Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეზინფექცია - სად და რა შემთხვევებშია ეფექტური გზა ვირუსებთან ბრძოლისთვის


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ორგანიზაციები სხვადასხვა სივრცეებში სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადეზინფექციოდ გამოიყენება ის ქიმიური მინარევები, რომლის რეკომენდაციასაც გასცემს ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია და დაავადებების კონტოლის ეროვნული ცენტრი. სპეციალისტები ამბობენ იმასაც, რომ ერთჯერადად ჩატარებული დეზინფექცია სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა, თუმცა უკეთესია, ვიდრე მისი საერთოდ არ ჩატარება.

ამ დროისთვის დეზინფექცია ჩატარდა იუსტიციის სახლში, სკოლებში, რომლებიც არდადეგების გამო დაკეტილია 1 აპრილამდე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საჯარო დაწესებულებებში. დასუფთავების კომპანიები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელებასთან ერთად მოთხოვნამ ამ სერვისზე მკვეთრად იმატა და არაერთი ორგანიზაცია ცდილობს, ამ გზით დაიცვას თანამშრომლები ვირუსის საფრთხისგან.

რა სიხშირით უნდა ტარდებოდეს დეზინფექცია იმისთვის, რომ ვირუსების გავრცელება შეაფერხოს?

ვირუსოლოგი ალექსანდრე ანჯაფარიძე ამბობს, რომ დეზინფექცია დახურულ შენობაში, სადაც ადამიანი არ არის, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლად ვერ ჩაითვლება. ვირუსის მატარებელი და გამავრცელებლი ადამიანია და შენობაში, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანები იყრის თავს, დეზინფექცია სისტემატურად უნდა ტარდებოდეს.

“დეზინფექციის ერთხელ ჩატარება იმას ჰგავს, ერთხელ რომ დაიბანო ხელი და მეორედ აღარ, იმიტომ რომ გუშინ დაიბანე. დეზინფექცია ერთჯერადი ეფექტური იქნება მწერების, მღრნელების წინააღმდეგ, თუკი ტილებს, რწყილებს, თაგვებს, ტარაკნებს, ხოჭოებს ებრძვი - ვირუსს ერთი დეზინფექციით ვერ შეებრძოლები. ეს უნდა იყოს გაწერილი, როდის და როგორ უნდა ტარდებოდეს და არ არის აუცილებელი, რომ ცენტრალიზებულად ტარდებოდეს, შესაძლოა თავად შენობების მეპატრონეებმა იზრუნონ სივრცეების სისუფთავეზე” - ამბობს ალექსანდრე ჯაფარიძე.

ლევან ბაოდოშვილი, დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი თვლის, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც თუნდაც ერთჯერადად ატარებენ დეზინფექციას, ძალიან კარგად იქცევიან და რისკს ამცირებენ, თუმცა დეზინფექცია მხოლოდ ერთ-ერთი პრეცენციული ზომაა ვირუსებთან საბრძოლველად და დეზინფექციის გარდა საჭიროა სველი წესით უფრო ინტენსიური დასუფთავება, პირადი ჰიგიენის დაცვა და სხვა რეკომენდაციების შესრულება.

“დეზინფექცია თავისი შინაარსით და არსით მიმართულია იმისკენ, რომ სხვადასხვა სახის მიკროორგანიზების რაოდენობის შესამცირებლად და მისი ძირითადი დანიშნულებაა ამ რაოდენობის შემცირებით ან მათი განადგურებით შემცირდეს გარემო ობიექტებიდან ადამიანის ორგანიზმში დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების რაოდენობა და შესაბამისად, დაავადების რისკი. ძნელია იმის გაკონტროლება, ვინ როგორ აკეთებს დეზინფექციას და რამდენად სწორ ხსნარებს იყენებს და რამდენად ზუსტად ასრულებს იმ ინსტრუქციას, რაც მათ გამოყენებას ახლავს თან, მაგრამ დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი კეთილსინდისერად მიმდინარეობს” - გვიხსნის ლევან ბაიდოშვილი.

არასამედიცინო დაწესებულებებში (მაგალითად, ოფისებში, ტრანსპორტში, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა.შ.) დასუფთავების რეკომენდაციები გასცა დაავადებების ეროვნულმა ცენტრმა. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი გარემოში შესაძლებელია რამდენიმე დღე ცხოვრობდეს, ცენტრის რეკომენდაციით, SARS-CoV-2-ით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, სათავსოები მათ ხელახლა გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ანტიმიკრობული (სადეზინფექციო) საშუალებებით, რომლებიც ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ.

დეზინფექცია და დასუფთავება სასურველია იმ შემთხვევაშიც, თუკი არ არსებობს მტკიცებულებება, რომ ამ სივრცეში კორონავირუსით ინციფირებული იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში საკმარისია პროფილაქტიკური დასუფთავება წყლით და საყოფაცხოვრებო სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებით.

დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, ვირუსთან საბრძოლველად ეფექტურია შემდეგი ქიმიური ნივთიერებების კონცენტრატები:

  • ეთანოლი
  • ნატრიუმის ჰიპოქლორიტი
  • პოვიდონ-იოდი
  • გლუტარალდეჰიდი
  • იზოპროპანოლი
  • ბანზალკონიუმის ქლორიდი
  • ნატრიუმის ქლორიტი
  • ფორმალდეჰიდი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG