Accessibility links

დუმილი, მოულოდნელი ბრიფინგი და ახალი ვიდეოფირი


ბრიფინგი ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში.

23 იანვარს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან მოქმედი და ვეტერანი მოჭიდავეები, მწვრთნელები, მსაჯები და ჭიდაობის გულშემატკივრები შეიკრიბნენ. წინასწარი გეგმით, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს სამართალდამცველთა მიერ ძალადობის მუხლით დაკავებული ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის, მხარდასაჭერი მორიგი აქცია უნდა გაემართათ. დაანონსებულ დროს - 15:00 საათს - ისე გადასცდა, ფედერაციის შენობიდან მასმედიასთან კომენტარის გაკეთება არავის გახსენებია. ჟურნალისტებმა, ცხადია, არაერთგზის შეახსენეს, მაგრამ ითქვა, რომ დროებით კომენტარის გაკეთებისგან ყველა თავს იკავებდა.

მოულოდნელად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ შენობაში ტელეკომპანია “იმედის” გადამღები ჯგუფი შეიყვანა და მხოლოდ მისთვის გააკეთა კომენტარი, რაზეც სხვა ჟურნალისტებმა პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს, მაგრამ მათთვის ფედერაციის კარი საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მასმედიის პროტესტმა გაჭრა და თავად იანტბელიძე მივიდა განაწყენებული ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

ნაკრების მწვრთნელი, პოლიციის სამმართველოსთან წინა ღამით გაკეთებული კომენტარისგან განსხვავებით, ამჯერად შედარებით ფრთხილი იყო მთელი რიგი დეტალების შეფასებისას. როდესაც მას ჰკითხეს, დასაკავებელი იყო თუ არა ფედერაციის პრეზიდენტი, უპასუხა, რომ ამას გამოძიება გაარკვევდა. ცოტა ხანში კომენტარი გააკეთა ტიტულოვანი სპორტსმენების - ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის - აღმზრდელმა ნუგზარ სხირელმა. 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა სპეციალისტმა თქვა, რომ გეგა გეგეშიძის დაკავება ქართული ჭიდაობისთვის მიყენებული მძიმე დარტყმაა და ამ სახეობის წინსვლისთვის მსგავსი ხმაური შემაფერხებელია.

ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას სამოქმედო გეგმის შესახებ განმარტება არც დღეს გაუკეთებია. მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელი და თითო-ოროლა ვეტერანი სპორტსმენი დათანხმდა ჟურნალისტებთან საუბარს და მათაც ზედმეტად ზოგადი კომენტარები გააკეთეს.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სრული დუმილის გადაწყვეტილება მიიღეს. შეიძლება სასამართლოს ჩატარებას ელოდნენ, მაგრამ დღის ბოლომდე სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შესახებაც კი არ გავრცელებულა ინფორმაცია.

დაახლოებით 17:00 საათისთვის ფედერაციასთან შემორჩენილ ჟურნალისტებს მოულოდნელად შენობაში უხმეს და რამდენიმე წუთში საგანგებო ბრიფინგიც დაიწყო. 11 იანვარს მომხდარ ინციდენტთან და, ზოგადად, ჭიდაობის ფედერაციაში შექმნილ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები გააკეთეს გიორგი იანტბელიძემ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელმა ბექა როყვამ, უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ედიშერ მაჩაიძემ, სახელოვანმა ვეტერანმა სპორტსმენებმა ვახტანგ ბლაგიძემ, თემურ ყაზარაშვილმა და ლუკა კურტანიძემ და საქართველოს ნაკრების ტიტულოვანმა წევრებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ზურაბ იაკობიშვილმა და რობერტ კობლიაშვილმა.

ვეტერანებმა იმედი გამოთქვეს, რომ გათვალისწინებული იქნება მოჭიდავეების თხოვნა და გეგა გეგეშიძე ისევ დაუბრუნდება ჭიდაობას. ყველაზე კრიტიკული ვახტანგ ბლაგიძე იყო, რომელმაც სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის დასაწყისი გაიხსენა. მან თქვა, რომ ფედერაციის პრეზიდენტი თავიდანვე არ ჩარეულა კონფლიქტში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ძმის საქციელის გამო კრიტიკულად დაიძაბა სიტუაცია, გეგეშიძე დარბაზში სპორტსმენთა დასამშვიდებლად ჩავიდა. ის პროვოკაციაზე წამოაგეს და სამწუხაროა, რომ მომხდარი აბსოლუტურად ცალმხრივად გაირჩაო, თქვა ბლაგიძემ.

ბექა როყვამ დაადასტურა, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დუშეთის საწვრთნელი შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა. მწვრთნელისვე სიტყვებით, პროტესტის ეს ფორმა ბიჭებმა თავად აირჩიეს და მათთვის მითითება არავის მიუცია. რობერტ კობლიაშვილმაც თქვა, სანამ გეგეშიძე დაკავებული იქნება, არავინ აპირებს დარბაზში დაბრუნებასო. ნაკრების დამრიგებელს ჰკითხეს, ესაუბრა თუ არა კონფლიქტის შემდეგ ზურაბ დათუნაშვილს, რაზეც როყვამ უპასუხა, რომ მას მერე ზურასთან კონტაქტი არ ჰქონია.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა მასა და ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის წლების წინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ, კონფლიქტის სიმძიმის მიუხედავად, მხარეებმა საერთო ენა შიდა სამზარეულოში გამონახეს და გეგეშიძის შემთხვევაშიც ასე უნდა მოხდეს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაახმაურა: გიორგი იანტბელიძემ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ 11 იანვრის შემდეგ ფედერაციამ რამდენჯერმე სცადა ზურაბ დათუნაშვილთან საუბარი. სპორტსმენისთვის საზღვარგარეთული საწვრთნელი შეკრებაც შეუთავაზებიათ, რომლის შემდეგაც საერთაშორისო ტურნირებზეც მიეცემოდა შანსი, მაგრამ დათუნაშვილისგან უარი მიუღიათ.

დღესვე, თავად ზურაბ დათუნაშვილმაც გააკეთა კომენტარი. ევროპის ორგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ გული სწყდება იმის გამო, რომ ფედერაციის პრეზიდენტს საჭიდაო ოჯახმა ასეთი მხარდაჭერა გამოუცხადა, მასთან მიმართებაში კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა არავის გახსენებია. ფედერაციის პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით კი დათუნაშვილმა თქვა, რომ მისი დაჭერა არ სურდა და არც ახლა სურს. სპორტსმენისთვის მთავარია, გეგეშიძე ფედერაციის სათავეში აღარ იდგეს.

მოჭიდავეებმა ბრიფინგზე დათუნაშვილისა და კობლიაშვილის ფინალური შეხვედრის ბოლო წამები მობილურით ტრიბუნიდან გადაღებული ჩანაწერის თანხლებით განიხილეს, რომელიც მონიტორზე გაუშვეს. მასზე ჩანს, როგორ იჭრება ხალიჩაზე ზურაბ დათუნაშვილის ძმა და როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მსაჯებსა და, როგორც ვეტერანებმა თქვეს, ფედერაციის წარმომადგენლებსაც. ამ კადრების ჟურნალისტებისთვის გადაცემისგან ფედერაცია ჯერჯერობით თავს იკავებს. სავარაუდოდ, ვიდეოჩანაწერს გეგა გეგეშიძის ადვოკატი სასამართლოს წარუდგენს, სასამართლო კი, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის გამო 22 იანვარს დააკავეს. ინციდენტი 11 იანვარს მოხდა და ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა გეგეშიძე მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მოგვიანებით სპორტსმენის სიტყვების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა. გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა დაკითხვის შემდეგ დააკავეს და დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG