Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ხალხის ორი ისტორია


ავტორი: მარიამ ღურწკაია

ქართველი მისჩერებია საქართველოს ისტორიულ სურათს და გულში იმეორებს სიტყვებს:

„ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,

ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.“

ეს ისტორიაა! ფაქტია! ვინ იცის აისახება თუ არა „დიდი საქართველო“ ისევ მსოფლიო რუკაზე.

2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წელი შესრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უკავშირდება თერგდალეულთა თაობას, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში. სწორედ მათ შექმნეს დამოუკიდებლობის მიღებისთვის საფუძველი – დაიწყეს განმანათლებლური იდეების გავრცელება და ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, თუმცა ამ ბედნიერებამ მხოლოდ სამი წელი გასტანა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველო. მოსკოვს, თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის შეთანხმებით (ყარსის ხელშეკრულების პირობებით) დავკარგეთ ისტორიული სამხრეთ საქართველოს უმეტესი ნაწილი (რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია). სწორედ აქედან იწყება ერთი ხალხის (ლაზების) ორი ამბავი.

სოფელი სარფი ორად გაიყო: „ქართული სარფი“ და „თურქული სარფი“. გასულ წელს პირველად აღმოვჩნდი ლაზეთში. ჩემთვის განსაკუთრებით რთული აღსაქმელი აღმოჩნდა ის კონტრასტი, რომ „გაღმა სოფელს მოლა აღვიძებს“ გამოღმას კი – ზარების ხმა. სოფლისთვის, რომელიც ოდესღაც ერთიანი იყო სხვადასხვა ისტორია დაიწყო. აივნიდან უყურებ წითელ ზოლს, რომელიც გემუქრება: ამის აქეთ ვერ გადმოხვალ! არადა სულ რამდენიმე ნაბიჯი გაშორებს შენს მიწას. გული გწყდება, მაგრამ ხვდები, რომ ვერაფერს შეცვლი. 1921 წლიდან „რკინის ფარდა“ დაეშვა ორად გაყოფილ სარფს შორის და ერთმანეთს დააშორა ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. „ვინ იცის რაზე ოხრავს ალი – გაღმა დარჩენილ ბიძებზე, ბიძაშვილებზე, მშობლების საფლავებზე და ძვლებზე თუ ლაზეთზე... არავინ არ იცის, რაზე ოხრავს ალი ხორავა, იმიტომ, რომ არასდროს არავის არაფერს ეუბნება. ერთი კია, რომ ოხრავს ხოლმე, ალბათ, ყველაფერზე ერთად ოხრავს ალი“ (ნოდარ დუმბაძე „ნუ გეშინია, დედა!“).

გადალახავ თუ არა საზღვარს თანამოძმის ძახილი მოგეგებება „შენ ძველო სისხლო ჩემო“ და გაუწყებს თაობათა გულისთქმას – ერთობას, მონატრებას... დაწყვეტილი გული ჩუმად იმეორებს: ეს შენი მიწაა! ეს შენი მიწაა! გაფაციცებული იყურები იქნებ სადმე ყური მოკრა ლაზურ საუბარს, რამე „შენებურს“, მაგრამ საპირისპირო სურათს ხედავ, თუ როგორ ასახულა უცხო ქვეყნის კულტურა შენს მიწა-წყალზე. ოხრავს საქართველო! დღეს ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ დიდ სევდასა და გაუსაძლის მოლოდინს მოუცავს მისი გული. ეს საკუთარი ნაწილის დაბრუნების, ერთიან სხეულად ქცევის მოლოდინია. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ერთ დღესაც საქართველო თავს დააღწევდა მონობას და „დამოუკიდებლად სუნთქვას“ დაიწყებდა, ასეც მოხდა, ასი წლის წინ გალაღებული დროშა აფრიალდა საქართველოს თავზე (ვიცით ეს რის ფასად დაგვიჯდა). დღეს მე კი მინდა მწამდეს დამოუკიდებელი ქვეყნის გამთლიანების! ერთი შეხედვით ბანალურად ჩანს ქვეყნის გამთლიანების შესახებ მსჯელობა, მაგრამ ასე არ არის. იმიტომ, რომ ვნახე და ვიგრძენი წითელი ზოლით გაყოფილი სამშობლო. ნანახმა სურათმა, გამიორმაგა ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ ჩემი „წილი“ დავდო ქვეყნისთვის. თითოეულმა ქართველმა, ყოველმა თაობამ უნდა იგრძნოს ეს ვალდებულება და აღასრულოს საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე. ისევ ოპტიმისტურ განწყობას შევინარჩუნებ და ვიტყვი, რომ დრო გაითვალისწინებს რა ჩვენს ღირსეულ ქმედებებს შესაბამისად წარმართავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩრდილოელი მეზობელი იმპერიის ზრახვებს შეწირული, „შაგრენის ტყავივით“ დაპატარავებული ჩვენი სამშობლოსთვისაც გამოანათებს „გამთლიანების მზე“.

ვინ იცის დღესაც როგორ ოხრავს ვინმე ლაზი „გამოღმა“ სარფისკენ როცა გამოიხედავს, იქნებ ასე: „შენი ფესვები იქ არის, საქართველოში“. ვინ იცის სარფელების გულში ადიდებული ზღვა როგორ ღელავს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG