Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. სასაზღვრო ზონაში კონტროლს ამკაცრებს


საოკუპაციო გამყოფი ზოლი ერგნეთში
საოკუპაციო გამყოფი ზოლი ერგნეთში

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზონებში კონტროლს ამკაცრებს. ივნისსა და ივლისში სპეციალური ღონისძიებები იმ ოსურ სოფლებში გატარდება, რომლებიც ქართულ სოფლებს ესაზღვრება. უშიშროების კომიტეტი ადგილობრივ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მუდმივად იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ სასაზღვრო სოფლებში გადაწყვეტენ წასვლას. ეს ინფორმაცია ოსურმა მედიამ უკვე გაავრცელა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

წინა წლებშიც ოსური მოსახლეობა რუსეთის მესაზღვრეების სიმკაცრეს აპროტესტებდა, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო. მაგალითად, გასული წლის იანვრამდე ცხინვალის მცხოვრებს რომელიმე სასაზღვრო ოსურ სოფელში წასვლა რომ მოენდომებინა, ამისთვის სპეციალური საშვი უშიშროების სამსახურში უნდა მიეღო. ვითარება განსაკუთრებით მაშინ მძიმდებოდა, როცა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს ასეთ სოფლებში ჩასვლა გასვენებებისა და ქორწილების დროს უხდებოდათ. შარშან ეს აკრძალვა შეიცვალა და ახლა აუცილებელი პირობა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთების ტარებაა. ალბერტ კისიევი ოსურ სოფელ ხელჩუაში ცხოვრობს. ეს სოფელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარს ესაზღვრება. კისიევი რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ სოფელში ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან უჭირთ და ვისაც როგორ შეუძლია, თავს ისე ირჩენს. მისი თქმით, გაჭირვებული ადამიანები სასაზღვრო ზონაში ხშირად ჯართს აგროვებენ, უშიშროების სამსახური კი მათ აკავებს და ჯარიმას უწერს. კისიევი ამბობს, რომ სოფელში არც წყალია, არც გზა და წლიდან წლამდე ვითარება უფრო უარესდება. ამიტომ, მისი თქმით, ადამიანები კონტრაბანდული საქმიანობით კავდებიან.

რატომ ამკაცრებს ოსური უშიშროება სასაზღვრო სოფლებში კონტროლს? საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

დე ფაქტო ხელისუფლება კონტრაბანდას უწოდებს იმ პროდუქციას, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სოფლების გავლით ჩუმად შეაქვთ. ვითარების გასაკონტროლებლად ბიბილოვის მთავრობამ ახალგორის შესასვლელთან საბაჟო პუნქტიც გახსნა და თბილისიდან შეტანილი პროდუქციის აღრიცხვა, გაკონტროლება და თანხის ამოღება დაიწყო. მაგრამ საოკუპაციო ზოლზე ყველგან ღობეები და მავთულხლართები არ არის და დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები ეგრეთ წოდებული სასაზღვრო და საბაჟო პუნქტების გვერდის ავლით ცდილობენ პროდუქცია ცხინვალში გადაიტანონ. ამიტომ ოსური უშიშროება ზომებს ამკაცრებს. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ამირან დიაკონოვი ადგილობრივი სამართალდამცავების გააქტიურებას კონტრაბანდის მასშტაბების გაზრდით ხსნის. მისი აზრით, უშიშროებამ უნდა აღკვეთოს უკანონო გადაადგილება საზღვარზე, რაც ტვირთების აქეთ-იქით გადატანას უკავშირდება.

დე ფაქტო უშიშროების სამსახური ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ორთვიან სტატისტიკასაც აქვეყნებს. მაგალითად, მაისში მათ 35 მოქალაქე დააკავეს, აპრილში კი - 45, ესე იგი, ჯამში, 80 . საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი, წელს იანვრიდან აპრილამდე ცხინვალის მიმართულებით საქართველოს 19 მოქალაქეა დაკავებული.

რატომ ამკაცრებს ოსური უშიშროება სასაზღვრო სოფლებში კონტროლს? საქმე ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ვაჭრობასა და სამედიცინო სერვისის მიღებასთან, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს თბილისში ჩასვლა რუსეთის პასპორტებით ლარსის გამშვები პუნქტიდან უპრობლემოდ შეუძლიათ, მაგრამ გზა ხარჯს ზრდის და, გარდა ამისა, დროც დიდი სჭირდება ჯერ ვლადიკავკაზში ჩასვლას და შემდეგ იქიდან საქართველოს დედაქალაქში გამომგზავრებას. ამიტომ ცხინვალის მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ოსური სოფლების მცხოვრებლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას შემოვლითი გზებით ამჯობინებენ, მიუხედავად იმისა, რომ რისკი დიდია. რადიო თავისუფლების ინფორმირებული წყაროების ცნობით, არსებობს რამდენიმე შემოვლითი ფარული გადმოსასვლელი. ესენია ოსური სოფელ წინაგარადან გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერშუეთსა და ხურვალეთში არსებული ფარული გადმოსასვლელი. ეს ძირითადად მინდვრის გზაა, სადაც მავთულხლართი არაა გავლებული. არის ასევე ოკუპირებული არცევიდან გორის სოფლების ქვეშის, აძვისა და ჯარიაშენის გადმოსასვლელი. გზა მიწის ნაკვეთებზე გადის. კიდევ ერთი გადმოსასვლელია ოსური სოფელ ღრომიდან მეჯვრისხევისა და კირბალის მიმართულებით. ეს გზა მდინარე მეჯუდას სანაპიროზე და მთიან მასივში გადის. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრები, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, ამ შემოვლით გზებზე გვესაუბრება.

დე ფაქტო უშიშროების სამსახური ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ორთვიან სტატისტიკასაც აქვეყნებს. მაგალითად, მაისში მათ 35 მოქალაქე დააკავეს, აპრილში კი - 45, ესე იგი, ჯამში, 80 . საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი, წელს იანვრიდან აპრილამდე ცხინვალის მიმართულებით საქართველოს 19 მოქალაქეა დაკავებული. ამ სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უფრო ხშირად სწორედ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს აკავებენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის ქართული სოფლებისკენ გადმოკვეთის მცდელობის გამო აჯარიმებენ. თუმცა ცხინვალში „კონტრაბანდის“ მასშტაბები უკვე იმდენად დიდია, რომ საოკუპაციო ხაზზე გადმოსვლას ბევრად მეტი ადამიანი ახერხებს. საოკუპაციო ხაზის სიგრძე 350 კილომეტრია. აქედან მხოლოდ 52 კილომეტრზეა გავლებული მავთულხლართები, ღობეები და სხვა ბარიერები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG