Accessibility links

ეკლესია სახელმწიფოში და პირიქით


ავტორი: გიორგი ჩუბინიძე

რუსეთის იმპერიაში, ეგზარქოსობის პერიოდში, ჩვენი სასულიერო პირები ურიგოდ არ ცხოვრობდნენ. პირიქით, ჯილდო იმათ არ აკლდათ, პატივისცემა და სოციალური სტატუსი. განათლებაც მოსახლეობის დაბალ ფენებთან შედარებით ნამდვილად შესაფერისი (წერა-კითხვა მაინც იცოდნენ).

იმ დროს მღვდლის ფუნქცია საზოგადოების ზოგად საკითხებზე ინფორმირება იყო: სამოქალაქო და სახელმწიფო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, რელიგიური რიტუალების აღსრულება და სასულიერო მზრუნველობა (მწყემსობა), ამიტომ პურის ფული ყოველთვის ჰქონდათ.

მათთვის, ვისი იდეალებიც მხოლოდ კუჭზე არ გადიოდა და ეროვნულ-პატრიოტული გრძნობები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვერ იქნებოდა ცხოვრება მარტივი. გავიხსენოთ ეპისკოპოს კირიონის გადასახლებები და ა.შ.

იმ დროში, მღვდლის ასეთი მდგომარეობის გამო იყო, რომ იმპერიის პროვინციაში მცხოვრებ გორელ გლეხს, ქალბატონ კეკეს სურდა თავისი ვაჟი მღვდელი გამხდარიყო და ამით ის ოჯახს ყოველთვის შეინახავდა...

ცხადია ეს გზა სხვა სიმაღლიდან, სხვა სტატუსით, თუმცა მაინც აირჩია, ნამდვილად იქცა ,,მწყემსად", უამრავ ცხვარს შორის...

1918-1921 წლებში, ცხადია ხელისუფლებაში იყვნენ ათეისტები, მაგრამ არ ყოფილან ეკლესიის მტრები, როგორც ამას დღევანდელი ყოფილი პარტიული მკვლევარები გვთავაზობენ. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სახელმწიფო, რომელიც არა ეკლესიასთან თანაარსებული, არამედ სეკულარული იქნებოდა. მღვდლებს უნდა ჩამორთმეოდათ მონათვლისას დაბადების მოწმობის გაცემის ფუნქციებიც, რაც მანამდე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეკლესია აღარ დაფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ცხადია ამ პოლიტიკამ სასულიერო პირების დევნა კი არა ლუსტრაციაც კი გამოიწვია. პირებმა, რომლებიც იმიტომ იდგნენ ღვთის სამსახურში, რომ სოციალური მდგომარეობა ჰქონოდათ უკეთესი და უზრუნველი, გაიხადეს ანაფორა, გაიკრიჭნენ და ჩამოსცილდნენ ეკლესიას, საერო ცხოვრებას შეუდგნენ.

იმ დროში მღვდლობა საოჯახო ,,ხელობა" იყო. ხშირად შეხვდებოდით ერთ ოჯახში რამდენიმე სასულიერო პირს - ძმებს, მამა-შვილს, შვილიშვილს და ა.შ. ეს იყო პროფესია, ვიდრე საკუთარი თავის შეცნობის გზა და ქრისტეს წიაღის შეცნობის წადილი... ეს იყო სამსახური...

საბჭოთა სინამდვილეში, ადრეულ ეტაპზე მართლაც იყო აგრესიული ათეიზმი. ამის უამრავი ფაქტი, დოკუმენტია. თუმცა ეს არაა გასაკვირი, რადგან პარალელურად მიდიოდა საერო პირების, ინტელიგენციის რეპრესიებიც და ახალი საბჭოთა მოქალაქის ფორმირების პროცესი. ამ პროცესს, ამ ტალღას ემსხვერპლა ყველა ის სასულიერო, თუ საერო პირი, ვისზეც დღეს არაერთი საუბრობს.

პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის 20-წლიანი მწყემსმთავრობის პერიოდში -1932-1952 წლებში, როგორც იქნა შედგნენ საბჭოთა მოქალაქეები და საბჭოთა მღვდლები, ეპისკოპოსები, ბერები... ამ პერიოდში და შემდეგ საეკლესიო იერარქიაში ჩნდებიან სასულიერო პირები ისეთივე ინერციით, როგორც საერო პირები ხდებიან საბჭოთა ჩინოვნიკები. უბრალო მუშები, უბრალო განათლებით ან გაუნათლებლობით...

ასე მაგალითად, 1903 წელს, სოფელ მიროწმინდაში დაბადებული ვინმე ხარიტონ დევდარიანი, რომელიც ვერ დაიკვეხნიდა ღრმა საღვთისმეტყველო განათლებით, ხდება კათოლიკოს-პატრიარქი, სოფელ ჩრდილში დაბადებული ვინმე გიორგი ღონღაძე, რომელიც 1910-1914 წლებში ჯერ ტელეგრაფისტი იყო, შემდეგ ომის მონაწილე და შემდეგ მთავარდიაკვანი, მიტროპოლიტობამდე სპეციალური საღვთისმეტყველო განათლების გარეშე ადის. იყვნენ მეტყევე-ინჟინრები, იყვნენ მეტალურგები და ა.შ. და ძალიან მცირედ თეოლოგები ანუ ადამიანები, ვისაც უნდა შეძლებოდათ მე-20 საუკუნის საქართველოს ეკლესიის სინოდში მეცნიერულად აემეტყველებინათ ის ცნობილი "სულიწმიდა" რომლის ენითაც დღემდე (ბევრის რწმენით) მეტყველებს ჩვენი "წმინდა სინოდი". 21-ე საუკუნეში კი გაბედე და ეჭვი შეიტანე ამ "სულიწმიდის" ენის მართებულობაში...

დამოუკიდებელ საქართველოში, 1990-იან წლებში ქვეყნის ზოგადმა პოლიტიკურმა, სოციალურმა, თუ სხვა სახის წნეხმა განაპირობა საქართველოს ეკლესიის წიაღში სასულიერო დასის გამრავლება. ეს ბევრისთვის კარგი თავშესაფარი, წარსული ცოდვების ჩამორეცხვის გზა ან სხვა უფრო ,,ღრმად ფილოსოფიური" მიზეზები იყო. ზოგი ამას "ერის გამოღვიძებას" უწოდებს, ზოგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდიდეს მონაპოვარს, მაგრამ ამ უკანასკნელის საქმიანობაში საერთოდ არაა იმდროინდელი საქართველოს ეკლესიის პროპაგანდა, არამედ პირიქით, ძალზე დაკნინდა პატრიარქის როლი და საგანგაშო ნიშნულზე დაეცა (1977-დან 1990-იან წლებთან შედარებით).

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ეკლესიისა და სახელმწიფოს დამეგობრების, თანაცხოვრების (კოჰაბიტაციის) ერთგვარი გვირგვინი იყო თვით პრეზიდენტ ედუარდ (გიორგი) შევარდნაძის მონათვლა და შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ე.წ. ,,კონკორდატი".

საბჭოთა ხელისუფლებასთან ბოლო ათწლეულების წარმატებული კოჰაბიტაცია გაგრძელდა შევარდნაძის ხელისუფლების დროს და ამავე ინერციით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას. ამ უკანასკნელის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ დღემდე სინოდის წევრთა შორის ყოფილი პრეზიდენტისადმი უსაზღვრო ერთგულებაა. „ჯიპების ქველმოქმედებამ" განაპირობა ეს, თუ ეპარქიების და ეპისკოპოსების ეკონომიურმა აღმავლობამ, ეს ცალკე თემაა.

ამავე დროს გაჩნდა შიდა საეკლესიო ოპოზიცია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლაში. სასულიერო პირების წყევლა-კრულვა იმ პრეზიდენტის მომხრეებისადმი და ა.შ.

აქვე არ დაგვავიწყდეს პრორუსული და ანტიდასავლური ხაზი, რომელიც საბჭოთა ეპოქიდან არასდროს ჩამცხრალა.

რა გვაქვს დღეს? რას ემყარება ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტი, რა ძალა მართავს და რა საყრდენი აქვს?

ახლა ამ ყველაფერში ღვთის განგებულებას ნუ მოვძებნით - ვერ ვიპოვით! ეკლესია პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და ხშირად გააქვს გოლი მეტოქის კარში.

დღეს წმიდა სინოდი რეალურად აღარაა ღვთის სიტყვის გავრცელების ფუნქციით აღჭურვილი ეკლესიის მართვის ორგანო. ეკლესიის მართვა-გამგეობის 1995 წლის ვერსიითა და "სულიწმიდის სიტყვით" ხშირად ძალიან უცნაურ და ალოგიკურ განცხადებას ვაწყდებით და ხან "შორენას" მივაწერთ, ხან ვის და ხან რას. ეს ის ინერციაა, რომელიც თეოლოგებს, მეცნიერებს, ღვთის ნამდვილ მსახურებს არ წამოუწყიათ. ეს პოლიტიკურმა პროცესებმა წამოიწყო და შედეგს დღემდე ვიმკით, დღემდე ჭარმაგ თაობაში...

აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორია, იყო ან იქნება ეკლესიის მეთაური. ეს ინერცია სხვა სტარტს აიღებს, თუ ახალ თაობაში, ახალი პოლიტიკური, თუ საეკლესიო მორალით დაიწყებს სვლას.

თუ "სულიწმიდის" ენის მაგიერ ახალ, კომპეტენტურ, თანამედროვე აზრს, იდეებს, რწმენის არსს არ შემოგვთავაზებს ეკლესია, ის ისევ იმ პოლიტიკურად მერყევი მორალის ამარა დარჩება და კიდევ უფრო დაშორდება რეალობას. კიდევ უფრო ნაკლები მრევლით, ნდობით აგრძელებს და განაგრძობს არსებობას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG