Accessibility links

როგორ აფასებს ევროკომისია ვიზალიბერალიზაციას?


ვანო ჩხიკვაძე, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი

ევროკომისიამ გამოაქვეყნა "მეორე ანგარიში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში", რომელშიც ასახულია ვიზალიბერალიზაციის განხორციელება დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 8 ქვეყანასთან, მათ შორის - საქართველოსთან. უმთავრესი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ გამოწვევების მიუხედავად, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ანგარიშში ნახსენები არ არის. ამით იწყებს "დილის საუბრებთან" ინტერვიუს "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე. ის განმარტავს რა ვალდებულებები აიღო საქართველომ უვიზო მიმოსვლის კონტექსტში და რომელს როგორ ასრულებს. ვანო ჩხიკვაძე შენიშნავს, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ აიღო და არ შეასრულა, არ არის ნახსენები ევროკომისიის ანგარიშში, კერძოდ, ცვლილება ანტიდისკრიმინაციულ კანონში და შეეხებოდა მისი აღსრულების მექანიზმის გაუმჯობესებას. "დილის საუბრების" რესპონდენტი ლაპარაკობს აგრეთვე თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკის გაუარესებასა და ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს მოქალაქეების, ან საქართველოსთან დაკავშირებული პირების მონაწილეობის მაღალ მაჩვენებელზე, რაც აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში: "კერძოდ, საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და შვედეთში. საკუთრების ხელყოფა რჩება მთავარ დანაშაულად, რომელშიც ქართველების ორგანიზებული ჯგუფები არიან ჩართულები. საყურადღებო საკითხად სახელდება აგრეთვე ნარკოტიკების გადაზიდვა. გარდა ამისა, ანგარიშში წაიკითხავთ: "მთლიანობაში საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს ანტი-კორუფციული რეფორმის განხორციელებაში, თუმცა გაუმჯობესებაა საჭირო მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლასა და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაში".

ევროკომისია აქვეყნებს სტატისტიკას, რომელიც გაერთიანების სხვადასხვა უწყების მიერ არის მომზადებული. კერძოდ, 2017 წელს წინა წელთან შედარებით 200%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები; იმავე წლებს თუ შევადარებთ, მცირედით ზრდა იყო არალეგალურად დარჩენის შემთხვევებისა (2016-ში - 5240, 2017-ში - 5860); 2018 წლის პირველი ნახევრისა და 2017 წლის პირველი ნახევრის შედარებამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა შესვლაზე უარის თქმისა და არალეგალურად დარჩენის შემთხვევები. იგივე პერიოდების შედარებისას ირკვევა, რომ ორჯერ გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა. ამ შემთხვევაში, ძირითადი სამიზნე ქვეყნებია გერმანია და საფრანგეთი. ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსთან კარგად თანამშრომლობს რეადმისიისა და დაბრუნების საკითხებზე, რაც უნდა გაგრძელდეს. 2017 წელს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებიდან 4560 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG