Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 დეკემბერს პარიზში შედგება "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა


9 დეკემბერს პარიზში შეხვედრას გამართავენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების ლიდერები: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. შეხვედრაზე განიხილება უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეწყვეტის, ტყვეების დაბრუნებისა და დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების საკითხები. „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრამდე მხარეები დათანხმდნენ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრას იქ ეუთოს სტანდარტების შესაბამისი დემოკრატიული და სამართლიანი, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ.

მოლაპარაკებები გაიმართება ელისეს სასახლეში, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე. ერთობლივი პრესკონფერენცია 19:00-ზეა დაგეგმილი.

ოფიციალურად არ არის ცნობილი, შედგება თუ არა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. უკრაინული სააგენტო „უნიანის“ თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეს სასახლეში მივა 14:55-ზე და გამართავს შეხვედრას ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონთან. „უნიანის“ ინფორმაციით, ზელენსკი-პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება ოთხეულის მოლაპარაკებების შემდეგ. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის პერსპექტივაში.

კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 8 დეკემბერს იქ კარვებიც გაშალეს.

„ნორმანდიული ოთხეული“ 2014 წლის ივნისში შეიქმნა. ის 2016 წლის შემდეგ არ შეკრებილა. ფორმატის მიზანი „მინსკის შეთანხმებების“ შესრულების ხელშეწყობაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG