Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავა უკრაინისათვის ნატოს „საგზაო რუკაზე“ მსჯელობს


3 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, დაჰპირდა, რომ ნატოს ივნისის სამიტზე განიხილავენ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკის“ საკითხს.

ამასთან, ნატოს ივნისის სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები იმსჯელებენ უკრაინის უსაფრთხოებისა და, ამ კონტექსტში, მთელი ცენტრალური ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე.

მაგრამ ორი ლიდერის შეხვედრაზე არ თქმულა, თუ რას წარმოადგენს „საგზაო რუკა“ უკრაინის შემთხვევაში, რომლის პრეზიდენტმაც რუსეთისგან მომდინარე სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად აპრილის დასაწყისში უკრაინისათვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ს) მიცემა ითხოვა.

3 მაისს ვარშავაში, ნატოს ბრიუსელის სამიტისა და უკრაინისათვის შესაძლო „საგზაო რუკაზე“ საუბრის დროს, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას არ უხსენებია საქართველო, რომელიც, უკრაინის მსგავსად, 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტიდან მოყოლებული დღემდე ამაოდ ელოდება ალიანსში გაწევრიანების შესახებ მკაფიო სიგნალის მიღებას.

კარგი, მაგრამ არამკაფიო სიგნალი

აპრილის დასაწყისში, როდესაც რუსეთმა დიდ სამხედრო ძალას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან და ასევე ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ „დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად ნატოს“ მიიჩნევს. მანამდე არც ზელენსკის და არც მის წინამორბედ პეტრო პოროშენკოს ეს საკითხი ასე მკვეთრად არ დაუყენებია.

„ბატონო სტოლტენბერგ, ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი არმიის და თავდაცვის სფეროს რეფორმებისა, მაგრამ მარტო რეფორმებით რუსეთს ვერ შევაჩერებთ. ნატოა დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა. რუსეთისათვის ნამდვილი სიგნალი იქნება უკრაინისათვის MAP-ის (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) მიცემა“, - ტვიტერის საშუალებით ასეთი მესიჯით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს მოუწოდა, განიხილონ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიცემის საკითხი.

მაგრამ არც გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს და არც ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს არ უპასუხიათ უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხი არ დგას ალიანსის მომდევნო სამიტის დღის წესრიგში.

„სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ ნატოს 14 ივნისის სამიტი არანაირად არ იქნება გაფართოების სამიტი. იქ MAP-ს ვერ მიიღებს ვერც საქართველო და ვერც უკრაინა. როგორც ჩანს, პირველ რიგში, ერთდღიანი სამიტი კონცენტრირებული იქნება აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის ვაშინგტონის წინა ადმინისტრაციის შედეგად შელახული ტრანსატლანტიკური კავშირის აღდგენაზე. მეორე მხრივ, სამიტი შეეცდება გაიხედოს წინ და დააკვირდეს, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ალიანსი, რომლის ცალი თვალი ახლა ჩინეთისკენ არის მიპყრობილი“, - ამბობს რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი.

ჯერჯერობით ნატოს მოკავშირეთაგან ერთადერთი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაა, რომელიც ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკის“ შესახებ ნატოს ივნისის სამიტზე იმსჯელებენ, უკრაინისა და, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში.

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკა“ ის ფუნდამენტური საკითხია, რისთვისაც უკრაინა იღვწის. და ჩვენ და ჩვენი მეგობრები ევროპის ამ ნაწილში მხარს ვუჭერთ უკრაინის ამ მისწრაფებას“, - განაცხადა ანჯეი დუდამ ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.

მაგრამ პოლონეთის პრეზიდენტს არ უხსენებია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), რაც საბოლოო და აუცილებელი ინსტრუმენტია კანდიდატი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისათვის. სწორედ ამას ითხოვდა უკრაინის პრეზიდენტი ნატოს გენერალური მდივნისადმი თავის მიმართვაში.

აქედან გამომდინარე, უკრაინის ნატოში მისწრაფებისადმი პოლონეთის პრეზიდენტის მხარდამჭერმა სიტყვებმა ზოგიერთ უკრაინელ ექსპერტში სიცხადის ნაცვლად დაბნეულობა გააჩინა.

„სინამდვილეში, სიტყვათშეთანხმება „საგზაო რუკა“ მე, ცოტა არ იყოს, მაშფოთებს. ეს ნიშნავს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) ვერ მიიღებს ვერც საქართველო და ვერც უკრაინა. შესაძლოა, თითოეული საკუთარი მიზეზის გამო ვერ მიიღებს ამას, მაგრამ ნატოს ივნისის სამიტზე ეს არცერთ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყნებმა არ უნდა იბრძოლონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და არ უნდა განახორციელონ ამისათვის საჭირო რეფორმები“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

რატომ არ ახსენა დუდამ საქართველო?

3 მაისს, ვარშავაში, ნატოს ბრიუსელის სამიტისა და უკრაინისათვის შესაძლო „საგზაო რუკაზე“ საუბრის დროს, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას არ უხსენებია საქართველო, რომელიც, უკრაინის მსგავსად, 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტიდან მოყოლებული დღემდე ელოდება ალიანსში გაწევრიანებისათვის მკაფიო „საგზაო რუკის“ მიღებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ანჯეი დუდა
ვოლოდიმირ ზელენსკი და ანჯეი დუდა

მაგრამ MAP-ის კონტექსტში უკრაინასთან ერთად საქართველოს არხსენებას უფრო პროტოკოლური ნიუანსებით ხსნიან ნატოსა და ევროკავშირის საკითხების ექსპერტები, რომლებიც ერთსულოვნად აცხადებენ, რომ საქართველო უკრაინაზე უფრო დაწინაურებულია ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით.

„ვარშავაში უკრაინასთან ერთად საქართველო იმიტომ არ ახსენეს, რომ იქ დუდა თავის უკრაინელ კოლეგას ხვდებოდა. მე ვიტყოდი, რომ საქართველო ამ ორს შორის ლიდერობს, მიუხედავად იმ პოლიტიკური რყევებისა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თბილისი მოიცვა“, - ასე ფიქრობს რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი.

15 აპრილს უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და სალომე ზურაბიშვილი, შეთანხმდნენ კოორდინირებულ საქმიანობაზე ნატოს სამიტის წინ.

ორი ქვეყნის პრეზიდენტების აზრები ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის თაობაზეც სრულიად დაემთხვა ერთმანეთს.

„სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინასა და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ”, - წერდა ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერში სალომე ზურაბიშვილთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.

უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისმა უკრაინაში დააბრუნა საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც ერთი წლის წინ საქართველოში კონსულტაციისთვის სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებული ერთი გადაწყვეტილების გამო გამოიხმეს.

ეს მოხდა 2020 წლის მაისში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

„ვოლოდიმირ ზელენსკისა და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბარი და უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნება თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, არის იმის ნიშანი, რომ ორი ქვეყანა არსებითად, ისევე როგორც 2008 წელს, მზად არის ერთობლივი მოქმედებისთვის“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

„სხვა საქმეა, რომ უკრაინისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საკითხი რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ გამწვავდა. მანამდე ასეთი ოფიციალური პოზიცია კიევს არ ჰქონია. საქართველო ამ მხრივ უფრო თანმიმდევრულია და ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობდა, რომ მას უფრო მაღალი შანსი აქვს ნატოში გაწევრიანებისა. სინამდვილეში, ჩვენ დარჩენილი გვაქვს სადღაც თვე-ნახევარი საიმისოდ, რომ დავინახოთ, თუ რით დასრულდება სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებული მორიგი ძალისხმევის რაუნდი, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - დასძენს უკრაინელი ანალიტიკოსი.

ცალ-ცალკე თუ ერთად?

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ივნისის ნატოს სამიტამდე დარჩენილ დროში პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ შეეცდებიან გავლენა მოახდინონ სხვა მოკავშირეებზე, რათა ალიანსის დღის წესრიგში დაბრუნდეს საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემის საკითხი.

„მაგრამ ამას დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მხრიდან კვლავ დიდი წინააღმდეგობა ხვდება. ასე რომ, როგორც ბოლო წლებში, ნატოს კარები კვლავ ღია იქნება, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც უკრაინა მას ვერ მიუახლოვდება“, - აღნიშნავს რიკარდ იოზვიაკი.

მაგრამ იმაში ყველა თანხმდება, რომ აპრილის დასაწყისში, რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინის საზღვართან სახიფათო კონცენტრაციის ფონზე, ნატოს გენერალური მდივნისადმი ზემოხსენებული მიმართვით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში დააბრუნა მივიწყებული თემა - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საკითხი. მაგრამ მხოლოდ ერთ მიმართვაზე გაჩერება არ შეიძლება.

„ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება და მუშაობა როგორც აშშ-თან, ისე ევროპის დედაქალაქებთან და, პირველ რიგში, შესაძლოა ევროპის დედაქალაქებთან, იმიტომ რომ სკეპტიციზმი, უპირველეს ყოვლისა, ამ მხრიდან ისმის და არა აშშ-დან“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი.

„აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. MAP-ი არ არის დაცულობის გარანტი თავისი ტექნიკური შემადგენლობით. აქ საუბარია პოლიტიკურ გზავნილზე. და ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია არის ის, რომ რუსეთის იმ ქმედებებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ აგრესიაში გამოიხატება, უნდა გაეცეს შესაბამისი პოლიტიკური პასუხი და ეს პოლიტიკური პასუხი არის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. მე ვერ გეტყვით, რომ ამისთვის დრო არის იდეალური. არა იმიტომ, რომ ან უკრაინა, ან საქართველო არ იმსახურებს მაპს. პირიქით, საქართველო იმსახურებს და საქართველო მოწვევასაც იმსახურებს, მაგრამ მე არ მგონია, რომ დღეს არსებობდეს ამის თაობაზე კონსენსუსი თავად ალიანსში. და არც ის მგონია, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ, მაგალითად, გერმანიამ, იმ მოსალოდნელი ხელისუფლების ცვლილების ფონზე, რომელსაც რამდენიმე თვეში ველოდებით გერმანიაში, ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნავს ფხალაძე.

დმიტრო კულება
დმიტრო კულება

პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტების 3 მაისის შეხვედრის დროს უკრაინისათვის ნატოს „საგზაო რუკის“ შესახებ გამოთქმული მოსაზრების კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღიარა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არის ხანგრძლივი პროცესი და იგი არ წარმოადგენს დღევანდელი და ხვალინდელი დღის საკითხს. „მაგრამ მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს ამ პროცესის გრაფიკზე. მსჯელობა სწორედ ამის თაობაზე მიმდინარეობს“, - განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.

პარტნიორი ქვეყნისათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს კონსენსუსით წყვეტენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები. უკრაინა და საქართველო მთავარი „საგზაო რუკის“ - გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) - მიღებას 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის დროიდან ელიან.

  • ამ ხნის განმავლობაში საქართველო და უკრაინა უფრო დაუახლოვდნენ ევროატლანტიკურ სივრცეს;
  • არსებობს ნატო-საქართველოსა და ნატო-უკრაინის კომისიები;
  • ალიანსი „სტრატეგიულ პარტნიორებად“ განიხილავს ორივე ქვეყანას - მათ მინიჭებული აქვთ „გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის“ (EOP) სტატუსი.
  • უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს აქვს გაწევრიანებისათვის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ნატოს უელსის 2014 წლის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ სახით.

მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს პასუხი მთავარ შეკითხვაზე, თუ როდის მიიღებენ ალიანსის რიგებში ამ ორ დაწინაურებულ პარტნიორ ქვეყანას, რომლებიც, მე-13 წელიწადია, ელოდებიან დანაპირების შესრულებას.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG