Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე აბაშიძე - 100 და კიდევ 4 წელი

ელენე აბაშიძე
ელენე აბაშიძე

28 ივნისს გარდაიცვალა მეცნიერი, გეოლოგი ელენე აბაშიძე, ის 104 წლის იყო. ძველ კადრებში კოხტა, პეწიანი მოხუცი ჩანს, დაკვირვებული, თითქმის ცელქი თვალებით - 100 წლის ვარ, ყოველთვის მინდოდა დიდი გოგო გავმხდარიყავიო, ამბობს. ბოლომდე შერჩა გონებაც და ხასიათიც.

ელენე აბაშიძე 1922 წელს 18 მარტს დაიბადა, ჭიათურის სოფელ ჭალაში. წინა წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და ქვეყანაში სრული ქაოსი იყო. როგორც თვითონვე იხსენებდა, მამა მიხეილი (მინა) აბაშიძე, ლამაზი თავადიშვილი იყო; დედა სონია (სათენიკ) მანუკიანი - „მშრომელი, მაგრამ შესახედად ვერაფერი შვილი“. პატიოსანი კომუნისტები იყვნენ, სახლში შავი, ტალახივით უგემური პური მოჰქონდათ, თეთრს სხვას უთმობდნენ. ცხენით სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ხალხს კოლექტივიზაციისკენ მოუწოდებდნენ.

„შემოვიდოდა დედა ცხენით ეზოში, მოადგებოდა ფანჯარას პირველ სართულზე. მათრახით დააკაკუნებდა. ბებია გამოაღებდა. დედა იკითხავდა ამბავს და თან ხორცს და სურსათს მოგვაწოდებდა. დაგვხედავდა, რომ ყველანი ცოცხალი ვიყავით, არ დავხოცილვართ და მოუსვამდა ისევ“, - წერს ელენე აბაშიძე თავის მოგონებებში „მე და ჩემი სამყარო“. ამ წიგნში ის მთელ თავის ცხოვრებაზე ჰყვება.

ელენე საოცრად ცელქი და ქვასროლია ბავშვი ყოფილა. ბაღიდან თუ სკოლის შემდეგ სახლში დროზე არასდროს მივიდოდა, შეეძლო სულაც მეგობართან შეევლო და ღამეც იქ გაეთია. ერთხელ სულ პატარამ ბათუმში დააპირა წასვლა და მარტო ავიდა მატარებელში, ისიც საჩხერის მატარებელში. სწორედ ამან გადაარჩინა დაკარგვას. იცნეს და ფანჯრიდან გადასვეს სადგურზე. „მე აღარ მახსოვს რა სასჯელი მივიღე ამისთვის, მაგრამ დედა მარწმუნებდა, რომ ძალიან გამლახეს. მირტყამდა დედაც, მამაც და დეიდაც, თურმე. მე კი არ მახსოვს. ასე რომ, ამ ცემასაც, როგორც ჩანს, უშედეგოდ ჩაუვლია, რადგან არ მახსოვს“ („მე და ჩემი სამყარო“).

ცემით ხშირად სცემდნენ. დღე არ გავიდოდა, დედას არ გაველახე, მაინც არაფერი მშველოდაო. პირველი კლასიდან ბოლომდე ფრიადოსანი იყო, მაგრამ სახლის საქმეები ეზარებოდა და ამის გამო ეჩხუბებოდნენ.

ერთხელ თავისი ნათესავის, მომავალი მსახიობის მედეა ჯაფარიძისგანაც მოხვდა. პატარა მედიკო სოფლის ბავშვებთან ერთად ბალეტს დგამდა, ვერაფრით ასწავლა ელენეს, პა როგორ გაეკეთებინა.

„გამიბრაზდა, გამკიცხა და მცემა კიდეც... მერე ვიცინოდით ერთად ამ ბავშვობის ამბებზე“.

ცეკვა არ გამოსდიოდა, მაგრამ კარგი, წკრიალა ხმა ჰქონდა. უკრავდა კიდეც. დღისით მეცადინეობას რომ ვერ ასწრებდა, მუსიკალური სასწავლებლის დარაჯმა გასაღები მისცა და ისიც შუაღამისასა მეცადინეობდა.

ღამის სიჩუმეში ხშირად მხოლოდ მისი დაკვრა ისმოდა.

მამა და ჩაი

რეპრესიებმა არც მისი პარტიული მშობლები დაინდო. იმ წლებში ღამე მანქანის გამოჩენა ნამდვილ ტრაგედიად იქცა. აბაშიძეებიდან ხან ვის აპატიმრებდნენ, ხან ვის. თანაც მხოლოდ გვარის გამო. მამაც წაიყვანეს. ჭიათურის ციხეში რომ იჯდა, ელენეს ყოველ დილა ადუღებული წყალი მიჰქონდა ჩაისთვის. მინამ ფანჯრიდან რომ დაინახა, როგორ მოარბენინებდა ბავშვი მდუღარეს ქვებზე, შეეშინდა და ჩაიზეც უარი თქვა.

მამის დაპატიმრების შემდეგ დედა სამსახურიდან გამოუშვეს და მანაც რეცხვას მიჰყო ხელი. ამით არჩენდა ოჯახს. პატიმრისთვის თბილი ტანსაცმელი რომ ეყიდათ, ელენემ ბაზრობაზე საჩექმე ტყავი წაიყო გასაყიდად. სწორედ ამ დროს დათო ჩხეიძემ გამოიარა, ბიჭმა, რომელსაც ელენე მოსწონდა. გოგოს ძალიან შერცხვა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.

შემდეგ დათო წლების მერე ნახა, მატარებლის სადგურზე, ომში რომ მიდიოდა. ბიჭი ფრონტიდან აღარ დაბრუნებულა.

ომი დაიწყო, ომი დამთავრდა

1941 წლის 20 ივნისს, როდესაც ელენე უკვე სტუდენტი იყო, ახალგაზრდების ბანაკი წაღვერში ჩავიდა. 22 ივნისი კვირას დაემთხვა, დასვენების დღეს. ბიჭებმა გასართობად აივანზე ჭიდაობა გამართეს. ქალებიდან ტატიანა კალანდაძემაც მოინდომა ჭიდაობა. გამოვიდა და ჯერ ერთ ბიჭი წააქცია, მერე - მეორე და მესამე. ხალხს სიცილისგან გული მისდიოდა და ამ დროს რადიოში მოლოტოვის ხმა გაისმა. ომი დაიწყო!

ელენეს სტუდენტობა ომის წლებს დაემთხვა, მუდმივ შიმშილსა და გაჭირვებას. ჩასაცმელიც არაფერი ჰქონდა. თავად შეიკერა ფეხსაცმელები და ხალათი. ჭიათურაში მუშები ხშირად დადიოდნენ ხალათით ქუჩაში და ეგონა, ეს თბილისშიც ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვერ გაეგო, რატომ უყურებდნენ ალმაცერად.

ერთხელ ჯერაც პატარას ბებიამ უთხრა: „შვილო, ელენიკო, შენ უნდა იყო შენი სინდისის წინაშე მართალი. სხვამ რაც უნდა თქვას, ეს შენ ნუ გაღელვებს, გულს აარიდე ტკივილიო“. ეს სიტყვები მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა, ახლაც მიკვირს, რა მითხრა მე-19 საუკუნის ქალმაო.

რაც ჰქონდა ის ეცვა, ნათესავებთან ცხოვრობდა და გაუთავებლად მეცადინეობდა, მეცადინეობდა, მეცადინეობდა... ყოველთვის სჯეროდა, რომ ადამიანი საკუთარ თავზე მეტ ტვირთს უნდა შეეჭიდოს, თავი უნდა გაიმეტოს, თავს უნდა აჯობოს და ეს შრომა აუცილებლად დაუფასდება.

1945 წელს ელენე უკვე მასწავლებელი იყო და გაკვეთილს ატარებდა, როდესაც სკოლის დერეფანში ხმაური ატყდა, მასწავლებელი და ბავშვები მის კლასში შემოცვივდნენ და მიაძახეს: „ელენიკო, ომი დამთავრდა!“

უშბაზე დარჩენილი სიყვარული

ელენე ონავარი და პირდაპირი ადამიანი იყო, მაგრამ მამაკაცების მთელი ცხოვრება ეშინოდა. არ ენდობოდა. უკვე ღრმად მოხუცი წერდა, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რომ კაციც ადამიანიაო. თუმცა, მის ცხოვრებაში ნამდვილად იყო დიდი, მაგრამ ტრაგიკული სიყვარული - ალიოშა ჯაფარიძე.

ალიოშა ჯაფარიძე
ალიოშა ჯაფარიძე

ალიოშა მაშინ უკვე ცნობილი ალპინისტი იყო, ელენეზე 23 წლით უფროსი, ჭკუადამჯდარი და დაღვინებული. ელენე მასთან ერთად ხვამლის მთის ექსპედიციაში მონაწილეობდა. ალიოშა ძალიან შეუყვარდა. ჯაფარიძესაც მოსწონდა, ცოლობა სთხოვა. „მიმაცილა სახლამდე და რომ უნდა დამშორებოდა, მეგონა ხელს ჩამომართმევდა. მიმიზიდა და მაკოცა. მე ჩავიკეცე, მუხლებში ძალა გამომელია. როგორც ჩანს, მასაც შეეშინდა, შეკრთა“...

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ 1945 წელს ალიოშა ჯაფარიძე უშბაზე დაიღუპა. ელენემ ეს ამბავი თბილისში გაიგო. მთელი დღე ტირილით დადიოდა ქუჩებში. რაღაც დროის შემდეგ კი სამი დღის გაცნობილ კაცს გაჰყვა ცოლად, იმ იმედით, რომ გათხოვება ალიოშას დაავიწყებდა.

