Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა კორონავირუსზე: მასშტაბური რყევები (გეო)პოლიტიკაში


ბევრ მასშტაბურ და ძირეულ ცვლილებასთან ერთად, კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფ მხარეებს თუ პარტიებს ახლა ერთსა და იმავე საფრთხესთან უწევთ ბრძოლა, დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ალიანსებში ერთმანეთით იმედგაცრუება შეინიშნება, ევროპის მემარჯვენე პოპულისტები საზღვრების ჩაკეტვით ხარობენ. ისმის შეშფოთება ავტორიტარული ზომების გაძლიერების გამოც. საერთაშორისო პრესაში ბევრი იწერება ამ შიდა თუ გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ:

„სად იყვნენ ჩვენი მეგობრები ჩვენი გაჭირვების ჟამს?“ - იკითხავს ჟურნალისტი მასიმო გაჯი იტალიაში გამომავალ ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის Corriere della Sera-ში 31 მარტს და განაგრძობს: „დახმარება თვითმფრინავებით მოვიდა ჩინეთიდან, რუსეთიდან და კუბიდანაც კი, მაგრამ აშშ-სა და ევროკავშირისგან თითქმის არაფერი მოსულა. ... ეს ყველაფერი როცა დასრულდება, ბევრი რამ იქნება აღსადგენი: ეკონომიკა, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ურთიერთობები, ნდობა ხალხებს შორის. დღეს უკმაყოფილება იზრდება, განსაკუთრებით მოკავშირე ქვეყნებისა და მეგობრების მიმართ, ვისგანაც ცოტა მეტს მოველოდით ჩვენი უდიდესი გასაჭირის ჟამს, მაგრამ ძალიან ცოტა რამ მივიღეთ - მათ შორის იმ მიზეზით, რომ ეს არის პლანეტარული მასშტაბის კრიზისი, რომელიც ახლა აშშ-საც წალეკვით ემუქრება“.

გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული Berliner Zeitung-ი 29 მარტს აქვეყნებს წერილს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დამდგარი კრიზისი მოქალაქეებს პოპულიზმის უშედეგობას აჩვენებს: „პოპულისტებმა დაკარგეს ის, რამაც მათ ბოლო წლებში აღზევების საშუალება მისცა, ის ნავთი, რომელსაც ისინი სოციალური კონფლიქტების ცეცხლზე ასხამდნენ. მათ თავიანთი პროგრამა დააფუძნეს ანტაგონიზმზე სახელმწიფოსა და ‘სისტემის’ პოლიტიკოსების მიმართ - როგორც ისინი დემოკრატიას უწოდებენ. ... მაგრამ რაც უნდა ჰქონდეთ სათქმელი, მაგალითად, დონალდ ტრამპს აშშ-ში, ბორის ჯონსონს ბრიტანეთში და ჟაირ ბოლსონაროს ბრაზილიაში, მათი ჩავარდნები ახლა აშკარა ხდება. ... ხალხს სერიოზული, გულახდილი მიდგომა სურს ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ“.

ბრიტანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული The Guardian-ი 29 მარტს აქვეყნებს წერილს, რომელშიც პანდემია მთავრობების ხელმძღვანელებისთვის ზურგის ქარად არის მიჩნეული, რადგან კრიზისულ ვითარებებში მთავრობების კრიტიკა, როგორც წესი, მნიშვნელოვნად იკლებს ხოლმე: „ამერიკელებს აქვთ კონკრეტული ფრაზა იმ ხალხის იმპულსის გამოსახატად, რომლებსაც საგანგებო ვითარებაში თავიანთი ლიდერების გარშემო მოუნდებათ ხოლმე გაერთიანება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საფრთხეს ეგზისტენციური განზომილება აქვს. ისინი ამას ‘დროშის გარშემო შემოკრებას’ უწოდებენ... რაც უფრო მძიმეა ვითარება, საზოგადოების ინსტინქტური რეაქცია მით უფრო მეტად ხდება მთავრობის ირგვლივ გაერთიანების სურვილი. შეშინებულ ხალხს ესაჭიროება იმის განცდა, რომ მათი ბედი კომპეტენტური ლიდერების ხელშია. ჩვეულებრივ პერიოდებში ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დიდი არაფერი დარტყმა ადგება იმით, რომ პოლიტიკოსებს დაბლაგვებულ დანებად აღვიქვამთ ხოლმე. მაგრამ საგანგებო ვითარებაში ბევრ ჩვენგანს სჭირდება რწმენა, რომ ხელისუფლებაში ჭკვიანი ადამიანები არიან, რომლებმაც იციან რა უნდა გააკეთონ. და ამას თან ერთვის ეროვნული სოლიდარობის სურვილი“.

ხორვატიის უძველესი გაზეთი, მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის Novi list-ი 29 მარტს გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროკავშირის უმოქმედობის შემთხვევაში მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებენ ულტრამემარჯვენე პოპულისტი ძალები: „პანდემია ერთ დღეს დასრულდება, მაგრამ იმ დღეს ყველა ქვეყანა არ იქნება თანაბარ პოზიციაზე. თუკი მართლაც დიდძალი თანხები დაიკარგება, ეს მოიტანს მასობრივ უმუშევრობას, სოციალური დაცვის სისტემების კოლაფსს და, ცხადია, პოლიტიკურ კრიზისს. ევროკავშირი და დანარჩენი ევროპა მნიშვნელოვნად შეიცვლება, განსაკუთრებით პოლიტიკური თვალსაზრისით. სავსებით ადვილი წარმოსადგენია ის, რომ იტალიაში მატეო სალვინი შეძლებს სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებას და იტალია არა მხოლოდ ევროზონიდან გავა, არამედ ევროკავშირიდანაც. თუკი ევროკავშირი უცხოურ ბიუროკრატიად იქნება აღქმული, რომელიც, უწინარესად, გერმანიის ეკონომიკას ემსახურება, გამორიცხული არც ის არის, რომ საფრანგეთის შემდეგ არჩევნებში მარინ ლე პენმა გაიმარჯვოს. რაღაც მსგავსი ესპანეთშიც შეიძლება მოხდეს“.

30 მარტს უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მნიშვნელოვნად უფართოებს უფლებამოსილებას - მთავრობას საშუალება ეძლევა, განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა და ამას აღარ დასჭირდეს პარლამენტის თანხმობა. ესპანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის El Mundo 31 მარტს წერს, პანდემია არ უნდა იქნეს გამოყენებული დემოკრატიის გასაუქმებლად უნგრეთსა თუ ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაშიო: „ევროკავშირი თავს უფლებას ვეღარ მისცემს, გვერდზე გაიხედოს და შემოიფარგლოს სტერილური მუქარით, რომელსაც ორბანზე არანაირი გავლენა არ აქვს. მაშინ, როცა ბრიუსელის ლიდერობის შესახებ ისედაც ბევრი კითხვა ისმის მიმდინარე კრიზისის მენეჯმენტის გამო, ევროპული პროექტი შეიძლება სამუდამოდ ჩაიძიროს, თუკი ის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ლიბერალური დემოკრატიის დასრულების უფლებას მისცემს. უნგრეთი ექსტრემალური შემთხვევაა, მაგრამ მთელ ევროპაში - და აქ არც ესპანეთია გამონაკლისი - ვადევნებთ თვალს იმას, თუ როგორ აძლევს ვირუსთან ბრძოლა მთავრობებს საბაბს, გვერდი აუარონ აუცილებელ საპარლამენტო კონტროლს და ანგარიშვალდებულებას. ეს დაღმავალი გზაა ავტორიტარიზმისკენ“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG