ბოლოსდაბოლოს შეძლებს თუ არა უკრაინა (და მოლდოვა) ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას?
უნგრეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბრიუსელში იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირში დაიწყება დე ფაქტო გაწევრიანება უკრაინისა და მოლდოვისა, რომელიც ამ პროცესში კიევთან ერთად მონაწილეობს.
ოფიციალურად, მოლაპარაკებები 2024 წლის ივნისში დაიწყო, მაგრამ პოლიტიკის 33 თავის გახსნა და დახურვა ორი წელია შეჩერებულია უნგრეთის ვეტოს გამო - იგი უკრაინაში უნგრული უმცირესობის უფლებების დაცვის სავარაუდო ნაკლებობას იმიზეზებდა.
მაისის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პეტერ მადიარის მოსვლით, მოსალოდნელია, რომ საქმე წინ წაიწევს, თუმცა ზუსტად არაფერია გარკვეული.
ევროკავშირის ოფიციალური პირები, რომლებიც რადიო თავისუფლებასთან ანონიმურობის პირობით საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ისეთივე მკაცრი პოზიცია აქვს უნგრული უმცირესობების საკითხში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, სლოვაკეთში, როგორც მის წინამორბედ ვიქტორ ორბანს.
გადამწყვეტი მომენტი იქნება ივნისის დასაწყისში სავარაუდო შეხვედრა მასსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის თარიღი, რადგან ევროკავშირის ლიდერები შემდეგ, 18-19 ივნისს, „ზაფხულის არდადეგებამდე“ ბრიუსელში დიდი სამიტისთვის შეიკრიბებიან. იქ შესაძლოა არაოფიციალური, მაგრამ მაინც მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების თავების გახსნის შესახებ.
მთავარი კითხვაა, რამდენი თავის გახსნა შეიძლება დასაწყისში?
მიუხედავად იმისა, რომ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დიპლომატების უმეტესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირის საბჭოში კვიპროსის მორიგე თავმჯდომარეობის დროს, რომელიც 30 ივნისს მთავრდება, რაღაც გაიხსნება, ზუსტი რაოდენობა გამოცანად რჩება.
33 თავი ახლა ექვს კლასტერად არის დაყოფილი. ევროკომისია, უკრაინა და ევროკავშირში უკრაინის ზოგიერთი უდიდესი მხარდამჭერი, როგორებიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, თვლის, რომ ექვსივე კლასტერი, ანუ ყველა 33 თავი, შეიძლება ივნისში გაიხსნას.
სხვები უფრო ფრთხილობენ. გარდა იმისა, რომ კიევის მიმართ მადიარის პოზიცია საბოლოოდ არ არის ცხადი, ქვეყნების უმრავლესობა აცხადებს, რომ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას არანაირ “შემოკლებულ გზებს” არ შესთავაზებენ და კიევი ვერ მიიღებს იმას, რასაც ზელენსკი მოითხოვს - ევროკავშირის წევრობას 2027 წლისთვის.
საფრანგეთში არის შიში, რომ უკრაინის სწრაფმა გაწევრებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაზე, რომელში ჩართული როგორც მემარჯვენეები, ასევე მემარცხენეები ეჭვის თვალით უყურებენ ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოებას. სხვა წევრ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში, ჯერ კიდევ არსებობს სურვილი, რომ არ მოხდეს დაჩქარება, სულ მცირე, უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ეს ქვეყანა გარდაუვალად მოითხოვს დიდ ხარჯებს სოფლის მეურნეობისა და ღარიბი რეგიონებისთვის, ანუ მასზე გაიცემა ის თანხები, რომლებიც ამჟამად ხმარდება ისეთ წევრებს, როგორებიც არიან ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.
ბრიუსელში ყველაზე გავრცელებული პროგნოზით, ივნისში მხოლოდ ე.წ. ფუნდამენტური საკითხების კლასტერი გაიხსნება. ეს კლასტერი, რომელიც შედგება რამდენიმე ისეთი ძირითადი თავისგან, როგორიცაა, მაგალითად, ფუნდამენტური უფლებები, სასამართლო და საჯარო ადმინისტრირება, ყოველთვის პირველი იხსნება და ბოლო იხურება.
შესაძლოა მოხდეს კომპრომისი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება გაიხსნას კიდევ ორი კლასტერი - სავარაუდოდ, ისინი, რომლებიც ეხება საგარეო ურთიერთობებსა და შიდა ბაზრებს. მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ ფუნდამენტური საკითხების გარდა, დანარჩენი კლასტერები თანდათანობით გაიხსნება ირლანდიის მორიგე თავმჯდომარეობის დროს - წლის მეორე ნახევარში და ლიეტუვის თავმჯდომარეობის დროს - 2027 წლის დასაწყისში.
შედარებისთვის: ევროკავშირის სტანდარტებით ეს სწრაფი პროცესი იქნებოდა. ალბანეთს, რომელიც ამჟამად თავების სწრაფად გახსნის სიჩქარეში რეკორდსმენია, ექვსივე კლასტერზე მოლაპარაკებების დასაწყებად 13 თვე დასჭირდა.
ასევე მოსალოდნელია, რომ მოლდოვა უკრაინასთან წყვილში დარჩება, სულ მცირე, ჯერჯერობით. თუმცა, თუ უკრაინა კვლავ ჩამორჩა, ასე შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. კიშინიოვმა შეიძლება დამოუკიდებლად იმოქმედოს. როგორც ჩანს, ევროკავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოს არ აქვს პრობლემები კიშინიოვთან, რადგან ის უფრო პატარაა და რუსეთთან პირდაპირ ომში არ არის ჩართული. როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, ბლოკში მისი „შეთვისება“ უბრალოდ უფრო ადვილი იქნებოდა.
გაზაფხულზე განხილული სადისკუსიო დოკუმენტების სერია, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ორ რამეზე მიუთითებს: პირველ რიგში, ისინი აშკარად უფრო უკრაინის გათვალისწინებითაა შექმნილი. და ყველა მათგანი მიანიშნებს ევროკავშირისთვის გაწევრებამდე ერთგვარ დროებით „წინასწარ სივრცეზე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უკრაინას ბლოკში ყოფნის გარკვეულ უპირატესობებს სთავაზობენ, მაგრამ სწრაფად გაწევრება ნაკლებად სავარაუდოა.
ერთ ფრანგულ დოკუმენტში ლაპარაკია „ინტეგრირებული სახელმწიფოს სტატუსზე“, თუმცა კონკრეტულად უკრაინა კი არა, იგულისხმება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყანა, ის „წევრობისკენ მიმავალი ამაჩქარებლის“ ფუნქციას ასრულებს და არა მისი შემცვლელისა.
სტატუსი გვთავაზობს მონაწილეობას ევროკავშირის მთავარ ინსტიტუტებში, მაგრამ ხმის მიცემის უფლების გარეშე, მოქალაქეებისთვის სიმბოლური შეღავათების მინიჭებას და მონაწილეობას ევროკავშირის დაფინანსების პროგრამებში, თუმცა არა იმგვარში, როგორიცაა საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP) და გაერთიანების ფონდები (ფულის გამოყოფა ევროკავშირის უფრო ღარიბი რეგიონებისთვის).
გერმანული დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულად მხოლოდ უკრაინას ახსენებს, საუბრობს „ევროკავშირთან მჭიდრო კავშირში მყოფ ასოცირებულ წევრობაზე“. ფრანგული წინადადების მსგავსად, ის განმარტავს, რომ ეს არ იქნება „სრულფასოვანი წევრობის ალტერნატივა, არამედ მისკენ მიმავალი მარტივი გზა“.
ფრანგული დოკუმენტის მსგავსად, იქაც ლაპარაკია ინსტიტუტებში მონაწილეობაზე, მაგრამ ხმის მიცემის გარეშე „პორტფელის გარეშე ასოცირებული კომისრების“ და „ევროპარლამენტის ასოცირებული წევრების“ მონაწილეობით და ევროკავშირის ბაზარზე თანდათანობით ინტეგრაციაზე.
გარდა ამისა, დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ 42.7 მუხლი - ნატოს ურთიერთდაცვის პუნქტის მე-5 მუხლის ვარიანტი, რომელიც არასოდეს ამოქმედებულა, „შეიძლება დე ფაქტო გამოიყენონ უბრალო პოლიტიკური დეკლარაციის მეშვეობით“.
და ბოლოს, ლიეტუვის დოკუმენტი ყველაზე მეტად უჭერს მხარს ევროკავშირში კიევის უფრო სწრაფი გაწევრების იდეას. დღემდე არცერთ სხვა სკანდინავიურ ან ბალტიისპირულ ქვეყანას არ დაუჭერია მისთვის მხარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სრულფასოვანი წევრობა უნდა დარჩეს გაწევრების პროცესის ერთადერთ საბოლოო მიზნად. ინტეგრაციის შუალედური ფორმები, სექტორული მონაწილეობა ან ევროკავშირის პოლიტიკაზე ნაწილობრივი წვდომა შეიძლება ხელს უწყობდეს პროგრესს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ჩაანაცვლონ ან ხელახლა განსაზღვრონ წევრ სახელმწიფოდ გახდომის მიზანი“.
სხვათა შორის, ნაშრომი ემხრობა იმას, რომ გაწევრებისკენ პროგრესი „არ შეიძლება შეჩერდეს გაწევრების კრიტერიუმებთან დაუკავშირებელი მიზეზების გამო და რომ წინსვლა მოჰყვება ობიექტურად შეფასებული რეფორმების შედეგებს“. ეს კეთდება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კიდევ ერთი ბლოკადა, მსგავსი იმისა, რაც უნგრეთმა გააკეთა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ ეს მოითხოვს გაფართოების მეთოდოლოგიის შეცვლას, რაც მოითხოვს ერთსულოვნებას.
ერთ-ერთი იდეა, რომელსაც დოკუმენტი განიხილავს, „გაწევრებული სახელმწიფოს“ კონცეფციაა. ის მხოლოდ ევროკავშირში გაწევრების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდება, თუმცა ვილნიუსს სურს, ეს სტატუსი გაცილებით ადრე გამოიყენოს, რათა „ევროკავშირმა აღიაროს, როდესაც კანდიდატი ინტეგრაციის ხარისხობრივად განსხვავებულ ეტაპს მიაღწევს“ და უზრუნველყოს, რომ კიევი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის პროგრამებისა და ინსტიტუტების უმეტესობაში.
სხვა იდეები მოიცავს გაწევრების ხელშეკრულებაზე მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას, რაც ბრიუსელმა ცოტა ხნის წინ მონტენეგროსთან გააკეთა და 2030 წელი „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პირობით და დამსახურებაზე დაფუძნებულ თარიღად“ დააწესა.
ამჟამად ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს სურს უკრაინისთვის (ან მოლდოვისთვის) რაიმე თარიღის დადება, მაგრამ 2030 წელიც კი, სულ მცირე, ჩუმად, ამბიციურად აღიქმება.
“ჩუმი,” მაგრამ დიდი ნაბიჯი ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრებისკენ
ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს როგორც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტს, ასევე მიიღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი წყება. თუმცა დიდწილად შეუმჩნეველი დარჩა კიდევ ერთი გადაწყვეტილება - სამუშაო ჯგუფის შექმნა მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების შესამუშავებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჯგუფის შექმნა ტექნიკური საკითხია და საკმაოდ მცირე ნაბიჯია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის დიდ სქემაში, მისი სიმბოლური ღირებულება დიდია.
„ეს არის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური გადაწყვეტილების დადასტურება, რომ მონტენეგრო იქნება მომავალი წევრი სახელმწიფო“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას მაღალი რანგის ევროპელმა დიპლომატმა ანონიმურობის პირობით.
„როგორც კი გადაწყვეტთ გაწევრიანების ხელშეკრულების შემუშავებაზე მუშაობის დაწყებას, საბოლოო შედეგში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ."
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა საქმეა არა ის, შეუერთდება თუ არა მონტენეგრო ევროკავშირს, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად მიაღწევს ამას.
ადრიატიკის ზღვისპირა ამ ქვეყანამ განაცხადა, რომ მისი მიზანია 2028 წლისთვის ევროკავშირის 28-ე წევრი გახდეს. ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბლოკის ბოლო წევრი - ხორვატია - კავშირს 2013 წლის ივლისში შეუერთდა.
ხორვატიის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 2009 წლის დეკემბერში, როდესაც ხორვატიამ გაწევრიანებისთვის საჭირო 33 თავიდან 28 დახურა.
ეს თავები მოიცავდა პოლიტიკის ფართო სპექტრს, რომლის ელემენტები კანდიდატ ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა.
მონტენეგრომ ამჟამად მხოლოდ 14 თავი დახურა, მაგრამ იმედოვნებს, რომ დანარჩენებს წლის ბოლომდე დაასრულებს. ბრიუსელში ცოტა თუ ფიქრობს, რომ მონტენეგრო ამას შეძლებს, რადგან ზოგიერთი სფერო ურთულესია და ეხება მართლმსაჯულებას, შინაგან საქმეთა, სურსათის უვნებლობისა და კონკურენციის პოლიტიკას, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის მოგვარებული.
და ექვსი თვე, ალბათ, საკმარისი არ არის ამ ყველაფრის გადასაჭრელად.
სამუშაო ჯგუფი რეალურად ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ ყველა თავი დაიხურება.
მონტენეგროსთვის შექმნილი შეთანხმება ჯერ არ შესრულებულა, მაგრამ „მალე“ შესრულდება, აცხადებს ევროკავშირის დიპლომატი, რომელიც კარგად ერკვევა ამ საკითხში და ოფიციალურად საჯაროდ ვერ ლაპარაკობს.
დეტალებს რომ დავაკვირდეთ, ასეთი სურათია:
ხორვატიის დაახლოებით 250-გვერდიანი ხელშეკრულების შემუშავებაში ჩართული მაღალი რანგის დიპლომატი ამბობს, რომ ტექსტის დაახლოებით 80-85 პროცენტი იგივე იქნება, უბრალოდ, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაზე სხვადასხვა წესი ვრცელდება ხოლმე.
მაგალითად, რამდენი წევრი ეყოლება ახალ ქვეყანას ევროპარლამენტში? მონტენეგროს შემთხვევაში, ალბათ ექვსი, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მოსახლეობა ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტია და ბლოკის ყველაზე პატარა სახელმწიფოს, მალტას, ემსგავსება ამ მხრივ.
მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, საჭიროა შეთანხმება გარდამავალ პერიოდზე, როდესაც შემოვა ევროკავშირის წესები და იქნება დროებითი გამონაკლისები სოფლის მეურნეობის სფეროში, ფიტოსანიტარიული წესების საქმეში, გადაადგილების თავისუფლებისა და ქვეყანაში ქონების შეძენის უფლების საკითხებში. ამაზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს. საქმე ეხება მილიონობით ევროს.
მოსალოდნელია, რომ მონტენეგროს მცირე ზომის გათვალისწინებით, ამ საკითხების უმეტესობაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა, წესით, არ უნდა იყოს.
ხელშეკრულებაში ახალი ასპექტი იქნება ე.წ. დაცვის გაძლიერებული მექანიზმები.
ევროკავშირს შეიძლება მოუწიოს სახსრების დახარჯვა, თუ ახალ წევრ სახელმწიფოებში „დემოკრატიული უკუსვლა“ მოხდება. თავიდან უნდა იქნას აცილებული ის, რაც ბლოკმა განიცადა ისეთი ქვეყნის შემთხვევაში, როგორიცაა უნგრეთი.
მაგრამ რა არის ის მთავარი, რამაც მონტენეგროსთვის ეს პროცესი შეიძლება შეანელოს ან ხელი შეუშალოს პოდგორიცას 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაში? ერთ-ერთი პოტენციური საკითხი, რომელიც ევროკავშირის დიპლომატებმა დაასახელეს, თუმცა შეიძლება ასე არც მოხდეს, არის მონტენეგრული ენა.
არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს ქვეყნის ოფიციალური ენაა და შესაბამისად, შეიძლება გახდეს ევროკავშირის ოფიციალური ენა, მაგრამ ზოგიერთს გაუჩნდა კითხვები იმის შესახებ, ნამდვილად აუცილებელია მონტენეგროელი თარჯიმნების სრული ჯგუფის დაქირავება, როცა ხორვატიული ენა ასე ემსგავსება მონტენეგრულს?
ბევრ წევრ დასავლურ სახელმწიფოს, რომლებიც ხარჯების შემცირებით არიან დაინტერესებული და თვალი აქვთ დადგმული ბალკანეთის ქვეყნებზე, რომლებსაც მსგავსი ენები აქვთ და გაწევრიანებას ელიან, შეიძლება სურდეს ენის პრეცედენტის გამოყენება.
ხორვატიის შემთხვევაში, მთელ პროცესს დაერთო ორი პროტოკოლი, რომლებიც ირლანდიას კონკრეტულ პოლიტიკურ გარანტიებს აძლევდა და ჩეხეთის რესპუბლიკას კი შესაძლებლობას სძენდა, ფუნდამენტური უფლებების ქარტიაზე უარი ეთქვა.
არ გამორიცხოთ, რომ მონტენეგროს ხელშეკრულება ევროკავშირის ხელშეკრულებებსა და ინსტიტუტებში უფრო ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიცავდეს, რაც გზას გაუხსნიდა უფრო დიდი სახელმწიფოს, როგორიცაა უკრაინა, უახლოეს მომავალში გაწევრიანებას.
თუმცა რეალური დაბრკოლება შესაძლოა სწორედ მას შემდეგ გაჩნდეს, რაც სამუშაო ჯგუფი მუშაობას დაასრულებს, ტექსტი საბოლოოდ დამტკიცდება და ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, რადგან ამის შემდეგ რატიფიკაციის პროცესი დაიწყება.
ახალი წევრის მიღებისას ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების მხარდაჭერაა საჭირო. ხშირად ეს ნიშნავს ორ კენჭისყრას, რადგან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ზედა და ქვედა პალატები აქვთ. ბელგიაში შეიძლება ჩატარდეს 10 კენჭისყრა - ქვეყნის ყველა რეგიონულ და ენობრივ პარლამენტში.
საფრანგეთში ეს შეიძლება იყოს რეფერენდუმი, თუ ეროვნულ ასამბლეასა და სენატში სამი მეხუთედის უმრავლესობა ვერ შეგროვდა. ამას მოჰყვება ხოლმე ბლოკში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელს უშლის კენჭისყრის ჩატარებას. შეხედეთ ბულგარეთს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რვა საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.
ხორვატიისთვის მთელი ეს პროცესი 18 თვეს გაგრძელდა. არაფერი უშლის ხელს რომელიმე ქვეყანას, რომ რატიფიკაციის პერიოდში ჯერ ორმხრივი საკითხების მოგვარება ისურვოს. ამრიგად, 2028 წელი შესაძლოა მონტენეგროსთვის ძალიან ამბიციური იყოს. თუმცა სამუშაო ჯგუფის ნელ-ნელა შექმნის გათვალისწინებით, საქმე მაინც ისაა, როდის შეუერთდება ქვეყანა ევროკავშირს და არა ის, შეუერთდება თუ არა საერთოდ.
მიიღებს თუ არა სომხეთი ევროკავშირის სავიზო ლიბერალიზაციას ამ ათწლეულში?
5 მაისს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობის ისტორიაში პირველი სამიტი დიდწილად იყო სიმბოლური ღონისძიება, რომლის დროსაც გამოიკვეთა ბლოკის პოლიტიკური მხარდაჭერა ერევნის მიმართ - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ კავკასიის ამ მცირე ქვეყნის მიმართ ყურადღება და კომპლიმენტები არ დაიშურეს. ეს ნაბიჯი ერევნისადმი ბლოკის პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება იყო, რაც მიზნად ისახავდა ივნისის დასაწყისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხეთის პრორუსული კურსისკენ შემობრუნების თავიდან აცილებას.
შეთანხმდნენ რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე, თუმცა ერთ მცირე „მიღწეულ შედეგს“ შესაძლოა მოგვიანებით დიდი ცვლილება მოჰყვეს პოლიტიკაში: ევროკავშირის მხარემ სომხეთს წარუდგინა პირველი ანგარიში სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (ბრიუსელის ტერმინოლოგიაში ცნობილია, როგორც VLAP) მიმდინარეობის შესახებ. ეს ძალიან ტექნიკური დოკუმენტი ერთგვარი ანგარიშია იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ერევანმა გადადგა თავისი მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად, ასევე იმის შესახებ, თუ კიდევ რა დარჩა გასაკეთებელი ქვეყანას ამ სტატუსის მისაღწევად მომდევნო წლებში.
სომხეთისთვის არაერთი კარგი ამბავი მოხდა. VLAP ქვეყანას 2025 წლის ნოემბერში გადაეცა და ევროკავშირის თანახმად, ექვს თვეში მან ბევრს მიაღწია.
მთავარი დასკვნა ის არის, რომ „სომხეთის ხელისუფლებამ გამოავლინა ძლიერი პოლიტიკური ნება, განახორციელოს VLAP-ით გათვალისწინებული რეფორმები. მიუხედავად იმისა, რომ VLAP სომხეთს სულ ახლახან წარუდგინეს, აუცილებელი რეფორმების უმეტესობა სომხეთის ხელისუფლების მიერ იქნა წამოწყებული ან დაგეგმილი“.
ეს ნიშნავს, რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის მიღება შესაძლოა ათწლეულის ბოლოსთვის იყოს მოსალოდნელი.
ამ მხრივ, საქართველო, ალბათ, საუკეთესო შედარებაა.
ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში თბილისმაც, ანალოგიურად, VLAP-ის პირველი დადებითი ანგარიში მიიღო, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ სამი ანგარიში გამოქვეყნდა, ხოლო 2016 წლის მარტში ევროკომისიამ ქვეყანას სავიზო ლიბერალიზაციის რეკომენდაცია მისცა.
შემდეგ ევროპარლამენტმა და ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ დაიწყეს საკანონმდებლო მუშაობა, რის შედეგადაც, 2017 წლის მარტში, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტებით მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცათ.
მსგავსი, ამბიციური ვადები გულისხმობს, რომ სომხეთი სავიზო ლიბერალიზაციას 2029 ან 2030 წლისთვის მიიღებს. თუმცა ამისათვის ორი რამ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
პირველ რიგში, ამ საკითხში ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო უნდა იყოს ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს, ზოგადად, ბლოკში დიდი პოლიტიკური კეთილგანწყობა აქვს, არალეგალური იმიგრაცია ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი თემაა და ამ ქვეყნების უმრავლესობაში პოპულისტურ პარტიებს გავლენა აქვთ.
ეს ნიშნავს, რომ ერევანმა თავის მოქალაქეებს ხელი უნდა შეუშალოს, რომ შენგენის ზონაში მოგზაურობა თავშესაფრის მოთხოვნის საშუალებად არ გამოიყენონ.
ვიზების შესახებ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროკავშირში არალეგალურად მყოფი სომხეთის მოქალაქეების რაოდენობა შედარებით სტაბილურია - 2019 წელს 2,155-ს, ხოლო 2024 წელს 2, 465-ს შეადგენდა. თუმცა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სომხეთის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადების მნიშვნელოვანი რაოდენობა, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურების მაძიებლების მხრიდან, წარმოადგენს გამოწვევას, რომელიც სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გადაჭრას“.
შემდეგ არსებობს მეორე, უფრო კონკრეტული გამოწვევა სომხეთისთვის, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. ევროკავშირი ცვლილებებს მოითხოვს ოთხ კონკრეტულ პოლიტიკურ სფეროში: სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრისა და თავშესაფრის მოთხოვნის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებისა და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური უფლებების საკითხებში.
ანგარიშის თანახმად, რაც შეეხება სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებას, სომხეთი უკვე პირველი კრიტერიუმების „შესრულების მოწინავე ეტაპზეა“ და „კარგი წინსვლა აქვს“ დანარჩენ სამ სფეროში.
სომხეთმა ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა შეასრულოს. რამდენიმე მთავარი პუნქტი მოიცავს იმას, რომ მოსახლეობის სახელმწიფო რეესტრმა, რომელიც ამჟამად იქმნება, უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტებით მონაცემთა დაცვა მთლიანობის თვალსაზრისით და მონაცემთა დაცვის ორგანოს აღჭურვა „მკაფიო სამართლებრივი მანდატით, ავტონომიური მმართველობითა და საკმარისი ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსებით“. ასევე აუცილებელია აქტივების აღდგენის ძლიერი სამსახური იმავე მყარი სამართლებრივი მანდატით.
სომხეთი ამჟამად იწყებს ბიომეტრიული პასპორტების გაცემას, თუმცა ევროკავშირი პასპორტების ძველი ვერსიების უფრო სწრაფად გაუქმებას მოითხოვს. ერევნისთვის უფრო რთული პერსპექტივა იქნებოდა „გარდამავალი ეტაპი იმის უზრუნველსაყოფად, რომ სომხეთში სასაზღვრო კონტროლი სომხეთის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობის ქვეშ იყოს“ - ირანსა და თურქეთში გასასვლელ პუნქტებს ამჟამად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) მესაზღვრეები აკონტროლებენ.
რაც შეეხება მეოთხე და ბოლო ბლოკს, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მიღების სქემის - რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ოქროს პასპორტები“ - თავიდან აცილების აუცილებლობა და „იმის უზრუნველყოფა, რომ ინვესტორებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭების ნებისმიერი სქემა არ გადაიქცეს მოქალაქეობის მოპოვების მიუღებელ გზად“.
“ოქროს პასპორტების” სქემა იყო მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა სამუდამოდ შეაჩერა სავიზო ლიბერალიზაცია წყნარი ოკეანის კუნძულ ვანუატუსთან 2024 წლის ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთი ახლა მსგავს რამეს შემოიღებს, მომავალში ცდუნება შეიძლება გაიზარდოს, რადგან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა სომხურ პასპორტს გაცილებით მომხიბვლელს გახდის.