Accessibility links

ემიგრაციის მანიფესტი - Liberty, Libertad, Liberdade, La Liberté...


ავტორი: ქეთი ბარამიშვილი

ისინი დაბრუნდებიან,

უცხო ტომების მიწებიდან. დაუბრუნდებიან მიწის ერთ პატარა მტკაველს, რადგან მათ ფესვებში კოდირებული რეფლექსები სწორედ ამ მიწაზეა ორგანულად მიჯაჭვული.

დაბრუნდებიან ალბათ მაშინ, როცა მათი თავისუფლება ნებაყოფლობით მორჩილებას მონობაში დაამარცხებს. ან მაშინ,როცა მათი პრივილეგირებული მანდატი ამოწურავს ყველა ადამიანურ რესურსზე უფლებამოსილებას.

დიახ, ისინი ემიგრანტები არიან. სამშობლოს მძევლები უცხო ქვეყანაში, ბედისმაძიებელი მომთაბარე მარტოსულები. გნებავთ, თავისუფლებასთან წილნაყარი მანიფესტანტები.

Liberty, Libertad, Liberdade, La Liberté...

გამარჯობა, სამშობლო

უკვე მესამე ათწლეულია, საქართველო ემიგრაციის ქვეყნად გადაიქცა. თანამედროვე მსოფლიოს ცირკულარული მიგრაციის პირობებში, თითქმის შეუძლებელია ქვეყნიდან ემიგრირებული მოსახლეობის მართვა და კიდევ უფრო რთულია მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა. არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოდან შრომითი მიგრანტების რაოდენობა ერთ მილიონ ადამიანს აჭარბებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ჯერ კიდევ 1989-2014 წლებში, ემიგრაციის შედეგად მოსახლეობის რაოდენობა 1.7 მილიონით იყო შემცირებული.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრანტი 2018 წელს დაფიქსირდა. ამავე წელს, ევროკავშირის ქვეყნებში გამოვლინდა არალეგალი ქართველების ყველაზე მეტი რაოდენობაც. ვინაიდან არალეგალური მიგრაცია აბსოლუტურად უმართავი პროცესია, შესაბამისად არც არსებობს ზუსტი და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, სადაც ამ ადამიანთა აღრიცხვა მოხდება. 2015 წლიდან გაზრდილია ევროპაში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც.

ვერავინ ვერსად და მით უმეტეს, საქართველოში ვერ იდგება ამ რეალობის მიღმა. რეალობის ამსახველი იმ შემაშფოთებელი სტატისტიკის მიღმა, რომელიც რიცხვებში ასახავს ქართველების მიერ თვითგადარჩენისთვის მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების უკან კონკრეტული სახელები და გვარებია, რომელთა იდენტობაც იქ, უცხოეთში მხოლოდ ერთი სიტყვით დასტურდება - ემიგრანტი.

რა ვუყოთ მერე, რომ მათ რაოდენობას რიცხვებშიც კი ვერ ვითვლით? ან რა მოვუხერხოთ ქვეყანას, რომლის ყველაზე გამბედავი, ძლიერი და ნიჭიერი ქართველი თავისი ქვეყნის საზღვრებს გასცდა.

ეს მათი ცნობიერი არჩევანია - არჩევანი, რომელმაც 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს ყველა მეორე ოჯახი გაჭირვებას გადაარჩინა, ყველა მეორე ბავშვი კი შიმშილისგან იხსნა.

Liberty, Libertad, Liberdade, La Liberté...

დიახ, მათ იციან თავისუფლების ფასი. იმ თავისუფლების, დაღლილმა ხელებმა რომ მოიპოვეს უცნობი მოხუცების მოვლით. იმ თავისუფლებისაც, თვალთან მომდგარმა ცრემლებმა რომ გაყიდეს საკუთარის ნაცვლად სხვისი შვილების ალერსისას. ყველაზე მძიმეა ასე მოპოვებული თავისუფლების ტარება - როცა დარდში გატარებული წლები მდუმარე მანიფესტანტივით მოხრილი ზურგით დაგაქვს.

ემიგრანტები სხვა სამყაროს ეკუთვნიან. სხვა ერების, სხვა ცივილიზაციების, სხვა მიწის შვილების გამოწვევებს უპირობოდ იღებენ და თანხმდებიან. სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური სტაბილურობის ერთადერთ მყარ, საიმედო და სტაბილურ გარანტორებს. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მარტივ-მამრავლებლად დაშლილები და გაფანტულები, ყოველთვიურად, ფულადი გზავნილების სახით ხარკს უხდიან საკუთარ სამშობლოს.

ექსპერტთა დათვლით, შრომითი ემიგრანტები საქართველოში ყოველწლიურად მინიმუმ 500-800 მილიონ აშშ დოლარს აგზავნიან. ბოლო ოთხ წელიწადში უცხოეთიდან შემოსული ფულადი ზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. 2018 წელს კი ფულადი გზავნილების ოდენობამ 200 მილიონით გადააჭარბა ამავე წელს განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

და მაინც, რას გვაძლევს ექსელის ცხრილში გამოსახული ეს ციფრები, როცა ყველამ ვიცით, რომ ქვეყნის ბიუჯეტი წლიდან წლამდე ემიგრანტების დაღვრილი ცრემლით და ოფლით არის შევსებული.

დღეს ისინი წერენ საქართველოს ისტორიას. ზუსტად ისე, როგორც მე-19 საუკუნეში შავი ზღვის ნავსადგურებთან დაწყებული მუჰაჯირობა იწერებოდა. ზუსტად ისე, როგორც ისტორიული ლაზეთის და ჰერეთის მიწაზე „ჩვენებურების“ ამბავი იწერებოდა...

და სადაც უნდა წავიდნენ, თან წაიღებენ თავისი ქვეყნის ამბავს, როგორც ოთხასი წლის წინ ფერეიდანში მიმავალ 200 ათას დატყვევებულ ქართველს მიჰქონდა.

და სადაც უნდა იყვნენ, იქ დაიტევენ სამშობლოდან გამოყოლილ სევდას, როგორც 1921 წელს, 130 ათას ფრანკად ნაყიდ 5 ჰექტარ ლევილის მიწაზე თავშეფარებულმა ქართველმა დაიტია.

თავისუფლებისთვის!

Liberty, Libertad, Liberdade, La Liberte…

გამარჯობა, სამშობლო.

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია);

ქართველი ემიგრანტების როლის გაძლიერება საქართველოში (ERGEM) პროექტი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG