Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში აღელვებთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის გავლენა მათ ქვეყნებზე


ევროკავშირის რამდენიმე დედაქალაქს კვლავ აღელვებს ის გავლენა, რასაც საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია ახდენს მათ ქვეყნებზე და სთხოვს თბილისს, მეტი ზომების მიღებას.

რამდენიმე სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპოდენტი იუწყება, რომ საფრანგეთმა და შვედეთმა შეშფოთება გამოხატეს ქართული კრიმინალური ჯგუფების მიერ სავიზო ლიბერალიზაციის შედეგების ბოროტად გამოყენებისა და მათ ქვეყნებში გაზრდილი კრიმინალური საქმიანობის გამო.

ეს საკითხი ასევე დაისვა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრაზე 21 ნოემბერს და შვედეთის სახელმწიფო მდივანი აპირებს პრობლემის განხილვას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას პარასკევს, 23 ნოემბერს.

მოსალოდნელია, რომ შვედეთისა და საფრანგეთის განწყობები მოხვდება ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშში სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შესახებ, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.

რადიო თავისუფლების წყაროები არ მოელიან, რომ შვედეთისა და საფრანგეთის მიერ გამოთქმული შეშფოთების შედეგად უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, თუმცა მიიჩნევენ, რომ "გამაფრთხილებელი ყვითელი შუქი ანთებულია" და იგივე საკითხები და პრობლემები, რომლებზეც წლის დასაწყისში გაამახვილეს ყურადღება ევროკავშირის ქვეყნებმა, გადაუწყვეტელი რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არ არღვევს უვიზო მიმოსვლის წესებს (ბიომეტრიული პასპორტის მფლობელს შეუძლია ევროკავშირის უმეტესი ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა 90 დღით, 180-დღიან პერიოდში), ეს საკითხი ინარჩუნებს სიფაქიზეს 2019 წლის მაისში დაგეგმილი ევროკავშირის არჩევნების ჭრილშიც, სადაც დებატების ფოკუსში კვლავ მოექცევა იმიგრაცია, კრიმინალი და ინტეგრაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG