Accessibility links

დელფინები ცაში


ავტორი: ლელა არაბული

დღე 1

პაციენტი N1პაციენტი N2

დღე 2

შემძვრალი შიში, მოკლე გველი სპილენძისფრად დასრიალებდა ჩემში,შიგნით, წითელ ხორცში გვირაბებს იკეთებდა,შედიოდა, სადაც უნდა, გამოდიოდა, ფილტვიდან ღვიძლში, ღვიძლიდან კანში, კანიდან ერთ თვალში, თვალიდან გამოილორწებოდა პირში... და მაშინ გაჩერდა დრო, გავაჩერე მაშინ სახლი, ოთახი, დედა, მეგობარი, დღე, გავაჩერე შვილები - ახალგაღვიძებულს ზურგზე მესხდნენ მათი თვალები ყველაზე ლამაზი და კეთილი ყვავილებივით, მეზიზღებოდა მათკენ გადატრიალება...

თენდებოდა დილა ნოტიო, ცისფერი-ოქროსფრად.

ჩემთვის უფერო, ცახცახა...

... და ძველმა მეგობარმა ხის კიბეები ამატარა და აღმოვჩნდი ადამიანებს შორის, რომლებიც საუბრობდნენ ფოთოლზე, პულსაციაზე, ბევრ რამეზე და

მეც უნდა მეთქვა,

მე უნდა ვთქვა და მე მე ვთქვი: „ მეშინია“, ვიღაც უცხომ - ნუ გეშინია, დედამიწა მრგვალია, მრგვალია დედამიწა, მრგვალია ბურთივით თბილად და მრგვალია შ ე ნ თ ვ ი ს და ყველა ერთმანეთს მივწვდებით, ხელები რომ გავშალოთ... აი, მაშინ დატრიალდა სამყარო, როგორც ბავშვობაში მეგობართან გადაჭდობილი ხელებით, თავგადაგდებული ბზრიალებ პაპანაქებაში, დატრიალდა, დატრიალდა, დ ა ტ რ ი ა ლ დ ა და ნელა, ქშენით გაჩერდა სახლში, დედასთან, მამას პორტრეტთან, ძმის ტკივილთან, შვილების თვალებში, ოქროსფერ სილურჯესთან...

დედამიწა მრგვალია, ჰო, დედამიწა მრგვალია.

ბედნიერება წამიერი შეფეთებაა, ტალღაა, რომელიც შეიძლება წამოვიდეს სიმარტოვეში, სინანულში, სოფლის გზაზე,ავტობუსის გაჩერებაზე, სიჩუმეში, ბებერი ხის ჩრდილქვეშ და ჩემთვის დილით ადრე სახლიდან გასვლა ერთი ძლიერი ტალღაა სუნთქვის ასაღებად, აი, ასე, უბრალოდ გარეთ გასვლა დილით, ადრე და ცარიელი ტრანსპორტით ან ფეხით ქალაქის თვალიერება - დანამული ქუჩების, ხეების, ძველი შენობების, დილის ადამიანების, მიტოვებული ძაღლების თვალების და სურვილი, ამ თვალიერებაში, ნეტა, არავინ მხედავდეს, არავინ მამჩნევდეს, მე ვიყო მარტო ძველი ქუჩის კუთხესთან, მრგვალი აივნის მოგონებასთან...

ჩემი ქვეყანა ნახატია, უფრო სწორედ, დიდ ტილოზე აძგერებული პაწაწინა ალისფერი წერტილია, ერთი პატარა ჟღალი წერტილი, რომელსაც სიამოვნებით მიყვები სიღრმეში, იმის იქით, იმის იქით - მუსიკაში, ბგერაში, სევდაში, იუმორში, ყველაზე მრავალფერად შავ-თეთრ კადრში, ადამიანებში, მათ სულებში...

პაციენტი N

1.ეპიდემია მოედო ევროპას, ფრონტის ხაზი გადის იტალიაზე, საფრთხე გვემუქრება, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ

2.ვირუსი ჯენტლმენურად იქცევა - ინდობს ბავშვებს და ქალებს

3.უნდა ველოდოთ გაუარესებას, ვეღარ მოვძებნით წყაროს

4.ისე, დამეთანხმეთ, ულამაზესია ვირუსის მოლეკულური აგებულება

5.ამ კითხვაზე ახლა არ გაგეცით პასუხი?

6. ვირუსმა არ იცის, ვინ ვისი შვილია

7. გატაცება - ბუ

8.დელფინები და ცაც გამოჩნდა...

ბუნებამ, ცოტა კიდევ გავგიჟდებიო, ისეთი თოვლი მოვიდა მარტის ბოლოს, ბავშვობიდან წამოსულ სევდად მომელაბუნა და შვილებთან ერთად ღამით გარეთ გავედი, ბარდნიდა, ბარდნიდა, ხეები, ქუჩები, სახლის სახურავები ბურუსიან თოვლში ჩამთბარიყო, კიდევ თოვდა, ქუჩა სავსე იყო ადამიანებით , უხაროდათ, შორს ბავშვების სიცილი ძაღლების ყეფაში გუნდავდებოდა...

თოვდა, თოვდა, ღრჭიალით, მშრალად, ბარაქიანად, თოვდა სულელურად, თითქოს ხელთათმანებზე მიკერებულმა თოკმა ზურგი გამითბო, შვილები უკან ჩამომრჩნენ, შუქს ეძებდნენ, წუხდნენ, კარგი სურათი არ გამოდისო... ნეტა, არ მითხრან, სახლში ავიდეთო, გვიანი იყო, ლამპიონის შუქს მიაგნეს, რაღაცნაირი კადრი მოეწონათ...

ახლა წავიდეთო, დაფანფულ ქუჩას თვალი გავაყოლე და ძალიან შორს ღამის ორთქლში სამფერში აკვნესებული ანძა გულზე მებწკინა...

თ ქ ვ ე ნ დ ა რ ჩ ი თ ს ა ხ ლ შ ი ჩ ვ ე ნ თ ვი ს

ისტორიაში ჩაკარგული სახელები, უფერულ მარგალიტებად გაბნეულები, ჩვენამდე ვერმოღწეულნი, მაგრამ არსებულნი და შეიძლება, გმირად შერაცხულ პერსონებზე არანაკლებ ადამიანები, რომლებსაც, შეიძლება ,სულაც არ სურდათ გაფერადება, ასეთი ადამიანების სიცოცხლე ჰგავს ძლიერი ხელებით საიმედოდ შეკრულ ოქროს ზღაპრულ ტახტს,..

ისეთი გადამდებია ეს ჩაჭიდება, უფრო მეტად, თავდაუზოგავად, გიჟურად, საკუთარი თავისთვის კი არა, სხვისთვის, ისეთი ძლიერია ეს მუხტი, რომ კლდეს გაანგრევს, სამყაროს გაარღვევს, ცას გაფლეთს ოქროს ტახტი უბრალო ადამიანების მაჯებით შეკრული, საავადმყოფოს კედლებიდან ჩაჭიდული პურის მცხობელის მარჯვენაზე, შემდეგ აფთიაქში ახალგაზრდას სათუთ მაჯაზე გაწვდილი, მძღოლების ძლიერ ხელზე გადაბმული, გაწვდილი უბრალო გამყიდვლების, მოლარეების, მეეზოვეების,ტაქსის მძღოლების, ჟურნალისტი ბავშვების, ბევრის და ბევრის ძლიერი ჩაჭიდების ზეიმი, კიდევ მეტი მსურველის, რომ არც გვეგონა, რომ არც ველოდით...

დიდი ოქროს ტახტი, ტახტი ერთმანეთის ასატატებლად, მოხუცების მოსაფერებლად, შვილების დასაცავად, შეყვარებულისთვის, ძმისთვის, მეგობრისთვის და ყველაზე მეტად, უცნობი ჩ ვ ე ნ ი ა ნ ი ს თ ვ ი ს.

კარებთან თოვლი დავიფერთხე, ფანჯრები გამოვაღე, ნაბადწაფარებული იყო თბილისი - მშვიდი, ტკბილი, ჩვენი... აივნებიდან ადამიანებს კამარა შეეკრათ, ტაშს უკრავდნენ ( ერთი მეც შემოვკარი), ისეთი გაუბედავი იყო „მადლობის“ ძახილი, მაგრამ რაღაც სევდიან, მედგარ გალობას ჰგავდა, გამთლიანებულს და ბავშვურს... ხალხი ტაშს უკრავდა, რისთვის, მადლობისთვის? შიშისთვის? თხოვნისთვის? თუ... ერთმანეთის მონატრებისთვის.

ანძა ენთო სამფერში. ბარდნიდა თბილისში

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG