Accessibility links

"ამომრჩეველი პროტესტს გამოხატავს იმ პოლიტიკური ელიტის მიმართ, რომელიც არავის ინტერესს გამოხატავს, საკუთარის გარდა"


ვახუშტი მენაბდე, საია-ს დემოკრატიის პროგრამის დირექტორი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2019 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მარნეულის, ზუგდიდის, ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებს, ასევე წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებს 50 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისა და წინა არჩევნების გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებისკენ, სადაც საია-ს იურისტებმა 8 საჩივარი დაწერეს.

20 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:

„საიას შეფასებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების კენჭისყრის დღემ არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და დაძაბულ გარემოს უკავშირდება, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფიზიკურ დაპირისპირებსა და ძალადობაშიც გადაიზარდა. დამატებით ყურადღება უნდა გამახვილდეს ორ ნეგატიურ ფაქტზე: საიას დამკვირვებელი ზუგდიდის ოლქში ხმების დათვლის დროს უბანზე არ შეუშვეს; იმავე ოლქში პოლიციამ სავარაუდოდ უკანონოდ დააკავა ჟურნალისტი“.

რამდენად ასახავს საჩივრების რაოდენობა და შინაარსი საარჩევნო პროცესის ხარისხს? საია-ს დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს, რომ, რასაკვირველია, საჩივრები აჩვენებს მხოლოდ იმას, რაც ორგანიზაციის მხედველობის არეალში მოექცა და არა მთელ სურათს. მეორე, რასაც ხაზს უსვამს, არის ის, რომ საჩივრებში აისახა ის, რაც უშუალოდ უბნებზე ხდებოდა:

„უბანში კი არ არის პრობლემები, უბნის მიმდებარედ არის პრობლემები. არანაკლებ და ხანდახან უფრო მნიშვნელოვანიც არის, რაც ხდება უბნის გარეთ, ამიტომ ჩვენი შეფასებები ამასაც შეეხება და ეს დიდ გავლენას ახდენს საბოლოოდ როგორ ამომრჩევლის მობილიზებაზე, ისე მობილიზებული ამომრჩევლის მიერ თავისუფალი არჩევნის გაკეთებაზე“.

პრობლემებს შორის ვახუშტი მენაბდე გამოყოფს რამდენიმეს. მათ შორისაა კოორდინატორებისა და აქტივისტების მოქმედება, რაც ხშირ შემთხვევაში კანონს არ სცდება, მაგრამ არაჯანსაღ ზეგავლენას ახდენს ამომრჩეველზე:

„ამომრჩეველს არ აქვს განცდა იმისა, რომ მას დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზედამხედველობის და მეთვალყურეობის გარეშე შეუძლია გააკეთოს არჩევანი, რაც ამახინჯებს ამომრჩევლის მიერ პარტიების მიმართ მხარდაჭერის რეალურ სურათს“.

რასაკვირველია, „დილის საუბრების“ დღევანდელი სტუმარიც მოვლენებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში აფასებს და შენიშნავს წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის მიმდინარეობისას პოლიტიკოსების მიერ ტემპერატურის აწევის ტენდენციას:

„ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო ზუგდიდში და ეს კიდევ უფრო წევდა ფასს ისედაც ძვირფასი მანდატის. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი შეფასება არის სწორედ ის, რომ საქართველოს არჩევნების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა, რომელიც ასევე ამახინჯებს ამომრჩევლის განწყობას და მას აყენებს ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ეს აიძულებს მას მიიღოს გადაწყვეტილება არა იმის მიხედვით, მას რა პოლიტიკური პრეფერენციები აქვს, არამედ ის იძულებულია მიიღოს გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, სიკვდილ-სიცოცხლის ვითარებაში.

გასაგებია, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, ხანდახან - ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკოსები მის ფასს განზრახ მაღლა წევენ ხოლმე იმისთვის, რომ ამომრჩევლის მობილიზება მოახდინონ, რაც საბოლოო ჯამში იძლევა იმას, რომ არჩევნების შედეგები აღარ შეესაბამება ამომრჩევლის განწყობას... ანუ, არჩევნების დღეს ერთ არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი და არჩევნების მეორე დღეს მისი განწყობა სხვანაირია. ამ სხვაობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის სწორედ ამომრჩევლის ფორს მაჟორში ჩაყენება ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან“.

ხარვეზებისა და მნიშვნელოვანი პრობლემების მიუხედავად, ვახუშტი მენაბდე არ თვლის, რომ ეს ანტიდემოკრატიული არჩევნები იყო.

შუალედურ არჩევნებზე კიდევ უფრო მეტად იყო უგულებელყოფილი ის, რაც არსებითად უნდა განსაზღრავდეს ამომრჩევლის გადაწყვეტილებას - საარჩევნო პროგრამა:

„ჩვენს პოლიტიკურ გარემოში არჩევნები იქცა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლად და ეს ბრძოლა არ საჭიროებს არავითარ პროგრამას. უნდა გვწამდეს რომ ვიღაც კეთილია და ვიღაც ბოროტი.

პარტიის ამოცანა ის კი არ ხდება, რომ ამომრჩეველი დაარწმუნოს რომელი მეტ კეთილდღეობას მოუტანს, ან განავითარებს ქვეყანას, არამედ დააარწმუნოს რომ ის ნაკლებად ცუდია, ვიდრე მოწინააღმდეგე“.

რატომ სთავაზობს პოლიტიკური ელიტა ამომრჩეველს აპოკალიპტურ სცენარს ყოველ ჯერზე - ჰგონია, რომ ამომრჩეველი პროგრამას ვერ გაარჩევს, თუ თავად არ შეუძლია სხვაგვარად?

„ის მითი, რომ ქართველი ამომრჩეველი არის კუტლურულად ნაკლებად განვითარებული, რომ არ აქვს პოლიტიკური კულტურა, ჩემთვის მიუღებელია. არ დასტურდება არაფრით. პირიქით - დასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიები დაბლა დგანან, ვიდრე ამომრჩევლები. მათ მორღვეული აქვთ პოლიტიკური კავშირი ამომრჩეველთან. არ არსებობს ძაფი, რომელიც პარტიებს დააკავშირებდა ამომრჩევლის პრობლემატიკასთან. ეს წყვეტა აიძულებს პარტიებს იმუშაონ რიტორიკაში - ბოროტსა და კეთილს შორის. ეს ძალიან პრობლემური ხდება. პარტიებს არ აქვთ ამისი არც ცოდნა, არც რესურსი და არც მუშაობენ ამაზე, რომ ეს ამოიტანონ ზედაპირზე“.

ვახუშტი მენაბდე ამის ლოგიკურ შედეგად ხედავს მიუმხრობელი ამომრჩევლის სიმრავლეს საქართველოში, რაც აჩვენა როგორც საპრეზიდენტო არჩევნებმა, ისე არაერთმა გამოკითხვამ:

„ქართველი ამომრჩეველი პროტესტს გამოხატავს იმ პოლიტიკური ელიტის (ნეგატიური აზრით) მიმართ, რომელიც არავის ინტერესს გამოხატავს, საკუთარის გარდა“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG