Accessibility links

ექიმები რისკ-ზონიდან: „აღარ უნდა დავუშვათ მედპერსონალის ინფიცირება“


რეზი მეჭურჭლიშვილი ინფექციური საავადმყოფოს ექიმია. სამუშაო საათებს აღარ ითვლის. მორიგეობას თუ არ ჩავთვლით, ყოველ დღე, დილით მისული, ღამის თორმეტ - პირველ საათამდე რჩება კლინიკაში. მორიგეობის დღეებში - მეორე დილამდე. თვეზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობს. დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს. ცდილობს მათთან კონტაქტი ნაკლებად ჰქონდეს, იზოლირებულად იყოს ცალკე ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებთან მუშაობის პროცესში მაქსიმალურად იცავს უსაფრთხოების ნორმებს, ქვეცნობიერად მაინც ეშინია, მშობლებს ვირუსი არ მიუტანოს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, რეზის კორონავირუსით ინფიცირებულ არაერთ პაციენტთან ჰქონდა შეხება. ისიც შეიძლება ითქვას, რომ რეზი დღეს სხვა, რიგით ადამიანებზე უკეთ და ახლოს იცნობს ვირუსს, რომელმაც მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა:

„შიში? არა, შიშს ალბათ არა, ეს უფრო ღელვაა. პაციენტის ტესტის პასუხებს რომ ველოდებით ხოლმე, ერთი შეხედვით, მგონია, თითქოს არ ვნერვიულობ, მაგრამ უარყოფითი პასუხი რომ მოდის, ისეთ შვებას ვგრძნობ, თითქოს ვთავისუფლდები. ჩვენც, ექიმებს, როგორც მაღალი რისკის მქონე პირებს, პერიოდულად ტესტებს გვიკეთებენ. დავაკვირდი, მგონი, ჩემი ტესტის პასუხებზე უფრო ნაკლებ ვღელავ ხოლმე, ვიდრე პაციენტების“.

რეზი იღლება. ისევე როგორც, მისი კოლეგები. მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალი კლინიკაში ორ ცვლაში, დღის და ღამის ცვლაში მუშაობენ, რეზის თქმით, ისინი საათს აღარ უყურებენ:

„დღეს კლინიკა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. დღის ცვლა, როგორც წესი, 5 საათამდე მუშაობს, თუმცა, ისინიც გვიანობამდე რჩებიან. როგორ ვთქვა, რომ არ ვიღლებით, რა თქმა უნდა, ვიღლებით, თუმცა, ჯერჯერობით ისეც არ ვიღლებით, რომ ფეხზე დგომის თავი აღარ გვქონდეს. ფოტოები რომ ვრცელდება სხვადასხვა კლინიკიდან, მგონი ცოტა გადამეტებულია, მაგრამ არაუშავს, ალბათ ხანდახან პოზიორობაც შეიძლება“, - ამბობს რეზი.

მედპერსონალის გადაღლა სახელდება ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც, შესაძლოა, დაირღვეს მათი კონცენტრაცია და ვეღარ დაიცვან სათანადოდ ის წესები, რაც მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

კორონავირუსის მართვის პროცესში, მსოფლიოში ათასობით მედპერსონალი დაინფიცირდა. არიან დაღუპულებიც.

ჯამში 5 ექიმი და მედდა დაინფიცირდა კორონავირუსით საქართველოშიც, მათ შორის, სასწრაფოს უმცროსი ექიმიც. ამ ეტაპზე, დაზუსტებით არ არის ცნობილი, როგორ მოხდა მათი დაინფიცირება.

რეზი მეჭურჭლიშვილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, კლინიკებში არ არის მედპერსონალის სრული ეკიპირების დეფიციტი და თუკი ისინი ზედმიწევნით დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს, მაშინ ინფიცირების რისკი, ფაქტობრივად, მინიმუმია:

„ჩვენ კლინიკაში გამოყოფილი გვაქვს ე.წ. სუფთა ზონა, სადაც ვერ ხვდება ვერც პაციენტი და ვერც ეკიპირებული ექიმი. სუფთა ზონის უკიდურეს წერტილში არის ოთახი, სადაც ექიმი აღიჭურვება ეკიპირებით და ასე გადის პაციენტთან. პაციენტების შემოვლის შემდეგ, ექიმი იხდის ეკიპირებას სუფთა ზონის გარეთ, ათავსებს მათ სპეციალურ კონტეინერში, იბანს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ის ე.წ. სუფთა ზონაში. ახლა უკვე დადგა ის ეტაპი, როდესაც ყველამ და პირველ რიგში, ექიმებმა, უნდა გავითავისოთ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც აქვს საეჭვო სიმპტომი, შესაძლოა იყოს ინფიცირებული. ამიტომ თითოეულ მსგავს შემთხვევას, უდიდესი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ, სანამ დადასტურებულად გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე. ამ დრომდე, ექიმთა ინფიცირების შემთხვევები რაც გვქონდა, ალბათ გასაგებია და გამონაკლისები, სამწუხაროდ, ვერ ვიქნებოდით, მაგრამ ამიერიდან, მსგავსი ფაქტები აღარ უნდა დავუშვათ“.

რაც შეეხება ექიმთა ტესტირებას კორონავირუსზე, ტესტირების მეთოდების ახალი ალგორითმის თანახმად, ტესტირება უტარდება სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის კლინიკებში მუშაობენ. რეზი მეჭურჭლიშვილის თქმით, ინფექციურ კლინიკაში მედპერსონალს ტესტირება კვირაში ერთხელ უტარდება.

ეკიპირება, რომელმაც მედპერსონალის ჯანმრთელობა უნდა უზრუნველყოს

კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკიპირებაზე, რომელსაც ისინი ინფიცირებულებთან ურთიერთობისას გამოიყენებენ. მთავარი ატრიბუტებია, კომბინეზონი, სათვალე, რესპირატორი, პირბადე, ხელთათმანი.

ბიოლოგიური დაცვის კომბინეზონებით მედპერსონალს სამედიცინო ქირურგიული ტექსტილის მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდს“ ამარაგებს.

კომპანია დღე-ღამის განმავლობაში 10 000 ქირურგიულ ხალათსა და 2 000 ბიოლოგიური დაცვის კომბინეზონს ამზადებს. კომბინეზონები გამოიყენება მაღალი რისკის ზონებში მომუშავე მედპერსონალისათვის.

კომბინეზონები, რომლებსაც „დოქტორ გუდს“ აწარმოებს 58 გრამს იწონის. იკერება უქსოვადი მასალისგან. შედგება სამი შრისგან და დამატებით დაფარულია პოლიეთილენის ფირით. სწორედ ამ ტიპის კომბინეზონები გამოიყენება სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მართვის პროცესში.

სამედიცინო ქირურგიული ტექსტილის მწარმოებელი კომპანიის „დოქტორ გუდსის“ მმართველი პარტნიორი, მამუკა ხადური, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომპანიაში ყოველდღიურად დაახლოებით 1000 კომბინეზონის შეკვეთა შედის. ის ირწმუნება, რომ მედპერსონალს ეკიპირების დეფიციტი მომდევნო თვეების განმავლობაში არ შეექმნება. მისივე თქმით, წინასწარ არის შეძენილი ნედლეული ხალათებისა და კომბინეზონების შესაკერად:

„ამ დრომდე, დღეში 1000 კომბინეზონზე მეტის მოთხოვნა არ შემოსულა. ხალათზე უფრო დიდი მოთხოვნაა, რადგან ხალათები სჭირდებათ ასევე, მაგალითად, საკარანტინე ზონებში მომუშავე პერსონალს. დღეის მდგომარეობით, 130-140%-ით ვუსწრებთ მოთხოვნას. მაგრამ თუ გაიზრდება მოთხოვნა, და არის ამის მოლოდინი, არც ამ შემთხვევაში შეგვექმნება საკმარისი რაოდენობის პროდუქტის წარმოების პრობლემა. დღესდღეობით, გვაქვს 45 საკერავი დანადგარი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს. ამას გარდა, რეზერვში გვაქვს 18 საკერავი დანადგარი და 18 ადამიანი, რომლებიც ამ ეტაპზე იმყოფებიან სახლში, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ხვალვე გამოვლენ სამუშაოდ. რაც შეეხება ნედლეულს, ჩვენი მომარაგება ხდება თურქეთიდან. დღეის მდგომარეობით, გვაქვს 32 ტონამდე ნედლეულის მარაგი. დღეს უნდა განვაბაჟოთ დამატებით 21 ტონა და კვირის ბოლოს კვლავ გვექნება შევსება. ამ მარაგით, მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, გაზრდილი მოთხოვნის პირობებშიც არ შეგვექმნება პროდუქტის წარმოების პრობლემა“.

მამუკა ხადურის თქმით, მედპერსონალი ერთი მორიგეობის განმავლობაში მოიხმარს ერთ კომბინეზონს, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუკი მას არ მოუწევს კომბინეზონის გახდა სხვადასხვა მიზეზით. ამ შემთხვევაში, კომბინეზონი თავსდება სპეციალურ საუტილიზაციო კონტეინერში, რომელიც შემდგომ ნადგურდება.

რა ზომებს მიმართავს ავსტრია მედპერსონალის უსაფრთხოებისათვის?

მედპერსონალის უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ირმა კვიცარიძე, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი. ის აქტიურადაა ჩართული კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში.

დღეის მონაცემებით, ავსტრიაში 56 ინფიცირებული მედპერსონალია. ირმა კვიცარიძის თქმით, არც ერთი მათგანი არ დაინფიცირებულია კლინიკაში ან სამუშაოს შესრულების დროს. როგორც ექიმი განმარტავს, პანდემიის დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია არსებული რესურსების სწორად მართვა და მათ შორის, პირველ რიგში, სწორედ სამედიცინო პერსონალის მართვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი დაცულია მედპერსონალის ჯანმრთელობა.

ირმა კვიცარიძე იმ რამდენიმე მთავარ ნაბიჯს ჩამოთვლის, რაც ავსტრიაში, კორონავირუსის მართვის პროცესში, მედპერსონალის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გადაიდგა და რასაც ქვეყანა ამ მომენტისათვისაც ზედმიწევნით ასრულებს:

„სწორად შეირჩა კლინიკები, სადაც შესაძლოა ინფექციური პაციენტების მკურნალობა, კერძოდ, შენობები, რომლებსაც აქვთ იზოლირებული საკანალიზაციო და ვენტილაციის საშუალებები. გარდა ამისა, იანვრის დასაწყისში დაიწყო მედპერსონალის ინფორმირება და გადამზადება, რაც დღემდე, ორ კვირაში ერთხელ, განმეორებით ყველას გვიტარდება. ამაში შედის უნიფორმის ჩაცმის და გახდის პროცედურები, პაციენტთან ურთიერთობის საკითხები, როგორიცაა ჰიგიენა, დისტანცია და ა.შ. მედპერსონალს ყოველ დღე უტარდება სწრაფი ტესტი. თუ ტესტი უარყოფითია, მაშინ გვეძლევა უფლება შევიდეთ კლინიკის შენობაში და ვიმუშაოთ პაციენტებთან. ექიმების ჯგუფები მუშაობენ 14-დღიანი ინტერვალით. თუ ერთი ჯგუფის რომელიმე წევრი დაინფიცირდა, მაშინ მთელი ჯგუფი გადადის კარანტინში და მუშაობას აგრძელებს მეორე ჯგუფი. იმის გამო, რომ გეგმიური ოპერაციები გადაიდო, გამოთავისუფლდა საოპერაციოს მედდების რესურსი. მათი გადანაწილება მოხდა სხვადასხვა განყოფილებებში და დაევალათ დამატებით ჰიგიენის ზედამხედველობა. თანამშრომლებს ყოველ ერთ საათში ერთხელ გვიზომავენ ტემპერატურას. კლინიკის ყველა კარი იღება ბარათით, რაც აღრიცხავს ჩვენი მოძრაობის ტრაექტორიას და ზუსტ დროს. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე თანამშრომელი დაინფიცირდა, მის გავლილ ტრაექტორიას გაუკეთდება დეზინფექცია და ასევე, ეპიდემიოლოგები გაარკვევენ, ვინ გაიარა იმ დროს ეს ადგილები და ისინიც შემოწმდებიან“.

რაც შეეხება ამბულატორიებს, ირმა კვიცარიძის თქმით, სანამ პაციენტი ექიმთან შედის, ის ავსებს კოვიდ/კითხვარს, სადაც გაწერილი ყველა კითხვა, რათა გამოირიცხოს დაინფიცირებულებთან კონტაქტი.

ირმა კვიცარიძე თვლის, რომ მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული მედპერსონალის სამუშაო სამუშოა გრაფიკიც, რათა არ მოხდეს მათი ყურადღების მოდუნება და ასევე, მისივე თქმით, ინფიცირებული პაციენტის მოვლის საკითხში არ უნდა იქნან ჩართულნი ექიმების ასისტენტები:

„8 საათიანი სამუშაო დღე! არც ერთი წუთი ზედმეტი, რომ არ მოხდეს პერსონალის გადაღლა და ჰიგიენის დაცვის საკითხში შეცდომის დაშვება. რაც შეეხება ექიმების ასისტენტებს, ავსტრიაში თვლიან, რომ ისინი არ არიან მზად, რომ ერთდროულად კარგად მართონ სტრესული სიტუაციაც და ჰიგიენის ნორმებიც, რადგან მათ ამის საკმარისი გამოცდილება ჯერ არ აქვთ. ასევე, გამორიცხულია პაციენტებთან სტუდენტების შეშვება. მათ აქვთ საშუალება, დიდ სალექციო დარბაზებში სოციალური დისტანციის დაცვით, თვალი ადევნონ პაციენტის მკურნალობის ყველა დეტალს“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები მედპერსონალს

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შეიმუშავა უსაფრთხოების რეკომენდაციები სამედიცინო პერსონალისათვის, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) გამოყენების მიზანს, კონტროლს, მოხმარების და შენახვის წესებს.

მედპერსონალის საჭირო აღჭურვილობაა:

  • უსაფრთხოების სათვალეები და/ან სახის ფარი
  • ერთჯერადი ხალათი, უკან შესაკრავით
  • ნიღაბი ან რესპირატორი, საჭიროების მიხედვით, ტიპის დადგენა ხდება რისკის შეფასების მეშვეობით
  • ერთჯერადი ხელთათმანები
  • ბახილები
  • ჩაჩი

ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კონტროლი

  • დაბინძურებული იდს არ უნდა იქნას გატანილი პირობითად დაბინძურებული ზონიდან; აგრეთვე, არ უნდა მოხდეს მისი ტარება აღნიშნული ზონის გარეთ
  • იდს–ის ტარება არ შეიძლება ადმინისტრაციულ ზონაში
  • მრავალჯერადი იდს–ის უტილიზაცია, წმენდა, რეცხვა და დეკონტამინაცია უნდა განხორციელდეს იდს-ის მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად. არანაირ ვითარებაში არ უნდა მოხდეს იდს–ის წაღება სახლში გამოყენების, გარეცხვის ან უტილიზაციის მიზნით
  • რესპირატორის გამოყენების შემთხვევაში წინასწარ უნდა ჩატარდეს რესპირატორის მორგების ტესტი (ინდივიდუალურად) თანამშრომლებისათვის

თვალების და სახის დაცვა

  • თვალების დაცვა საჭიროა ყოველთვის, როცა არსებობს გაშხეფების რისკი. თუ გაშხეფება მოსალოდნელია თვალების დაცვას უნდა დაემატოს სახის ფარი, რათა დაიცვას სახის მიდამო და რესპირაციული დაცვის საშუალებებთან ერთად ცხვირი და პირი
  • უსაფრთხოების სათვალე, რომლებიც აღჭურვილია გვერდითი მყარი ფარებით, წარმოადგენს თვალების მინიმალურ დამცავს, რომელიც საჭიროა დაბინძურებულ ზონაში შესასვლელად
  • თვალების დამცავი საშუალების შენახვა უნდა მოხდეს სუფთა არეში, ზონის შიგნით
  • შენიშვნა: კონტაქტურ ლინზებთან შეხება არ შეიძლება დაბინძურების ზონაში და ისეთ არეებში, სადაც ქიმიური ნივთიერებების გამოყენება ხდება

ხელების დაცვა

  • ხელთათმანების ჩაცმა უნდა მოხდეს ნებისმიერი აქტივობის დაწყებამდე სამუშაო ზონაში
  • ხელთათმანი უნდა ფარავდეს ქვედა სახელოს და დამცავი ტანსაცმლის მანჟეტს
  • ახალი ხელთათმანები უნდა ინახებოდეს სუფთა ზონაში
  • უშუალოდ ხელთათმანის ჩაცმამდე და ხელთათმანის გახდის შემდეგ აუცილებელია ხელის ჰიგიენის ჩატარება
  • როცა ხელთათმანი ვიზუალურად დაბინძურებული ან დაზიანებულია, უნდა მოხდეს მისი გახდა და გადაგდება შესაბამის კონტეინერში
  • ხელთათმანების გახდა უნდა მოხდეს ისე რომ ხელი არ შეეხოს ხელთათმანის დაბინძურებულ ზედაპირს
  • დაბინძურებული ერთჯერადი ხელთათმანების უტილიზაცია უნდა მოხდეს სახიფათო ნარჩენების კონტეინერში
  • დაუშვებელია ერთჯერადი ხელთათმანების მრავალჯერადად გამოყენება

რესპირაციული დაცვა

  • პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რესპირაციული დაცვის ისეთი საშუალებებით, რომელებიც შეესაბამება იმ ზონაში არსებულ საფრთხე(ებ)ს, რესპირაციული სისტემის დასაცავად გამოიყენება სამედიცინო ნიღაბი ან რესპირატორი (მინიმუმ N95 ტიპის)
  • სამედიცინო ნიღაბი გამოიყენება მსხვილი წვეთებისგან დასაცავად, ასეთი წვეთების წარმოქმნას ადგილი აქვს ადამიანის საუბრის, დახველების ან დაცემინების დროს. ხოლო რესპირატორი გამოიყენება აეროზოლებისგან დასაცავად.

ტერფის დაცვა

  • ვიზიტორებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების ფეხსაცმლით (ბახილებით) იმ საფრთხ(ეებ)ის შესაბამისად, რომელიც არსებობს სივრცეში, რომელსაც ისინი სტუმრობენ
  • ღია ფეხსაცმელები, სანდლები და საზაფხულო ქოშები დაუშვებელია სამუშაო ზონაში
  • ქსოვილისგან დამზადებული ფეხსაცმელები არ უნდა იქნას გამოყენებული საშიშ ქიმიურ მასალასთან მუშაობისას
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩაცმის და გახდის პროცედურების თანმიმდევრობა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG