Accessibility links

"თურქეთის ვიწრო მიზანს თუ გავითვალისწინებთ - შეასუსტოს ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქურთი მებრძოლები, ის ამ მიზანს აღწევს"


ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი

22 ოქტომბერს, სირიის დროით 20:00 საათზე იწურება ცეცხლის შეჩერების ხუთდღიანი ვადა, რომელსაც დათანხმდა თურქეთი იმ პირობით, რომ სირიის ჩრდილოეთს დატოვებენ ქურთი მეომრები, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს. ცეცხლის შეჩერებაზე შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში შუამავალი შეერთებული შტატებია. ბოლო დღეების განმავლობაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შეთანხმების დარღვევაში.

22 ოქტომბერს დაგეგმილია თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭში. 21 ოქტომბერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ფორუმზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ „გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს“, რისი შინაარსიც არ დაუზუსტებია.

სირიაში მიმდინარე მოვლენები სხვადასხვა ფაქტორის გამო ბევრს აშფოთებს საქართველოში. რა არის რეალურად საყურადღებო საქართველოსთვის და რა რისკებს შეიცავს სირიის მოვლენები? ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი რადიო თავისუფლებას ეუბნება:

„ბევრი ფაქტორია, რაც ჩვენი ყურადღების საგანი უნდა იყოს. პირველ რიგში ის, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, განსაკუთრებით - სირიაში, ძლიერდება რუსეთი, მისი სამხედრო ყოფნა სირიის ტერიტორიაზე, თუმცა, ეს არ არის პრეზიდენტ ტრამპის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების მყისიერი შედეგი. ეს არის ქმედებათა ჯაჭვი, რომელსაც ვხედავთ სირიაში 2011 წლიდან მოყოლებული. კულმინაცია ამის იყო 2015 წელი, როცა რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით შევიდა რეგიონში და ასადის ძალების საჰაერო მხარდაჭერა უზრუნველყო და შემდგომ წლებში, განსაკუთრებით, როცა აშშ-ის ადმინისტრაციაში მოხდა ცვლილება. თავდაპირველი იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა სირიაში და მოხდებოდა სხვა დესტრუქციული რეგიონული ძალების შეკავება, მათი სამხედრო ექსპანსიის შეკავება, სამწუხაროდ, არ გამართლდა.

ტრამპის ადმინისტრაციაც შემოიფარგლა კონკრეტული მისიებით: ერთი იყო „დაეშის“ დამარცხება, მისთვის ტერიტორიული კონტროლის წართმევა და მეორე იყო განსაკუთრებული ჰუმანიტარული კატასტროფების არდაშვება. მაგალითად, ქიმიური იარაღის გამოყენების საპირწონედ სერიოზული მუქარა და მყისიერი კონკრეტული ქმედების განხორციელება, ვთქვათ, 2017 წელს პატარა ქალაქ ხან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგოდ“.

რაც შეეხება სირიის კონფლიქტში ჩარევის გზებსა და შედეგებს, „დილის საუბრების“ სტუმარი ასე აღწერს:

„აშშ-ის ადმინისტრაცია ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო ნაკლებად აჩვენებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის მზადყოფნას იმისთვის, რომ სირიაში არ გაძლიერდეს ისევ ის ძალა, რომელთანაც დაიწყო სირიელმა ხალხმა ბრძოლა 2011 წელს, მაგრამ ეს არ არის მიკერძოებული არჩევანი. ის განაპირობა იმ საერთაშორისო და რეგიონული გარემოებების სკომპლექსურობამ, რომელშიც ჩაიბარა როგორც წინა, ასევე აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ ეს კონფლიქტი.

სამწუხაროდ, არც ერთ სხვა შემთხვევაში, ბოლო დეკადაში რაც გვახსოვს - არც ლიბიაში, არც ერაყში და არც ავღანეთში ე.წ. „ერის მშენებლობის“ პროექტი არ იყო წარმატებული. პრაქტიკულად, შეიძლება ნაკლებშეფუთულად ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაში, მაგრამ უფრო მკაფიოდ წინა ადმინისტრაციის პირობებში გვესმის ეს ქვეტექსტი, რომ შეუძლებელია გარედან დაამყარო კონტროლი და მიაჩვიო ხალხი დემოკრატიულ მართვას, თუ ეს მთლიანად ადგილობრივ საზოგადოებას არ უნდა, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ ელიტებს.

წარმოუდგენელი პრეცედენტია მსოფლიო ისტორიაში, რომ ლიდერი, რომელსაც თავისი ხალხი განუდგა, რომელმაც რვაწლიანი სისხლიანი ომი აწარმოა საკუთარი ხალხის წინაშე, პრაქტიკულად ახლა გვევლინება, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი სირიის ტერიტორიაზე“.

ეკა აკობია ლაპარაკობს „დაეშის“ გაძლიერების საფრთხეზეც:

„სამწუხაროდ, იკვეთება, რომ არის ამის რეალური საფრთხე, რადგან, სადაც ჩნდება უსაფრთხოების ვაკუუმი, მეტი სტიმულია ექსტრემისტული დაჯგუფებებისთვის ძალა მოიკრიბონ და გააგრძელონ თავიანთი სასტიკი სამხედრო ქმედებები“.

სირიის მოვლენები კარგად აჩვენებს როგორ შეიძლება ერთსა და იმავე ადგილას მოქმედების დროს ინტერესებისა და ამოცანების ცვლის კვალობაზე იცვლებოდნენ პარტნიორები. რაც შეეხება თურქეთის ახლანდელ სამხედრო მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთში, მას სურს თავის საზღვართან უზრუნველყოს თურქი მეომრებისგან თავისუფალი ბუფერული ზონა და ამისთვის იყენებს ყველა საშუალებას

„საერთაშორისო სამართლის გადასახედიდან, რა თქმა უნდა, არასწორია. არ შეიძლება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და განახორციელო სამხედრო ქმედებები, მაგრამ მეორე მხრივ, შევხედოთ რა ხდება სირიაში. პრაქტიკულად არის failed state-ს რასაც ვეძახით, ანუ სახელმწიფო, რომელზეც არ ვრცელდება ცენტრალური მთავრობის ეფექტური კონტროლი, სადაც არ მუშაობს ინსტიტუტები და სადაც მყიფეა სახელმწიფო მართვა. ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ეს არაკონვენციური ფაქტორები წინა პლანზე გადმოდის, რასაც ვხედავთ ახლა თურქეთის მხრიდან.

თურქეთის ვიწრო მიზანს თუ გავითვალისწინებთ - შეასუსტოს ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქურთი მებრძოლები, ის ამ მიზანს აღწევს. ორმხრივად შევიწროებულები გამოდიან ახლა ქურთი მებრძოლები - სამხრეთიდან ასადი დაწინაურდება და ჩრდილოეთიდან თურქული სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს“.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად ამერიკელი სამხედროები ტოვებენ სირიის ჩრდილოეთს და ერაყისკენ მიემართებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ამერიკელ სამხედროთა ნაწილი დარჩეს სირიაში იმის უზრუნველსაყოფად, რომ იქ არსებული ნავთობის საბადოები „დაეშის“ ხელში არ აღმოჩნდეს.

ეკა აკობიას თქმით, თურქეთის პრეზიდენტი აცნობიერებს დასავლეთის რა რეაქციასაც იწვევს თურქი სამხედროების უცხო ქვეყანაში შეჭრა თავისი ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად და ხელის შეშლის შემთხვევაში ლტოლვილების ნაკადით იმუქრება. თურქეთის ტერიტორიაზე 4 მილიონამდე ლტოლვილია.

ვითარებაში, როცა დასავლელი პარტნიორებისგან მინიმუმ მხარდაჭერას არ ელოდება, თურქეთი ეძებს სხვა მხარდამჭერს და ეს არის რუსეთი, რომელიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმის უპირველესი ხელშემწყობია:

„თურქეთი, რა თქმა უნდა, ფხიზელი თვალით შეხედავს რუსეთის ყველა მოქმედებას და მოძრაობას, მაგრამ სიტუაციურად ეცდება, რომ კავშირები ჰქონდეს და თავისი ინტერესები გაატაროს. აქ პრობლემა არის ის, რომ თურქეთი პრაქტიკულად დასავლეთისგან არ გრძნობს იმ მხარდაჭერას, რისი სურვილიც აქვს. შესაბამისად, ის ეძებს გარე ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც მის გვერდით იდგება ამ ინტერესების რეალიზაციის პროცესში. რუსეთთან მიმართებით ეს მხოლოდ სიტუაციური შეიძლება იყოს და არა ყოველისმომცველი პარტნიორობა, რადგან მათ აქვთ ბევრი ურთიერთდაპირისპირებული ფაქტორები ერთმანეთს შორის“.

რას შეიძლება მოასწავებდეს უთანხმოება ნატოს წევრ სახელმწიფოებს თურქეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოვლენების ფონზე?

„ნატოს ინსტიტუციური სტრუქტურა შესაძლებელს ხდის იმას, რომ სახელმწიფოებს ჰქონდეთ ერთმანეთს შორის გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ ნატომ როგორც ორგანიზაციამ, როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციამ, განაგრძოს ეფექტური არსებობა, რადგან ნატო არის მისი წევრი სახელმწიფოების დაცვაზე ორიენტირებული.

რუსეთს რაც შეეხება, არა მგონია ძალიან შორს წავიდეს უსაფრთხოების თანამშრომლობა თურქეთთან. მგონია, რომ ვიწრო საკითხებზე ექნებათ თანამშრომლობა, რასაც რუსეთი გააბუქებს შესაძლებლობის ფარგლებში“.

ეკა აკობია იმედს იტოვებს, რომ ლიდერები, რომლებიც მოვლენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების სათავეში, გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობენ ტრანსატლანტიკური კავშირების განმტკიცებას.

რაც შეეხება შფოთვის მიზეზებს საქართველოსთვის, ეკა აკობია ფიქრობს, რომ ლტოლვილთა ნაკადი საქართველოს ნაკლებად ემუქრება, რაც შეეხება „დაეშის“ წევრებს, ეს არ არის გამორიცხული და რისკების პრევენციისთვის საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა სათანადოდ იმუშაონ.

რა იქნებოდა საქართველოს სწორი პოზიციადა მოეთხოვება თუ არა მას მკაფიო პოზიცია შექმნილ ვითარებაში?

„საქართველოს პოზიცია ერთი მხრივ უნდა იყოს, რომ სირიელი ხალხი იმსახურებს ახალ, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისულფლებას და ასადი უნდა წავიდეს სირიის პოლიტიკიდან და მეორე ის, რომ საქართველომ უნდა გაიზიაროს ევროპელების და ამერიკელების პოზიციები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით“.

please wait

No media source currently available

0:00 0:51:27 0:00
Direct link


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG