Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლი - უკრაინის გული, რომელიც კვლავაც ფეთქავს


რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსები მარიუპოლში. 3 აპრილი, 2022 წ.
რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსები მარიუპოლში. 3 აპრილი, 2022 წ.

რუსეთის ინტერვენციის 47-ე დღეს უკიდურესად გართულდა ვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვან უკრაინის საზღვაო ქალაქ მარიუპოლში, რომლის ცოცხლად დარჩენილი დამცველები ხუთკვირიანი ალყის განმავლობაში პირველად ალაპარაკდნენ ხმამაღლა გამოუვალ მდგომარეობაზე.

„დღეს, ალბათ, უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან ტყვია-წამალი თავდება“, - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი ფეისბუკზე და დასძენს: „ზოგი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, ზოგისთვის - ტყვეობა“.

საზღვაო ქვეითები ჩივიან უკრაინის ლიდერებისგან მხარდაჭერის ნაკლებობაზე. „ჩვენთან აღარავის უნდა კომუნიკაცია, რადგან ჩვენ ჩამოწერილები ვართ“, - წერენ ისინი.

ამ განცხადების პასუხად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი კალუჟნიმ, ხელისუფლების სახელით განაცხადა, რომ მარიუპოლის დასაცავად ყველაფერი, „შეუძლებელი და შესაძლებელი“ კეთდება.

დღის ბოლოს ასევე გავრცელდა მარიუპოლის მერის განცხადება, რომელმაც „Associated Press“-ს უთხრა, რომ ქალაქში რუსეთის შეტევას, უკვე 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა.

რატომ აქვს ასეთი დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა მარიუპოლს?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მარიუპოლს ომის „გული“ უწოდა და განაცხადა, რომ მასზე კონტროლის შენარჩუნება განსაზღვრავს, თუ რამდენად ძლიერი იქნება უკრაინის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში.

მარიუპოლის პორტში იმყოფებიან გემები, უცხოური ეკიპაჟებით და რუსეთი არც უცხოეთის მოქალაქეების ევაკუირების უფლებას იძლევა.
ევჰენ მაგდა

„იცით, მარიუპოლი დღეს ამ ომის გულია, სანამ ეს გული ცემს - ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ მაგრები ვართ. თუ ის შეწყვეტს ფეთქვას, ჩვენ უფრო სუსტი პოზიციები გვექნება. ისინი (ქალაქის დამცველები - რედ.) არიან ადამიანები, რომლებიც მტრის დიდ ძალებს აკავებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „Associated Press“-თან ინტერვიუში, რომელიც 11 აპრილს მსოფლიოს არაერთმა წამყვანმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

ქალაქი მარიუპოლი 1 მარტიდან იმყოფება რუსეთის არმიის ალყაში. ეს არის აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთადერთი ქალაქი, რომელზეც რუსმა სამხედროებმა ჯერჯერობით სრული კონტროლი ვერ დაამყარეს მიუხედავად იმისა, რომ ბლოკავენ მოსახლეობის ევაკუაციას და ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას.

„რუსეთის აგრესიის პირველივე დღეებიდანვე, მარიუპოლი აკავებს რუსეთის შეტევებს და უკვე ლამის 5 კვირაა იმყოფება სრულ ალყაში, საიდანაც პრინციპში შეიძლება მხოლოდ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაღწევა. ევაკუაციის ნებისმიერი სხვა ვარიანტები კი იგნორირებულია რუსეთის მხრიდან, რუსები აგდებენ შვეულმფრენებს, რომლებსაც შეუძლიათ მძიმედ დაჭრილი მებრძოლების წაყვანა. რუსეთმა სრულად ჩაკეტა საჰაერო სივრცე და მარიუპოლის საზღვაო აკვატორია. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის პორტში იმყოფებიან გემები, უცხოური ეკიპაჟებით და რუსეთი არც უცხოეთის მოქალაქეების ევაკუირების უფლებას იძლევა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ამ ქალაქში ომამდე, 400 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ეს არის უმსხვილესი საზღვაო პორტი და უკრაინული მეტალურგიის ერთ-ერთი ცენტრი. იქ არის ილიჩის კომბინატი და „აზოვსტალი“, ანუ ორი უდიდესი მეტალურგიული კომბინატი, რომლებიც დიდწილად ქმნის უკრაინული ექსპორტის საფუძველს, მაგალითად, მეტალურგიულ პროდუქციას.

ეს არის ქალაქი, რომელმაც 2014 წელს უარყო „რუსული სამყარო“. მაშინ პუტინმა, თავის ბანდიტებთან ერთად, რამდენიმე დღით დაიპყრო ქალაქი, მაგრამ შემდეგ იგი გათავისუფლებულ იქნა.
არსენ ავაკოვი

ამჟამად, ომამდელი 400 ათასი ადამიანიდან მარიუპოლში რუსეთის მიერ განხორციელებული საავიაციო და საარტილერიო იერიშების შედეგად დაახლოებით 120 ათასი სამოქალაქო პირი უნდა იყოს დარჩენილი. ძნელი სათქმელია, თუ რამდენი დაიღუპა შიმშილითა და მიღებული ჭრილობებით. მოსახლეობის ნაწილმა შეძლო ევაკუირება, მაგრამ ვინაიდან სხვაგან წასასვლელი გზები მოჭრილი იყო, ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, ან სულ მთლად რუსეთის ტერიტორიაზე.

ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე ცხოვრების დონით კიევსა და ხარკოვზე უფრო აღმატებულ ქალაქად ითვლებოდა, ხუთკვირიანი ბრძოლების შედეგად თითქმის არ არის დარჩენილი დაუზიანებელი სახლი და შენობა. უკრაინული მედიის თანახმად, ქალაქს თვეზე მეტია არ მიეწოდება შუქი, წყალი და გაზი. გათიშულია კავშირგაბმულობა. ასეთ ვითარებაში, მის რამდენიმე ნაწილს აკონტროლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, რომლებმაც ერთხელ, 2014 წელს შეძლეს ქალაქიდან პრორუსული უკანონო ფორმირებების განდევნა.

„მარიუპოლი არ არის დიდი, მისი მოსახლეობა დაახლოებით 400 ათასია, მაგრამ საკმაოდ მოზრდილი ქალაქია. ახლა წარმოიდგინეთ, რომ საშუალო ანაზღაურება მარიუპოლში უფრო მაღალი იყო, ვიდრე კიევში. ანუ ეს არის ქალაქი, რომელიც ცხოვრობდა ძალიან კარგად, ძალიან ბედნიერად, კარგად მუშაობდნენ საწარმოები. ეს არის ქალაქი, რომელმაც 2014 წელს უარყო „რუსული სამყარო“. მაშინ პუტინმა, თავის ბანდიტებთან ერთად, რამდენიმე დღით დაიპყრო ქალაქი, მაგრამ შემდეგ იგი გათავისუფლებულ იქნა. იმ დროს მეც ვიყავი იქ სხვებთან ერთად და ვმონაწილეობდი ამ პროცედურაში. და ახლა ეს არის ერთგვარი შურისძიება. იგივე შეეხება ხარკოვსაც. პუტინის გაგებით, ხარკოვიც და მარიუპოლიც ეს არის რუსული ქალაქები, რომელთა მოსახლეობაც პურითა და ყვავილებით უნდა შეხვედროდა საოკუპაციო ძალებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 2014-2021 წლებში უკრაინის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, რომელიც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების კიევის ტერიტორიული თავდაცვის რიგითი მებრძოლია.

კიდევ უფრო სასტიკი წინააღმდეგობით დახვდნენ მარიუპოლი და მისი დამცველები 1 მარტს ქალაქის აღების მიზნით მის მახლობლად თავმოყრილ რუსეთის არმიის მოწინავე ნაწილებს. ქალაქის დაცვის ავანგარდშია „აზოვის“ სახელით ცნობილი პოლკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადა, რომლებიც რუსეთის საკმაოდ დიდ ძალებს აკავებენ და არ აძლევენ დონბასის სიღრმეში გადაადგილების საშუალებას.

მარიუპოლი. 14 მარტი, 2022 წ.
მარიუპოლი. 14 მარტი, 2022 წ.

„მარიუპოლის გარშემო იმყოფება რუსეთის 15 ტაქტიკური-ბატალიონის ჯგუფი და მარიუპოლი აკავებს რუსეთის ძალიან დიდ შეტევას დონბასზე. თუ მარიუპოლი დაეცემა, მაშინ რუსეთი შეძლებს გაჭრას ოპერატიულ სივრცეზე. გაგახსენებთ, რომ მარიუპოლში გაანადგურეს სარდალი რუსეთის 150-ე დივიზიისა, რომლის დროშაც გამოიყენება როგორც გამარჯვების ალამი, რომელიც 1945 წლის მაისში რაიხსტაგის თავზე აღმართეს. ესეც საინტერესო მომენტი და საინტერესო დამთხვევაა“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

უკრაინელ ანალიტიკოსს მხედველობაში ჰყავს ხსენებული რუსული დივიზიის მეთაური, ოლეგ მიტიაევი, რომლის სავარაუდო ცხედრის სურათი რამდენიმე უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა.

„წამებული ქალაქი“ და მისი დამცველები

მარტის დასაწყისში მარიუპოლის სამშობიარო დაიბომბა. უკრაინის ხელისუფლებამ მომხდარში დაადანაშაულა რუსეთი, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ინტერვენციის განმავლობაში თითქმის მიწასთან გაასწორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი.

„რუსეთის ჯარების პირდაპირი დარტყმა სამშობიარო სახლზე. ნანგრევებში ხალხია. ნანგრევებში ბავშვები არიან. ეს სიმხეცეა!“ - დაწერა მაშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კვლავ მოუწოდა ნატოს, „ჩაკეტოს ცა“ უკრაინის თავზე, ანუ დაიწყოს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისა და რაკეტების ჩამოგდება. ნატოს ქვეყნები ამის გაკეთებაზე უარს ამბობენ, ვინაიდან რუსეთთან კონფრონტაციას ერიდებიან. „უკრაინსკაია პრავდა“ აზუსტებს, რომ აფეთქების ეპიცენტრი სამშობიარო და პედიატრიულ განყოფილებებს შორის იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. სამინისტროს ოფიციალური შეტყობინებების მიხედვით, რუსეთის სამხედროები არ ესვრიან საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ობიექტებს.

ამის შემდეგ დაიბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომლის დროს დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც შენობის სარდაფში თავს აფარებდნენ ინტენსიურ სროლასა და დაბომბვას.

რომის პაპმა ფრანცისკემ მარიუპოლს „წამებული ქალაქი“ უწოდა და „მიუღებელი სამხედრო აგრესიის“ შეწყვეტა მოითხოვა.

წმინდა პეტრეს მოედანზე, ათასობით მორწმუნის წინ საკვირაო ქადაგებისას, ფრანცისკემ „ბარბაროსული“ უწოდა ბავშვების და უიარაღო სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვას, რეალური „სტრატეგიული მიზეზის“ გარეშე. და კიდევ ერთხელ გამოვიდა რეალური ჰუმანიტარული დერეფნების ამოქმედების მოწოდებით, რათა ადამიანებმა წასვლა შეძლონ.

მაგრამ ამის შემდეგ რუსეთმა საერთოდ შეწყვიტა მარიუპოლში ჰუმანიტარული ტვირთების შეშვება და კიდევ უფრო კრავს ალყას ქალაქზე ნებისმიერ ფასად კონტროლის დამყარების მიზნით. სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გარდა, რუსეთი მარიუპოლის ხელში ჩაგდებას კიდევ ერთი მიზეზით ესწრაფვის.

„ომის დანაშაულის მასშტაბით, ეს არც სრებრენიცაა და არც ბუჩა, რუსეთიც ამიტომ ცდილობს მის ხელში ჩაგდებას, რომ წაშალოს და დამალოს სიმართლე ყველაფერ იმაზე, რაც დღეს ხდება მარიუპოლში. ამიტომ ცხადია, უკრაინა იბრძვის მისთვის და იბრძოლებს ბოლო წვეთამდე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა მხოლოდ წამებული ქალაქი, მარიუპოლი ეს არის ფოლადის სიმტკიცის ქალაქი, ქალაქი, რომელიც ბოლომდე ებრძვის მტერს“, - ამბობს პოლიტოლოგი ევჰენ მაგდა.

ის, რომ მარიუპოლი რუსეთის ჭარბმა სამხედრო ძალამ ბოლომდე ვერ აიღო, ქალაქში დარჩენილი უკრაინის შეიარაღებული ძალების იმ დანაყოფების დამსახურებაა, რომლებიც მას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავენ.

მარიუპოლისთვის ბრძოლებს შეეწირა ქართველი მოხალისე, ბახვა ჩიქობავა, რომლის ცხედრის გადმოსვენება დღემდე ვერ ხერხდება ალყაშემორტყმული ქალაქიდან.

მაგრამ ალყის 41-ე დღეს ქალაქის დამცველების მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მათ დახმარებისთვის პირველად მიმართეს ხელისუფლებას და ეს გააკეთეს სოციალური ქსელის საშუალებით.

„მტერმა საბოლოოდ უკუგვაგდო და ალყაში მოგვაქცია ცეცხლით, ახლა კი ცდილობს ჩვენს განადგურებას. დაჭრილები ბრიგადის თითქმის ნახევარს შეადგენენ. ვისაც არ აქვს დაკარგული კიდურები, კვლავ ბრძოლას უბრუნდება. ქვეითი ჯარისკაცები დაიხოცნენ და ახლა ბრძოლას არტილერისტები, საზენიტო მსროლელები, რადიოოპერატორები, მძღოლები და მზარეულები აგრძელებენ, ორკესტრიც კი“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „ფრანს პრესი” ავრცელებს.

სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის ქალაქ მარიუპოლის ალყაში მყოფი სახელოვანი „აზოვის“ პოლკი, რომლის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარამ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ქვედანაყოფისადმი უყურადღებობა უსაყვედურა.

„პოლიტიკოსები ამბობენ, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, მუდმივ კავშირზე ვიმყოფებითო, მაგრამ უკვე ორი კვირაა, რაც არავინ იღებს ყურმილს და არავინ გვეურთიერთება“, - მოჰყავს სვიატოსლავ პალამარას სიტყვები გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“.

მარიუპოლის დამცველების ამ საყვედურის პასუხად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, ხელისუფლების სახელით განაცხადა, რომ მარიუპოლის, მისი დამცველებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად ყველაფერი კეთდება.

„მარიუპოლის თავდაცვა გრძელდება. კავშირი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან, გმირულად რომ ინარჩუნებენ ქალაქს, მყარად ნარჩუნდება“, - აღნიშნა გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და დასძინა, რომ „თავდაცვითი ოპერაციის ჩატარება საზოგადოებრივი განხილვის თემა არაა“.

ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა უკრაინის არმიის ხელმძღვანელობის მოქმედების პოლიტიკური შეფასება ალყაში მყოფი ქვედანაყოფების სახელით გაკეთებულ ამ მიმართვებს, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

9 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლის დამცველები 10-ათასიან საოკუპაციო ჯარს უწევენ წინააღმდეგობას და თუ ქალაქის შენარჩუნება მოხერხდება, დამპყრობელი აღმოსავლეთ უკრაინისკენ გაჭრას ვერ შეძლებს.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ, მარიუპოლში მიმდინარე ბრძოლები, ომის მთელ მსვლელობას განსაზღვრავს და თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იქ დამარცხდებიან, რუსეთმა, ზელენსკის აზრით, შესაძლოა მოლაპარაკების პროცესი მიატოვოს და კვლავ დეოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციას მიჰყოს ხელი.

დღის ბოლოს „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარამ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა ტელეგრამარხზე, რომელშიც ნდობას უცხადებს „უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“ და დასძენს, რომ ქვედანაყოფი აგრძელებს ბრძოლას მარიუპოლისთვის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG