Accessibility links

ვენეციის კინოფესტივალი: ხელოვნება ბაზარს არეგულირებს


ვენეციის კინოფესტივალზე, რომელიც 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება, პირველად ვარ. დღიურების წერა დამიგვიანდა, რადგან ორ დღე აქაურ წესებს ვეუფლებოდი და რიგებში დგომა მომიხდა. რიგი, როგორც ჩანს, ყველა დიდი კინოფორუმის ატრიბუტი ხდება. ხანდახან მგონია რომ ფესტივალების დირექციები რიგებს ხელოვნურად ქმნიან, რათა სპონსორს ბევრი ხალხით მოაწონონ თავი. თუმცა ვენეციის კინოფორუმი, როგორც ვხვდები, სპონსორების ნაკლებობას მაინც არ განიცდის. “მოსტრა” (სწორედ ასე უწოდებენ იტალიელები ვენეციის კინოფესტივალს ჯერ კიდევ 1932 წლიდან, როცა ვენეციის ბიენალეს კინოფესტივალი დაემატა) “ა”კლასის ბოლო ფესტივალია კინემატოგრაფიული სეზონის დახურვის და შესაბამისად, ამერიკული “ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალის წინ. ბოლო წლებში ასეა - ფილმი, რომელიც აღინიშნება ვენეციის კინოფესტივალის “ოქროს” ან “ვერცხლის” ლომით, აუცილებლად მოხვდება ხოლმე “ოსკარის” ნომინანტებს შორის. შარშანდელი გამარჯვებული, “რომა”, მოგეხსენებათ, წლევანდელი “ოსკარის” ტრიუმფატორი გახდა, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჰოლივუდის რეჟისორებს წელსაც სწორედ ვენეციისთვის - არა ბერლინისთვის, კანისთვის, თუ მონრეალისთვის, არამედ ვენეციისთვის “შეენახათ” თავიანთი ახალი ფილმები.

ვენეციის კინოფესტივალის შენობა
ვენეციის კინოფესტივალის შენობა

იქ, სადაც ჰოლივუდია, არიან ამერიკელი კინოვარსკვლავები. სადაც კინოვარსკვლავებია, არის წითელი ხალიჩა, არიან ვარსკვლავების ფანები და ცხადია, არის ბევრი ფული. მაგრამ “მოსტრა” მხოლოდ ამ დეკორაციით არასდროს დაკმაყოფილებულა. თავის დროზე, სწორედ ვენეციის კინოფესტივალზე აღმოაჩინეს აკიურა კუროსავა (“რასემონი” პირველი იაპონური ფილმია, საერთოდ, პირველი აღმოსავლური ფილმია, რომელიც დიდი ფესტივალის გამარჯვებული გახდა) ვენეციის კინოფესტივალმა გაბედა და უჩვენა მარტინ სკორსეზეს “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” (სკორსეზეს წელსაც ელოდნენ ვენეციაში, მაგრამ მისი ახალი სურათის გადაღება ჯერ არ დასრულდა), ვენეციაში დააფასეს პირველად “ახალი ჩინური კინო” გასული საუკუნის 80-იან წლებში, სწორედ ვენეციაში მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მექსიკურმა და ლათინური ამერიკის ქვეყნების კინომ (“წყლის ფორმის” და “რომას” ტრიუმფიც ამის დადასტურებაა), ვენეციის კინოფესტივალი იყო პირველი, სადაც 1981 წელს მთავარი პრიზი, “ოქროს ლომი” გადასცეს კინორეჟისორ ქალს, მარგარეტ ფონ ტროტას ფილმისთვის “ტყვიასავით მძიმე დროება”

სხვათა შორის წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამის მიმართ პირველად პრეტენზია სწორედ ქალებმა გამოთქვეს, ჟურნალმა “ქალები ჰოლივუდში” უსაყვედურა ფესტივალის დირექციას იმის გამო, რომ საკონკურსო პროგრამის 21 ფილმიდან ქალის გადაღებული მხოლოდ ორია. თუმცა ალბერტო ბარბერამ, რომლისთვისაც წლევანდელი “მოსტრა” უკანასკნელია (მას უმთავრდება კონტრაქტი) “დააბალანსა” პროგრამა-ჟიურის პრეზიდენტად არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი მოიწვია. ვენეციის ფესტივალისთვის ეს საინტერესო ექსპერიმენტია; მარტელი იღებს პრინციპულად ანტიჰოლივუდურ, არაკომერციულ კინოს. ვენეციაში კი მას მოუწევს შეაფასოს ისეთი საოსკარო პროდუქცია, როგორიცაა თუნდაც კონკურსში ჩართული ბლოკბასტერი “ვარსკვლავებისკენ”, ჯეიმს გრეის ფილმი, რომელშიც ბრედ პიტი, ასტრონავტი და ინჟინერი მამამისის საძებნელად გაემართება გალაქტიკაში(!), ანდა ასევე ამერიკელი რეჟისორის, ნოა ბაუმბახის “საქორწინო ისტორია”, სკარლეტ იოხანსონითა და ადამ დრაივერით მთავარ როლებში... და თუნდაც იგივე “ჯოკერი” - კომიქსების კინოადაპტაცია, რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. სამივე ამერიკული ფილმი განსხვავებულია, “ჯოკერს” სოციალურ-პოლიტიკური ეპოსის პრეტენზიაც კი აქვს იმდენად მასშტაბური ნამუშევარია და როგორც ჩანს, “ოქროს ლომის” და “ოსკარების” რეალური კანდიდატია. მაგრამ სამივე სურათი შორს, ძალიან შორსაა იმ კინოსგან, რომელსაც მხარს უჭერს ლუკრეცია მარტელი

წლევანდელი ვენეციის კინოფესტივალი სწორედ ამერიკული საკონკურსო ფილმების ჩვენებით დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ “მოსტრა” დაიქოქა ჰოლივუდის პროდუქციით. “ოსკარის” მთავარი ნომინანტების პრემიერებით და შესაბამისად წითელი ხალიჩით, ვარსკვლავებით. ვინაიდან ვენეციის ფესტივალზე პირველად ვარ, ძალაუნებურად ვადარებ ვენეციის კინოფორუმს კანისას. ეს ხალიჩა აქ უფრო... არც ვიცი როგორ ვთქვა - უფრო საწყლად გამოიყურება. არა, აქაც ჩამოვიდნენ იგივე ბრედ პიტის ფანები ჯერ კიდევ ღამით დაიკავეს ადგილები 30-იან წლებში აშენებული სასახლის წინ (ძალიან მომეწონა ეს შენობა), აქაც იხილავთ საგანგებოდ გამოწყობილ არტისტებს ფოტოგრაფების და დაცვის თანხლებით, მაგრამ ის აჟიოტაჟი, ის ხმაური, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები, პოლიცია, ბრილიანტები, პირდაპირი ჩართვები - ეს ყველაფერი აქ ნაკლებადაა, ან, საერთოდ არ არის. შეიძლება იმიტომაც, რომ კანის ფესტივალისგან განსხვავებით ვენეციის კინოფორუმზე არ მუშაობს კინობაზრობა - აქ ფილმებს არ ყიდიან და არ ვაჭრობენ, აქ მხოლოდ ნახულობენ კინოს და შემდეგ ფილმებზე მსჯელობენ, მათ შორის ის ხალხი, ვისაც ყოველდღე უხდება, დილის 8 საათზე, “წყლის ავტობუსით”, ვაპორეტოთი მგზავრობა ვენეციიდან ლიდოზე - კუნძულზე, სადაც იმართება ვენეციის კინოფესტივალი, იქ, სადაც ლუკინო ვისკონტიმ თავისი “სიკვდილი ვენეციაში” გადაიღო. სასტუმრო, სადაც ხდება ფილმის მოქმედება (და მოქმედება თომას მანის მოთხრობაშიც) დღეს აღარ არსებობს. ინვესტორმა, რომელმაც ეს მიწა იყიდა აპარტამენტების ასაშენებლად, ეს შენობა, “ო.ტელ დე ბენი” მთლიანად დაანგრია. ის ლიდო, ის არქიტექტურა კინოხელოვნებამ შეინახა.

ერთ-ორ დღეში ვენეციის კინოფორუმზე ჰოლივუდი დასრულდება. ფესტივალის მეორე ნახევარი, როგორც ამბობენ, სულ სხვანაირი კინოს დათვალიერება იქნება - ვნახავთ ლათინური ამერიკის ქვეყნების რეჟისორების ფილმებს, იტალიელების, ფრანგების ნამუშევრებს. “მოსტრას” პროგრამაში ჩართულია შვედური კინოს ლიდერის როი ანდსერსონის ახალი ფილმი “უსასრულობა”. 4 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე, პროგრამით “ჰორიზონტები” უჩვენებენ ქართველი რეჟისორის, დიმიტრი მამულიას ფილმს “ბოროტმოქმედი”.

მანამდე კი ვენეციის ფესტივალზე ვნებები ბობოქრობს. სკანდალით დასრულდა რომან პოლანსკის ახალი ფილმის ჩვენება. “მე ბრალს ვდებ” ასე ქვია ფილმს რეჟისორისა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ბრალს დებს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში. ფილმის საკონკურსო პროგრამაში ჩართვამ დიდი ხმაური გამოიწვია. ფესტივალის დირექტორი თავს იმართლებს. ლუკრეცია მარტელი არღვევს ვენეციის კინოფორუმის წესებს და თავისი კომენტარებით ფაქტობრივად გამარჯვების აღარანაირ შანსს არ უტოვებს 87 წლის რომან პოლანსკის

მაგრამ ამ ფილმზე ცალკე უნდა დაიწეროს. პოლანსკის შესანიშნავ სურათზე მომდევნო დღიურში გიამბობთ.

XS
SM
MD
LG