„თურმე როგორ ვცდებოდი. არ უნდა მიეძალო თავს. რამდენჯერ დამარწმუნა ცხოვრებამ, როცა ბედი არ გწყალობთ, თურმე უნდა შეურიგდე ამას და აღარ უნდა ეცადო ამის გამოსწორებას... რასაც ღმერთი არ მოგცემს იქვე უნდა დაუსვა წერტილი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ეს კანონზომიერება“ („მე და ჩემი სამყარო“).

ექსპედიცია ალიოშა ჯაფარიძის მონაწილეობით
ექსპედიცია ალიოშა ჯაფარიძის მონაწილეობით

ამ ქორწინებაში შეეძინა გოგონა, მანანა, რომელმაც მხოლოდ სამიოდე წელი იცოცხლა. მაშინ ისევ სოფელში ცხოვრობდნენ, ბავშვს დიფთერია შეხვდა. ელენემ ქმარი ექიმის მოსაყვანად გაგზავნა, ის კი სახლში უექიმოდ, სურსათით დატვირთული დაბრუნდა, სტუმრები მოვლენ და დატრიალდიო. „ერთ ქეიფს გადააყოლა ჩემმა ქმარმა მთელი ცხოვრება“, წერდა ელენე. ამის შემდეგ ცოლ-ქმარი მალევე გაშორდა.

1952 წელს ელენე ჭიათურიდან ისევ თბილისში ჩამოვიდა. შვილმკვდარსა და ქმარგაცილებულს არც სახლი ჰქონდა, არც ფული, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, ჩემი დაუდგომელი ბუნება მიქადდა კარგ მომავალსო.

ჯერ კიდევ 9 წლისამ, ბებიას უთხრა, კაცი თუ ნამდვილი ადამიანი უნდა დადგეს, ყველანაირი გაჭირვება უნდა გამოცადოსო. მას შემდეგ ამ ჭარმაგ ადამიანს უკეთესი ვერაფერი მომიფიქრებიაო, - წერდა უკვე ასაკოვანი, „როგორც ჩანს 9 წლის ასაკში ადამიანი უკვე ჩამოყალიბებულია, მას შემდეგ ჭკუა კი არ ემატება, მხოლოდ გამოცდილება და ცოდნა“.

მთელი თავისი შემდეგი ცხოვრება ელენე აბაშიძემ მეცნიერებას მიუძღვნა. ჰიდროგეოლოგია, ჰიდროინჟინერია, სპელეოლოგია, საინჟინრო გეოლოგია. ეს ის სფეროები იყო, რომლებსაც იკვლევდა და ექსპერიმენტებს ატარებდა. 100 ათასზე მეტი ექსპერიმენტი ჩაატარა. საღამოს სახლში კირქვაში ამოთხვრილი ტანსაცმლით რომ ბრუნდებოდა. ავტობუსში მგზავრები ერიდებოდნენ. თავად დიდად არ ედარდებოდა, ექსპერიმენტების შედეგებით იყო კმაყოფილი.

„ბეწვის ოდენა ნაპრალი 50 წლის განმავლობაში გადიდდება 2,5 სანტიმეტრით. იცით რა არის ეს? წყალსაცავის ფუნდამენტში უამრავი ბეწვისოდენა ნაპრალია. თითოეული რომ ასე გადიდდება, რა მოელის წყალსაცავს?“ - ასე აუხსნა ჟურნალისტს თავისი კვლევების შედეგები.

„ელენე აბაშიძემ ახლებურად ახსნა კარსტული პროცესები. თავისი კვლევებით ეჭვი შეიტანა ხსნადობის უკვე არსებულ თეორიაში. ახალი მიდგომები წარმოადგინა. მაშინ ამას დიდი დისკუსია მოჰყვა. 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ჰქონდა დაწერილი. წელიწადში მინიმუმ 3-4 ნაშრომი უნდა გამოაქვეყნო, რომ ასეთი მემკვიდრეობა დატოვო. თუმცა, ის ძალიან ინტენსიურად მუშაობდა ახალგაზრდებთან და ბევრი რამ მათთან ერთად გააკეთა.

ამერიკის საერთაშორისო გეოგრაფიულმა ინსტიტუტმა ელენე აბაშიძე ორჯერ დაასახელა წლის ქალ მეცნიერად, 1998 და 2003 წლებში“, - ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ელენე აბაშიძე ტოლები იყვნენ. ერთი 1922 წლის იანვარში დაარსდა, მეორე 1922 წლის მარტში დაიბადა. 2022 წელს 100 წელიც ერთად შეუსრულდათ და ორივემ აღნიშნა.

ამ იუბილემდე 2 წლით ადრე, ელენე აბაშიძე წერდა: „როგორ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ ამ წლოვანებაში, სწორედ ახლა შევძელი დამეწყო, საკუთარი ცხოვრების (და არა დისერტაციების) მოწყობაზე ფიქრი... მთელი ცხოვრების მანძილზე მე მხოლოდ ვარსებობდი და არ ვცხოვრობდი. მადლობა ღმერთს, რომ ახლა, არსებობის დასასრულს შევძელი, რომ თუნდაც რამდენიმე წელი ვიცოცხლო ცხოვრებისთვის და არა საქმისთვის“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG