Accessibility links

ვაკის პარკი: ვინ ჩაიცვამს „ყვითელ ჟილეტებს“ თბილისში?


„ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა თუ განახლდა, პროტესტიც განახლდება და შესაძლოა, თბილისში „ყვითელი ჟილეტების რევოლუციის“ მსგავსი მოვლენებიც დაიწყოს“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნატა ფერაძე. რეკრეაციულ ზონაში 7-სართულიანი სასტუმროს („ბუდაპეშტი“) მშენებლობა შესაძლოა მართლაც განახლდეს და ეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება განპირობებული. არსებობს თუ არა ხელის შემშლელი გარემოებები?

სასამართლოს უარი - მწვანე შუქი

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო და 5-წლიანი სასამართლო დავა გარემოსდამცველთა წაგებით დასრულდა​. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად:

  • ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომელითაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე (ი.ჭავჭავაძის გამზირი #68) „გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცა“;
  • "არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე".

ვაკის პარკში, სასტუმროსთვის გამიზნული 2863.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანიების სახელები წლების განმავლობაში იცვლებოდა: „გრაალი“ „აგრო ლენდ ჯორჯიამ“ შეცვალა და ბოლო პერიოდამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებში „ტიფლის კოსტავა“ ფიგურირებს.

„5-წლიანი დავის შემდეგ, ისევ იმ წერტილს დავუბრუნდით. ჩვენ უშედეგოდ ვითხოვდით 2013 წლის ზონალური შეთანხმების გაუქმებას, რომელმაც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის საკანონმდებლო გამონაკლისი დაუშვა. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო ეს აქტი, რაც, წესით, ობიექტურ მსაჯულში კორუფციული გარიგების ეჭვებსაც უნდა აღძრავდეს. რეკრეაციულ ზონაში დაუშვებელია სასტუმროს მშენებლობა - ეს ჩვენი პოზიცია მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო გუჯარაიძემ.

„მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე და ახლა მშენებელ კომპანიას ახალი ნებართვის აღება მოუწევს. თუმცა არსებობს ეჭვების საფუძველიც.

ძალაშია თუ არა მშენებლობის ნებართვა ?

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური თავს იკავებს, პასუხი გასცეს შეკითხვას - ისევ ძალაშია თუ არა ვაკის პარკში მშენებლობის დასაწყებად 2013 წელს გაცემული ნებართვა?

  • მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს მშენებლობის ნებართვის ვადებთან, არქიტექტურის სამსახურში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ განმარტება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაკეთდება;
  • არქიტექტურის სამსახური ამ ეტაპზე არც უარყოფს და არც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მშენებლობის ნებართვას ვადა 2016 წელს ამოეწურა.

„მწვანე ალტერნატივისთვის“ ცნობილია მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებები იმის შესახებ, რომ მშენებლობის ნებართვა კვლავაც ძალაშია და მათ წინ ვერავინ აღუდგება. თუმცა, როგორც ნინო გუჯარაიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ეს ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ნებართვის გახანგრძლივების მოთხოვნა არ განხილულა მერიაში“. თუმცა „უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ შექმნა ახალი ნებართვის აღების შესაძლებლობა“.

როგორც „პარტიზანული მებაღეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნატა ფერაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მშენებლობით დაინტერესებული კომპანიის წარმომადგენელი, კერძოდ - გოგა ზაქაიძე მას პირადად დაუკავშირდა და შეხვედრა ითხოვა. თუმცა „პარტიზანული მებაღეობა“ ამ ეტაპზე თავს იკავებს და მშენებლობის დაწყების შემთხვევაში პროტესტის განახლებას გეგმავს.

ხალხი პროტესტისთვის ისევ მზად არის

  • „ვაკის პარკში სასტუმროს არაფერი ესაქმება. თუ საჭირო გახდება, ისევ და ბოლომდე დავდგებით პარკის დასაცავად მე და ჩემი შვილები“ - ინგა, 47 წლის.
  • „მშენებლობას ზოგადად არასდროს ვეწინააღმდეგები, მაგრამ არ დავთმობთ ამ ადგილს. სასტუმრო გარემოს მნიშვნელოვნად დააზარალებს. პროტესტი ახალი ძალით გაგრძელდება“, - ნიკო 30 წლის.

ამ ტიპის კომენტარებს ბოლო დღეებში იოლად წააწყდებით სოციალურ ქსელებშიც. წერენ და ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც 2014-2015 წლებში გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან ერთად ფიზიკურად იდგნენ ვაკის პარკში, მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკის პარკში, პერმანენტული აქციის ფარგლებში, კარვები ჰქონდათ გაშლილი „პარტიზან მებაღეებს“.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ახლა „პარტიზანი მებაღეები“ ვითარების შესწავლას ცდილობენ და მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან. მაგრამ როგორც ნატა ფერაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საჭიროების შემთხვევაში ხალხი ისევ დაირაზმება და რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენებას არ დაუშვებს:

  • „დიდი იმედი მაქვს, რომ თუკი ვაკის პარკში მშენებლობას დაიწყებენ, მართლა როგორც ახლა არის (საფრანგეთში) ყვითელი ჟილეტების რევოლუცია, მსგავსი რამ მოჰყვება ამას თბილისში, ერთად აღებული ყველა მშენებლობის გამო“;
  • „დიდი ალბათობით, ეს იქნება ბოლო დარტყმა იმისთვის, რომ გაჩერდეს ქაოტური განაშენიანების მთელი ეს პროცესები თბილისში“.

ნატა ფერაძე ჯერ მაინც იტოვებს იმედს, რომ თბილისის მერია შეაჩერებს პროცესს და ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG