Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიული რეფორმებისა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა - ნატოს გზავნილი თბილისს


ირაკლი ღარიბაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ნატოს შტაბბინაში დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება და აცხადებს, რომ სანაცვლოდ დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოს ძალისხმევის გაორმაგებას იმედოვნებს. სტოლტენბერგი ასევე ელის, რომ „ნატოს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს“ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასრულებას. 

კიევში ვიზიტისა და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში უმასპინძლა.

წინა კვირას სტოლტენბერგის უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ნატოს მომდევნო, ვილნიუსის სამიტზე მნიშვნელოვანი სიახლის მოლოდინი შეიქმნა.

სტოლტენბერგს და ღარიბაშვილს, დღეს შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებებში სამიტი არ უხსენებიათ, თუმცა პრემიერ-მინისტრის პრესცენტრის თანახმად, ლიდერებმა ვილნიუსის მოახლოებული სამიტი შეხვედრისას განიხილეს.

გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ მოკლე განცხადებები გააკეთეს შეხვედრის დაწყებამდე
გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ მოკლე განცხადებები გააკეთეს შეხვედრის დაწყებამდე

ნატოს გენერალურმა მდივანმა 25 აპრილს ნატოს შტაბბინაში მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ბრიუსელში საქართველოს დელეგაციას თან ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

დახურულ შეხვედრამდე ლიდერებმა მხოლოდ მოკლე განცხადებები გააკეთეს პრესისათვის და ჟურნალისტების კითხვებს არ დალოდებიან. გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რამდენიმე საკითხი გამოყო:

„მხარდაჭერა რეფორმების სანაცვლოდ“

იენს სტოლტენბერგმა, ტრადიციულად, განაცხადა, რომ ნატო და მისი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; ნატო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. პარალელურად, სამხედრო ალიანსი მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მხარს დაუჭერს მას.

ამ მხარდაჭერასთან ერთად, ნატოს გენერალური მდივნის რიტორიკაში გამოჩენილი ახალი აქცენტი მიანიშნებდა უკმაყოფილებას საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მდგომარეობით:

„საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატოსგან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი. სანაცვლოდ, იმედი მაქვს, საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას საშინაო რეფორმების [საქმეში] და დემოკრატიული სტანდარტების დასაცავად“.

სტოლტენბერგმა აქვე ახსენა „უცხოეთის გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტი - „ამიტომაც მივესალმე გადაწყვეტილებას, გაეწვიათ „უცხოეთის გავლენის“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთანო“, განაცხადა მან.

სტოლტენბერგს არ გამორჩენია არც ქართველი ხალხი, ცხად ევროპულ არჩევანზე საუბრისას:

„ქართველმა ხალხმა ცხადად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ რეგიონში. ამ მისწრაფებების ასრულების გზაზე ნატო კვლავაც იქნება თქვენი პარტნიორი“, - თქვა მან.
„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დაჩქარებულად მიღებას, - რაც ევროკავშირმა დაგმო, - მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. 08.03.2023
„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დაჩქარებულად მიღებას, - რაც ევროკავშირმა დაგმო, - მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. 08.03.2023

„უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობა“

სტოლტენბერგმა შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ ღარიბაშვილთან ისაუბრებდა უკრაინის წინააღმდეგ „რუსეთის აგრესიასა და უკრაინის გვერდით დგომის მნიშვნელობაზე“.

გენერალური მდივნის თანახმად, ნატო დღეს უკრაინის გვერდით დგას და იდგება მის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება“.

„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ რუსული მომწამლავი აგრესია ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს. ეს ძალიან კარგად ესმით საქართველოსა და ქართველ ხალხს“, - თქვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას, გაეროს წესდების თანახმად, აქვს თავდაცვის უფლება, იყენებს ამ უფლებას, და დასძინა: „ველით, რომ ნატოს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს“.

„ასე რომ, ბატონო პრემიერო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მოუთმენლად ველოდები თქვენთან საუბარს“, - მიმართა მან ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთო განცხადებები არ გაკეთებულა.

ღარიბაშვილის აქცენტები

ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „ყველასთვის კარგად არის ცნობილი“, რომ საქართველოს, „როგორც ერთ-ერთ სანდო პარტნიორს, აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით“.

ამ კონტექსტში ახსენა მან საქართველოს მონაწილეობა ნატოს საერთაშორისო მისიებში ერაყსა და ავღანეთში; ასევე, 2015 წელს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა, რაც, მისი სიტყვებით, „შესანიშნავი ნიმუშია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ ნატო და საქართველო ერთმანეთთან“.

ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობას იღებენ ნატო-საქართველოს საერთო სამხედრო წვრთნებში, კრწანისში. 2017 წლის 2 მარტი.
ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობას იღებენ ნატო-საქართველოს საერთო სამხედრო წვრთნებში, კრწანისში. 2017 წლის 2 მარტი.

ნატოს შტაბბინაში გამართულ მოკლე პრესბრიფინგზე ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ ქვეყანამ, „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია „ბოლო 10 წლის განმავლობაში“, რომელთა შორის გამოყო:

  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება,
  • თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან,
  • უვიზო რეჟიმი და
  • „ევროპული პერსპექტივა“.

„ახლა აქტიურად ვმუშაობთ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე, რაც მალე დასრულდება და დარწმუნებულნი ვართ, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას“, - განაცხადა მან. სტოლტენბერგთან შეხვედრამდე, 25 აპრილსვე, ბრიუსელში საქართველოს პრემიერი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც.

დიპლომატიური, თუმცა ცხადი“

რონდელის ფონდის ანალიტიკოსის, კახა გოგოლაშვილის თქმით, ნატოს გენერალურ მდივანთან დღევანდელი შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ:

  • „ნატოს კვლავ სურს, საქართველოსთან შეინარჩუნოს წარმატებული ურთიერთობები;
  • გენერალური მდივანი სტოლტენბერგი და ნატოს ქვეყნების დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“. თუმცა
  • „არსებობს, როგორც ჩანს, აუცილებელი პირობები, რათა საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში კიდევ უფრო წინ წავიდეს: დემოკრატიული რეფორმები და უკრაინის ცხადი მხარდაჭერა“.

„ნატო საუბრობს ძალიან დიპლომატიურად და ფრთხილად, თუმცა მაინც იკითხება, რომ უთითებს, რომ მეორედ არ უნდა მოხდეს ისეთი გადახვევა დემოკრატიული განვითარების კურსიდან, როგორც ეს მოხდა აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით; რომ [საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებისადმი ერთგულების შეფასების] ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება ის, რამდენად გამოავლენს საქართველო უკრაინის მხარდაჭერას“, - ამბობს ანალიტიკოსი.

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

კახა გოგოლაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პრემიერ-მინისტრს უფრო ცხადად არ დაუჭერია მხარი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის - მათ შორის არც სტოლტენბერგთან ნატოს შტაბბინაში ვიზიტისას.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ტურბულენტური უსაფრთხოების სიტუაცია, ომი უკრაინაში, ძალიან დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის“.

„სულ სხვა წონის განცხადება იქნებოდა, რომ მას ცალსახად ეთქვა, რომ საქართველო უჭერს მხარს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ. მაგრამ მან ასეთი მსუბუქი კომენტარით, - „რა ცუდია ომი“, - თავი დაიძვრინა [რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის] პირდაპირი დაგმობისგან. ეს, ცხადია, არ გამორჩებათ ნატოში“, - ამბობს გოგოლაშვილი.

ღარიბაშვილმა იქვე განაცხადა, რომ „საქართველოს აქვს საკუთარი პრობლემა რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო“, რაც, გოგოლაშვილის თქმით, ერთგვარ „დიპლომატიურ ბოდიშად“ შეიძლება მივიჩნიოთ მისი ნაკლებად მწვავე განცხადებებისათვის.

ვილნიუსის სამიტი - არსებითი პაკეტი

5 დღით ადრე, 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ჩავიდა. რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში. მოლაპარაკებების შემდეგ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ამ მოსაზრებას ალიანსის წევრი სახელმწიფოებიც ეთანხმებიან.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, სტოლტენბერგთან მოლაპარაკებებზე იმსჯელეს უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების, მათ შორის საავიაციო ტექნიკის, შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო დანადგარებისა და ჯავშანმანქანების მიწოდებაზე; ასევე, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ნატოში გაწევრიანებამდე.

ზელენსკის თქმითვე, განიხილეს ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტი, რომელიც 11-12 ივლისს არის დაგეგმილი. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ალიანსში ქვეყნის ოფიციალურ მიწვევას ელოდება.

სტოლტენბერგმა მაშინ დაადასტურა, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე ეს საკითხი განხილული იქნება, თუმცა გაიმეორა, რომ მოკავშირეთა მთავარი მიზანი უნდა იყოს ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა და არა კავშირში მისი წევრობა.

იენს სტოლტენბერგი 20 აპრილს კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
იენს სტოლტენბერგი 20 აპრილს კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

სტოლტენბერგმა 25 აპრილს ღარიბაშვილთანაც ახსენა კიევში ვიზიტი, მაგრამ პრესკონფერენციაზე ვილნიუსის სამიტი არ უხსენებია. პრესკონფერენციაზე სამიტი არ უხსენებია არც ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა, პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, სამიტზე მოგვიანებით, უშუალოდ შეხვედრისას ისაუბრეს. კონკრეტულად რა ითქვა, უცნობია.

რადიო თავისუფლებას ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში წყარომ ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ მიზეზი, თუ რატომ არ ახსენეს პრესკონფერენციაზე ვილნიუსის სამიტი, არის ის, რომ საქართველო არ იქნება ამ სამიტის ძირითად ფოკუსში და, სავარაუდოდ, სამიტის ფარგლებში იქნება ცალკე სესია პარტნიორების - საქართველოს, ბოსნიის, ასევე, შესაძლოა, უკრაინის მონაწილეობით.

„დღეს ჩვენს შეხვედრაზე ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით“, - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

კახა გოგოლაშვილის აზრით, გარემოება, რომ სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, მიანიშნებს, რომ „არსებითი პაკეტის ფარგლებში მოხდება ურთიერთობების გაგრძელება და მაპ-ზე - ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე - არც არის საუბარი“.

„შეიძლება, [ვილნიუსის სამიტზე] დამატებითი კომპონენტები შევიდეს არსებით პაკეტში, ჩვენი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. მაგრამ აქცენტი გაკეთდება არა ინსტიტუციურ წინსვლაზე ნატოსთან, არამედ ჩვენს სამხედრო დახმარების გაძლიერებაზე. ვფიქრობ, ინსტიტუციური წინსვლისათვის ნატო არც არის მზად და არც სცალია საქართველოსთან მიმართებაში. მაგრამ, ამავე დროს, საქართველო თვითონ უნდა იყოს ნატოსთან ურთიერთობების მიმართულებით აქტიური“, - ამბობს გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილის თქმით, მეტის მოლოდინი საქართველოსთვის ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო:

„მოცემულ ვითარებაში, არალოგიკური იქნებოდა, ვილნიუსის სამიტის კონტექსტში საქართველოზე გაემახვილებინათ ყურადღება, მით უმეტეს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს ერთგულება ნატოს ღირებულებების მიმართ; სხვა შემთხვევაში გენერალური მდივანი არ ახსენებდა „აგენტების კანონს“ და დემოკრატიულ წინსვლის მიმართულებაზე იმედს არ გამოთქვამდა. ამაზე ეჭვებიც არ იქნებოდა, - პირდაპირ იტყოდა, რომ ნატო მოხარულია, რომ საქართველო რეფორმების გზაზე დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ და ა.შ. კიდევ ერთხელ - მივიღეთ სულ სხვა შეფასება, რომელიც ძალიან დიპლომატიური იყო, მაგრამ აჩვენა, რა სისუსტეები გვაქვს“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

25 აპრილს გამოქვეყნებული IRI-ს კვლევის თანახმად, საქართველოში გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერების რიცხვი (80%). გამოკითხულთა 65% "სრულად" უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი - "ნაწილობრივ".
XS
SM
MD
LG