Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

36-ე ბრიგადის “რთული მანევრის“ ორი ვერსია


მარიუპოლი. 2022 წლის 12 აპრილი
მარიუპოლი. 2022 წლის 12 აპრილი

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მარიუპოლის ალყაში მყოფმა უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ქვედანაყოფებმა, შეძლეს ალყის გარღვევა და პოლკ „აზოვთან“ შეერთება.

„არ შემიძლია დეტალების მოყოლა, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ახლა უკვე შევუერთდით „აზოვის“ პოლკს. გამოსვლა შეძლო რამდენიმე ასეულმა საზღვაო ქვეითმა, მათ შორის დაჭრილებმა“, - ამის შესახებ 36-ე ბრიგადის ერთ-ერთმა ოფიცერმა უთხრა უკრაინულ საინტერნეტო გამოცემა „პრესტუპნოსტი.ნეტს“.

მოგვიანებით ეს ცნობა დაადასტურა ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა.

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ამ შეტყობინებას წინ უძღოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადება, რომ მარიუპოლში იარაღი ნებაყოფლობით დაყარა უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის 1026-მა სამხედრომ და ისინი ტყვედ ჩაბარდნენ.

„ჩვენ აქ ვართ! ჩვენ ვიბრძვით!“

11 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედრო ჰყვება, თუ რა ძალები იცავენ აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს, რომელიც რუსეთის დიდ სამხედრო ძალას ინტერვენციის ლამის პირველი დღეებიდანვე ჰყავს მოქცეული ალყაში.

ეს არის „აზოვის“ სახელწოდების ცნობილი პოლკი, საზღვაო ქვეითი ბრიგადა, „კორდი“ (უკრაინის ნაციონალური პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილი), უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალები, ნაციონალური გვარდიის, სახელმწიფო საზღვრისა და უშიშროების სახელმწიფო სამსახურის დანაყოფები.

„მარიუპოლი 12 აპრილი. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ უშიშარი და მამაცები ვართ. რუსულმა სამყარომ უკრაინის მოსახლეობას გენოციდი მოუწყო. რუსი ჯარისკაცები უძლურებისა და შიშის გამო მშვიდობიან მოსახლეობას და სახლებს ანადგურებენ. ჩვენ მოგიწოდებთ ყველას - მოდი, საბოლოოდ, გავანადგუროთ ეს ამაზრზენი რუსული სამყარო! მარიუპოლი - ეს უკრაინაა!“, - აცხადებს აფეთქებების ხმის ფონზე ბომბებით განადგურებული სახლის წინ მდგარი ახალგაზრდა უკრაინელი ჯარისკაცი.

ალყაშემორტყმული მარიუპოლის დამცველები უთანასწორო ბრძოლაში ცდილობენ მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შეკავებას.

უკრაინული წყაროების მონაცემებით, მარიუპოლის გარშემო იმყოფება რუსეთის 15 ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფი, რომელიც ქალაქის აღებას დონბასის მიმართულებით, ოპერატიულ სივრცეზე გაჭრას ცდილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მარიუპოლს „ომის გული“ უწოდა და განაცხადა, რომ მასზე კონტროლის შენარჩუნება განსაზღვრავს, თუ რამდენად ძლიერი იქნება უკრაინის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში.

„იცით, მარიუპოლი დღეს ამ ომის გულია, სანამ ეს გული ცემს - ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ მაგრები ვართ. თუ ის შეწყვეტს ფეთქვას, ჩვენ უფრო სუსტი პოზიციები გვექნება. ისინი (ქალაქის დამცველები - რედ.) არიან ადამიანები, რომლებიც მტრის დიდ ძალებს აკავებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „Associated Press“-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა და ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რომ მარიუპოლის დამცველებისათვის უზრუნველეყო ჰუმანიტარული დერეფანი დაჭრილების, დახოცილებისა და ცოცხლად დარჩენილების ევაკუაციისათვის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კონტრადმირალ ბელინსკის სახელობის უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის დანაყოფები, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს ალყის ბრძოლით გარღვევა, მაგრამ დიდი დანაკარგის შემდეგ ქარხანა „აზოვსტალში“ გამაგრდნენ.

მარტის ბოლოს მარიუპოლის დამცველთა მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა უკრაინელ სამხედროებს ქალაქის დატოვების უფლება მისცა, თუმცა მათ უარი თქვეს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ამ ბიჭებს ველაპარაკე [მარიუპოლის დამცველებს]. მე ვუთხარი: „ყველაფერი მესმის, ბიჭებო, აუცილებლად დავბრუნდებით. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ უნდა გახვიდეთ - და გრძნობთ, რომ ეს სწორია და შეგიძლიათ გადარჩეთ, მაშინ გააკეთეთ ეს. მე მესმის, როგორ გამოიყურება ეს სამხედროებისთვის. მე მათ არჩევანის უფლება მივეცი. მათ თქვეს: „ჩვენ არ შეგვიძლია [ქალაქიდან გასვლა], აქ არიან დაჭრილები, დაჭრილებს არ დავტოვებთ“. მეტიც, თქვეს: „მკვდრებს არ მივატოვებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსულ ინტრევენციასთან ბრძოლის მაღალი ფასი

უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებიდან ორი კვირის თავზე, მარიუპოლში ბლოკირებული უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის სახელით გავრცელდა მიმართვა, რომელსაც დიდი რეზონანსი ჰქონდა. „დღეს, ალბათ, უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან ტყვია-წამალი თავდება... ზოგი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, ზოგისთვის - ტყვეობა“.

საზღვაო ქვეითები, იმ განცხადების მიხედვით, რომლის ნამდვილობა მოგვიანებით ეჭვქვეშ დააყენა მარიუპოლის მერის თანაშემწემ, უკრაინის ლიდერებისგან მხარდაჭერის ნაკლებობაზე ჩიოდნენ. „ჩვენთან აღარავის უნდა კომუნიკაცია, რადგან ჩვენ ჩამოწერილები ვართ“.

სამხედრო ხელმძღვანელობას უყურადღებობას უჩიოდა მარიუპოლის ალყაში მყოფი „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის, განცხადება, ალყაში მყოფმა ოფიცერმა პოზიცია შეცვალა. სრულ ნდობას ვუცხადებ „უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. „ქვედანაყოფი აგრძელებს ბრძოლას მარიუპოლისთვის“, - აღნიშნავდა ახალ განცხადებაში „აზოვის“ მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარა.

მან და მისმა მებრძოლებმა, როგორც ჩანს, დაუჯერეს უკრაინის არმიის წარმატებული თავდაცვითი ოპერაციების შემოქმედის, გენერალ ვალერი ზალუჟნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

„მარიუპოლის თავდაცვა გრძელდება. კავშირი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან, გმირულად რომ ინარჩუნებენ ქალაქს, მყარად ნარჩუნდება“, - აღნიშნა გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და დასძინა, რომ „თავდაცვითი ოპერაციის ჩატარება საზოგადოებრივი განხილვის თემა არაა“.

უკრაინის არმიის მთავარსარდლის ამ განცხადებიდან მეორე დღეს უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ქვედანაყოფებმა, რომლებიც მრავალი კვირის განმავლობაში რუსეთის ჯარის მიერ ბლოკირებული იყვნენ ქარხანა „აზოვმაშის“ ტერიტორიაზე, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, „რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად“ შეძლეს გარღვევა პოლკ „აზოვთან“ შესაერთებლად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რუს სამხედროებს ტყვედ ჩაბარდა 1000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

„ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატის რაიონში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის ქვედანაყოფების და რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმატებული შეტევითი მოქმედებების შედეგად, საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის 1026-მა სამხედრომ იარაღი ნებაყოფლობით დაყარა და ტყვედ ჩაბარდა“, - განაცხადა 13 აპრილს, მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა იგორ კონაშენკოვმა

რუსი გენერლის თანახმად, ტყვედ ჩაბარებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებიდან 162 ოფიცერი და 47 ქალია. ალყაში მყოფ მარიუპოლში ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება შეუძლებელია.

რაც შეეხება კიევს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თანახმად, ამ ალყიდან თავის დაღწევის შედეგად, „აზოვი“ არსებითად განმტკიცდა, 36-ე ბრიგადამ კი, თავიდან აიცილა ნაწილებად განადგურება, მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები და, ფაქტობრივად, მეორე შანსი. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, თუ ბრიგადის პირადი შემადგენლობის რა ნაწილმა ვერ შეძლო ალყის გარღვევა და რა ბედი ეწიათ დანარჩენებს.

მაგრამ უკრაინაში შეგუებული არიან იმ აზრს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სამართლიან ომში უკრაინელ ხალხს მაღალი ფასის გადახდა უწევს.

„ფაქტია, რომ მარიუპოლის დამცველთა რაღაც ნაწილი ტყვეობაში აღმოჩნდა. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მარიუპოლი აგრძელებს წინააღმდეგობას და აკავებს მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებს. ამიტომ რუსეთის ამ ინფორმაციის ნაჩქარევი კომენტირება მე არასწორად მიმაჩნია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ქალაქი მარიუპოლი 1 მარტიდან იმყოფება რუსეთის არმიის ალყაში. ეს არის აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთადერთი ქალაქი, რომელზეც რუსმა სამხედროებმა ჯერჯერობით სრული კონტროლი ვერ დაამყარეს მიუხედავად იმისა, რომ ბლოკავენ მოსახლეობის ევაკუაციას და ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას.

მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქში რუსეთის შეტევას უკვე 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა.

რომის პაპმა ფრანცისკემ მარიუპოლს „წამებული ქალაქი“ უწოდა და „მიუღებელი სამხედრო აგრესიის“ შეწყვეტა მოითხოვა.

წმინდა პეტრეს მოედანზე, ათასობით მორწმუნის წინ საკვირაო ქადაგებისას, ფრანცისკემ „ბარბაროსული“ უწოდა ბავშვების და უიარაღო სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვას, რეალური „სტრატეგიული მიზეზის“ გარეშე. და კიდევ ერთხელ გამოვიდა რეალური ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედების მოწოდებით, რათა ადამიანებმა წასვლა შეძლონ.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას მარიუპოლთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, სულ სხვა გეგმები აქვს. 13 აპრილს მარიუპოლის მერის მოადგილემ, პიოტრ ანდრიუშჩენკომ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ რუსი ოკუპანტები მარიუპოლს ამზადებენ 9 მაისის სამხედრო აღლუმისათვის და შესაბამისი დავალება უკვე მიიღო მოსკოვის მიერ ხელდასხმულმა კოლაბორანტმა მერმა, კონსტანტინ ივაშჩენკომ.

ცნობისათვის, ივაშჩენკო იმ პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ წარმომადგენელია, რომლის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პუტინის ნათლიმამა და ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, უკრაინის უშიშროების თანამშრომლებმა 12 აპრილს დააკავეს მრავალკვირიანი ძებნის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG