Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო


აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. დღეიდან სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მაღალი გამავლობის ავტომობილების დახმარებით შეიწამლა რამდენიმე სოფელი გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში. მათ შორის არის ზუგდიდის ორი სოფელი - ცაიში და შამგონა.

შეიწამლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, ქუჩები და ის ყანები, სადაც ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ 24 საათით ადრე ეცნობება მოსახლეობას, რათა მის დასრულებამდე დახურონ ფანჯრები და კარები, მათ კი, ვისაც ფუტკარი ჰყავს, არ გამოუშვან სკებიდან.

„მუნიციპალიტეტებში გადანაწილებულია უკვე ტექნიკა. სულ 150 ერთეული ტექნიკაა. ჩვენ მონიტორინგის საფუძველზე ვიღებთ ინფორმაციას, თუ რომელ სოფელში შევიდეთ. ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ უკვე დაგეგმილია, თუ რომელ სოფლებში შევალთ. ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურად მუშაობას. ეს არის უვნებელი ჯანმრთელობისთვის. შესხურებისას, გზაზე გასვლის შემდეგ, 100-150 მეტრში ღრუბელი შედის საკარმიდამო ნაკვეთებში და ანადგურებს მავნებელს“, - აცხადებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის აბაშის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე. ის დღეს სოფელ შამგონაში მიმდინარე სამუშაოებს დაესწრო.

სოფლებში თერმული ნისლით შეწამვლის პარალელურად გრძელდება მუშაობა ტყის პერიმეტრზე, სადაც, როგორც შტაბში ირწმუნებიან, მზიანი ამინდის დადგომისთანავე დაიწყო მავნებლის დამჭერი ხაფანგების, ე.წ. ფერომონების, განთავსება. ის ერთგვარ სატყუარას ფუნქციას ასრულებს, ფერომონის სუნი დაახლოებით 2 ჰექტრის პერიმეტრზე მყოფ მავნებელს იზიდავს, რომელიც შემდეგ შეიწამლება. ამ მეთოდით სპეციალისტები ცდილობენ ტყის მასივებში მობინადრე აზიური ფაროსანას სოფლებში შეღწევას შეუშალონ ხელი. როგორც ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, ამ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 20 ათასამდე ასეთი სატყუარაა განთავსებული.

სოფლის მცხოვრებთა ნაწილი ფიქრობს, რომ შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარე წელს არაფერს შეცვლის. როგორც რადიო თავისუფლებას შამგონაში მცხოვრებმა მიმოზა ხურცილავამ უთხრა, თავად სახლის სხვენი და მიმდებარე ტერიტორია უკვე რამდენჯერმე შეწამლეს, თუმცა მავნებელს ვერაფერი დააკლეს.

„კი ვწამლავთ, მაგრამ მაინც არაფერი არ არის. აი, ჩვენც რამდენჯერმე შევწამლეთ, მაგრამ ბევრი გამოვიდა.“

„ხომ ხედავთ, რა ხდება ოთახებში, როგორაა დაყრილი. მოსავალი არ არის, არაფერი არ არის. გაღარიბდა ხალხი. კი დაიწყოო შეწამვლა, მანქანები დადიანო და რა ვიცი, ალბათ, გვეშველება რამე“, - ამბობს ასევე შამგონაში მცხოვრები ციალა თორია.

მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად საკუთარი ძალებით ცდილობენ ნაკვეთების შეწამვლას, სურსათის ეროვნული სააგენტო უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

„თუნდაც ელემენტარული საშუალებები გამოვიყენოთ, როგორიცაა დოლბანდი, სათვალე, კეპი და გრძელმკლავიანი პერანგი, რომელიც მოხმარების შემდეგ აუცილებლად უნდა გაირეცხოს, რა თქმა უნდა. აუცილებელია დილა-საღამოს მოხდეს წამლობები და არა შუადღისას. ასევე ქარიან ამინდში არ შეიძლება შესხურების ჩატარება“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ.

სპეციალისტები წელს მავნებლის პოპულაციის შემცირებას ცდილობენ. ამბობენ, რომ ფაროსანას დამარცხებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG