Accessibility links

"დეპუტატების სიას რომ ჩავხედეთ, უამრავი უცნობი სახეა. 20-25 დაზეპირებული სახის გარდა, დანარჩენები არ ვიცით ვინ არიან? რას აკეთებენ?"


ეკა ხუციშვილი, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" პროექტის მენეჯერი

როგორ და რა კრიტერიუმით ფასდება საქართველოში პარლამენტარის საქმიანობა და როგორი უნდა იყოს მისი ყოველდღიურობა, საკომიტეტო თუ პლენარული სხდომების მიღმაც? ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ შეისწავლა საქართველოს პარლამენტის 2019 წლის შემოდგომის სესიის პერიოდის საქმიანობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რითაც იხელმძღვანელეს ანგარიშის ავტორებმა, ცალკეული დეპუტატის როლის წარმოჩენა-შეფასება იყო, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ პროექტის მენეჯერი ეკა ხუციშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„პარლამენტს დღეს გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე წლების წინ, როცა სხვა სახელმწიფოებრივი მოწყობა გვქონდა. კონსტიტუცია თითოეული ჩვენგანის სახელით ავალებს პარლამენტს, რომ, როგორც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ყველა მნიშვნელოვან საკითხში ჰქონდეს გადამწყვეტი როლი, რაც თავის თავში მოიცავს იმას, რომ თითოეული დეპუტატი, რომელიც პარლამენტში მანდატს ფლობს და რომელიც ჩვენი სახელით ხმას აძლევს ან არ აძლევს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამას გააზრებულად უნდა აკეთებდეს.

აღმოვაჩინეთ, რომ პარლამენტის გვერდზე არ არის მოცემული ინფორმაცია პარლამენტარების საქმიანობასთან დაკავშირებით. არ არის მათი ცოცხალი პროფილები. მხოლოდ და მხოლოდ მოცემულია სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, რეზიუმე, მაგრამ მე, რიგით მოქალაქეს, ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მივეცი შესაბამის პოლიტიკურ პარტიას თუ მაჟორიტარს და მაინტერესებს, რა გააკეთა ამ ადამიანმა, დარჩა თუ არა იმ მისიის და ღირებულებების ფარგლებში, რითიც ის პარლამენტში მოვიდა, ამის შემოწმების შესაძლებლობა არ მაქვს.

როცა ვნახეთ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნების პარლამენტების ვებსაიტები, იქ ნებისმიერი დეპუტატის პროფილზე სულ სხვა სურათია - მოცემულია ნებისმიერ დღეს რა გააკეთა პარლამენტარმა.

ეს საზოგადოებას აძლევს აქტიური დაკვირვების შესაძლებლობას და, მეორე მხრივ, თითოეულ დეპუტატს მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს.

როცა ვამბობთ, რომ პარლამენტი არის ძალიან პასიური და თითოეული დეპუტატის საქმიანობა არის ბუნდოვანი, ამას ვამბობთ მხოლოდ ღია მმართველობის და დემოკრატიული ინსტიტუციური განვითარების ჭრილში და ჩვენი შეფასება არის აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკური მოტივაციისგან. ჩვენი მიზანი არ არის, რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარი დავუჭიროთ ან დისკრედიტაცია მოვახდინოთ“.

კვლევის პერიოდში პარლამენტში 148 დეპუტატი იყო. მათგან მხოლოდ 23-მა შეავსო „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ გაგზავნილი კითხვარი, რომელიც დეპუტატის მსოფლმხედველობის გამოკვეთასა და მის ყოველდღიურ საქმიანობას შეეხებოდა:

„ჩვენ გვაინტერესებდა, 148 პარლამენტარის სახე დაგვენახა. დეპუტატების სიას რომ ჩავხედეთ, უამრავი უცნობი სახეა და ჩვენ არ ვიცით, ის ადამიანები რა მსოფლმხედველობით მივიდნენ იქ, რას ფიქრობენ მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხებზე, რა ტიპის აზროვნება აქვთ და როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს.

20-25 დაზეპირებული სახის გარდა, დანარჩენები არ ვიცით - ვინ არიან? რას აკეთებენ? რას ფიქრობენ? ის 20-25 ადამიანი იკავებს ადგილს ყველგან - ტელეეთერებში, დებატებში. საზოგადოების ფოკუსიც იმათ მსოფლმხედველობაზეა გასწორებული. დანარჩენ, ორ მესამედზე მეტის მიმართ საზოგადოების ფოკუსი არ არის გასწორებული, რადგან ისინი არ გამოდიან და საზოგადოებას არ ელაპარაკებიან.

ჩვენი მიზანია საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ამ პასიური დეპუტატების მიმართ. გაგვაგებინონ, რას აკეთებენ ყოველდღე.

აქ ლაპარაკია ყველა დეპუტატზე. მაგალითად, როცა ერთ პარტიას აქვს 50-კაციანი წარმომადგენლობა და იქიდან 10 გველაპარაკება, დანარჩენი 40 რას აკეთებს? ვინ არიან - უნდა ვიცოდეთ“.

კერძოდ რას შეეხებოდა კითხვარი, რომლის შევსებაც ორგანიზაციამ დეპუტატებს შესთავაზა? ეკა ხუციშვილი განმარტავს, რომ შეკითხვები ორი მიმართულებით იყო დასმული:

„ჩვენ გვაინტერესებდა, თითოეული დეპუტატის მსოფლმხედველობა გაგვეგო. მაგალითად, კითხვები გვქონდა ასეთი: რა არის პარლამენტის მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელსაც საკუთარ კონტრიბუციას უკავშირებთ? რა მიგაჩნიათ ქვეყნის უმწვავეს პრობლემად, მთავარ გამოწვევად? რომელი ცნობილი ადამიანის მოსაზრებები ან ფილოსოფია გახდა თქვენთვის გარდამტეხი ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში? შეიძლება ამ კითხვებზე ვინმეს გაეცინოს, მაგრამ ბევრის მთქმელია ამ კითხვებზე პასუხები.

ვეკითხებოდით უფრო კონკრეტულად მათ საქმიანობასთან დაკავშირებითაც: რა რაოდენობის განცხადებები მიიღეთ მოქალაქეებისგან? რას ეხებოდა ისინი და რა იყო რეაგირება თქვენი მხრიდან? როცა ვლაპარაკობთ რეაგირებაზე, არ ვგულისხმობთ ინდივიდუალურ წერილზე რეაგირებას, როცა, მაგალითად, ადამიანი უმუშევარია და დასაქმებას ითხოვს, მაგრამ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოქალაქეების განცხადებებიდან საერთო ტენდენციები უნდა გამოკვეთონ და პრობლემების იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ, დაალაგონ სეგმენტებად. შემდეგ თითოეულ სეგმენტზე პასუხისმგებელი უწყებები ან შეამოწმონ, ან მოიწვიონ და გამოკითხონ. იმ 23-ს შორის მოქალაქეების განცხადებებთან დაკავშირებულ კითხვებზე ორმა დეპუტატმა ფორმულირების დაზუსტება გვთხოვა“.

ეკა ხუციშვილი ლაპარაკობს საპარლამენტო კომიტეტების პასიურობაზეც და აღნიშნავს, რომ მათმა ნაწილმა რეგლამენტით განსაზღვრული სხდომების მინიმალური რაოდენობის ჩატარებაც ვერ მოახერხა, მეორე ნაწილმა მინიმალურიც ძლივს ჩაატარა და მათ შორის იყო ევროინტეგრაციის კომიტეტი. მესამე კატეგორიაში კი არიან უფრო აქტიური კომიტეტები:

„მათ შორის, აღსანიშნავია იურიდიული კომიტეტი, რომელიც ბევრი მიმართულებით იყო აქტიური. შინაარსობრივადაც შეფასებული გვაქვს. საშემოდგომო სესიის დროს საქართველოში ხდებოდა ისეთი მოვლენები, რომლებიც პირდაპირ იყო დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან. ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებების კომიტეტს ბევრი რამ უნდა გაეკეთებინა პროაქტიულად, მაგალითად, მოეწვია არაერთი უწყების ხელმძღვანელი და გამოეკითხა კონკრეტული მიმართულებით. ჩვენ ანგარიშში გვაქვს ჩამოთვლილი დეტალურად, რა ტიპის აქტივობები უნდა განეხორციელებინა კარგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კარგ კომიტეტს“.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აღნიშნავს, რომ კომიტეტები ძალიან იშვიათად იყენებენ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლებას. ეკა ხუციშვილი რადიო თავისუფლების ეთერში პარლამენტის საქმიანობაში დროის ცუდ მენეჯმენტზეც ლაპარაკობს:

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG