Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაი!“ - რეაქცია ოპოზიციის ერთობაზე


საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების „არნახული ერთობა“ საბოლოოდ ჯერ არ გაფორმებულა.
საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების „არნახული ერთობა“ საბოლოოდ ჯერ არ გაფორმებულა.

რამდენად მყარია ოპოზიციური ერთობა, რომლის პირველი სტრუქტურა საზოგადოებამ ჯერ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობის დროს იხილა? რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ საქართველოს“, „გირჩსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“, ალექსანდრე ელისაშვილსა და ეკა ბესელიას, „პატრიოტთა ალიანსსა“ და რესპუბლიკურ პარტიას?

საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების „არნახული ერთობა“ საბოლოოდ ჯერ არ გაფორმებულა. როგორც პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, პირველივე შეკრებაზე შეუძლებელიც კი იყო ყველა დეტალზე შეჯერება, თუმცა, მისივე თქმით, პარტიის ლიდერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების საკითხში.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„რომ შევედი ოთახში, ელდა მეცა, ამდენი განსხვავებული იდეოლოგიის ხალხი რომ ვნახე. „ვაი!“, - ეს იყო პირველი განცდა, მაგრამ მერე თვითონ ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ეს არის საქართველო! რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეს ერთობა? იმდენადვე, რამდენადაც ეს ქვეყანა და საზოგადოებაა სიცოცხლისუნარიანი!“, - უთხრა დავით უსუფაშვილმა რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, საუბარი არ არის პოლიტიკურ ერთობაზე. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ოპოზიციურ პარტიებს აერთიანებთ, პროპორციული არჩევნების საკითხია.​

„ვინ როგორ გამოვა მიტინგებზე, ვინ ემხრობა რუსთაველის გამზირის გადაკეტვას კარვებით და ვინ - არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია თანამშრომლობა ძირითად საკითხში“, - ამბობს დავით უსუფაშვილი.

ძირითადი საკითხი კი პროპორციული საარჩევნო სისტემაა, რომლის შემოღებას მოითხოვენ ისეთი რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის პარტიები, როგორებიც, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ არიან.

გიორგი ლომია, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა მანკიერია და ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შეცვლას.

„შევარდნაძე შეიცვალა რევოლუციით, სააკაშვილიც, ფაქტიურად, რევოლუციით შეიცვალა, ათასობით ხალხი გვახსოვს ქუჩაში და ბუნებრივია, რომ ეს ხელისუფლებაც შეიცვლება რევოლუციით, იმიტომ რომ ეს მანკიერი სისტემა არ გვაძლევს საშუალებას, რომ მშვიდად და ნორმალურ დემოკრატიულ საარჩევნო გარემოში შევცვალოთ ხელისუფლება“, - ამბობს გიორგი ლომია, რომელიც პარლამენტს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოსაღებად ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.

„გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს მოსაზრებას, რომ შეპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე სამართლიანი სისტემაა.

„ხელისუფლება პატივს არ სცემს თავის სიტყვას. ერთი კაციც არ არსებობს ისეთი, ვისი სიტყვაც დაიჯერება. როცა ასეთი რეალობა გაქვს ქვეყანაში, ავტომატურად გიწევს კოორდინირება. როგორ ავიცილოთ ეს საფრთხე თავიდან, როდესაც გყავს ხელისუფლება, რომლის ერთ სიტყვასაც ვერ ენდობი და რომელსაც ხელში აქვს საბჭოთა მართლმსაჯულების მთელი სისტემა და შეუძლია სულ ტყუილად ციხეში ჩასვას ადამიანი, - უთხრა იაგო ხვიჩიამ რადიო თავისუფლებას, - ასეთ სიტუაციაში პოლიტიკური პარტიების კოორდინირება არის ერთადერთი საშუალება. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ ერთი მაგიდის გარშემო დასვა პარტიები, რომლებსაც ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აქვთ“.

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ მონაწილეობს ოპოზიციის „თემატურ ერთობაში“, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს არც კი ესალმება.

„დღეს ყველა ჩვენგანის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება. ეს კაცი საერთაშორისო მასშტაბის „გადამგდებია“. გაეროს ტრიბუნიდან ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო სისტემის რეფორმასა და პროპორციულ სისტემაზე... ამ სიტყვასაც გადავიდნენ. გაიხრწნა, დეგრადირდა, კორუფციის და ნეპოტიზმის ჭაობში ჩაიხრჩო ყველაფერი. ეს კაცი უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. ყველა ვხვდებით, რომ ცალკე აღებული ამის შნო არავის არ აქვს. ყველა რესურსი უნდა გავაერთიანოთ ერთჯერადად იმისათვის, რომ ხელისუფლებიდან გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი“, - უთხრა ალექსანდრე ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, პირველი ეტაპის ამოცანაა ოპოზიციის ერთობა პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად, თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციას შეუძლია ასევე კოორდინირებულად იმოქმედოს არჩევნების დროსაც, რათა, თუნდაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში, დაამარცხოს მმართველი პარტია:

„მაჟორიტარულ არჩევნებშიც შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ამისთვის ოპოზიციას მოუწევს, თითოეულ საარჩევნო ოლქში ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპიროს ოპოზიციის ერთი, შეთანხმებული, კანდიდატი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG