Accessibility links

ევროვიზიის კონკურსიდან მოხსნეს უკრაინის „არაპატრიოტი“ პოპვარსკვლავი


"მარუვი" - ანა კორსუნი, 23 თებერვალი, 2019 წ.

უკრაინა ცდილობს სასწრაფოდ იპოვოს მომღერალი ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის მას შემდეგ, რაც პოპვარსკვლავი მარუვი დისკვალიფიკაციას დაექვემდებარა „არაპატრიოტული“ სულისკვეთების გამო.

ევროვიზიის კონკურსი წელს თელ-ავივში მაისში გაიმართება. უკრაინაში პირველ ეტაპზე ამ კონკურსზე წასვლის ფავორიტი იყო პოპვარსკვლავი მარუვი - მან კიევში 23 თებერვალს, შესარჩევი კონკურსის ფინალში, მოხიბლა აუდიტორია.

მაგრამ თავისი პროვოკაციული ჰიტით, „ქალთევზით“, მარუვი, რომლის ნამდვილი სახელი ანა კორსუნია, ევროვიზიაზე არ გაემგზავრება.

სხვებთან ერთად - მათ შორის არიან წამყვანი პოლიტიკოსები - ქვეყნის ეროვნულმა მაუწყებელმა იეჭვა, რომ ის საკმარისად პატრიოტი არ არის და კონკურსიდან გამორიცხა, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია მომღერლის თაყვანისმცემელთა რიგებში, სოციალურ მედიაში.

არ ვარ მზად [ხალხს] ლოზუნგებით მივმართო და კონკურსში ჩემი მონაწილეობა გადავაქციო ჩვენი პოლიტიკოსების პიარ-შოუდ. მე მუსიკოსი ვარ და არა პოლიტიკური სივრცის იარაღი.
მარუვი

მარუვის დადანაშაულების მიზეზი კი გახდა მისი გადაწყვეტილება ტურნე ჩაეტარებინა რუსეთში 2014 წლის შემდეგ, როცა მოსკოვმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო კონფლიქტში, რომელსაც 13000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის ეროვნულმა მაუწყებელმა 27 წლის პოპვარსკვლავს გამოსავალი შესთავაზა: ხელი მოაწეროს დროებით კონტრაქტს, რომ რუსეთში კონცერტებს არ ჩაატარებს, და უფლებას მისცემენ მაისში ისრაელში იმღეროს.

მარუვმა თანხმობა განაცხადა რუსეთში კონცერტების გაუქმებაზე, მაგრამ თქვა, რომ კონტრაქტში არსებულ სხვა პუნქტებს არ ეთანხმება.

25 თებერვალს გამართული მოლაპარაკება ჩაიშალა, რის შემდეგაც მარუვმა ფეისბუკზე დაწერა, რომ კონტრაქტის პირობები „ცენზურის“ ტოლფასი იყო.

„მე უკრაინის მოქალაქე ვარ, გადასახადებს ვიხდი და უკრაინა გულწრფელად მიყვარს“, - დაწერა მან და დასძინა: „მაგრამ არ ვარ მზად [ხალხს] ლოზუნგებით მივმართო და კონკურსში ჩემი მონაწილეობა გადავაქციო ჩვენი პოლიტიკოსების პიარ-შოუდ. მე მუსიკოსი ვარ და არა პოლიტიკური სივრცის იარაღი“.

პოპვარსკვლავმა, რომლის სიმღერაც იუტუბზე 6.8 მილიონმა მომხმარებელმა ნახა, ასევე დაწერა: „მადლობას ვუხდი და ვაფასებ ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა და ხმა მომცა“.

არტისტი, რომელიც აგრესორ სახელმწიფოში ტურნეს მართავს, ამის გაკეთებას მომავალშიც აპირებს და ამაში ვერაფერ მიუღებელს ვერ ხედავს, არ შეიძლება უკრაინის წარმომადგენელი იყოს.
ვიაჩესლავ კირილენკო

ეროვნულმა მაუწყებელმა 25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ მარუვთან გამართულმა მოლაპარაკებამ ვერ მოიტანა „საერთო ხედვა“ კონკურსში მისი „მისიის“ თაობაზე. მაუწყებელმა განმარტა, რომ ევროვიზიის კონკურსის მონაწილე უნდა იყოს „კულტურული ელჩი“, რომელიც წარმოადგენს უკრაინელი ხალხის შეხედულებებს.

25 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში მაუწყებლის ხელმძღვანელი ზურაბ ალასანია წერს, რომ კომპანია სხვა მუსიკოსთან გააფორმებს კონტრაქტს ქვეყნის ევროვიზიაზე წარსადგენად.

საქმეში უკრაინის კულტურის სამინისტროც ჩაერია - 25 თებერვალს უწყებამ განაცხადა, რომ ამ პოპულარული მუსიკის ყოველწლიურ კონცერტზე უკრაინა უნდა წარადგინონ „მხოლოდ პატრიოტებმა, რომლებსაც გააზრებული აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა“ იმ ფონზე, როცა „ათასობით გმირი სიცოცხლეს თმობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის“.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვიაჩესლავ კირილენკომ 25 თებერვალს „ტვიტერით“ დაწერა, რომ უკრაინაში ევროვიზიის მონაწილის პოვნის პროცესი გადაიქცა ნაწილად „რუსეთის ჰიბრიდული ომისა უკრაინის წინააღმდეგ“.

„არტისტი, რომელიც აგრესორ სახელმწიფოში ტურნეს მართავს, ამის გაკეთებას მომავალშიც აპირებს და ამაში ვერაფერ მიუღებელს ვერ ხედავს, არ შეიძლება უკრაინის წარმომადგენელი იყოს“, - წერს კირილენკო.

ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე მარუვს ბევრი კითხვა დაუსვეს რუსეთში გამართულ კონცერტებზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტსა და რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის დაუფლებაზე.

შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი აგრესორი ქვეყანა, მარუვმა უპასუხა, რომ თუ ქვეყანას ცუდი პრეზიდენტი ჰყავს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ყველა მოქალაქე ბოროტია. მარუვმა ასევე თქვა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU), რომელიც ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორია, განცხადებაში დაწერა, რომ ამ კონკურსისთვის მონაწილის შერჩევა უკრაინის მაუწყებლის უფლებაა.

სოციალური მედიის ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, მარუვს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ასევე ბევრი გამოხატავს სიბრაზესა და დაბნეულობას ეროვნული მაუწყებლის გადაწყვეტილების გამო.

ინტერნეტში პეტიციაც ვრცელდება მარუვის კონკურსში დაბრუნების მოთხოვნით.

ბევრი ფიქრობს, რომ მარუვი დიდი უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პოლიტიკა თავს წამოყოფს ხოლმე ევროვიზიის კონკურსთან მიმართებით - მიუხედავად კონკურსის ორგანიზატორთა დიდი მცდელობისა, ის პოლიტიკისგან თავისუფალ სივრცედ დარჩეს.

2017 წელს უკრაინამ კიევში ჩასვლის უფლება არ მისცა რუსეთის კონკურსანტს იმის გამო, რომ მომღერალი ყირიმში იყო ნამყოფი უკრაინისგან ნებართვის მიღების გარეშე.

2016 წელს 32 წლის უკრაინელმა მომღერალმა, ჯამალამ, ევროვიზიის კონკურსზე გაიმარჯვა სიმღერით, რომელიც ეძღვნებოდა საბჭოთა კავშირის მიერ ყირიმელი თათრების დეპორტაციას მეორე მსოფლიო ომის დროს.

ორგანიზატორებმა მიიჩნიეს, რომ მისი სიმღერა არ არღვევდა ევროვიზიის წესებს, რომელიც კრძალავს „პოლიტიკური ან მსგავსი შინაარსის ტექსტებს, გამოსვლებსა და ჟესტებს“.

2009 წელს ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსიდან გამოთიშა საქართველოს წარმომადგენლები, პროექტი „სტეფანე და 3G” სიმღერით „We Don't Wanna Put In“. კავშირმა მიიჩნია, რომ ეს სიმღერა შეიცავდა სიტყვების თამაშს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ.

ევროვიზიის კონკურსი 1950-იან წლებში დაარსდა ევროპის მაუწყებელთა კოალიციის მიერ. კოალიციას სურდა ტელევიზია და კულტურა ორი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ერების ერთმანეთთან დასაახლოებლად გამოეყენებინა. იდეის ავტორები ფიქრობდნენ, რომ სასიმღერო კონკურსი ამ მიზნის მისაღწევად საუცხოო გზა იყო. სხვა თუ არაფერი, ქვეყნებს ამ მუსიკით გაჯერებული ერთი კვირის მანძილზე მაინც ექნებოდათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა.

დაწერეთ კომენტარი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG