Accessibility links

ვალენტინის მუჯლუგუნი


ავტორი: არმაზ ახვლედიანი

ვალენტინობა რა არისო? - ჩემმა ჯგუფელმა წამოიკივლა ბაღში. მასწავლებელმა ისე გაიოცა გვეგონა ცუდი სიტყვა იყო და ავტეხეთ სიცილი. რა დროს თქვენი ვალენტინობააო. - მოგვაძახა და გაიძახა მაგიდასთან მომდევნო ბავშვი, რომლისთვისაც მაგიდაზე დაწყობილი ფუმფულა სათამაშოებიდან ერთ-ერთი უნდა დაემალა. თვალები დაახუჭინა და ისე უთხრა გაახილეო, რომ არც არაფერი დაუმალავს. მაშინ მეგონა, რომ ასე იეშმაკა, ასე რთულად შეამოწმა ბავშვის ფოტოგრაფიული მეხსიერება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ უბრალოდ დაავიწყდა სათამაშოს გადამალვა.
გაერთო ფიქრებში, დაკარგა ვალენტინობამ.
ხმები ჩურჩულით გავრცელდა, რომ ეს ჩვენი აზრით ცუდი სიტყვა სიყვარულის აღმნიშვნელიაო. ამან იმოქმედა ასე თუ ძალიან ლამაზმა ყვითელმა კაბამ არ ვიცი, მაგრამ ეკუნას შევხედე და შემიყვარდა.
შავგვრემანი გოგო იყო, ცარიელი შავი თვალები ჰქონდა და ბევრი ლაპარაკი უყვარდა. ვერასდროს ვერ ვბედავდი კუბიკების დალაგებაში მივხმარებოდი ან საღეჭი რეზინი შემეთავაზებინა გულის ფორმის „ნაკლეიკები“ რომ მოყვებოდა.
ერთ დღეს მოვიდა და აღარ ეცვა თავის გამაოგნებელი ყვითელი კაბა, თავისივე თმის ფერად იყო შემოსილი. მამა მოუკვდაო ჩურჩულებდნენ და ისე შემებრალა, რომ უფრო შემიყვარდა. სიმამაცეც გამოვიჩინე და ბონდოს ჯიხურში ნაყიდი „Love” გავუწოდე ნიშნად სიყვარულისა. გამომართვა და მთელი დღე ღეჭა, გემო, რომ გაუვიდა თავის დაქალს ჩააწება თმაში, იმან მაგრად იჯღავლა, მაგრამ ეკუნა არ დაუსჯიათ იმიტომ, რომ მამა აღარ ჰყავდა.
ზუსტად ერთ კვირაში თეთრი მტრედივით იყო. თანაც ბედნიერად დააბიჯებდა დედაჩემი თხოვდებაო. ამის მოსმენისას მასწავლებელს ყავა გადასცდა, ის ბავშვიც გააჩუმა წინა დღით გასულ სერიალს, რომ აყოლინებდა, უშუქობის გამო, რომ თავად ვერაფრით უყურა.
ჩამოწოლილ სიჩუმეში მკაცრი სახით გააფრთხილა, აბა, ასეთი ტყუილი როგორ შეიძლებაო, მაგრამ თურმე მართლა თხოვდებოდა, ჩვენ კი ისევ ჟრიამული ავტეხეთ. მოულოდნელად მოვარდნილი შუქივით გაგვაბედნიერა ეკუნას დედის გათხოვების ამბავმა.
აი უფროსებს არ გახარებიათ და როგორც იმ უსაყვარლესმა კაცმა თქვა გარდასულ დროში, „უფროსები“ ძალიან უცნაური ხალხია. ატეხეს ჭორაობა და ისიც კი თქვეს უეჭველი თვითონ დაბრიდა ის საწყალი კაციო.
მე კიდე ისე ეგზოტიკურად მეჩვენა ეკუნას ხასიათის ცვლილება, რომ ჭკუაზე აღარ ვიყავი. ბაღში წასვლა ისე მიხაროდა ბორშიც კი ვერ მაყენებდა ცუდ ხასიათზე. დასვენების დღეებში კი რაღაც მჭირდა, რაღაც არ მასვენებდა და მერე გავიგე, რომ თურმე მონატრება ჰქვია მაგ ამბავს.
შაბათს დილით მივიპარე ტელეფონთან სანამ ყველა გაიღვიძებდა და ეკუნას დავურეკე. რატომღაც ჩავთვალე, რომ აუცილებლად მიპასუხებდა, დედამისმა აიღო და ისე დავიბენი სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ამ დროს დედაჩემიც შემოვიდა ოთახში და მკითხა ვის ელაპარაკებიო, ყურმილი ხელში მივაჩეჩე და მაგიდის ქვეშ შევძვერი, იქ დაცულად ვგრძნობდი თავს.
დედებმა ყველაფერი გააიასნეს. იხორხოცეს მძახლებივით და შეთანხმდნენ, რომ მოგვიანებით დამერეკა. როცა ტელეფონის არემარე ისევ გათავისუფლდა მართლა დავურეკე, ერთი ზარიც არ იყო გასული, რომ მიპასუხა, მე კიდე ვაჯახე მიყვარხარ-მეთქი და გავუთიშე.
ორშაბათი, რომ გათენდა გული სხვანაირად მიცემდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ამას ტაჰიკარდია ჰქვია.
ქურთუკი ჩემს კარადაში დაკიდა. გვერდზე მომიჯდა, ოთკუთხედი საღეჭი რეზინები ჩამიყარა ხელში და კუბიკებიც ერთად დავალაგეთ. ყველაზე დიდი ინტიმი ერთი და იმავე ჭიქით წყლის დალევა იყო, ამ დროს მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და მოგვიანებითაც ვერ გავიგე ამას რა ჰქვია.
ეკუნასთან ყველაფერი მაშინ დამთავრდა ცხვირიდან რაღაც დავიდარაბა, რომ წამოუვიდა, დიდხანს ეჩალიჩა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოიხოცა, მერე მასწავლებელი მივარდა და ისე მოუღრიცა ცხვირი მეგონა, რომ სამუდამოდ ასე მოღრეცილი დარჩებოდა. თავიც გადაპარსეს და ის ყვითელი კაბაც აღარ შველოდა.
ბაღს უკვე ვამთავრებდით, ბოლოს იმის უფლებაც მომცეს, რომ აღარ მივსულიყავი. ქუჩაში ვთამაშობდით სახლის წინ, ბერძენ ბუბას ვესროდით სათამაშო თოფიდან, ის კიდე ქვებს გვესროდა. ამ დროს ეკუნა გამოიყვანეს ბაღიდან, მომეჩვენა, რომ ისევ ისეთი ლამაზი იყო. თვალები მიმეყინა და ვიფიქრე დავუძახებ-მეთქი, მაგრამ ზუსტად ამ დროს მომხვდა ქვა საფეთქელში. ყველაფერი დამიტრიალდა, თავი, რომ ავწიე აღარც ბუბა იყო და აღარც ეკუნა. გული კი დამწყდა ჩემ პირველ სიყვარულზე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს რაღაც ისეთი იყო რასაც გაგრძელება არ აქვს.

დაწყებით კლასებში, რომ ვალენტინობა ვახსენეთ ამჯერადაც იგივე სიტყვები მოვისმინე, მაგრამ ოდნავი ცვლილებით: რა დროს თქვენი სიყვარულიაო. ამ სიტყვის მოსმენისას ყველა იმას უყურებდა ვის მიმართაც რაღაცას გრძნობდა. მე ელენეს ვუყურებდი, ასევე შავგვრემანი იყო კულულა თმებით. დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, ძ-ს და ხ-ს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან. გამომდინარე იქიდან, რომ მის გვარში ძ ერია ყოველდღე უწევდა წერა და ყოველ დღე ცდებოდა.
იმდენი ვეხუმრეთ გვარის წერა საერთოდ შეწყვიტა. ჩუმად მომეპარებოდა, დედაჩემის მოქსოვილ ჟაკეტზე ჩამომქაჩავდა და თვალით რვეულზე მანიშნებდა - სწორად დავწერე თუ არაო?! მეც მზრუნველად ვუსწორებდი. ისეთი კარგი მოსწავლე ვიყავი, რომ ყველა ასოს ზედმიწევნით ზუსტად ვწერდი, ამიტომ კარგი მასწავლებელი გამოვდექი და სულ მალე შედეგზეც აისახა, იდეალურად დაიწყო გვარის წერა. ის კი ცდილობდა ჩემთვის ესწავლებინა როგორ დამეჭირა კალამი სწორად, ამისგან არაფერი გამოვიდა, დღემდე მუჭში მაქვს მოქცეული და ისე ვწერ.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ შორის ყველაფერს ის ფუნჩულა ქალი გააფუჭებდა, ვისი დანახვაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვიხაროდა. მეხუთე გაკვეთილის მერე შემოაღებდა კარს და დიდი ჩანთებით ლანჩი მოჰქონდა, ერთს წავიჟრიამულებდით, მერე მასწავლებელი დაგვაწყნარებდა, მაგრამ ლანჩის სუნს მაინც ჭკუიდან გადავყავდით, ის პუტკუნა ქალი შირმის უკან მაგიდაზე ალაგებდა სხვადასხვა გასაძღომ საშუალებას. ზარის დარეკვისთანავე მივვარდებოდით თეფშებს, როგორც წესი ბიჭები ვასწრებდით გოგოებს, ამიტომ ელენეს მე ვუნახავდი, რომ რომელიმე დამშეულს მისი ლანჩი არ შეეჭამა. ერთ დღესაც ვერ შევუნახე.
არც კი გამხსენებია.
ასეთი უპასუხისმგებლო გამოვდექი.
ალბათ ეგონა, რომ შევუჭამე და არ მაპატია.

მესამე კლასში რომ ვალენტინობა ვახსენეთ, განმარტებაც მოაყოლეს. ვალენტინი იყო მღვდელი, რომელიც ცისფერებს ჯვარს სწერდა, აბა, ეგ რა აღსანიშნავი დღესასწაულიაო. ბევრმა ისიც ვერ გაიგო ცისფერი ვინ იყო. ცანავა ამტკიცებდა ცისფერებს სულ ცისფერები აცვიათ და თმასაც ცისფრად იღებავენო.
ამ ლოგიკას მივყევით და აღმოვაჩინეთ, რომ მუსიკის მასწავლებელი სანახევროდ ცისფერი იყო, რადგან ცისფერი პერანგი და შავი თმა ჰქონდა.
აღარ დავფაცურებულვარ ვალენტინობის აღსანიშნავად, მაგრამ ტაჰიკარდია ისევ მაწუხებდა. ამჯერად ანა მიყვარდა, ასევე შავგვრემანი, შავი თვალებით.
„ჯეირანის“ ეპოქა იყო, ვუგროვებდით ერთმანეთს ფეხბურთელების გამოსახულებიან ნაგლეჯებს და ვურახუნებდით მერხზე ხელებს, იმის იმედად, რომ ეს მიმზიდველი მუყაო ჰაერში დატრიალდებოდა და პირქვე დაემხობოდა. მთელი სკოლა ზიდანის გამოსახულებიანი ნაგლეჯის ხელში ჩაგდების სურვილით იტყავებდა გულებს. ანამ კიდე როგორღაც მოიპოვა და მაჩუქა, ფაქტობრივად სიყვარული ამიხსნა.

მეოთხე კლასში სხვა სკოლაში გადავედი, ანაც დავტოვე და მის მიმართ სიყვარულიც. არ ვიცი რატომ გადამიყვანეს ყველაზე კარგი სკოლიდან ყველაზე ცუდ სკოლაში, ისეთ უკიდურესობაში აღმოვჩნდი ნებისმიერი აღმოსავლელი ფილოსოფოსი, რომ ინატრებდა. ალბათ ჰესეც გაატარებდა სიდჰარტას ასეთ გზაზე. პირველივე ბიჭი, რომელსაც დავუძმაკაცდი ადგილობრივი ყოჩი აღმოჩნდა, მიხსნიდა დაუწერელ წესებს, რომლებიც სკოლაში მოქმედებდა, მიხსნიდა, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. ვერც ის გავიგე ჩვენ კლასელ გოგოს მერხზე თავი რატომ არტყმევინა, იქ სადაც მე ვიზრდებოდი ეს სირცხვილზე მეტიც კი იყო, გავლახე ჩემი ახლად დაძმაკაცებული და გარშემო ყველამ დამცინა, გოგოს გამო ძმაკაცი როგორ ცემეო?! ჩემმა ძმამაც კი დამცინა. სხვა სკოლა იყო, სხვა წესები.
დიდხანს ვიჭიდავე საკუთარ თავთან, რომ ამას არ შევგუებოდი, ესეც ამაოდ. ჯერ იმას შევეგუე ბუფეტში, რომ შოკოლადიან ფუნთუშებს ახევდნენ ნაკეცებიან ბავშვებს, მერე ნაცემებს და შეურაცხყოფილებს შევეგუე, მაგრამ გულში იმედად ვინახავდი გოგოს დამცირებას არასდროს ავიტან-მეთქი. ბოლო იმედად შემომრჩენოდა.
მერე, აი, ის ცისფერების დღე მოვიდა ვალენტინობას, რომ ეძახიან და ისე შევუსისხლხორცდი ახალი სკოლის კედლებს როგორც ყველა იქ მყოფი. მე და ყოჩმა ორი წლით დიდი ძველი ბიჭი მოვიხელთეთ და საათი წავართვით, არც არაფერში გვჭირდებოდა, მოგვიანებით მებუფეტეს გავუცვალეთ ლიმონათში. იქ თავს ასე იმკვიდრებდნენ, ყველას უნდა სცოდნოდა, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. მერე ტუალეტში ჩავედით და ვნახე უფროსკლასელების სექსი ნაწნავებიან გოგოსთან, ბიჭების ტუალეტში, სიბინძურეში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ვინმე ჩასულიყო. არ უძალიანდებოდა, იმიტომ, რომ ისიც შეეგუა. გამოგვყარეს და ხითხითით გავეცალეთ იქაურობას, მხოლოდ ძალიან გვიან გავაცნობიერე, რომ შეუძლებელი იყო ის გოგო თავის ნებით ყოფილიყო იქ, სადაც იყო, შეუძლებლი იყო, რომ ამისგან სიამოვნება მიეღო.
ასე აღანიშნინეს ვალენტინობა.
რაღაც მომენტში ახლოსაც კი ვიყავი ამ ჯოჯოხეთშიც შემყვარებოდა ვინმე. ჩემი კლასელი იყო. პირველი სიყვარულის მსგავსად, ამასაც ეკა ერქვა და ალბათ, პირველი და უკანასკნელი ქერა იყო, რომლის მიმართ რაღაცას ვგრძნობდი. რაღაც უცნაურს.
საქმე ის იყო, რომ ჩემი ძველი ბიჭი ძმაკაცის გალახვის მერე სხვა მერხზე გადამსვეს, მოგვაცილეს ერთმანეთს, ახალ მერხზე კი პაპასკირი მელოდა. ის მოსაუბრე იყო, მე მსმენელი, ჰოდა, გამომიჭირა.
მთელი დღე ყური მტკიოდა, არ მინდოდა წყენოდა რამე, ამიტომ არ ვაწყვეტინებდი, თავში კი მხოლოდ ეკა უტრიალებდა. ორივე ლტოლვილი იყო, ორივე საერთო საცხოვრებლიდან, კარის მეზობლები ყოფილან, მათი ოჯახებიც ახლობლობდნენ, სკოლაში ერთად მოდიოდნენ და ერთად მიდიოდნენ, ეკა ლამაზი გოგო იყო, პაპასკირი მახინჯი ბიჭი, როგორც ხდება ხოლმე.
ასეთ რამეს მანამდე არ გადავყრილვარ, მანიაკალური მისწრაფება ჰქონდა, ყველაფერი იცოდა მის შესახებ, იცოდა, რა ფერის საცვალი ეცვა, იცოდა რამდენი კარაქიანი პური შეჭამა სკოლაში წამოსვლის წინ, არ მიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სისხლის საერთი ანალიზიც ეცოდინებოდა.
ისე შემოიჭრა ეკა ჩემ ცხოვრებაში, რომ ვერც კი გავაცნობიერე. დიდხანს ვუყურებდი ხოლმე და აშკარად არ იყო ისეთი გარეგნობის გოგო მე რომ მომწონს ხოლმე, მაგრამ რაღაც მაინც მიზიდავდა, ვირუსივით იყო, პაპასკირმა, რომ გადამდო და ვაქცინა სად ჯანდაბაში მეძებნა ესეც არ ვიცოდი.
ერთი წლის მერე ისევ ძველ სკოლას რომ ვუბრუნდებოდი, პაპასკირი უკვე აღარ მელაპარაკებოდა და ერთადერთი იყო, რომელიც არ დამემშვიდობა.



მომდევნო ვალენტინობისას უკვე კარგად ვიცოდით, რეალურად რა დღე იყო ეს, ისიც ვიცოდით, ჰომოსექსუალები ვინ იყვნენ და აღმოჩნდა, რომ მუსიკის მასწავლებელი არა სანახევროდ არამედ თავიდან ბოლომდე ჰომოსექსუალი იყო. კლასელები ამბობდნენ, აბა, რა გგონია სულ შუბერტს რატომ გვასმენინებსო?!
ის დრო იყო ვალენტინობას, რომ კინოში დაპატიჟება ან სარდაფში, მუსიკის დარბაზის გვერდით არსებულ კაბინაში შეხვედრა მოჰყვებოდა ხოლმე. იქ კარი სულ დაკეტილი იყო, მაგრამ იმხელა სარკმელი ჰქონდა, რომ გადაძრომას მაინც ვახერხებდით. საუკეთესო ადგილი იყო პაემნისთვის, არც ჩუმი კვნესა ისმოდა, რადგან დარბაზში როიალის რახა-რუხი ყველანაირ ხმას ახშობდა.
შემდეგმა სიყვარულმა გემოვნებაში ცვლილება შემოიტანა. ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა და პირველი იყო, რომელმაც სიყვარულით არ მიპასუხა, ალბათ, იმიტომ რომ შევიცვალე, იმ ერთმა წელმა ძალიან შემცვალა, ჩემი დამოკიდებულებებიც ბევრი რამის მიმართ შეიცვალა, მუდმივად იმას მეუბნებოდა როგორი კარგი ვიყავი და როგორი ცუდი გავხდი. არ შემეძლო ახსნა რატომ მოხდა ასე, უბრალოდ ვღიზიანდებოდი და მთელი სამი წელი ვამწარებდით ერთმანეთს. სამივე წელმა კინოსა და სარდაფის გარეშე ჩაიარა.
მხოლოდ სკოლის ბოლო დღეს ვისაუბრეთ მშვიდად, ვიცოდით, რომ სხვადასხვა სკოლაში გადავდიოდით, ვუთხარი ვეღარ გნახავ-მეთქი და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მას მერე მართლა აღარ მინახავს. მომენატრებიო - ამ სიტყვამ მთელი სამი წლის ბრძოლა გადაფარა.

შემდეგი სიყვარული გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მეწვია, გემოვნება თავის ადგილს დაუბრუნდა, შავგვრემანი იყო. ხშირად იღებდა შენიშვნას სასწავლო ნაწილისგან ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობის გამო, გიმნაზიაში გოგო შარვლით ვერ ივლიდა, ამას კიდე ისეთი მოკლე კაბა ეცვა ერთხელ უთხრეს, ჯანდაბას შენი თავი, ჩაიცვი შარვალიო. ჰორმონალური აღელვების წლები იყო, მაგრამ მასზე ფიქრისას არასდროს დრამა არ დამიღვრია, თითქოს ამით მის ხატებას შევურაცხყოფდი. მერე ეს ხატებაც წაიბილწა, როცა დაჭრილი ვესვენე საავადმყოფოში ყოველ დღე ველოდი, რომ სანახავად მოვიდოდა, ყველამ მინახულა, დამჭრელით დაწყებული იმ ნათესავით დამთავრებული ყველას გარდაცვლილი, რომ გვეგონა, ის კიდე არ მოვიდა. საავადმყოფოდან გამოწერილმა გაბრაზებულ გულზე პირველივე შესაძლებლობისთანავე წავბილწე მისი ხატება.
თავიდან მაინც ვერ ამოვიგდე. წარმოუდგენლად დეგენერატულმა არქიტექტურამ ხელი შემიწყო იმაში, რომ ლიფტის შახტიდან პირდაპირ მის აივანზე აღმოვჩენილიყავი, მეოთხე სართულმაც ვერ შემაჩერა! ხშირად ვსტუმრობდი, ერთად გვეძინა კიდეც, ბებიამისს მაინც არაფერი ესმოდა, მაგრამ არ მაძლევდა, ჩემი შეყვარებული გაბრაზდებაო. ერთად ძილი, ერთად ნანახი სიზმარი სექსზე ინტიმურია. - მშვიდად ვეუბნებოდი. თავს ვიმშვიდებდი, მოგვიანებით დავიჯერე, რომ ნამდვილად ასეა.
მერე ძალიან მოულოდნელად გიმნაზიაში საჩივარი შევიდა ჩემ სახელზე. აივნებზე ისე მოხერხებულად დაძვრება ნამდვილად ყაჩაღი იქნებაო. თავის მართლება არასდროს ასე არ შემზარებია. უბრალოდ, ღიმილით დავაქნიე თავი და წავედი ძველ გზაზე, იმ სკოლაში სადაც მესამედ ვბრუნდებოდი.

დამამთავრებელ კლასში მოხდა ის რაც მანამდე არ მომხდარა. ნელ-ნელა მოვიდა სიყვარული, ჯერ სიძულვილი მამოძრავებდა დედამისის გამო. მერე კიდე უცბად შემიყვარდა. ისეთი შავი იყო ყველა წინამორბედ გოგოს ჰგავდა.
დედამისი კი სკოლაში მაშინ დავინახე, როცა კრებაზე იყო მოსული. რა დამავიწყებდა?! ჯერ არ ვიცოდი ვისი მშობელი იყო, მისი შვილი, რომ ბიჭი აღმოჩენილიყო, ალბათ, უმიზეზოდ გადავეკიდებოდი, რამე მწარეს ვეტყოდი, ან ჯგუფური ჩხუბის დროს მაინცდამაინც მას დავარტყამდი.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ზუსტად ისეთი შვილი ჰყავდა, როგორიც თავში და გულში ერთდროულად მივარდებოდა. თავიდან თავს ვაჯერებდი, რომ მძულდა, იმიტომ რომ დედამისი იყო ის ქალი ჯიუტად პოლიციის გამოძახებას, რომ ითხოვდა. პეკინზე არსებული ლიტერატურულიდან ყოველკვირა ვიპარავდით იმ წიგნებს, რომლებიც მოგვწონდა, ჩემი და შოთიკოს წიგნების თარო საკმაოდ მოძველებული იყო, მათ კი ახალი წიგნები ჰქონდათ, მეორე სართულის ბიბლიოთეკაში არ ავდიოდით რადგან ვინმეს, რომ წიგნით ხელში დავენახეთ ქუჩაში, ცოტა სხვა თვალით შემოგვხედავდნენ. ამიტომ ჩუმად ამოვიდებდით ჰუდის ქვეშ და დავგაზავდით სახლისკენ, პირველ გვერდებს ყოველთვის სადარბაზოში ვკითხულობდით. სხვები გასაჩხერად ეძებდნენ სუფთა სადარბაზოებს, ჩვენ კიდე წასაკითხად გვინდოდა. აბა, სახლამდე რა მოითმენდა.
ერთ დღეს ვერც კი მივხვდით, რომ ის პატარა მოწყობილობა ეგრევე წივილ-კივილს ატეხავდა მაღაზიის საკუთრებაში არსებულ ნივთს თუ გაიტანდი. ატეხა ერთი ამბავი და გაფითრებულ შოთის დაცვამ ჩაავლო ხელი, ერთი აიქნია, გააშვებინა და გავარდა ქუჩაში, მე კიდე დავრჩი იმის იმედად, რომ ვერაფერს მიხვდებოდნენ, მაგრამ კარგად ახსოვდათ, რომ ერთად შევედით მაღაზიაში და ერთად ვათვალიერეთ თაროებიც.
ჩხუბი, რომ დამიწყეს ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალბატონმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო ყველას დამშვიდებისკენ მოუწოდა, ხალხნო მე მგონი წიგნის ქურდებს, მით უმეტეს ბავშვებს ასე არ უნდა იმეტებდეთო, მერე დაინტერესდა, ხშირად იპარავენ თუ არა წიგნებსო, თავი ვერ შევიკავე და მათ მაგივრად ვუპასუხე.
იმ მშვენიერი ქალბატონის გარდა (დაილოცოს მისი სახელი) კიდევ იყო იქ ერთი ქალი, რომელიც ჯიუტად ითხოვდა პოლიციის გამოძახებას და თან მშვიდი სახით წრუპავდა ყავას. მაგარი გოიმი გამოდგა, ნემსი ახსენა და აქლემი.
მისი სახე არასდროს დამავიწყდებოდა. ზუსტად სამი წელი იყო გასული, რომ სკოლაში მობრძანდა კრებაზე და მეც ჩემი მოკლე ჭკუით თითქოს შევიძულე მისი ქალიშვილი, მაგრამ ძალიან ნელა, იმდენად ნელა, რომ მთელი წელი ვერ მივხვდი, რაღაცნაირად შემომიყვარდა. მერე მოვიდა ეს ბედკრული ვალენტინობა და როცა ვიფიქრე ყველაფერს ვეტყვი-მეთქი ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა დამასწრო, სადღაც მიუსავლეთიდან გამოტყვრა და გოგოც წაიღო. ალბათ ეგრე ჯობდა. რა ვიცი...

სკოლა, რომ დამთავრდა მისტიკის ჯერიც მოვიდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სემინარიაში ჩავაბარე და სემინარიელი გოგოები მოჭიდავეებს უფრო გავდნენ, გულმა ისევ სკოლის დროინდელი ნაცნობისკენ გამიწია. თან ჯერ ისევ სკოლაში იყო. მოულოდნელად, რომ შევეფეთეთ ერთმანეთს ქუჩაში გამახსენდა, რომ რომელიღაც სკოლაში გადავკვეთილვართ, მაგრამ მაშინ ისეთი პატარა იყო სერიოზულად არც შემიხედავს, ახლა კიდე ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა.
თან ისე ჰქონდა, რომ თვალს ვერ მოწყვეტდი. მერე ჩვენი დროის კომუნიკაცია იყო სოციალურ ქსელში, მერე კიდე თოვლი იყო. თოვლში კიდე ყველაფერი ბევრად მარტივია, მათ შორის სიყვარულიც.
თუმცა როგორც აღმოჩნდა ზედმეტი გულახდილობა არ ვარგა. სემინარიიდან, რომ წამოვედი მეც ყველა წამოსულის მსგავსად სიგიჟის ზღვარზე ვბრძანდებოდი. ვეღარ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე, არავის და არაფრის დანახვა არ მინდოდა და ისეთ ცუდ დღეში ვიყავი რუსოსაც ვერიდებოდი, ასე გაგიჟებული, რომ ვენახე ყველაფერი მომენტალურად დასრულდებოდა, ამიტომ ავიღე ერთი ზურგჩანთა და წავედი ბათუმში. მაშინ ჯერ კიდევ ახალი განახლებული იყო და მეც ისე მინდოდა რაღაც სიახლის ნახვა, რომ მაინცდამაინც იქით წავედი, თან ზღვაც ისე მონატრებული მქონდა გულშიც ჩავიკრავდი, ეს კიდე მეტად სახიფათო ამბავია, იმიტომ, რომ ცურვაში ოროსანი ვარ, მე, რომ წყალში ფართხალით ცურვას ვსწავლობდი, ჩემი მასწავლებელი ნაშებს კერავდა. ამიტომ მხოლოდ ფართხალი ვისწავლე და იმისთვის ნამდვილად მყოფნის, რომ ტალღას თავი არ დავახრჩობინო, მაგრამ იმ დღეს ისეთი წვიმა და იმხელა ტალღები იყო, რომ ალბათ მაიკლ ფელპსაც ჩაახრჩობდა.
გაბრაზებული სემინარიელის აღტკინებით ვეკვეთე ტალღებს! არის ამ დროს რაღაც წამი, როცა სხეულს კარგავ და ის ყველაზე ღრმა და თანდაყოლილი შიში ამოდის ზედაპირზე სიკვდილის მოახლოებისას რომ განიცდი.
პირდაპირ თმით გამომათრიეს ნაპირზე, იმხელა ნაწილი ამაგლიჯეს იმის მერე თმა აღარ ამომსვლია.
სამაგიეროდ გადავრჩი!
მადლობები არავისთვის გადამიხდია. გამოქცეული სემინარიელი მადლიერების გრძნობას აბსოლუტურად კარგავს.
ერთიანად მაცახცახებდა, არ ვიცი სიკვდილთან დიალოგის გამო თუ უბრალოდ იმის გამო, რომ გავცივდი და რაღაც ვირუსი ავიკიდე.
ხალხი დავარწმუნე საცურაოდ შევედი, თავს არ იმასვშვებოდი-მეთქი და პოლიციის გამოძახების გარეშე გამოვძვერი. სამაგიეროდ სიცხეს ვეღარ მოვუხერხე ვერაფერი, იმხელაზე ამიწია თერმომეტრიც მაგინებდა.
ასე სიცხიანს და აცახცახებულს ჩამეძინა, საშინლად მოუხერხებელ ლოგინზე, სიზმარი მოვიდა და სიცხიანის სიზმარი სულ სხვა სიზმარია.
იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო, რუსოს ჰქონდა სიცხე. ის იწვა და მე ვუვლიდი. ჯუჯღუნებდა ახლოს არ მოხვიდეო, მაგრამ მაინც გულში მყავდა ჩაკრული. მერე ბავშვებიც შემოცვივდნენ, ერთი გოგო, ერთი ბიჭი. სულ პატარები იყვნენ, მაგრამ არა ისეთი პატარები, რომ მოთხოვნები არ ჰქონოდათ - მაკდონალდს ითხოვდნენ. ალბათ, იმიტომ რომ მეც იმავეს ვითხოვდი ბავშვობაში.
უარი ვუთხარი, დედა ავად არის და ვერსადაც ვერ წავალთ-მეთქი, ჩამოყარეს ყურები, მაგრამ რუსომ მთხოვა წაიყვანეო. როგორც აღმოჩნდა, სიზმარში მიტანის სერვისი არ მუშაობდა, ამიტომ ასეთი დილემის წინაშე დავდექი. ძალიან მძიმედ და ზანტად, საშინელი შეგრძნებით მოვცილდი რუსოს და ამავე წინათგრძნობით დავტოვე სახლში მარტო. ბავშვები ჩასკდნენ, მერე აბსოლუტურად შეუძლებელი მაისური ვუყიდეთ, რომელზეც ყველაზე მახინჯი სმაილი იყო გამოსახული, აი ისეთი მხოლოდ სიზმრად, რომ შეიძლება შემოგხვდეს, თუმცა ამ სიმახინჯის გამო მეტად სასაცილო რამე იყო.
მთელი გზა დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, აბა, როგორ შეიძლებოდა მისი მარტო დატოვება?! თუმცა ესეც ხომ მხოლოდ და მხოლოდ მისი თხოვნის გამო გავაკეთე?! ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდი სახლამდე, რაც უფრო ახლოს მივიწევდი მით უფრო ცუდს მიგრძნობდა გული. შევაღე კარი და ისეთი სახით დამხვდა, რომ მივხვდი - ისიც ასევე მოუთმენლად მელოდა. ცუდ შეგრძნებას მხოლოდ ერთმანეთისგან დაცილება იწვევდა.
მაისური ვაჩუქეთ, ბევრი იცინა, ბავშვები დავაძინე და ისევ მივეხუტე, ისევ იჯუჯღუნა გადაგედებაო, მაგრამ მისი სიტყვებიც ყალბად გაისმოდა, გრძნობები კი თავს ვეღარ მალავდნენ.
ჩაგვეძინა ასე მიხუტებულებს. სიზმრად ჩაძინებულს ბათუმში გამომეღვიძა. აღარც ვცახცახებდი და აღარც სიცხე მქონდა. სიზმარმა წაიღო ჩემი ვირუსი.
ისეთი ბედნიერების შეგრძნება მქონდა არც მანამდე და არც მას შემდეგ, რომ არ განმიცდია.
წამოდგომისთანავე გავეშურე თბილისისკენ, სახლშიც არ შემივლია ისე აღმოვჩნდი ამერიკული აკადემიის წინ და იქვე სკამებთან ველოდი რუსოს, არ ვიცოდი რას ვეტყოდი, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემი განცდილი ბედნიერების პატარა ნაგლეჯი მაინც გამეზიარებინა.
სკოლიდან, რომ გამოვიდა ყველაფერი მოვუყევი. როგორ ვუვლიდი, როგორი მაისური ვაჩუქეთ, მოვუყევი ჩვენი ორი შვილის შესახებ რომელთა სახელებიც არ ვიცოდი. - აი ასე აღმოვჩნდი პოლიციის განყოფილებაში და ადევნების კანონი, რომ მიღებული ჰქონოდათ ალბათ გამსროკავდნენ კიდეც.
რუსო გაქრა, მაგრამ იქ, სიზმრად, პარალელურ სამყაროში, ყველაფერი კარგად არის.

ბავშვურ სიყვარულს წერტილი ჩემმა რიჟიკამ დაუსვა. ყველაზე რადიკალურმა ცვლილებამ, წითელი იყო, რევოლუციის ფერი. ჩემი პერსონალური გაზაფხული! ჩემი ლოცვა და ჩემი ღმერთი.
მასთან ყოფნისას ისე ვმშვიდდებოდი, როგორც გადაშლილ წიგნზე მოფენილი სანთლის შუქი მამშვიდებდა ბავშვობაში. განთიადს ჰგავდა. ალბათ ამიტომ დავხეტიალობ ხოლმე გამთენიისას, იქნებ მგონია, რომ ისევ მიყურებს, მაკვირდება სავსე მწვანე თვალებით. ის დრო იყო, როცა აოფიციალურებენ ხოლმე და ვალენტინმაც ძალა შემმატა. ის ხომ სწორედ ამისთვის შემორჩა ჩვენს მეხსიერებას, სიმამაცეს გვანიჭებს ხოლმე, ხელს გვიბიძგებს და გვეუბნება, ახლა თუ ამას არ იზამ, მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდებაო.
მართალი კაცია ვალენტინი.
მეც ვთხოვე, იმან იცინა, მერე იტირა, მოკლედ გაუხარდა, არ წახვიდეო, ყველაფერი გვერდზე გადავდე და დავრჩი, ახლა ძალიან მიხარია, რომ დავრჩი. სახურავზეც ავედით და ვარსკვლავებიც დავითვალეთ, ისე ცოტა იყო ხელის თითებზეც დაგვეტეოდა, არც მეჭეჭების შეგვშინებია. როცა მეგონა, რომ ყველაზე ბედნიერი იყო, ზუსტად მაშინ მოიკლა თავი. ალბათ, მეც მომკლა.
მთელი ცხოვრებაა შეყვარებული ვარ, მაგრამ სიყვარულის არა ვიცი რა.

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ რომ გრძელდებოდა, ამაში ეჭვი არასდროს შემიტანია. თუმცა ჩემი რიჟიკას მერე თუ საერთოდ ვინმეს შევხედავდი ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. მოვიდა ის დრო, როცა ოცდამეცამეტე კბილზე უარი უნდა მეთქვა, ამ ანომალიამ იმხელა პრობლემა შემიქმნა, რომ მთელი სახის ძვალი დეფორმირებული მაქვს. ჯერ მამუკა გოგიბერიძემ გამჭრა, მერე კი რომში მომიწია წასვლა. იქ იაფად, რომ გამოვძვრენილიყავი ირას და მიშკას მეგობრის სახლში დავრჩი ებრაულ უბანში, მხოლოდ ორი რამ მევალებოდა, მცენარეების და ძაღლის მოვლა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. სახლის პატრონი ანიტა ამერიკაში დააწვა სამოგზაუროდ, სანამ წმინდა ანდიას საავადმყოფოში დავწვებოდი ირამ გამაფრთხილა მალე ანიტას მეგობარიც უნდა ჩამოვიდეს და ერთად მოგიწევთ ცხოვრებაო. ოპერაცია ისე მანერვიულებდა სულ გადამავიწყდა ანიტას მეგობარი. ამიტომ ორი დღის მერე, სახე ახვეული რომ გამომწერეს, კარი სოფიამ გამიღო.
შავი ხუჭუჭა თმით და აბსოლუტურად წარმოუდგენელი მუქი მწვანე თვალებით. ყბები ჯერ ისევ მტკიოდა და ვერ ვლაპარაკობდი, ისიც სულ ჩუმად იყო. მკერდზე დავითის წითელი ვარსკვლავი ეკიდა. ტომსკში დაიბადა, მოსკოვში გაიზარდა. დედა ნახევრად გერმანელი ჰყავდა, მამა ებრაელი. იუდეველი იყო.
სამადლობელს ვჩურჩულებდი ხოლმე იმისთვის, რომ სახე არ ჩამომეშალა, კუთხეში პატარა ხატი მედო და იქვე ვიმუხლებოდი. სოფია ფანჯრის რაფაზე იყო მოკეცილი. ერთი კვირა ვიყავით სრულ მდუმარებაში. ებრაული უბანიც ძალიან ჩუმი გამოდგა. ჯერ შუა საუკუნეებში იყვნენ პაპისგან მოძულებულნი, მერე ფაშისტებმა გალავანი შემოარტყეს, უბანს რეპრესიის კვალი ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეტყობოდა.
სოფის ებრაული პური უყვარდა, რომელსაც ადგილობრივები პიცას ეძახდნენ, მაგრამ ეგ ისე იყო პიცა, როგორც ხაჭაპური არის ჩიზქეიქი.
ტრადიციული ექსკურსიის მერე მაგრად დაღლილს ჩამეძინა, გამოღვიძებულს კი თავზე მადგა, ფართოდ გახელილი თვალებით სიმწვანეს ანათებდა. ისევ ისე იყო მოკეცილი, როგორც სჩვეოდა, ყველანაირ ადგილზე შეეძლო ასე მოკეცილიყო და არანაირი სავარძელი საჭირო არ იქნებოდა.
ხელი გამომიწოდა და მივხვდი, რომ ჯვარს მთხოვდა. მოვიხსენი და გავუწოდე. იმან თავის ვარსკვლავი მომცა. სათითაოდ ფრთხილად შევეხე თითოეულ ქიმს და მერე ისევ დავუბრუნეთ ერთმანეთს მრწამსი.
თითქოს დასტური იყო იმისა, რომ ერთმანეთს შევხებოდით და მერე იყო მხოლოდ თავდავიწყება.
ამდენი განსხვავება, რომ რომანტიზმი მეგონა, თურმე მაინც წინააღმდეგობა ყოფილა. გავრილოვის გამო ატეხილ ამბავს მაკოს ასევე ლამაზი თვალი შეეწირა და საკმაოდ დიდხანს სოფიას თვალებში ვეღარ ვუყურებდი.
მეშინოდა, არ ვიცი რატომ.
მისგან ვითხოვდი, რომ ისევე გაბრაზებულიყო ვაჟა ექიმის გატაცებაზე, როგორც მე გავბრაზდი, ისევე გამოეხატა ამის გამო პროტესტი როგორც უსტინოვის და ბეგლეცის დაკავებას აპროტესტებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
თავისი კოლეგის დაკავების გამო ამ პროტესტს არავინ აპატიებს და რუსეთში როლები უნდა დაივიწყოს. ამიტომ პარიზში გადაბარგდა და Cours Florent-ში დაიწყო სწავლა. ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ვარსკვლავი და ცოტა არ იყოს ეგოისტურად ვიტანჯები მისი ჩუმი სილამაზე ყველასთვის შესამჩნევი რომ გახდება.
აი, მოდის ისევ ვალენტინი. მიბიძგებს ნაბიჯის გადადგმისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ომი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ხალხმა ჩემი ღმერთი ჯვარს აცვა.
მოიწერა, ჩამოდიო და თურმე ფრთებიც გამოესხმება ადამიანს ასეთ დროს, კარგად ნაცნობი ტაჰიკარდიაც დაჰკრავს ხელს, მუცელში ისევ პეპლები აფრიალდებიან და ეს ვალენტინიც სულ მუჯლუგუნით გიბიძგებს ნაბიჯის გადადგმისკენ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG