Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმ ადამიანების უმრავლესობას, ვინც საგზაო უსაფრთხოების საკითხებშია ჩართული, ბევრი სხვა საქმე აქვს დავალებული. ასე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს"


ეკა ლალიაშვილი და ირაკლი იზორია
ეკა ლალიაშვილი და ირაკლი იზორია

გასულ კვირაში სტოკჰოლმში საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც 140 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. საქართველოდან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთა გარდა, მონაწილეთა შორის იყვნენ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი, ეკა ლალიაშვილი და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი, ირაკლი იზორია.

პირველი მინისტერიალი 2010 წელს ჩატარდა, რომელზეც მომავალი ათწლეულის ამოცანად გაერომ მილიონობით სიცოცხლის გადასარჩენად საგზაო უსაფრთხოების მართვისა და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ავტომანქანების უსაფრთხოების გაძლიერება, გზების მომხმარებელთა ქცევისა და ავტოსაგზაო შემთხვევაზე რეაგირების გაუმჯობესება დასახა.

ეკა ლალიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში აღნიშნავს, რომ ეს ამოცანები მსოფლიოს ქვეყნებმა განსხვავებული წარმატებით შეასრულეს.

თუ დღეს მსოფლიოში ადამიანის სიკვდილის მიზეზთა შორის საგზაო შემთხვევები მეცხრე ადგილზეა, უმოქმედობის შემთხვევაში, შესაძლოა, 2030-ში ის მეხუთე ადგილზე ავიდეს. საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის თანაორგანიზატორი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა.

პირველი ათწლეულის მთავარი მიზანი საგზაო შემთხვევების მსხვერპლის განახევრება იყო. ეკა ლალიაშვილი შედეგებზე:

„ევროპულმა ქვეყნებმა გარკვეულ ნიშნულს მიაღწიეს. მთლიანად, ევროკავშირს თუ განხივილავთ, ვერ მიაღწია 50%-ით შემცირებას. ყველა ქვეყანას თავისი მიღწევა ჰქონდა. მაგალითად, შვედეთმა მიაღწია თავის ნიშნულს. ცუდი ის არის, რომ ჩვენი ტიპის - საშუალო განვითარების და დაბალი განვითარების ქვეყნებმა უარესობისკენ გადაწონა სურათი, რადგან ბევრგან გაუარესდა კიდევ ვითარება. გლობალური შეკრება კი რას ემსახურება? ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსალოდნელი იყო 1 მლნ 900 ათასი ადამიანის დაღუპვა. რეალურად საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 1 მლნ 300 ათასი. ეს ბრწყინვალე შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ადამიანების რაღაც რაოდენობა მაინც დავიცავით.

ჩვენი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, 2010 წელს ჩვენთან დაიღუპა 685 ადამიანი, 2019-ში მსხვერპლის რაოდენობა იყო 481. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს შედეგი მივიღეთ იმით, რომ ამ წლების განმავლობაში რაღაც ღონისძიებები განხორციელდა: ღვედები, ქულათა სისტემა, კამერები და ა.შ., ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, ჩვენ რა არ მოგვწონს - ფრაგმენტული მოქმედებებია და ეს შედეგებზეც გვეტყობა.

კანონებს მივიღებთ, პირველ წელს შეიძლება ადმინისტრირება იყოს კარგი, მაგრამ მომდევნო წელს ცოტა ნელდება; ინფრასტრუქტურას დავიწყებთ რაღაც მონაკვეთს და მხოლოდ ეს მონაკვეთი რჩება გაკეთებული, სხვას თავს ვანებებთ. თუ დავისახავთ მიზნად დედაქალაქსა და რეგიონებში უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნას, უნდა ჩამოიწეროს რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნაკლები ადამიანი დაიღუპოს და დაზიანდეს საქართველოს გზებზე? აუცილებელია სიჩქარის ლიმიტების დაწევა.

რას ვგულისხმობ მდგრადობაში - შარშან დაიღუპა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე წინა წელს, მაგრამ დაშავდა ნაკლები. წლები გვაქვს, როცა გაუმჯობესებაა დაღუპულების რაოდენობის მხრივ და სხვა დროს დაშავებულების რაოდენობა მცირდება. რომ ვკითხულობთ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, პასუხი არ არის. პასუხი კი არის ის, რომ არამდგრადი შედეგები გამოწვეულია ფრაგმენტული მოქმედებით“.

„დილის საუბრების“ სტუმრები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას საგზაო უსაფრთხოებისადმი სისტემური მიდგომის დეფიციტზე. ირაკლი იზორია ჩამოთვლის აუცილებელ ხუთ კომპონენტს და პირველ ასახელებს საგზაო უსაფრთხოების მართვას. ის აგრეთვე ამბობს, რომ ადამიანური ფაქტორი განაპირობებს უბედური შემთხვევების 90%-ს. ის ლაპარაკობს აგრეთვე იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, როგორ ხდება საგზაო შემთხვევის შედეგების მართვა:

“პირველ რიგში, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს ის რგოლი, რასაც ჰქვია საგზაო უსაფრთხოების მართვა, ადამიანური და ფინანსური რესურსებით. ბევრმა სახელმწიფო წარმოადგინა პრეზენტაცია და ვნახეთ, რამხელა თანხებია ჩადებული საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, ბაღის ასაკიდან დაწყებული ხანშიშესული ადამიანებით დამთავრებული.

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ბიუჯეტის შესავსებად კეთდება ესა თუ ის კანონპროექტი, მაგრამ ეს ასე არ არის - თუ არ დავარღვევთ, შესაბამისად ბიუჯეტშიც არ გადავიხდით თანხას. იმ ქვეყნებმა, სადაც წარმატებას მიაღწიეს, პირველ რიგში იყო ჯარიმების და მიდგომების გამკაცრება. მაგალითად, სისხლისსამართლებრივად ისჯება ძალიან ბევრ ქვეყანაში ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, თუმცა, ჩვენ იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა იყოს მეორე შემთხვევაშიც კი. არის ასეთი ინიციატივა და ჯერჯერობით ვერ ხერხდება კანონის მიღება. ზუსტად ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ველოდოთ ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევებს. უნდა დავეყრდნოთ იმ ქვეყნების წარმატებულ პრაქტიკებს, სადაც ეს ყველაფერი უკვე მიღებულია და ძალიან მარტივად და სწრაფად მივიღოთ ისეთი კანონები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას“.

ეკა ლალიაშვილი თვლის, რომ საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტულობა არასათანადოდ არის შეფასებული ხელისუფლების მიერ:

„ვფიქრობ, საკითხი პრემიერის სიმაღლემდე უნდა ავიდეს, რადგან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს არ ხელეწიფება რიგი საკითხების გადაჭრა.

იმ ადამიანების უმრავლესობას, ვინც საგზაო უსაფრთხოების საკითხებშია ჩართული, ბევრი სხვა საქმე აქვს დავალებული. ასე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს. ამას ვითხოვთ ზუსტად, რომ იმ ადამიანების - ერთი იქნება, ორი თუ სამი, კონკრეტულად, ყოველდღიური საქმიანობა იყოს გზებზე უსაფრთხოების ამაღლება. როცა პრემიერი გამოაცხადებს პრიორიტეტად, რომ ვუერთდებით გლობალურ დეკადას და უნდა შევამციროთ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გზებზე, ის სამინისტროებიც, რომლებიც უწყებათაშორის კომისიაში არიან ჩართულები, უფრო მობილიზებულები იქნებიან უსაფრთხოების ამაღლებას, ყველა უწყება იქნება ჩართული პროცესში“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG