Accessibility links

site logo site logo

ეუთო სახიფათოდ მიიჩნევს რუსეთის „უჩვეულო“ სამხედრო აქტიურობას


ეუთოს დამკვირვებლები და უკრაინის მესაზღვრეები კიევის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ლუგანსკში.

ეუთოს წევრი სახელმწიფოები სახიფათოდ მიიჩნევენ რუსეთის სამხედრო ძალების „უჩვეულო მასშტაბის“ კონცენტრაციას დროებით ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის მახლობლად, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთოს 10 აპრილის შეხვედრის ანგარიშში, რომელიც რადიო თავისუფლების რედაქციამ საკუთარი წყაროებით მოიპოვა.

უკრაინასა და მის გარშემო განვითარებული საგანგაშო ვითარების გამო, კიევის თხოვნით ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გაიმართა. უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც მარტის ბოლოს საერთაშორისო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის საზღვართან და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის დიდი სამხედრო ძალების გადასროლის შესახებ, შიშობს, რომ აპრილის ბოლოსთვის მოსკოვს სერიოზული პროვოკაცია უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული.

„უკრაინა აღნიშნავს, რომ, ამ მოვლენების გათვალისწინებით, ყირიმსა და მისი საზღვრის მახლობლად განლაგებულმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა სერიოზულ სამხედრო პროვოკაციებს მიმართონ 2021 წლის განმავლობაში. სავარაუდოდ, ეს შეიძლება მოხდეს აპრილის ბოლოსთვის“, - ნათქვამია ეუთოს დოკუმენტში.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ვიდეოკონფერენციის სახით გამართულ შეხვედრაში თავდაპირველად იგეგმებოდა რუსეთის წარმომადგენლის მოსმენაც, მაგრამ მოსკოვმა საერთშორისო შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მხოლოდ წერილობით აცნობა ვენას, რომ „იგი არ ატარებს ისეთი მასშტაბის სამხედრო წვრთნას, რაც, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომების (CSBM) თაობაზე 2011 წლის ვენის შეთანხმების თანახმად, წინასწარ ინფორმირებას საჭიროებდეს“. მეტიც, ის, რასაც უკრაინა და კოლექტიური დასავლეთი ვითარების სახიფათო ესკალაციად აცხადებენ, მოსკოვის აზრით, მხოლოდ „ჩვეულებრივი საბრძოლო მომზადებაა“.

მაგრამ მოსკოვის ამ ფიცის არ სჯერა უკრაინას, რომელიც, თავის მხრივ, სერიზულად ემზადება რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკრაინაში დაიწყო ყველა საბრძოლო გამოცდილების მქონე მოქალაქის სარეზერვო შეკრება. სამი კვირის წინ საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა ასევე უკრაინაში მოქმედ ქართველ მოხალისეთა დანაყოფ „ქართულ ლეგიონშიც“.

ტრაგედიით მანიპულირება

მაშინ, როდესაც მოსკოვი ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულსა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი დონბასის მახლობლად თავისი ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კოცენტრაციაში, რუსული პროპაგანდა ამ დღეებში უკრაინის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის უკონტროლო ტერიტორიებზე კონტროლის ძალისმიერი გზით აღდგენის სამზადისზე საუბრით არის დაკავებული.

ამის დასტურად კრემლის პროპაგანდა ასახელებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის გადაადგილებას აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტისპირა ტერიტორიაზე, უკრაინის არმიაში საგაზაფხული სამხედრო გაწვევის დაწყებას, სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოულოდნელ ჩასვლას ფრონტის ხაზზე, დასავლელი ინსტრუქტორების მონაწილეობას უკრაინის არმიის რეფორმირებისა და წვრთნის პროცესში და უკრაინის არსენალში დასავლური შეიარაღების, მათ შორის თურქული წარმოების დიდი სიშორის დამრტყმელი უპილოტო თვითმფრინავ „ბაირახტარის“ (Bayraktar) გამოჩენას.

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხები და ჰიბრიდული ძალების მედიარესურსები ამ დღეებში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სწორედ უკრაინული უპილოტო თვითმფრინავის იერიშს აბრალებენ ოკუპირებულ დაბა ალექსანდროვსკში დატრიალებულ ტრაგედიას. იქ 2 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურმა წყაროებმა ბავშვის სიკვდილში დაადანაშაულეს უკრაინის არმიის უპილოტო თვითმფრინავი, რომელმაც, მათი მტკიცებით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო აღნიშნულ დასახლებულ პუნქტში. ამ ტრაგედიით ყოველდღიურად მანიპულირებენ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებები და ე. წ. თოქ-შოუები.

რადიო თავისუფლების პროექტ „დონბას რეალიის“ მიერ ჩატარებული გამოძიება ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

  • უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში (ასე უწოდებს უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ზონას აღმოსავლეთ უკრინაში. რედ.) უკრაინის არმიას ჰყავს მხოლოდ 5 კმ-ის სიშორეზე მფრინავი უპილოტი თვითმფირინავები;
  • დაბა, სადაც 2 აპრილს ბავშვი დაიღუპა, ფრონტის ხაზიდან დაშორებულია 15 კილომეტრით;
  • ამ მანძილზე მოქმედება შეუძლია თურქული წარმოების დამრტყმელ უპილოტო თვითმფრინავ „ბაირახტარს“, რომელიც უკრაინამ შეიძინა თურქეთისგან;
  • მაგრამ, უკრაინული სარდლობის ცნობით, აღნიშნული კლასის დრონი არ გამოიყენება გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში. თანაც, „ბაირახტარის“ სიმძლავრის დამრტყმელი უპილოტო აპარატის იერიში ძალიან დიდ ნგრევას და მსხვერპლს გამოიწვევდა, რისი დამამტკიცებელი საბუთები რუსეთის ჰიბრიდულ ძალებს არ წარმოუდგენიათ ეუთოს მონიტორინგის მისიისათვის.

„რაც შეეხება უფრო სერიოზულ ჩვენს უპილოტო თვითმფინავებს, -პდ1, პდ 2, „რეივანის“, „მარი“ და „ფურიის“ ტიპის დრონებს, -აღნიშნული უპილოტო აპარატები ატარებენ საბრძოლო აღჭურვილობას და მათი დანიშნულებაა აეროფოტოდაზვერვა და ცეცხლის კორექტირება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტარას ჩმუტმა, დირექტორმა ფონდისა „დაბრუნდი ცოცხალი“ (Повернись живим).

სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ამ დროისთვის კრემლში არ ფლობენ გადამოწმებულ ინფორმაციას ბავშვის დაღუპვის შესახებ, მაგრამ მოსკოვს ეჭვი არ ეპარება „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დაჯგუფების ინფორმაციაში.

„ძნელი წარმოსადგენია, რომ ბავშვის გარშემო რაიმე ფეიკს ქმნიდნენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბავშვის დაღუპვაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მის სიკვდილში რუსეთი უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების შეიარაღებული ამბოხის შემდეგ დაწყებული კონფლიქტის შედეგად 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. იუნისეფის ცნობით, 2014 წლიდან დღემდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად 42 ბავშვი დაიღუპა და 144 დაიჭრა. ფონდში აღნიშნავენ, რომ ბავშვები ხშირად აგროვებენ სახიფათო საგნებს, რომლებიც სათამაშო ჰგონიათ.

ნდობა და უნდობლობა

ეუთოში არსებობს ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომების (CSBM) თაობაზე 2011 წლის ვენის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფო ვალდებულია გაასაჯაროოს მეზობელი ქვეყნის საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნის დანიშნულება, მასში მონაწილე პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის რაოდენობა, მანევრების ზუსტი ადგილი, ზუსტად მიუთითოს მისი დაწყებისა და დამთავრების თარიღი.

მაგრამ, ამ საერთაშორისო ვალდებულების მიუხედავად, ეუთოს წევრმა რუსეთმა 10 აპრილს უარი განაცხადა მიეწოდებინა საერთაშორისო ორგანიზაციისათვის ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც გაფანტავდა იმ ეჭვებს, რომელთაც კიევისა და მის დასავლელ პარტნიორებში აღძრავს რუსეთის მოულოდნელი სამხედრო აქტიურობა, რაც, დიდი ანგარიშით, სამხედრო აგრესიისათვის სამზადისს უფრო წააგავს.

ეუთოს სხდომის დოკუმენტში დეტალურად არის ჩამოთვლილი, თუ რა ძალას მოუყარა თავი რუსეთმა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში დროებით ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სწორედ მშფოთვარე დონბასის მახლობლად:

  • ანექსირებულ ყირიმში მიმდინარე სამხედრო სწავლების შემდეგ ნახევარკუნძულზე დაიდო ბინა და დისლოკაციის ადგილზე, ნოვოროსიისკში, აღარ დაბრუნდა რუსეთის მე-7 საჰაერო-სადესანტო დივიზია;
  • იზრდება რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობა უკრაინა-რუსეთის ფედერაციის საზღვრის გასწვრივ, ხოლო ანექსირებულ ყირიმში 41 ათასს აღწევს რუსეთის ჯარების შეტევითი დაჯგუფების რაოდენობა;
  • უკვე არსებულ 28 ტაქტიკურ ბატალიონს რუსეთი გეგმავს დაუმატოს კიდევ 26 ტაქტიკური ბატალიონი;
  • 5 აპრილისათვის მოსკოვმა უკვე დაასრულა 12 ტაქტიკური ბატალიონის გადასროლა ანექსირებულ ყირიმში.

დაფარულნომრიანი რუსული სამხედრო ტექნიკის უკრაინის საზღვართან გადასროლის შესახებ ახალი მტკიცებულებები გამოაქვეყნა საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team, რომლის თანახმად, ანექსირებულ ყირიმში რუსეთიდან ჩაიყვანეს ელიტური ფსკოვის სადესანტო დივიზიის რამდენიმე ბატალიონი.

გარდა ამისა, 2021 წლის მარტის შუა რიცხვებში რუსეთის არმიამ ყირიმის პოლიგონ „ოპუკზე“ ორი ბატალიონისა და არტილერიის მონაწილეობით გამართა წვრთნა საჰაერო და საზღვაო დესანტირების ამოცანის შესასრულებლად, წვრთნის დასრულების შემდეგ კი სამხედრო ქვედანაყოფები დარჩნენ პოლიგონის რაიონში და სულ მალე მათ კიდევ 5 ბატალიონი დაემატა.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია, თავისი ჯარების ზამთრის პერიოდის სასწავლო შემოწმებისა და სტრატეგიული დონის წვრთნის, „დასავლეთი 2021“-ისთვის მზადების სარჩულით, რუსეთის მთელი ტერიტორიიდან საბატალიონო-ტაქტიკურ ჯგუფებს უყრის თავს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქებში და დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა რუსლან ხომჩაკმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

ისტორიული პარალელი: სლავიანსკის ტრაგედიის მე-7 წლისთავი

შექნილ ვითარებაში უკრაინის შეშფოთება გაიზიარა ეუთოს საგანგებო შეხვედრაში მონაწილე ყველა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე პორტუგალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა. ვაშინგტონის წარმომადგენელმა გაიხსენა 2014 წელი, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის პარალელურად რუსეთმა მაშინაც მოულოდნელი წვრთნა წამოიწყო უკრაინის საზღვართან.

„აშშ აღნიშნავს, რომ, ვენის შეთანხმების მე-16 პუნქტის შესაბამისად, უკრაინის მიერ გაგზავნილ შეკითხვაზე 2014 წელს რუსეთის ფედერაციამ ანალოგიურად არ წარმოადგინა ამომწურავი ინფორმაცია უკრაინის საზღვართან თავისი უჩვეულო სამხედრო მოქმედების შესახებ და ანალოგიურად თქვა უარი მონაწილეობა მიეღო უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაში სიცხადის შეტანის მიზნით დაგეგმილ შეხვედრაში. ამიტომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის ჩაუბმელობა დიალოგში, რომელიც დაამშვიდებდა მის მეზობელ უკრაინასა და ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოს. აშშ-ის აზრით, გამჭვირვალობის უქონლობა მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ არის წინასწარ დაგეგმილი და რუტინული სამხედრო წვრთნა“, - ნათქვამია ეუთოს 10 აპრილის დოკუმენტში.

სხვათა შორის, 12 აპრილს შესრულდება ზუსტად 7 წელი რუსეთის ჰიბრიდული ძალების მიერ ქალაქ სლავიანსკის აღებიდან.

პრორუსულმა ძალებმა, რომლებსაც ცნობილი რუსი ოფიცერი, იგორ გირკინი (სტრელკოვი), ხელმძღვანელობდა, შტურმით დაიკავა ქალაქ სლავიანსკის პოლიციისა და ადმინისტრაციის შენობა.

შვიდი წლის განმავლობაში რუსეთი უარყოფს უკრაინის ქალაქების ხელში ჩაგდებაში თავის მონაწილეობას და აცხადებს, რომ დონბასში შესაძლოა რუსი მოხალისეები მოქმედებდნენ. მაგრამ უცხოელმა და უკრაინელმა დამკვირვებლებმა რუსეთის მონაწილეობის არაერთი ფაქტი გამოააშკარავეს: დადგენილია დონბასში მეომარი 2 000 რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა, მათგან ბევრს მინიჭებული აქვს რუსეთის სახელმწიფო ჯილდოები, აღმოჩენილია და იდენტიფიცირებულია რუსეთის არმიის კუთვნილი 50 ტიპის იარაღი, ფაქტებით არის დადგენილი, თუ რა სახის საარტილერიო სროლები განხორციელდა რუსეთის ტერიტორიიდან, ხოლო უკრაინის საგამოძიებო ორგანოებს აღძრული აქვთ სისხლის სამართლის საქმეები იმ რუსი ოფიცრებისა და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ქალაქ მარიუპოლის დაბომბვასა და ასევე მონაწილეობდნენ ადამიანების წამებაში.

რისთვის ემზადება „ქართული ლეგიონი“?

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და ილოვაისკის და დებალცევოს მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად დამატებითი პირადი შემადგენლობითა და ტექნიკით გააძლიერა უკრაინის თავდაცვითი ხაზი აღმოსავლეთ უკრაინაში.

8 აპრილს უკრაინის დამცველთა მოსანახულებლად და გასამხნევებლად ფრონტის ხაზზე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების წარმომადგენლები მოწინავე პოზიციებზე ჩამოდიოდნენ.

როგორც ეუთოს 10 აპრილის სხდომაზე ითქვა, უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ აპრილის ბოლოსთვის მოსკოვს სერიოზული პროვოკაცია უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული.

რუსეთის ჰიბრიდული ძალების შესაძლო პროვოკაციის შესაჩერებლად უკრაინის ხელისუფლებას ახლახან მიღებული კანონი დიდი რეზერვის მობილიზების შესაძლებლობას აძლევს. ცოტა ხნის წინ საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ქართველ მოხალისეთა ქვდანაყოფ „ქართულ ლეგიონში". მისმა მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ხელქვეითები ამჟამად აქტიურ წვრთნას გადიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფის შემადგენლობაში, მაგრამ, ბრძანების მიღების შემთხვევაში, „ქართული ლეგიონი“ ერთად შეიკრიბება აღმოსავლეთ უკრაინაში კონკრეტულ უბანზე საბრძოლო დავალების შესასრულებლად.

„საბრძოლო მზადყოფნაში ჩვენ მოგვიყვანეს, დაახლოებით, სამი კვირის წინ. პირადი შემადგენლობა შეიკრიბა და ეს სამი კვირა მიმდინარეობს წვრთნები საველე პირობებში. ჩვენი ბიჭები გადანაწილებული არიან უკრაინულ საბრძოლო ბრიგადებში და ამ ბრიგადებს წარმოადგენენ. მაგრამ თუ მოხდება დაპირისპირება [მოწინააღმდეგესთან], მაშინ დაიწყება და უკვე დაწყებულიცაა აშშ-ში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში მიმოფანტული ჩვენი წარმომადგენლების კონცენტრაცია და ყველანი ერთად უკვე ერთ მონაკვეთზე მოვხვდებით საბრძოლო დავალების შესასრულებლად ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურასთან ერთად, რომელიც არ მინდა, რომ ახლა დავასახელო“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

მაგრამ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის პირისპირ უკრაინა მარტო არ არის.

დასავლელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ მზად არიან დაეხმარონ უკრაინას რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა 1 აპრილს, უკრაინელ კოლეგა ანდრეი ტარანთან სატელეფონო საუბრის დროს.

მეორე დღეს, 2 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას.

თეთრი სახლის თანახმად, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა აშშ-ის „უცვლელი“ მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის ფონზე.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის მცდელობასა და უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების გადაადგილებას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი, რომელმაც

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, 19 აპრილს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის, ცნობით, დმიტრო კულებამ მადლობის წერილი გაუგზავნა ევროკავშირს და, თავის მხრივ, მოუწოდა ევროპელ კოლეგებს, რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდნენ დონბასის კონფლიქტის ზონაში, რათა თვალნათლივ დარწმუნდნენ იქ არსებულ დაძაბულობაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულმა მხარეებმა მრავალჯერ - სულ ბოლოს კი 2020 ივლისს - მიაღწიეს ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ, სინამდვილეში, ძალადობა დონბასში არასოდეს შეწყვეტილა. ზუსტად შარშან, ზავის გამოცხადების შემდეგ, უკრაინამ დონბასში 50 მებრძოლი დაკარგა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში განაცხადა, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის სამ თვეში აღმოსავლეთ უკრაინაში მოწინააღმდეგის სროლების შედეგად 26 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული წყაროები კი, თავის მხრივ, 2021 წლის განმავლობაში 20 მებრძოლის დაღუპვის შესახებ იუწყებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG