Accessibility links

ვითარება გორში - ოკუპაციის ხაზთან სიმშვიდეა


ე.წ. საზღვარი. ფოტო რადიო თავისუფლების არქივიდან

1 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, შიდა ქართლში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდა და საგუშაგოებზე მყოფი პოლიციელების პირობებს გაეცნო. მინისტრმა ადგილზე მოისმინა ინფორმაცია ოკუპაციის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ვახტანგ გომელაურმა გორის შესასვლელ-გამოსასვლელებში საკონტროლო საგუშაგოებიც მოინახულა და ადგილზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. გომელაურის თქმით, ცხინვალის მიმართულებით სიმშვიდეა, საოკუპაციო ხაზთან დგას ადრინდელზე მეტი პოლიციელი.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საგუშაგოებზე განხორციელებული თერმოსკრინინგის შედეგად რამდენიმე მოქალაქეს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ყველა გადაყვანილია ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებებში და ამ დროისთვის, რაიმე გართულება არ შეინიშნება, - ეს განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორმა საგუშაგოების შემოვლისას გააკეთა. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, კომენდანტის საათის განმავლობაში შიდა ქართლში განსაკუთრებული დარღვევა არ დაფიქსირებულა.

,,წუხანდელმა ღამემ რეგიონში მშვიდობით ჩაიარა, ე.წ. კომენდანტის საათის განმავლობაში დარღვევა არ დაფიქსირებულა, არ იყო რაიმე გართულებები. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონის მოსახლეობას, რომ მოქალაქეები სრული გაგებით მოეკიდნენ მთავრობის მიერ დადგენილ გამკაცრებულ პირობებს. რაც შეეხება საგუშაგოებს და ამ საგუშაგოებზე განხორციელებულ თერმოსკრინინგს, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ტემპერატურის, ყველა მსგავსი პაციენტი გადაყვანილია ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებებში და ამ დროისთვის რაიმე გართულება არ შეინიშნება. სრულად კონტროლდება სიტუაცია რეგიონში შესაბამისი სამსახურების მიერ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებულ ღონისძიებებს შეფასებას აძლევენ პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ლიდერებიც. ისინი გარკვეულწილად იზიარებენ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ პირობებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი თამარ კოდოშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც შიდა გავრცელება უკვე დაწყებულია, მკაცრი ზომებია საჭირო მოქალაქეების დასაცავად.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ამბობს, რომ ახლა მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა უპირველესი პრიორიტეტია და მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ ის მითითებები, რომლებიც მათივე უსაფრთხოებისთვის ეძლევათ.

საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლია ჩლაჩიძე, აცხადებს, რომ მოქალაქეთა სოციალურ პასუხისმგებლობაზეა ბევრი რამ დამოკიდებული და ვითარების მართვა სწორედ ამ პასუხისმგებლობითაა შესაძლებელი.

სტაციონარული საგუშაგოების გარდა, რეგიონის ტერიტორიაზე, ოთხივე მუნიციპალიტეტში, მუდმივად გადაადგილდებიან შესაბამისი მობილური საპატრულო ჯუფები. დაახლოებით, 60-მდე ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს რეგიონში არსებულ ვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG