Accessibility links

"მინდა მოვუწოდო ყველას და პირველ რიგში, მმართველ პარტიას, გონს მოეგონ და გააკეთონ ყველაფერი, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს"


ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ ცუდი არჩევნები იქნება ცუდი ყველასთვის და მოგებული ვერავინ დარჩება:

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გააკეთა მმართველმა პარტიამ იმისთვის, რომ წყნარი და მშვიდი არჩევნები არ გვქონდეს. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. ნამდვილად არ მიხარია ეს ყველაფერი. მე მგონია, მათ რომ ასე არ დაეძაბათ ეს სიტუაცია, უფრო მეტი ამომრჩეველი ეყოლებოდათ. ნამდვილად მჯერა ამის, რადგან ამომრჩევლები ირჩევენ პარტიებს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი კარგ რაღაცებს აკეთებენ და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იქნებოდა ნამდვილად ძალიან კარგი რამ, ისევე, როგორც, მაგალითად, სასამართლოს წარმატებული რეფორმა და ზუსტად ამის გამო მეტი ამომრჩეველი ეყოლებოდათ.

სამწუხაროდ, მე არ მაქვს კარგი მოლოდინი, რომ ისინი არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და თავიანთ სხვადასხვა მეთოდს იმისთვის, რომ მეტი ხმა და მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს და ეს გაზრდის დაძაბულობას. ეს არის ცუდი.

მინდა მოვუწოდო ყველას და პირველ რიგში, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაინც აქვს მმართველ პარტიას, რომ იქნებ გონს მოეგონ და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. ცუდი არჩევნები არ იქნება კარგი ამ ქვეყნისთვის, ამ ხალხისთვის. ის ყველასთვის დამაზიანებელი იქნება. მოგებული ამ სიტუაციიდან არა მგონია, რომ ვინმე გამოვიდეს“.

„ნორმალურ არჩევნებში“ ეკა გიგაური გულისხმობს პროპორციულ სისტემას. „დილის საუბრებში“ ის აფასებს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებამ. 11 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განცხადებით გამოეხმაურნენ ამ ფაქტს. ეკა გიგაური განმარტავს თავის პოზიციას:

„აქ თავისთავად გამოძიება კი არ არის პრობლემა. ჩვენს ორგანიზაციასაც, როცა ვაკვირდებოდით 2012 წლის არჩევნებს, გვქონდა კითხვები თუ როგორ იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს მაშინდელი მმართველი პარტია და აქ ამაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკი იმაზეა, რომ, როცა ვინმეზე გამოძიებას აწარმოებ, მას იწყებ და ლოგიკურ დროში ამთავრებ, არ დებ ამ გამოძიებას თაროზე და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა დაგჭირდება, არ აცოცხლებ და სხვა გადაწყვეტილებას არ იღებ. ამაზე ლაპარაკობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და ეს არის აქ პრობლემა“.

ეკა გიგაური ლაპარაკობს აგრეთვე საქართველოს დასავლელი პარტნიორების წუხილზე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. ერთ-ერთი ბოლო, წუხილის გამომხატველი წერილი ამერიკელ კონგრესმენ რენდი ვებერს ეკუთვნის, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ლაპარაკია კორუფციის პრობლემაზეც და მოყვანილია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ბოლო მონაცემები. კორუფციის თემა 12 თებერვალს წამოწია „დილის საუბრების“ მსმენელმაც. ეკა გიგაურს ვთხოვეთ ბოლო წლების დინამიკის განმარტება:

„ჩვენმა პოზიციებმა დაიკლო ორი ქულით. ეს არ არის ძალიან დიდი კლება. ჩვენი შეფასებით და მეთოდოლოგიით, არ ითვლება, რომ ეს არის ძალიან დიდი ვარდნა, მაგრამ, როცა ვაფასებთ კორუფციის აღქმის ინდექსს, ვუყურებთ წლების განმავლობაში რა ხდებოდა და ფაქტობრივად წლების განმავლობაში ეს ინდექსი, როგორც წესი, არ შეცვლილა დიდად - ან ცოტათი მატულობს, ან ცოტათი კლებულობს. რას ნიშნავს ეს? ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბალ დონეზე კორუფცია არ გვაქვს. ეს ყველაფერი მივიღეთ ძალიან ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად, მაგრამ წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც გვაქვს პრობლემები ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით, როცა მაღალი თანამდებობის პირები სათავისოდ იყენებენ თანამდებობას და ამას აკეთებენ სხვადასხვა ფორმით. ამ მიმართულებით ამ ქვეყანაში სიღრმისეული რეფორმები არ ჩატარებულა და ამაზე მიანიშნებს ის, რომ 2010 წლიდანაც რომ დავიწყოთ, კორუფციის აღქმის ინდექსი არ შეცვლილა და ვართ სადღაც შუაში - ხუთბალიანი სისტემით გვაქვს სამიანი. ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პრობლემატური გახდა სასამართლოს თემაც.

ვნახეთ, მაგალითად, უზენაეს სასამართლოში როგორ ირჩევდნენ მოსამართლეებს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ვინ გავიდოდა 147 კაციდან ბოლოში. ვიცოდით, რომ იქ იქნებოდა [შალვა] თადუმაძე და კონკრეტული პირები, რომლებიც დაახლოებული იქნებოდნენ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან. ფაქტობრივად ამ კონკურსის ჩატარებას აზრი არ ჰქონდა და რა იყო მიზანი? მიზანი იყო, რომ მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც მიიღეს გიგი უგულავასთან მიმართებით და მაშინ მიეღოთ, როცა მმართველ პარტიას სჭირდებოდა ეს.

სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე როცა ვლაპარაკობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მინისტრები ინიშნებიან არა მათი გამოცდილების და ცოდნის შესაბამისად, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოს არიან ისინი ბიძინა ივანიშვილთან. ერთი მხრივ, გვესმის, რომ შენი გუნდის წევრები უნდა მიიყვანო, მაგრამ მეორე მხრივ, მართლა ოჯახთან დაახლოებული პირების დანიშვნა თანამდებობაზე არის პრობლემა.

...ჩვენი პოლიტიკური ელიტა, წინაც ასე იყო და ახლაც ასეა, აფარებს ხელს თავისიანებს და როცა ეს ხდება, ამ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს დემოკრატიის მაღალი ხარისხი და არ შეიძლება ეს ქვეყანა სწრაფად განვითარდეს. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში არ არის დაბალანსებული სისტემა და რა თქმა უნდა, კორუფციის რისკები არის დიდი".


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG