Accessibility links

ვითარება საოკუპაციო ხაზთან - მრგვალი მაგიდა


იანვრიდან დღემდე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 32 მოქალაქე დააკავეს. შარშან ამავე ხანებში საქართველოს 19 მოქალაქე იყო დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სტატისტიკა გაზრდილია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კი ვითარება სულ უფრო მძიმდება. ამ თემებზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა გორში მრგვალი მაგიდა გამართა. დისკუსიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

„საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები სისტემატურად ექვემდებარებიან უკანონო დაკავებას და გატაცებას, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ნაკლები და უშედეგოა“, განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ალეკო ცქიტიშვილმა.

საოკუპაციო ხაზის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოწევა ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებას საფრთხეს უქმნის. ირღვევა მათი გადაადგილების უფლება, მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობას ეზღუდება წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, საძოვრებსა და სარწყავ წყალზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლის მიღების ძირითადი წყაროა. სამოქალაქო აქტივისტი არინა თავაქარაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მთავარი სტრატეგია კონფლიქტის ზონაში ადამიანების ბედზე ზრუნვა უნდა იყოს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებთათვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომელიც მათი ყოფითი და სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

დისკუსია ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტ „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის“ ფარგლებში გამართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG