Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება


ევროკავშირი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს. სპიკერის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები: სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა.

განცხადების ტექსტში აღნიშნულია ასევე, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები ხელს უშლის პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის აუცილებელ დიალოგს.

„ევროკავშირი ყურადღებით სწავლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე.

ამ განაჩენთან დაკავშირებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას, რომელიც გამიზნულია მეტად საჭირო დეპოლარიზაციისთვის, საქართველოში არსებულ სიტუაციაში.

სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა წარმოადგენს საქართველოს არსებით ვალდებულებას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

ევროკავშირი გააგრძელებს ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მონიტორინგს“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადების ტექსტში.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან" 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. "ქართული ოცნება" ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG