Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კაბინაში ფოტოს უღებენ ბიულეტენს ან გამოდიან და ხმამაღლა აცხადებენ ვის მისცეს ხმა"


ელენე ნიჟარაძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
ელენე ნიჟარაძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ 9 ივნისს მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის დროს ხმის პარალელური დათვლის შედეგი ერთი-ერთზე ემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს. ორგანიზაციის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ყველა საარჩევნო უბანზე. ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ელენე ნიჟარაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა:

„გუშინდელ დღეს არ ველოდით განსაკუთრებულ, დიდი მასშტაბის დარღვევებს. ყველა საარჩევნო უბანზე ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა კენჭისყრა. სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა უბნის გარეთ იყო ფიზიკური დაპირისპირება და როგორც მოვისმინეთ, აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიებაა დაწყებული. დანარჩენი შემთხვევებში ჩვენს დამკვირვებლებს არსებითი ხასიათის დარღვევები არ გამოუვლენიათ არც კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით და არც შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით“.

ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნების 3.2%-ზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა:

„ეს არის ხმების პარალელური დათვლით გამოვლენილი დარღვევა. ზოგადად, ბოლო წლებში ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემა ვლინდება. სამწუხაროდ, უკვე ხშირად გვხვდება ისეთი ფაქტები, როდესაც ან კაბინაში ფოტოს უღებენ ბიულეტენს, ან გამოდიან და ხმამაღლა აცხადებენ ვის მისცეს ხმა.

არის კიდევ ასეთი ძალიან პრობლემატური დარღვევა, რომელიც ვლინდება ხოლმე ხმის დათვლის დროს, როცა ბიულეტენებზე გარკვეული აღნიშვნებია გაკეთებული. პირის ინიციალებია მიწერილი ან მინიშნებაა გაკეთებული. მაგალითად, პირველ ტურზეც გვქონდა ასეთი შემთხვევები, როცა ერთ-ერთ უბანზე რამდენიმე ბიულეტენზე მსგავსი მინიშნებები იყო გაკეთებული, რაც გარკვეულ ეჭვებს წარმოქმნის. წარმოუდგენელია რამდენიმე ამომრჩეველს ერთროულად გასჩენოდა მოსაზრება, რომ ერთნაირი აღნიშვნა გაეკეთებინა ბიულეტენზე. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რაღაც მითითება ჰქონდათ მიღებული, რომ მერე იდენტიფიცირება მომხდარიყო ვის მისცეს მათ ხმა.

სამწუხაროდ, ასეთი რამ ითვლება ჩვეულებრივ ბიულეტენად

იყო შემთხვევა უბნის ბათილობაც კი მოვითხოვეთ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა“.

ISFED-ი ყველა არჩევნების წინ ცდილობს ამომრჩეველს აუხსნას, რომ მათი არჩევანი კონფიდენციალურია და ვერავინ მიხვდება ან გაიგებს ვის მისცეს ხმა:

„როგორც ჩანს, გარკვეულ შემთხვევებში ასეთი დაშინების მეთოდები მაინც მუშაობს და ამომრჩეველს აქვს ეს განცდა, რომ მას აკონტროლებენ, რაც ზოგადად შეიძლება იმასაც მიუთითებდეს, რა გარემოა ქვეყანაში, რომ ამომრჩევლები თავს დაცულად არ გრძნობენ და არ აქვთ იმის განცდა, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არის დაცული და არავის მიუწვდება მასზე ხელი“.

ელენე ნიჟარაძე ლაპარაკობს ბათილი ბიულეტენების პრობლემაზეც. მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში 4% შეადგინა:

„ყველა არჩევნებზე დგას ხოლმე საკითხი, რითაა გამოწვეული ამდენი ბათილი ბიულეტენი. სამწუხაროდ, შეუძლებელია ამის განსაზღვრა, რა არის ხოლმე ამის მიზეზი. როცა უბანზე ძალიან დიდი რაოდენობაა ბათილი ბიულეტენების, ვითხოვთ ხოლმე კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას, თუმცა, აქ გვაქვს ის პრობლემა, რომ საოლქო კომისიები ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებენ. ამიტომ შესაბამისად იმის დადგენა, რამდენად რეალური იყო, რომ მართლა ამდენი ამომრჩეველი მივიდა და ყველა კანდიდატი გადახაზა, ან ბიულეტნში არ იკითხებოდა ამომრჩევლის ნება და არა ის, რომ უსაფუძვლოდ მოხდა გაბათილება, ამის განსაზღვრა არ ხდება“.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG