერვალს, - თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

27 თებერვალს მოსკოვის საბჭოს პლენარულ სხდომაზე ლენინი მისთვის დამახასიათებელი ცინიზმით იტყვის, შეუმოწმებელი ინფორმაციით ტფილისში საბჭოთა მმართველობა დამყარდა და რუსეთი ფსონს საქართველოს პროლეტარიატზე დებსო.

8 მარტს გაზეთმა „კომუნისტმა“ (1921 წ. N6) გამოაქვეყნა 3 მარტს „პირდაპირი მავთულით“ გამართული მოლაპარაკების შინაარსი, მოლაპარაკებას კი გაიმართა „ერთი მხრივ ამხანაგ ლენინსა (სტალინ-ჯუღაშვილის პირით) და მეორე მხრივ ორჯონიკიძეს, ორახელაშვილს და ელიავას შორის“:

„გადაეცით ქართველ კომუნისტებს და განსაკუთრებით ქართულ რევკომის წევრთ, ჩემი მხურვალე მისალმება საბჭოთა საქართველოს, განსაკუთრებით გთხოვთ შემატყობინოთ - არის თუ არა ჩვენს შორის სრული თანხმობა შემდეგ სამ საკითხში:

საჭიროა დაუყოვნებლივ შეიარაღდეს მუშა და უღარიბესი გლეხობა, რათა შესდგეს ქართული წითელი ლაშქარი.

საჭიროა განსაკუთრებული შეღავათიანი პოლიტიკა ქართველ ინტელიგენციისა და წვრილ ვაჭართა მიმართ. საჭიროა შევიგნოთ, რომ არა თუ საჭიროა მათი ნაციონალიზაცია, არამედ შესაძლებელია ზოგიერთი მსხვერპლი, ოღონდ გამოკეთდეს მათი მდგომარეობა და მიეცეთ მათ შეძლება აწარმოონ წვრილ-წვრილი ვაჭრობა.

ძლიერ საჭიროა მოძებნა მისაღებ კომპრომისებისა ჟორდანიასა და მის მსგავს ქართველ მენშევიკებთან შეთანხმებისათვის, რადგანაც ისინი ჯერ ისევ აჯანყებამდე არ იყვნენ წინააღმდეგი საბჭოთა წესწყობილებისა საქართველოში ზოგიერთი პირობებით. გთხოვთ გახსოვდეთ, რომ შინაური და საერთაშორისო პირობები საქართველოსი მოითხოვენ ქართველ კომუნისტებისაგან ერიდონ რუსეთის შაბლონს და ეძიონ უფრო მოქნილო თავისებური ტაქტიკა დამყარებული მომეტებულ შეღავათზე ყველა წვრილ ბურჟუაზიულ ელემენტების მიმართ. ლენინი“.

ამ საუბრიდან არასრულ 3 წელში, 1924 წლის 21 იანვარს, ლენინი გარდაიცვალა. მეორე დღეს, 22 იანვარს, ექიმმა აბრიკოსოვმა მისი სხეული დააბალზამა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ლენინის ნეშტი ხანგრძლივ შენახვას ექვემდებარება. 1924 წლის 26 ივლისს, ცეკას საგანგებო სხდომაზე აბელ ენუქიძემ ლენინის მავზოლეუმის გახსნა მოითხოვა.

„ლენინის სხეულის შენარჩუნება მისი სახელის პოპულარიზაციისთვის არ გვჭირდება. აუცილებელია, მომავალ თაობებს, მილიონობით ადამიანს, შევუნარჩუნოთ დიდი ბელადის იერსახე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასიათასობით მშრომელი უახლოეს წლებში შეძლებს, იხილოს ლენინის განსასვენებელი“.

რიგი ლენინის მავზოლეუმში შესასვლელად, 1965 წ.
რიგი ლენინის მავზოლეუმში შესასვლელად, 1965 წ.

„უახლოესი წლები“ დღემდე გრძელდება, 100 წელია წითელ მოედანზე მდებარე ლენინის მავზოლეუმი მოსკოველებსა და მოსკოვის სტუმრებს სთავაზობს გვამის დათვალიერებას, თუმცა ისიც საქმეა, რომ პოეტებს აღარ უწევთ ბელადისათვის ხოტბის შესხმა და მისი უკვდავების მტკიცება თუნდაც ამ ფორმით:

ცხრაას ოცდაოთხს გულის ძგერა შეჩერდა შენი,
ცხრაას ოცდაოთხს დაეფინა მწუხრი მთა-ბარად,
მშრომელმა მშრომელს ჩამოართვა ხელი მოწყენით,
კაცობრიობის დიდი გული გლოვამ დაფარა.
ოქტომბრის სპეტაკ ალიონით შუქმოსილ დროშებს
შავი არშია ამძიმებდა და დაბლა ხრიდა...
გზებზე ამსხვრევდნენ ნაბიჯები ყინულის თოშებს
და გულს სუსხავდა ხმა გლოვისა ყოველი მხრიდან.
იმ დღეს მე შენზე მოვისმინე სიტყვა ქართული
ძაძით შემოსილ ტრიბუნიდან თქმული სახალხოდ...
შენ მოდიოდი ხალხთან ერთად ზეაღმართული,
მე ვესწრაფოდი, მევლო შენი სურათის ახლო.

ლენინ! მას შემდეგ ჩამოგვშორდა მრავალი წელი,
მრავალი წელი გავიარეთ ბრძოლით, ჭიდილით...
შენ ცოცხლობ ხალხში, ვერ შეგახო სიკვდილმა ხელი
და მწამს, არასდროს გიწერია ბრძენ კაცს სიკვდილი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG