Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

და სხვანი... 7 საინტერესო მონაცემი, რომელიც 5-ს  და 48-ს არ შეეხება


სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შეერკინებიან ერთმანეთს, ჩვენ კი შემოგთავაზებთ დანარჩენების, პირველ ტურში დარჩენილთა, სტატისტიკას, რომელიც მნიშვნელოვნად, საინტერესოდ ან, უბრალოდ, უცნაურად მივიჩნიეთ. ის ცესკოს წინასწარ მონაცემებს ეყრდნობა და თუმცა ხმების 99,97 %-ის დათვლის შემდეგაა შედგენილი, წესით, ზუსტი უნდა იყოს (მაინც, ზოგ შემთხვევაში, ერთ ან ორ ხმაზეა ლაპარაკი და, შესაძლოა, შეიცვალოს). აღსანიშნავია, ასევე, რომ დასახელებული კანდიდატების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას, ფიქტიურად, სხვა კანდიდატების მხარდასაჭერად იღებდა და წინასაარჩევნო კამპანიასაც სხვის სასარგებლოდ წარმართავდა. რამდენიმემ კი არჩევნებამდე კანდიდატურა სხვის სასარგებლოდ მოხსნა. მაგრამ, რადგან ბიულეტენში მათი სახელი მაინც ცალკე ფიქსირდებოდა, ჩვენს სიაში ისინიც შევიყვანეთ.

„ხიშტების პრემია“

ვლადიმერ ნონიკაშვილის ფეისბუკგვერდი
ვლადიმერ ნონიკაშვილის ფეისბუკგვერდი

ყველაზე მეტ ოლქში ნულოვანი შედეგი დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვლადიმერ ნონიკაშვილმა მიიღო - მას 9 ოლქის შემაჯამებელ ოქმში უწერია 0 ხმა. მეორე ადგილზე, 6 ნულოვანი ოლქით, ზვიად ბაღდავაძეა („სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“). მესამე ადგილს ოთარ მეუნარგია („მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“) და ირაკლი გორგაძე („მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“) იყოფენ - მათ 4-4 ოლქში მიიღეს ნული ხმა.

ნიკო ნიკოლაძეს ეწყინებოდა...

ყველაზე ცოტა ხმა ამ არჩევნებზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ზვიად იაშვილმა მიიღო - მისი სახელი 444-მა ამომრჩეველმა (0,03 %) შემოხაზა („ვიკიპედიიდან“: „ედპ“ - ერთ-ერთი ყველაზე ძველი, მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე 1917-1921 და 1988-1999 წლებში.)

ნინოწმინდა მიშასია! (სალუაშვილის)

ინტერნეტის მიმების გმირმა, მიხეილ (გელა) სალუაშვილმა, პროცენტულად ყველაზე კარგი შედეგი ნინოწმინდის ოლქში აჩვენა. მან აქ ხმების თითქმის 1 პროცენტი (0,92 %) მიიღო და აჯობა შალვა ნათელაშვილსაც (0,2 %), კახა კუკავასაც, (0,27 %) ზურაბ ჯაფარიძესაც (0,16 %) და დავით უსუფაშვილსაც, (0,07 %). ოფიციალური ბიოგრაფიიდან არ ჩანს მისი რაიმე კავშირი ნინოწინდასთან - თბილისშია დაბადებული და განათლებაც დედაქალაქში აქვს მიღებული.

მე იქიდან ვერ ჩამოვალ შენზა ჩუხუტებელიო!

ხულოს 21-ე საარჩევნო უბანი
ხულოს 21-ე საარჩევნო უბანი

ხულოში, აი, ამ კიბეებზე ავიდა 42 ადამიანი დავით ბაქრაძის შემოსახაზად. ორმა შალვა ნათელაშვილი შემოხაზა, ორმაც - დავით უსუფაშვილი. თითო-თითომ მიხეილ სალუაშვილსა და ზურაბ ჯაფარიძეს მისცა ხმა (ამ შენობის პირველ სართულზე, „ბათუმელების“ ცნობით, ბიბლიოთეკა და კულტურის სახლია, მეორეზე კი - სოფლის რწმუნებულის ოფისი.)

ჯაფარა vs. უსუფა - 2-2.

დავით უსუფაშვილმა და ზურაბ ჯაფარიძემ ხმების ზუსტად ერთნაირი პროცენტული მაჩვენებელი - 2,26 % - მიიღეს. „გირჩის“ ლიდერმა „შენების მოძრაობის“ შემქმნელს 21 ხმით აჯობა. ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა ვაკეში აიღო (8,48 %), რაოდენობრივად კი - საბურთალოზე (4 586). დავით უსუფაშვილმაც პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა ვაკეში აიღო (8,06 %), რაოდენობრივად კი - საბურთალოზე (4 455).

საზღვარგარეთს ცრემლების არ სჯერა.

საზღვარგარეთის ოლქებში ორმა კანდიდატმა მიიღო ნული ხმა - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის“ კანდიდატმა გელა ხუციშვილმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვლადიმერ ნონიკაშვილმა. საზღვარგარეთ თითო ხმა მიიღეს ვახტანგ გაბუნიამ, გიორგი ლილუაშვილმა და ზვიად ბაღდავაძემ.

„ი დრუგიე“...

კახა კუკავამ პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა ნაძალადევის ოლქში მიიღო (2,64 %). დავით ბაქრაძემ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა ხონსა (27,71 %) და თერჯოლაში (27,33 %), შალვა ნათლაშვილმა კი, ბუნებრივია, დუშეთსა (13,35 %) და თიანეთში (9,55 %).

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG