Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დებატები სტადიონზე: ზელენსკი VS პოროშენკო


მთავარი დებატების მთავარი თემები

უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატებმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 19 აპრილს პირველი საჯარო დებატები გამართეს და პირველად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც სავსე იყო კანდიდატების მხარდამჭერებით, მრავალრიცხოვანი ჟურნალისტებით და პოლიციელებით, რომლებიც იცავდნენ წესრიგს როგორც სტადიონზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

იმავე დღეს კანდიდატები მიწვეულნი იყვნენ სატელევიზო დებატებზე უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, თუმცა იქ მხოლოდ პეტრო პოროშენკო მივიდა.

უკრაინა: საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები სტადიონზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:06 0:00

რაც შეეხება კანდიდატებს შორის სტადიონზე გამართულ მთავარ დებატებს, მოკლედ შეიძლება გამოიყოს შემდეგი თემა:

  • ზელენსკის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება (პოროშენკომ დეზერტირობაში დაადანაშაულა ოპონენტი, რაც ზელენსკიმ უარყო);
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ბრალდებები, თუ რომელი ოლიგარქი დგას პოროშენკოს და ზელენსკის უკან;
  • რუსეთთან და პუტინთან დამოკიდებულება;

პრეზიდენტობის დაჩოქილი კანდიდატები

პეტრო პოროშენკო: „თქვენ აცხადებთ, რომ უკვე მიჰყავით ხელი ახალბედა ჯარისკაცის კურსის გავლას, მაგრამ იქნება სჯობდა, რომ ეს ცოტა უფრო ადრე დაგეწყოთ, ოთხი წლის წინ, როდესაც ქვეყანას ესაჭიროებოდა მოხალისეები, თქვენ, ვოლოდიმირ, გაწვევას ემალებოდით. ფუი! ეს დაუშვებელია!“ (უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხჯერ უგულებელყო მობილიზაციის შესახებ უწყება 2014-2015 წლებში.)

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მე არავისგან არ დავმალულვარ, ბევრჯერ ვიმყოფებოდი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. თქვენ იცით, რომ ბევრი გადაღება მქონდა „საღამოს კვარტლისათვის“ (სტუდია „კვარტალი 95“-ის ერთ-ერთი პროექტი). რომელ გაწვევას დავემალე? მე საჯარო ადამიანი ვარ.არ შეეძლოთ ჩემი მოძებნა და უწყისის ხელზე მოცემა? რატომ იტყუებით, თქვენ ხომ პრეზიდენტი ხართ?“ - განაცხადა ზელენსკიმ და იმის დასტურად, რომ პატივს სცემს დონბასში მებრძოლ მეომრებს, სცენაზე დაიჩოქა.

მასთან ერთად მუხლებზე დადგა პოროშენკოც, რომელიც უკრაინის დროშას ეამბორა.

კანდიდატების ასეთმა საქციელმა ორად გაყოფილი აუდიტორიის ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა.

რუსეთთან და პუტინთან დამოკიდებულება

„ჩემი ხუთწლიანი ხელმძღვანელობით უკრაინაში გავაკეთეთ მეტი, ვიდრე მანამდე მთელი 25 წლის განმავლობაში. სად იყავით თქვენ ამ დროს? რუსეთში?“ - ასეთი შეკითხვით მიმართა პოროშენკომ თავის ოპონენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ იგი პოროშენკოს არა ოპონენტი, არამედ მისი „განაჩენია“.

"მე თავად ვემხრობოდი პოროშენკოს, მაგრამ ჩვენ შევცდით. განა შემეძლო მაშინ წარმომედგინა, რომ ახლებურად ცხოვრება გადაიქცეოდა ცხოვრებად გადარჩენისათვის; ომის ორ კვირაში დასრულების პირობა შემოგვიბრუნდებოდა დებალცევოდ და ილოვაისკად? შეგვეძლო იმის წარმოდგენა, რომ „ღირსების რევოლუციით“ ნაძირალები ისარგებლებდნენ?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

კიდევ ერთი ბრალდება, რაც პეტრო პოროშენკოს მხრიდან რუსეთის კონტექსტში გაკეთდა ოპონენტის მისამართით, შეეხებოდა რუსეთის ბიუჯეტიდან ფულის მიღებას, მათ შორის ისეთი ხუმრობებისათვის, რომელშიც „უკრაინა გამოყვანილი იყო მეძავად“.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი დონბასში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში არ ყოფილა და ოპონენტი იქით დაადანაშაულა პუტინთან ურთიერთობაში. „თქვენგან გასხვავებით, ცხოვრებაში არ დავლაპარაკებივარ პუტინს, თქვენ მას პირადადაც ელაპარაკებოდით ან მედვედჩუკის საშუალებით“, - მიუგო ზელენსკიმ პოროშენკოს, რომელმაც, თავის მხრივ, ოპონენტს უწოდა „ტომარა“, რომელშიც ეშმაკები იმყოფებიან. „მათ შორის ოლიგარქები, რეგიონთა პარტიის ყოფილი წევრები და ყველა ის, ვინც ჩემს ქვეყანას ემუქრება. და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ“, - განაცხადა პოროშენკომ.

კორუფცია და კოლომოისკის აჩრდილი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპონენტი კორუფციაში დაადანაშაულა და მას უწოდა ოლიგარქი, რომელიც თავის გარემოცვის კორუმპირებულობაზე თვალებს ხუჭავს. „რატომ არ აჭრით ხელს კორუმპირებულებს?“ - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტრო პოროშენკოს.

კორუფციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი უკრაინაში არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. თებერვლის ბოლოს ჟურნალისტურმა გამოძიებამ ფარდა ახადა უკრაინის სამხედრო ტექნიკისათვის რუსეთიდან სამხედრო ნაწილების შეტანის კონტრაბანდულ სქემას - როგორ იხდიდა სახელმწიფო კომპანია „უკრობორონპრომი“ რეალურ ფასზე 2-ჯერ და 4-ჯერ მეტ თანხას.

გამოძიების თანახმად, 2015 წელს რუსეთიდან კონტრაბანდული სამხედრო ნაწილების შეტანის ორგანიზატორებს შორის იყო უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ოლეგ გლადკოვსკის ვაჟი, 22 წლის იგორ გლადკოვსკი, რომელმაც გარიგების შედეგად 30 ათასი დოლარი მიითვისა. უკრაინის პრეზიდენტმა, პოროშენკომ, სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენა ოლეგ გლადკოვსკი, თუმცა რუსეთიდან კონტრაბანდის გარშემო ვნებათაღელვა კვლავ გრძელდება.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოლიმპიურ სტადიონზე 19 აპრილს გამართული დებატების დროს ოპონენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუმარტა, თუ რაში მდგომარეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მისეული სტრატეგია და რატომ „არ აჭრის ხელს“ კორუმპირებულებს.

"მე არც ჯალათი ვარ და არც - მოსამართლე. პრეზიდენტი ქმნის აუცილებელ პირობებს სამართლიანი სასამართლოსთვის, საგამოძიებო ორგანოსათვის, სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისათვის. და მე ვაკეთებდი და გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ და დასძინა, რომ არც ერთ მის მეგობარს არ აქვს და არც მომავალში ექნება რაიმე კავშირი კორუფციასთან.

თავის მხრივ ზელენსკიმ არ გამორიცხა, რომ პოროშენკოს მოუხდეს დაკითხვაზე პროკურატურაში გამოცხადება. რაც შეეხება მის დადანაშაულებას ოლიგაქრ კოლომოისკისთან ფინანსურ კავშირებში, რაზეც ბევრს წერენ უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ყველა, თუნდაც კოლომოისკი აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, მაგრამ ჩაჯდებიან, როდესაც კანონი დაირღვევა.“

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკოს ერთ-ერთმა მთავარმა ოპონენტმა, უმდიდრესმა უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ მოუგო სასამართლო უკრაინის ხელისუფლებას. და ეს მოხდა 18 აპრილს, სამი დღით ადრე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რომელშიც, გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტად გახდომის ძალიან დიდ შანსი აქვს კოლომოისკის პარტნიორს, შოუმენ ვოლოდიმირ ზელენსკის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG