Accessibility links

site logo site logo

ვერ გაექცევი


ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს უთქვამს რამდენიმე წლის წინ, ჩემმა ბიჭმა რატომ უნდა იბრძოლოს ავღანელი ქალების უფლებებისთვისო.

ეს რაციონალურადაც გასაგებია და ბუნებრივია ადამიანურადაც.

მაგრამ მაინც ძველი კაცის ნათქვამია. არა ამ ეპოქის.

რადგან, აბა, რისთვის უნდა იბრძოლო დღეს, თუ არა უფლებებისთვის?

რომელ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, ტაქტიკურ ან სტრატეგიულ გამოსავალზე შეიძლება დღეს ილაპარაკო, თუკი ამ ბრძოლაში წააგებ?

თუკი მოძალადეს "ცხრა მთას იქით" შეატოვებ ჩაგრულს, სადღაც იქ კი არ იწვნევ მარცხს, არამედ სახლში და საკუთარ ქვეყანაშიც წააგებ.

ეს მარცხი არ დარჩება "სადღაც სხვაგან", რადგან დღევანდელ მსოფლიოში - მით უმეტეს, პოლიტიკაში - უკვე აღარც არსებობს ცნება სხვაგან.

ცივილიზაციისთვის დღეს უკვე აღარაფერს ნიშნავს "ძლიერება" უფლებების დაცულობისთვის თავგანწირვის გარეშე.

ათიოდე ავღანელი ქალის სასოწარკვეთილი აქცია ბევრად უფრო მეტი ძალის მაჩვენებელია, ვიდრე სუპერ-სახელმწიფოს ლიდერის დრომოჭმული რაციონალიზმი. თუკი ამათ არ დაიცავ - თავად დაკარგავ ძალას. შინვე!

20 წელია რომ იბრძვი და პატარა გოგო სკოლაში ვეღარ წავა ამ ბრძოლის დასასრულს, მიზანი მიღწეულად ვერ ჩაითვლება.

ძველი ეპოქის კაცი ამას ვერ გაიგებს და ისევ იმავეს გაიმეორებს, რომ ეს სხვათა ბრძოლაა და უშუალოდ მისი წილი მიზანი მიღწეულია, მაგრამ არაა ასე: ბავშვის სკოლაში ვერწასვლა შესაძლოა სამუდამო ისტორიულ მარცხად აეწებოს ზესახელმწიფოს ლიდერის პოლიტიკურ სხეულს, რადგან ტერორიზმის ბუდის განადგურება 20 წლის წინანდელი გამოწვევა იყო, დღეს კი აქტუალური უფლებების ტოტალური ტერორიზირების წინააღმდეგ ბრძოლაა. ყველგან.

ჩვენ ვისზე რა გვეთქმის - 90-იანებში რუსული ყაიდით გამდიდრებული, პოსტ-პერესტროიკის პირმშო "გლეხუჭას" აბნეულ-დაბნეულ ქვეშევრდომებს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვუხერხებ გაოცებას (ყოველგვარი ე. წ. ეიჯიზმის გარეშე): რატომ გაუფერულდა და "გადაბერდა" ასე დასავლური ცივილიზაცია?

რა სიმპტომის გამოხატულებაა, რომ დემოკრატიული სამყაროს ლიდერების ეთიკა გასული საუკუნის 70-იანი წლების მორალს და ჩვევებს ვერ სცდება (ცხადია, ექსცენტრულ წინამორბედთან შედარება არც შეიძლება - ის საერთოდ მარგარეტ მიტჩელის ბელეტრისტული სამხრეთელის პაროდია იყო), მაგრამ რატომ არ აქვს ახალგაზრდას იმის ძალა, რომ ამ გადაბერებულ სამყაროში დაიმკვიდროს ადგილი და მეტნაკლებად მაინც დაემთხვეს მის ახლებურ გამოწვევებს?

სკოლაში წასვლისთვის მებრძოლ ბავშვსა და მისი უფლებებისთვის ბრძოლაზე უარის მთქმელ დემოკრატიული სამყაროს ძველ ლიდერს შორის ძალიან დიდი დისტანციაა. არა გეოგრაფიული, არამედ სწორედ ეპოქალური.

მომავალი კი ამ ბავშვის მხარესაა, და ვისაც ეს არ ესმის - სინამდვილეში არაფერი არ ესმის და ლოგიკური მარცხისთვისაა განწირული.

და ბოლო: ახლა რომ ქალი ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რატომღაც მგონია, რომ ქალებს და ბავშვებს არ შეატოვებდა ამ მკვლელებს. ყოველ შემთხვევაში, უფრო მგრძნობიარე და პრინციპული იქნებოდა და არა პრაგმატული და უძლური.

ვერ გაექცევი | ლაშა ბუღაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:24 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG