Accessibility links

ვარდებიან თუ ხტებიან ფანჯრიდან რუსი ექიმები?


ექიმი სასწრაფო დახმარების მანქანაში. მოსკოვი, 2 აპრილი, 2020წ.

რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი რუსი ექიმის, ალექსანდრ შულეპოვის, მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება.

როგორც ცნობილია, რუსეთის ვორონეჟის ოლქის ნოვოუსმანსკის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ექიმი 2 მაისს გადმოვარდა იმ საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან, სადაც მას კორონავირუსის მკურნალობის კურსს უტარებდნენ.

არადა, ეს უკვე რუსი ექიმების მიერ ფანჯრიდან გადმოვარდნის, თუ განზრახ გადმოხტომის, მესამე შემთხვევაა. წინა ორი ინციდენტის შედეგად ექიმები დაიღუპნენ. ტრაგიკულ დამთხვევას მიაწერენ იმასაც, რომ სამივე შემთხვევა რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება.

ინფიცირებულ ექიმს აიძულებდნენ, ემუშავა

ექიმი ალექსანდრ შულეპოვი, მეორე დღეა, ქალას ფუძის მოტეხილობით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

გამოცემა „მედუზის“ ინფორმაციით, ალექსანდრ შულეპოვი ნოვოუსმანსკის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობს, სადაც 22 აპრილიდან გადიოდა კორონავირუსზე მკურნალობას. ბოლო ორი ტესტის შედეგი უარყოფითი იყო და აპირებდნენ შულეპოვი უახლოეს ხანებში გაეწერათ საავადმყოფოდან.

მაგრამ გაუგებრობები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრაგიკულ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შულეპოვმა კოლეგა ალექსანდრ კოსიაკინთან ერთად ჩაწერა ვიდეო, რომლითაც იტყობინებოდა, რომ, მიუხედავად „კორონავირუსის დიაგნოზისა“, იგი არ მოხსნეს ცვლიდან და აიძულეს განეგრძო მუშაობა.

Error rendering VK.

22 აპრილს „მედუზა“ დაუკავშირდა შულეპოვს, რომელმაც დაუდასტურა კორონავირუსით დაინფიცირება, მაგრამ ითხოვა არ გაეთქვათ საუბრის დეტალები საავადმყოფოს ხელმძღვანელების მხრიდან მოსალოდნელი სანქციების გამო.

მაგრამ, როგორც ჩანს, ვიდეოს შემდეგ შულეპოვზე ზეწოლა განხორციელდა.

25 აპრილს ადგილობრივმა გამოცემამ „ახალი უსმანი დღეს“ (Новая Усмань сегодня) გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც შულეპოვი ამბობს, რომ „კოსიაკინთან ერთად ვიდეო ჩაწერა ემოციით“ და, სინამდვილეში, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გამოძახებებზე აღარ უვლია, დაწესებულებას კი საკმარისი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები აქვს.

ფერშალ ალექსანდრ კოსიაკინის მიმართ, რომელიც ზემოხსენებულ ვიდეოში კორონავირუსისგან დამცავი სამედიცინო საშუალებების დეფიციტზე ლაპარაკობდა, „ფეიკების“ გავრცელებისათვის ადმინისტრაციული სამართლის საქმე აღძრეს.

რა შუაშია თვითმკვლელობის პროპაგანდა?

რუსული მედიის ცნობით, ტრაგიკული ინციდენტი მოხდა კრასნოიარსკში. იქაური ომის ვეტერანთა საოლქო საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი, ელენა ნეპომნიაშჩაია, ფანჯრიდან გადავარდა ჯანდაცვის რეგიონალური უწყების ხელმძღვანელ ბორის ნემიკთან სელექტორული თათბირის შემდეგ.

როგორც გაირკვა, საუბარი თათბირზე შეეხებოდა საავადმყოფოს ერთ-ერთ კორპუსში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მიღების დაწყებას.

ვეტერანთა საავადმყოფოში თავდაცვის საშუალებების უკმარისობისა და პერსონალის საერთო მოუმზადებლობის გამო, მთავარი ექიმი თურმე ეწინააღმდეგებოდა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მიღებას. ამ ინციდენტის შესახებ მაშინ პირველად ტელეგრამის არხმა „ბორუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია.

მოკლე შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ვეტერანთა საავადმყოფოს უფროსი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი ექიმი ქალი საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა; იგი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

უკვე 2 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ელენა ნეპომნიაშჩაია მიღებული ტრამვის შედეგად გარდაიცვალა.

კრასნოიარსკის ჯანდაცვის უწყებამ, ოფიციალური ცნობის თანახმად, ექიმის გარდაცვალების გამო თანაგრძნობა გამოხატა მისი ოჯახის მიმართ და დახმარებას დაჰპირდა.

დიდი ალბათობით, ექიმი ქალის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნა იყო არა შემთხვევითი, არამედ გამიზნული ქმედება საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით.

მაგრამ რუსული მედია ხშირად იყენებს გამოთქმას „ფანჯრიდან გადმოვარდა“, ნაცვლად გამოთქმისა „ფანჯიდან გადმოხტა“ მას შემდეგ, რაც „როსკომნადზორმა“ ბრძოლა გამოუცხადა თვითმკვლელობის პროპაგანდას.

ტრაგედია „კოსმონავტთა მთავარ ქალაქში“

სასწრაფო დახმარების ექიმის, ალექსანდრ შულეპოვის, ისტორია ძალიან ჰგავს ტრაგიკულ ამბავს, რომელიც 24 აპრილს

ლებედევამ თვითმკვლელობა გადაწყვიტა ხელმძღვანელობის ბრალდების გამო, რომ არ მიიღო საკმარისი ზომები თავისი თანამშრომლების უსაფრთხოებისათვის და დაუშვა კორონავირუსით რამდენიმე მედიკოსის დაინფიცირება.
გაზეთი "ზვიოზდნი გოროდოკი"

მოსკოვიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარე ცნობილ „ზვიოზდნი გოროდოკში“ (ასე ეწოდება კოსმონავტების მოსამზადებელ დახურულ ადმინსტრაციულ ცენტრს) დატრიალდა.

გასაიდუმლოებული ქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი, ნატალია ლებედევა, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან ურთიერთობაში თავადაც დაავადდა საშიში ინფექციით, ოფიციალური ცნობის თანახმად, „უბედური შემთხვევის“ შედეგად გარდაიცვალა.

თავდაპირველად ტელეკომპანია „რენ.ტვ“-ს ცნობაში საერთოდ არ ფიგურირებდა „ფანჯრიდან გადავარდნილი“ ქალის სახელი.

თუმცა მოგვიანებით გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცმა“ გამოარკვია, რომ ქალი, „ზვიოზდნი გოროდოკის“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი, ნატალია ლებედევა, კი არ გადავარდა, არამედ გადახტა.

„ლებედევამ თვითმკვლელობა გადაწყვიტა ხელმძღვანელობის ბრალდების გამო, რომ არ მიიღო საკმარისი ზომები თავისი თანამშრომლების უსაფრთხოებისათვის და დაუშვა კორონავირუსით რამდენიმე მედიკოსის დაინფიცირება“, - წერს გამოცემა.

გაზეთის ინფორმაციაში კიდევ ერთი რამ არის საყურადღებო.

რუსეთის ამ ერთ-ერთ ყველაზე უფრო დახურულ ქალაქში ლებედევას თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსით 20 ადამიანი დაინფიცირებულა - მათ შორის, ერთ-ერთი პირველი სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია „ენერგიის“ გენერალური ინსტრუქტორი, ევგენი მიკრინი.

თავდაპირველად ცნობილ გენერალურ კონსტრუქტორს დაავადება ჰქონდა მსუბუქ ფორმაში, რამაც შესაძლებლობა მისცა სახლში ემკურნალა. მაგრამ 20 აპრილიდან მისი მდგომარეობა გართულდა, რის გამოც საჭირო გამხდარა მიკრინის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა და მისი მიერთება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე.

ამის შემდეგ მიკრინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რუსულ ინტერნეტში აღარ იძებნება.

თუმცა სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსიდან“ გარკვეული ცნობები მაინც ჟონავს. ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა „როსკოსმოსში“ 42 კაცამდე გაიზარდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

უცნობია, თუ რა კავშირშია ექიმ ნატალია ლებედევას თვითმკვლელობა „ზვიოზდნი გოროდოკში“ კორონავირუსის გავრცელებასთან. ასევე ბევრ შეკითხვას აჩენს მცირე დროში სამი ექიმის ფანჯრიდან საეჭვო გადავარდნა, რაზეც პასუხის გაცემას არ ჩქარობს კორონავირუსის პანდემიის ფონზე გამოცხადებული საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფი რუსეთის ხელისუფლება.

საინფორმაციო ვაკუუმი კი სხვადასხვა ვერსიას ასაზრდოებს.

„რეჟიმი, უბრალოდ, ხოცავს მიუღებელ ექიმებსა და აქტივისტებს“, - წერს ერთ-ერთი კომენტატორი ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის ფორუმზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG