Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე კუხიანიძე: „ვინც ხალხის წინააღმდეგ მიდის, ის საბოლოოდ მაინც წააგებს“


ალექსანდრე კუხიანიძე, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი
ალექსანდრე კუხიანიძე, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა პროფესორი

საქართველოში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდა - ასე ფიქრობს ბევრი, ვინც ამ პროცესს აკვირდება. უკვე რამდენიმე თვეა ქუჩაში ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ, ხელისუფლებას კი პროტესტის მონაწილეების არ ესმის და თავისას აგრძელებს: იღებს კანონებს, რომელთა საშუალებითაც ქვეყნის სათავეში დარჩენას შეძლებს.

რამ მიგვიყვანა აქამდე და თუ არსებობს გამოსავალი ამ ჩაკეტილი წრიდან? „ეხო კავკაზა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორს ალექსანდრე კუხიანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, პოლიტოლოგიის, როგორც მეცნიერების თვალსაწიერიდან როგორ შეიძლება დავახასიათოთ ის, რაც საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკაში ხდება?

- თუ ორი სიტყვით ვიტყვით - პოლიტიკური ქაოსი ან ერთი გეოპოლიტიკური სისტემიდან მეორეზე გადასვლა. ვითარება არაპროგნოზირებადია, ისევე როგორც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ყველა მკითხაობს, რას გააკეთებს?

საბოლოო შედეგი ძალიან რთული განსასაზღვრია. ამერიკული სისტემა განსხვავდება რუსულისგან და მით უფრო ქართულისგან. მას თავისი შემაკავებელი და გამაწონასწორებელი ფაქტორები აქვს: პარლამენტი, სასამართლო, ისიც, რომ პრეზიდენტს შეზღუდული დროით ირჩევენ.

ჩვენ არ ვიცით, რის გაკეთებას მოასწრებს დონალდ ტრამპი და რა იქნება მის შემდეგ, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ იქიდან რაღაცებს დადებითი შედეგი აქვს.

კარგია, რომ ევროპამ როგორც იქნა გაიღვიძა. მით უფრო, როდესაც აშშ-ის ხელისუფლება ევროპას, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ღვთის ანაბარა ტოვებს. ახლა ევროპა გაინძრა და დაფიქრდა, თუ როგორ უნდა ააგოს უსაფრთხოების საკუთარი სისტემა.

როგორ უკავშირდება ევროპის გამოღვიძება და საკუთარი შეცდომების გაანალიზება საქართველოს? ამ შემთხვევაშიც ვითარება სპეციფიკური და რთულად განსასაზღვრია. 12 წელია „ქართული ოცნება“, უფრო სწორად კი მისი დამფუძნებელი, წარმოშობით ქართველი რუსი ოლიგარქი მმართველობის ავტორიტარულ სტილს ნერგავს. აქტიურად ცვლის საქართველოს საგარეო ორიენტაციას. ეს სანამდე მიგვიყვანს ამის მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება. რა თქმა უნდა, აშშ-ის შესუსტებული გავლენა უარყოფითად აისახება ქართული საზოგადოების ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.

ახლა ოპოზიციური მოძრაობა, ახალგაზრდული პროტესტი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ეს პროტესტი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, შედეგი კი ხელშესახები არაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ცვლილებები აშშ-ში საქართველოს შიდა პოლიტიკაზეც ცუდად იმოქმედებს.

მაინც არ ვარ ძალიან პესიმისტი. ვფიქრობ, მომავალში ვითარება გამოსწორდება. ამის რამდენიმე ფაქტორი არსებობს. როგორც ვთქვი, ევროპა ძლიერდება, თვითკმარი და უსაფრთხო ხდება. ეს გინდა არ გინდა, საქართველოზეც იმოქმედებს და რუსეთზეც.

მეორე, მგონია, რომ აშშ მაინც დაუბრუნდება თავის ტრადიციულ კურსს. ძველებურად დემოკრატიის ნიმუში და იმედი იქნება ხალხებისთვის, რომლებიც ასევე დემოკრატიისკენ მიილტვიან. ბოლოს მაინც ასე იქნება.

- თქვით, რომ ერთი გეოპოლიტიკური წყობიდან მეორეზე გადავდივართ. შეგიძლიათ ამ პროცესის მნიშვნელობაზე გვესაუბროთ?

- ახლა გეოპოლიტიკური ცენტრების გადაწყობის პროცესია. ევროპა საკუთარი ძალების კონცენტრირებას ახდენს. ევროპულ ქვეყნებს თავიანთი ძალა ეიმედებათ, თავიანთი კონტინენტი. აშშ პოზიციონირებს, როგორც ევროპისგან დამოუკიდებელი ქვეყანა. ნატოს ერთიანობას უკვე სერიოზული პრობლემები ექმნება.

კანადა აშშ-ზე ძალიან არის გაბრაზებული და უფრო ევროკავშირისკენ იხრება, მგონია, რომ ავსტრალიაც, ზოგადად - დემოკრატიული ქვეყნები.

მეორე მხრივ, იკვეთება ძალიან უცნაური სურათი აშშ-ის, რუსეთსა და ჩინეთის მონაწილეობით. ჩინეთთანაც ყველაფერი როდია გარკვეული. აშშ-ის წინააღმდეგ წავა და უფრო ევროკავშირთან ითანამშრომლებს? ან იქნებ, განზე გადგება? ტრამპი პუტინთან ურთიერთობის როგორ ააწყობს? მოახერხებს რუსეთი ჩინეთს ჩამოაშოროს? თუ რუსეთი თამაშობს ტრამპთან და არ აპირებს პოლიტიკა შეცვალოს? ჩინეთიც ყველაფერს მშვენივრად ხედავს და ხვდება.

ძალიან ბევრი კითხვაა, უფრო მეტი, ვიდრე პასუხი. ახლა ვითარება ძალიან ოპტიმისტური არ არის, მაგრამ ვიმეორებ, მომავალში შეიძლება ყველაფერი გამოსწორდეს.

რაც შეეხება შიდა არეულობას და იმას, რამაც აქამდე მიგვიყვანა, აქ ყველაფერი ნათელია. აქ დამოუკიდებლობის შემდეგ ყოველთვის ორი ტენდენცია იყო, როგორ ავაწყოთ ურთიერთობა რუსეთთან და როგორ ავაწყოთ ურთიერთობა დასავლეთთან. ეს გრძელი ამბავია, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს დასავლეთთან ინტეგრაციის ტენდენცია იმარჯვებდა. ანტიკორუფციული, ანტიკრიმინალური რეფორმები ძალიან ეფექტური იყო. მაგრამ მათ დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებებს საკმარისი ყურადღება არ დაუთმეს. ბოლო წლებში კი სააკაშვილის კორუფციასთან ბრძოლის მაგალითად სინგაპური მოჰყავდა. სინგაპური ავტორიტარიზმია, მას უნდა მოეყვანა ფინეთის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის მაგალითები, სადაც კორუფციის დონეც დაბალია და დემოკრატიაც განვითარებული. მგონია, არასწორმა პოლიტიკამ და შეცდომებმა თავისი როლი ითამაშა.

ბოლო 12 წელია ვუყურებთ, როგორ მიიწევს "ქართული ოცნება" ავტორიტარიზმისკენ.

ეს ტენდენცია ახლა მკაფიოდ ჩანს. რუსეთთან დაახლოება, ევროკავშირისა და ამერიკის კრიტიკა, დრაკონული კანონები, რომლებიც მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისკენ არის მიმართული. კიდევ მუქარა, რომ უნივერსიტეტებში ე.წ. რეფორმებს გაატარებენ. ვვარაუდობთ, რომ ეს უბრალოდ წმენდა იქნება, თავიანთი პროფესურა რომ მოიყვანონ, ისინი, ვინც „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურები იქნებიან.

ამით დასრულდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის კონტროლი მთელ ქართულ საზოგადოებაზე, რადგან მანამდე მან შეძლო და კონტროლი დაამყარა ყველა სახელმწიფო უწყებაზე, მათ შორის პარლამენტზე, პოლიციაზე, პროკურატურაზე.

ე.წ. აგენტების კანონი, დრაკონული 5000-ლარიანი ჯარიმები ვითომდა ქუჩის გადაკეტვისთვის, საშინელი ცემა სტუდენტების, აქტივისტების, ახალგაზრდების. არავინ დასჯილა, ვინც ეს ჩაიდინა. გასაგებია „ქართულ ოცნებას“ საქართველო საითაც მიჰყავს. სამწუხაროდ, საზოგადოების ამ მრავალდღიან და მრავალთვიან პროტესტს ჯერ შედეგი არ გამოუღია.

- რატომ არ გამოსდის ოპოზიციას არაფერი? ასეთი ცუდი მოსწავლე რატომ გამოდგა? საკუთარ შეცდომებზე რამდენი ხანი უნდა ისწავლონ?

- ეს ცალკე საკითხია. „ქართული ოცნება“ 13 წელი აქტიურად ესხმოდა თავს ოპოზიციას. საზოგადოების პოლარიზებაში დიდი როლი ითამაშა. მთავარი ოპოზიციური პარტია არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ოცნება“ ამბობდა: ან „ნაციონალები“ და ომი რუსეთთან ან ჩვენ და მშვიდობა. ბოლო წლებში კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ამ ტერმინში ფაქტობრივად მთელი ოპოზიცია გააერთიანეს, მათ შორის ისინიც, ვისაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი აკავშირებს, მაგალითად, „ლელო“ და გახარიას პარტია. ისინი ყველანაირად ცდილობენ აჩვენონ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერ შუაში არიან, განსაკუთრებით, გახარიას პარტია. ამის გამო ძალების გაერთიანებას ვერ ახერხებენ, რომ დემოკრატიისთვის იბრძოლონ. ეს არის ოპოზიციის სისუსტე.

- როგორ ავხსნათ სალომე ზურაბიშვილის ფენომენი? ვინ არის ის? რისთვისაა? რა სარგებლობა მოაქვს ან შეიძლება მოუტანოს ამ მოძრაობას?

- საერთოდ ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი თუ გახდებოდა. ეს „ოცნებამ“ მშვენივრად იცის და ამიტომ დიდხანს ეყოლება ციხეში. სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა გარკვეული დროით გამხდარიყო ლიდერი, მმართველობის ბოლო თვეებში, ან ბოლო წელს, როდესაც ოპოზიციის გაერთიანებას ცდილობდა. ბოლო წლებში ეს გამოსდიოდა. მაგრამ მან სააკაშვილი არ შეიწყალა, თუმცა, შეეძლო ეს გაეკეთებინა. არ ვიცი, რატომ არ გააკეთა. შესაძლოა კონკურენტს ხედავდა მასში, შესაძლოა გახარიასავით არ სურდა „ნაციონალებთან“ ყოფილიყო ასოცირებული. მოკლედ, არ გააკეთა და სააკაშვილი ციხეში დარჩა. მძიმე ტვირთი ლიდერობისა მას დააწვა მხრებზე. მაგრამ რაც პრეზიდენტი აღარ არის, განსაკუთრებით ვერც მის ლიდერობას ვხედავთ. ეს ოპოზიციის ერთიანობას ასუსტებს.

- ფიქრობთ, არც უნდა ჩასდგომოდა სათავეში ამ გაერთიანებას?

- რადგან პრეზიდენტობის ბოლო წლებში ასე გადაწყვიტა, მგონია, უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო. ხალხი ძალიან დიდხანს გამოდიოდა. ხალხი გმირულად ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა ამ საქმეში. მაგრამ ხალხს გაერთიანება სჭირდება. ხალხი ისე არ არის დაორგანიზებული, როგორც სახელმწიფო, შეიარაღებული სტრუქტურები, პოლიცია, სპეცსამსახურები და სხვა სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო და პროკურატურა. ხალხი ამ უწყებებს შიშველი ხელებით წინ ვერ აღუდგება.

- დიდი ხანია ახალგაზრდებთან მუშაობთ, სტუდენტებთან. ამჩნევთ რამე ძირეულ ცვლილებებს მათ მსოფლმხედველობაში, მისწრაფებებში, საჭიროებებში, შესაძლებლობებში? რამე შეიცვალა ქვეყანაში?

- რა თქმა უნდა. უნივერსიტეტში საბჭოთა პერიოდიდან ვმუშაობ. 1977 წელს დავიწყე სწავლება. მახსოვს 90-იანების სტუდენტები, როდესაც აქ ყველაფერი განადგურებული, დემორალიზებული იყო. კორუფცია ყვაოდა, კრიმინალი. მახსოვს რეფორმები, მათ შორის განათლების სისტემაში, როდესაც უნივერსიტეტები კორუფციული მიმღები კომისიებისგან გათავისუფლდნენ. ვხედავ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ახალი თაობა გაიზარდა.

ისინი დაიბადნენ დამოუკიდებელ საქართველოში, რომელსაც ევროპისკენ და ნატოსკენ ჰქონდა გეზი, დემოკრატიისკენ. ეს არის ადამიანის უფლებები, დემოკრატიის მშენებლობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თავისუფალი სასამართლო, ხელისუფლების სამი შრის ბალანსი და თავისუფალი მედია. ეს არის ავტონომიური უნივერსიტეტები, ის, რომ აუდიტორიებში რასაც გინდა ილაპარაკებ. არ შეგეშინდება, რომ რომელიმე სტუდენტი უშიშროების აგენტია. ჩვენ ყველანი შევეჩვიეთ ამას, განსაკუთრებით სტუდენტები. მათთვის შოკი იყო, როდესაც ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ განაცხადა, რასაც მოჰყვა კიდეც გამოსვლები. მეც ვმონაწილეობდი და ვხედავდი, რაც ხდებოდა. გამომსვლელების 90 პროცენტი სტუდენტობა იყო, ახალგაზრდობა, რადგან მშვენივრად ესმით, რომ მათ ევროპულ მომავალს ართმევენ, თავისუფლებას, თავისუფალ საზოგადოებას. ამისთვის იბრძოდნენ და იბრძვიან.

- შედეგი რა იქნება?

- წინასწარ ვერავინ იტყვის, მაგრამ ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ დემოკრატია და თავისუფლება გაიმარჯვებს. სხვაგვარად შეუძლებელია. ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვით, ღმერთმა ერთი ძალიან გონივრული რამ მოიფიქრა: ადამიანი მოკვდავია. წარმოიდგინეთ, ჰიტლერს, სტალინს, ან თუნდაც თანამედროვე დიქტატორებს მუდმივად რომ ეცხოვრათ. საშინელება იქნებოდა. დიქტატორები მიდიან და როდესაც კვდებიან, ხალხს საშუალება ეძლევა რამე შეცვალოს. თუ არ გამოუვათ, სხვა დიქტატორი მოდის, მაგრამ ისიც 30-40 წლით, მერე კი ისევ ჩნდება შანსი.

ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ჩვენ ახლა არ შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოში რა მოხდება, ან საერთოდ მსოფლიოში. ბრძოლა გველის, საკმაოდ მძიმე ბრძოლა. მაგრამ ისიც ხდება, რომ ყველაფერი უცებ იშლება. საბჭოთა კავშირი უცებ ჩამოიშალა და ბევრი რამ შეიცვალა. ვინ ელოდა, რომ საბჭოთა კავშირი აღარ იქნებოდა? მაგრამ ასე მოხდა.

- თანაც ძალიან მალე.

- დიახ, მალე. გამსახურდიას წინააღმდეგაც იყო პროტესტი, შევარდნაძისაც, სააკაშვილისაც. ამ ხელისუფლების წინააღმდეგაც არის. მგონია, ვინც ხალხის წინააღმდეგ მიდის, ის საბოლოოდ მაინც წააგებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG