Accessibility links

დაუფასებელი ჰოლივუდი


“რიჩარდ ჯიუელის საქმე” (2019, აშშ, რეჟისორი კლინტ ისტვუდი )

მგონი, დროა იმ მაყურებლის თხოვნა გავითვალისწინოთ, რომელიც დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ “ცხოვრება გრძელდება” და ჩვენი რუბრიკა “რას ვუყუროთ” აღვადგინოთ. არ არის აუცილებელი “აუცილებლად სანახავი ფილმები” თვითიზოლაციას მოუხდეს. უსამართლობა იქნება ამ პირობებში დავივიწყოთ გასული წლის ისედაც უსამართლოდ არაღიარებული კარგი ფილმები. ერთ-ერთი კლინტ ისტვუდის ეს სურათია - ახალი ნამუშევარი ამერიკული კინოს ცოცხალი კლასიკოსისა, რომელმაც გასული წლის ბოლოს უკვე მერამდენედ გაგვაკვირვა.

კლინტ ისტვუდმა აღადგინა ნამდვილი ამბავი, რომელიც 1996 წელს მოხდა შეერთებულ შტატებში. დაცვის ერთი კერძო კომპანიის თანამშრომლის, რიჩარდ ჯიუელის, დრამატული ისტორია: ერთ დღეს რიჩარდის ყურადღება საეჭვო ზურგჩანთამ მიიპყრო. მან დაჟინებით მოითხოვა, რომ პოლიციას ეს ტერიტორია ხალხისგან გაეთავისუფლებინა. თავისას მიაღწია თუ არა, გაისმა აფეთქების ხმა. მეორე დღეს რიჩარდმა ამერიკის გმირად გაიღვიძა. თუმცა მალევე გაჩნდა კითხვა: კი მაგრამ, საიდან იცოდა, რომ ზურგჩანთაში ასაფეთქებელი ყუმბარა იდო?

მთავარი გმირი, ცოტა შერეკილი, ერთ დროს რომ ამბობდნენ ხოლმე - “დარტყმული”, ჩაფსკვნილი, შეუხედავი, დედასთან ერთად რომ ცხოვრობს (რაღაცნაირი პირდაპირი პარალელია ჩარლზ ლოუტონსა და ჟან რენუარის შედევრთან - “ეს ჩემი მიწაა”), ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი ხდება ამერიკაში, როცა აღმოჩნდება, რომ მან ასეულობით ადამიანი გადაარჩინა, რამდენიმე დღეში კი ანტიგმირად იქცევა - ხალხი, რომელიც მისი ძეგლის დადგმისთვის ემზადებიდა, მას ლამის ტერორისტად მონათლავს.

კლინტ ისტვუდმა გადაიღო სამართლიანობის ისტორია - ამბავი ადამიანზე, რომელიც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენება, რომელიც თავის საყვარელ პოლიციას მისცა, შეიძლებოდა მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

გასული წელი მდიდარი აღმოჩნდა ვეტერანი კლასიკოსების კარგი ფილმებით. 80 წლის იტალიელმა რეჟისორმა, მარკო ბელოკიომ, გააკვირვა კანის ფესტივალი ფილმით ”მოღალატე” - გვიჩვენა, როგორი არცთუ ისე წესიერი ხერხებით დამარცხდა მაფია იტალიაში. 86 წლის რომან პოლანსკიმ კინოს ენაზე აღადგინა დრეიფუსის საქმე და, მართალია, ბევრი გააღიზიანა

პარალელით პირადად მის ცხოვრებასა და დრეიფუსს შორის, ოპონენტებსაც კი აღიარებინა, რომ კარგი ფილმი გადაიღო (“მე ბრალს ვდებ”). 89 წლის (!) კლინტ ისტვუდმაც იგივე შეძლო, ფაქტობრივად. რაში არ ადანაშაულებდა მას ჰოლივუდი - მიზოგინიაში, ჰომოფობიაში, რასიზმში. თავს იმართლებდა, მაგრამ მაინც არ უჯერებდნენ. ახლა კი “რიჩარდ ჯიუელის საქმე” გადაიღო, ფილმი ადამიანზე, რომელიც მზადაა სამართლიანობისთვის თავი გაწიროს, მაგრამ თავად ხდება უსამართლობის, მე ვიტყოდი, უმრავლესობის მსხვერპლი! როგორ მიყვარს ეს ამერიკულ კინოში! სტენლი კრამერის, სიდნეი ლიუმეტის, ბილი უაილდერის ფილმებში! როცა ავტორი “უმრავლესობის ტერიტორიაზე” შედის და ერთი ადამიანის, არაპოპულარული აზრის დაცვას იწყებს. როგორ მიყვარს ჰენრი ფონდა “12 განრისხებულ მამაკაცში!! სწორედ ასეთ კინოს აღადგენს კლინტ ისტვუდი.

2010 წელს ისტვუდმა, რესპუბლიკელების ლამის უკანასკნელმა ელჩმა თანამედროვე ჰოლივუდში, ბარაკ ობამასგან მედალი მიიღო წარწერით “ნამდვილი ამერიკელი მოქალაქის ზუსტი ჩვენებისთვის”. მე ვფიქრობ, კარგი განმარტებაა. ისტვუდი ახერხებს გადაიღოს ფილმი “ჩვეულებრივ ამერიკელზე”, რომელიც “არაჩვეულებრივ საქციელს” სჩადის . ასე ერთიანდება ორი განსხვავებული მოცემულობა მის ფილმებში, ასე იქმნება წინააღმდეგობა, რომელიც სასაცილოსაც ხდის ამბავს და სევდიანსაც... თავის დროზე არაერთმა ამერიკელმა რეჟისორმა მოახერხა ეს (ბოლოს და ბოლოს, ჩაპლინის ქვეყანაა). მაგრამ ჰოლივუდს ახლა სხვა გამოწვევები აქვს და “რიჩარდ ჯიუელის საქმე” აქ, ცოტა არ იყოს, ძველმოდურად ითვლება (მით უმეტეს, კლინტ ისტვუდის პოლიტიკური სიმპათიების გათვალისწინებით). ამიტომაცაა, რომ გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი კინოაკადემიკოსებმა დელიკატურად გარიყეს “ოსკარის” სხვა ნომინანტებისგან, თუმცა ჯერჯერობით გაუგებარი რჩება კონკრეტულად რა დაუწუნეს კლინტ ისტვუდის სურათს. ნუთუ ისევ“განწყობის თეორიამ” და აკვიატებებმა იმუშავა? აი, სწორედ ამ აკვიატებებს შეგვახსენებს კლინტ ისტვუდი და პირდაპირ გვეუბნება, რომ ეგრე არაფერი გამოვა ცხოვრებაში, ეგრე ვერასდროს წავა ქვეყანა წინ.

დიახ, “რიჩარდ ჯიუელის საქმე” არის ფილმი სამართლიანობისთვის ბრძოლაზე, პოლ უოლტერ ჰაუზერი აბსოლუტურად გენიალურია რიჩარდის როლში. ერთი საშუალო კომიკოსისგან კლინტ ისტვუდმა შექსპირის თეატრის დონის მსახიობი გამოძერწა. როგორი ფრთხილი და შეშინებულია ფილმის დასაწყისში და როგორი ამაყი ფინალის მოახლოებასთან ერთად. შესაბამისად, პერსონაჟის მიმართ მაყურებლის დამოკიდებულებაც მუდმივად იცვლება. მაგრამ სუპერგმირი იგი მაინც არ ხდება. ლეგენდა, თითქოს “დემოკრატიულ დასავლეთში” კანონი კანონობს და აქ აუცილებლად მიაღწევ გამარჯვებას მაშინაც კი, როცა თითქოს მთელი ქვეყანა გებრძვის... ლეგენდად რჩება.

სურათის ავტორები ჩვენს თვალწინ შლიან, ანგრევენ თუ ნაკუწებად აქცევენ წარმოდგენას საშუალო ამერიკელზე. ეძახეთ ნეოკონსერვატორი კლინტ ისტვუდს! ყველაზე გაბედული, რადიკალურობით გამორჩეული ამერიკელი რეჟისორები ვერ ახერხებენ იმას, რაც ისტვუდმა მოახერხა. თვით წლევანდელი ”ოსკარის” მთავარი ნომინანტებიც კი, მარტინ სკორსეზე და კვენტინ ტარანტინო, ვერ გაექცნენ ჰოლივუდურ კლიშეებს. კლინტ ისტვუდი კი კლიშეებს ემიჯნება და ლეგენდებს რეალობით ცვლის - კი, სამართლიანობის გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ ამისათვის მარტო არ უნდა იბრძოლო, სხვას უნდა “შეეკრა”, მაშინაც კი, როცა ეს “სხვა” წესიერებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა.

კანონის უზენაესობის გულუბრყვილო რწმენა, თუ გნებავთ, ადამიანის კეთილშობილების გულუბრყვილო რწმენაც ინგრევა ფილმში. ხაზს ვუსვამ, არა საკუთრივ რწმენა და იმედი, არამედ გულუბრყვილო რწმენა, რომელსაც წლების მანძილზე უმყარებდნენ ამერიკელ ობივატელს. ამ თვალსაზრისით, კლინტ ისტვუდის ფილმი არა მარტო კლასიკური ამერიკული კინოს გაცოცხლებაა, არამედ ძალიან მძაფრი სოციალური პამფლეტიცაა. “რიჩარდ ჯიუელის საქმეში” სურათის მთავარ გმირს, ამ “საძაგელ იხვის ჭუჭულს”, ორი ძლევამოსილი ინსტიტუტი უპირისპირდება - გამოძიების ფედერალური ბიურო და მედია. კი, მთლიანად ამერიკული საზოგადოება და ბრბოც, ცხადია, მაგრამ ეს საზოგადოება, პირველ რიგში, მედიისგან იქნება მართული. ერთი კაცი უსამართლობის წინააღმდეგ, სიმართლე კოლექტიური უსამართლობის წინააღმდეგ! არ მჯერა, რომ ამქვეყნად არსებობს ადამიანი,რომელიც ერთხელ მაინც არ შესჯახებია ცხოვრებაში ამ ტიპის უსამართლობას - როცა გაბრალებენ იმას, რაც არ ჩაგიდენია, იმას, რაც არ გითქვამს. გაბრალებენ იმიტომ, რომ ძალაუფლების ინსტიტუტების მიერ შექმნილ კონსტრუქციაში ვერ ჯდები. ნამეტანი “იხვის ჭუჭული” ხარ იმისთვის, რომ “ჩვეულებრივის” როლს მოერგო. დიდი, დიდი ხნის წინ კინემატოგრაფის პიონერმა, დევიდ უორკ გრიფიტმა, უსამართლობის ამ განცდას თავისი შედევრი, “შეუწყნარებლობა”, მიუძღვნა. კიდევ უფრო დიდი ხნის წინ კი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

P.S.

2019 წლის 10 დეკემბერს, ”ოსკარის” ნომინანტების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკულ გაზეთში ”Atlanta Journal-Constitution” დაიბეჭდა წერილი, რომლის ავტორი კლინტ ისტვუდს სექსიზმში ადანაშაულებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ის გაზეთია, რომელმაც 1996 წელს პირველმა გამოაქვეყნა სტატია ”ტერორისტ რიჩარდ ჯიუელზე”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG