Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 8 წლის გოგოს მშობლების განცხადება


სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 8 წლის გოგოს ოჯახი კმაყოფილია სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მათ იმედი აქვთ, რომ საბოლოო განაჩენიც გამამტყუნებელი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულის დედა აცხადებს, „მთელი სოფელი ფეხზე დადგება“.

ბავშვის მშობლების თქმით, მათთვის არაფერს ცვლის ბრალდებულების განცხადება, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, რადგან ვერანაირად ვერ შეძლებენ თავის გამართლებას. გარდა ამისა, დაზარალებული მხარე დარწმუნებულია დაკავებულების ბრალეულობაში.

„მინდა მივმართო პროკურატურას, სასამართლოს და ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. უვადო პატიმრობა ჩვენთვის არაფერი არ არის, მაგრამ მათთვის ტანჯვა და წამება იქნება. მხოლოდ ეს თხოვნა მაქვს, რომ უმკაცრესად დაისაჯონ ეს ვიგინდარები. მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო და მარტვილის პოლიციას დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი ოპერატიული მუშაობისთვის და პატივისცემისთვის“, - განაცხადა 8 წლის გოგოს მამამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. ეს ოჯახის პირველი საჯარო კომენტარია მომხდარის შემდეგ.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მამა ამბობს, რომ მისი შვილების მიმართ 8 და 12 წლის გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა და ფაქტის შესახებ მხოლოდ 23 ივნისს შეიტყო, მას შემდეგ, რაც ისინი დააკავეს. მისი სიტყვებით, წლების განმავლობაში ბრალდებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მათი მხრიდან მსგავს ფაქტს ვერც კი წარმოიდგენდა:

„ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა წლების განმავლობაში, არაფერი არ შემიმჩნევია, თორემ რამე რომ შემემჩნია, დღეს ისინი ცოცხლები აღარ იქნებოდნენ და ციხეშიც არ იქნებოდნენ. ჩემი მეუღლე რომ დაალაგებდა საჭმელს, ვეტყოდი, დასვი ისინიც-მეთქი. როგორც ჩემს შვილებს ვაჭმევდი, ისე ვაჭმევდი მათაც. როგორც ჩემი შვილებისთვის ვყიდულობდი, ისე ვყიდულობდი მათთვისაც, ნაყინი იყო, კანფეტი იყო თუ შოკოლადი. მით უმეტეს, რომ მაგის ძმის ბავშვი უნდა მომენათლა. [ბრალდებული 36 წლის მამაკაცის ძმისშვილი]... თვითონ ბავშვია ისეთი მხიარული, ვერაფერს შეამჩნევ მას. ახლაც ასეა. ახლაც ვერაფერს შეამჩნევ. ვერ იფიქრებ, რომ მას რამე სტრესი აქვს გადატანილი“, - უთხრა ჟურნალისტებს დაზარალებულის მამამ.

დედის ინფორმაციითაც, მოზარდის ქცევებში მანამდე რაიმე განსაკუთრებული და საყურადღებო არ შეუმჩნევია და ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ გაამახვილა, როცა შენიშნა, რომ 8 წლის ბავშვს ტკივილები ჰქონდა. როგორც კი შეიტყო, პოლიციას მიმართა, რასაც სწრაფი რეაგირება მოჰყვა.

მისივე სიტყვებით, შვილმა უამბო, რომ ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში „დანით მოკლავდნენ“:

„ოჯახთან ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. არასდროს გამიფიქრებია, რომ ამას გააკეთებდნენ. არც ვიცი, რა დავარქვა ამ საქციელს. ბავშვი მომიყვა, რომ ემუქრებოდნენ, დანით მოგკლავთო და დაგმარხავთო შენცო და დედაშენსაცო“, - თქვა დაზარალებული მოზარდის დედამ.

მისი ინფორმაციითვე, მეორე შვილის, 12 წლის გოგოს შემთხვევაში იყო ერთხელ გაუპატიურების მცდელობა. 8 წლის ბავშვის შემთხვევაში კი საუბარია გაუპატიურებაზე. მისივე თქმით, ბავშვზე მამა-შვილი 2 წლის განმავლობაში ძალადობდა.

მოზარდების დედა დარწმუნებულია, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და დაკავებულებს სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დღეს, 26 ივნისს პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 65 წლის და 36 წლის მამა-შვილს. საქმის შინაარსიდან გამომდინარე სხდომა დახურული იყო. პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, თუმცა დაკავებულების ბრალეულობა უკვე მოპოვებული მტკიცებულებებითაც დასტურდება.

დაკავებულების ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები არ ყოფილა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატების თქმით, მათი მოთხოვნა იყო, რომ ბრალდებულების მიმართ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულიყო.

საქმის არსებითი განხილვა 11 ივლისს ჩაინიშნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 65 წლის და 36 წლის მამაკაცებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი). გარდა ამისა, 36 წლის ზ.გ.-ს ბრალი კიდევ ერთი, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

მამა-შვილი 23 ივნისს დააკავეს. მეორე დღესვე ბრალდებულების ოჯახის წევრებმა - 65 წლის მამაკაცის ცოლმა და რძალმა, 4 შვილთან ერთად ადგილობრივების მოთხოვნით სოფელი დატოვეს. 25 ივნისს კი, მათი სახლი დაწვეს.

XS
SM
MD
LG