Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის დოკუმენტი ეხება აღმოსავლელი პარტნიორების გაწევრიანებას და გმობს რუსეთს


ევროპის პარლამენტი კვლავ ხაზს უსვამს, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, მომავალში შეიძლება გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამავე დროს ის გმობს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებში რუსეთის მოქმედებებს.

აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი, რომლის გაცნობის საშუალება მიეცა რადიო თავისუფლებას, მეტყველებს, რომ ევროპის პარლამენტის წევრები აპირებენ „დაადასტურონ აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების სუვერენული უფლება, თავისუფლად აირჩიონ ევროკავშირთან თანამშრომლობისა თუ ინტეგრაციის საკუთარი ინდივიდუალური დონე და უკუაგდონ ასეთ არჩევანთან დაკავშრებით ნებისმიერი ზეწოლა გარედან.“

ანგარიშის ტექსტზე მომავალი კვირების განმავლობაში იმსჯელებენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და შესაძლოა ის მოწონებულ იქნეს მაისის პლენარულ სხდომაზე.

ევროპარლამენტის დოკუმენტის მიზანია, გამოეხმაუროს ევროპის კომისიის ამასწინანდელ ინფორმაციას აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავლის შესახებ, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტს, რომლის ჩატარება თავდაპირველად 18 ივნისისთვის იყო დაგეგმილი ბრიუსელში.

მაგრამ როგორც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა ევროკავშირის რამდენიმე წარმომადგენელმა, სამიტი, რომელიც თავს მოუყრის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურებსა და მთავრობის პირველ პირებს და აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის - ლიდერებს, შესაძლოა წლის მეორე ნახევრისთვის გადაიდოს კორონავირუსის პანდემიის გამო.

აღმოსავლეთის პარტნიორობა 2009 წელს დაიწყო და მისი მიზანია ექვსი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ევროკავშირს დაუახლოვოს კავშირში სამომავლო გაწევრიანების კონკრეტული შეთავაზების გარეშე.

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებებს, რომლებიც მოიცავს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი თავს იკავებს ამ ქვეყნების კავშირში მიღების თაობაზე ლაპარაკისგან. აღმოსავლეთის პარტნიორობის წინა სამიტის განცხადებებში გაწევრიანება არ იყო ნახსენები.

მაგრამ ევროპის პარლამენტმა რამდენჯერმე დაუჭირა მხარი კავშირის აღმოსავლეთისკენ გაფართოებას და უკანასკნელი ანგარიშის პროექტში ნათქვამია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ჩარჩოები არ ითვალისწინებს გაწევრიანებას, აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკას შეუძლია ხელი შეუწყოს ევროკავშირში ეტაპობრივ ინტეგრაციას“.

მასში ასევე ლაპარაკია, რომ მას სურს „დაიწყოს საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, მათ შორის სერვისების, რაც ხელს უწყობს უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოებას და თავად აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის უფრო ღრმა ეკონომიკურ თანამშრომლობას.“

დოკუმენტი ასევე მხარს უჭერს ამ ქვეყნების ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის ენერგეტიკულ კავშირში, სატრანსპორტო თანამეგობრობაში და ერთიან ციფრულ ბაზარში, მათ შორის „ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ისევე როგორც აღმოსავლეთის პარტნიორებს შორის როუმინგისგან თავისუფალი რეჟიმის რაც შეიძლება სწრაფად შექმნას.“

სხვა იდეებს შორისაა კიევში აღმოსავლეთის პარტნიორობის უნივერსიტეტის დაარსება, რათა პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებს საშუალება მიეცეთ ევროკავშირის ჩინოვნიკებთან თანამშრომლობით ისწავლონ.

აღმოსავლეთის პარტნიორობის თაობაზე ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დოკუმენტებისგან განსხვავებით, ევროპარლამენტის ტექსტში ნახსენებია რუსეთი. ანგარიშის პროექტი „მკაცრად გმობს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებელი პრინციპებისა და ნორმების მიმდინარე დარღვევებს აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში, განსაკუთრებით - ძალის უკანონო გამოყენებას, ინტერვენციას, დესტაბილიზაციას, ანექსიას, ბორდერიზაციას და აღმოსავლეთის პარტნიორობის რამდენიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ და მის უარს, დაემორჩილოს საერთაშორისო ტრიბუნალებისა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს.“

რაც შეეხება რეგიონის კონფლიქტებში ევროკავშირის უფრო აქტიურ როლს, დოკუმენტში ნახსენებია „გაფართოებული საერთაშორისო სამშვიდობო ძალები უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ“. მის ფარგლებში კონფლიქტში მონაწილე მხარეებს უნდა შეეთავაზოთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით მოქმედი მისიის განლაგება, რომელიც დახმარებას გასწევს ისეთ ამოცანებში, როგორებიცაა განნაღმვა, დახმარება ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაში და იმაში, რომ რეგიონზე წვდომაში შეუწყოს ხელი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG