Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას პარტიას 300 ათას ლარამდე შესწირეს - ვინ ეხმარება პარტიას


სულ რამდენიმე თვეა, რაც "ქართული ოცნებიდან" წამოსულმა გიორგი გახარიამ ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ამ დღიდან პარტიის ოფისები იხსნება რეგიონებში, იმართება შეხვედრები მოსახლეობასთან.

პარტიამ ჯამში 296 266 ლარის მოცულობის შემოწირულებები მიიღო. მონაცემები აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. შემოწირულების დიდი ნაწილი, 70 პროცენტი, არაფულადი სახის არის, დარჩენილი თანხა, 88 020 ლარი კი - ფულადი სახის. პარტიას შემომწირველები ჰყავდა ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე, 29 მაისამდე. ამ დღის ჩათვლით გახარიას გუნდმა 62 630 ლარის მოცულობის არაფულადი შემოწირულებები მიიღო.

მათგან ყველაზე მეტი თანხა:

ფულადი სახით:

  • ეკატერინე ვეფხვაძე (პარტიის წევრი) - 53 ათასი ლარი.

არაფულადი სახით:

  • ბერდია სიჭინავა (პარტიის წევრი) - 34,5 ათასი ლარი;
  • ნიკოლოზ ბარამაშვილი - 24,2 ათასი ლარი;
  • გიორგი ხოჯევანიშვილი (პარტიის წევრი) - 20 ათასი ლარი;
  • ალექსანდრე მოწერელია (პარტიის წევრი) - 20 ათასი ლარი;
  • თეა ბოლქვაძე - 20 ათასი ლარი;
  • შპს ლიდერ-ბილდერი 777 - 20 ათასი ლარი.

პარტიის ყველაზე მცირე თანხის შემწირველები არიან:

  • ბექა ლილუაშვილი (პარლამენტის წევრი, პარტიის წევრი) - 10 ლარი;
  • არჩილ სამნიძე - 10 ლარი;
  • გიორგი დავითულიანი - 10 ლარი;
  • გიორგი გოგუა - 20 ლარი;
  • ტიტე ჯიშიაშვილი - 20 ლარი.

ბექა ლილუაშვილმა თავის პარტიას თანხა მეორედაც შესწირა. ეს შემოწირულება არაფულადი (3953 ) სახის იყო.

რადიო თავისუფლებამ პარტიის "საქართველოსთვის" პრესსამსახურს მიღებულ შემოწირულებებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა. გთავაზობთ მათ პასუხებს:

რადიო თავისუფლება: რა დახმარება გაუწიეს პარტიას, მათ შორის, ბერდია სიჭინავამ, ნიკოლოზ ბარამაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ და გიორგი ხოჯევანიშვლმა 100 ათას ლარზე მეტი - რას მოიცავდა ამ მოცულობის არაფულადი შემოწირულება?

ეს მოიცავს პარტიის დაფუძნების დღისთვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებისთვის გადახდილ ფულად თანხას და ფიზიკური პირის მიერ იჯარით აღებული ოფისის პარტიისთვის უსასყიდლოდ, თხოვების უფლებით გადაცემას.

რადიო თავისუფლება: თქვენი შემომწირველებიდან ვინმე თუ არის, ვინც არ არის პარტიის წევრი?

შემომწირველებიდან ნაწილი არის პარტიის წევრი, ნაწილი - არა.

რადიო თავისუფლება: ოფისები, რომელსაც პარტია ხსნის, ეს სივრცეები არის პარტიის სასარგებლოდ გაღებული შემოწირულება, თუ თანხას იხდით? რა თანხის მომსახურებაზეა საუბარი?

ჩვენი პარტიის სარგებლობაში არსებული ოფისების უმრავლესობა პარტიას აღებული აქვს იჯარის სახით, თუმცა მათ შორის რამდენიმე ოფისი, პარტიას, უსასყიდლოდ, თხოვების საფუძველზე გადაეცა. რაც შეეხება ოფისების იჯარის ჯამურ ღირებულებას, ამ ეტაპისთვის ყოველთვიური ხარჯი შეადგენს დაახლოებით 80 000 ლარს.

პარტია "საქართველოსთვის" გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ შეიქმნა. მისი ექვსი წევრი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, რომლებიც გახარიას მსგავსად მანამდე "ქართული ოცნების" წევრები იყვნენ.

"საქართველოსთვის" 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას.

განახლება: ბექა ლილუაშვილის მორიგი შეწირულების შესახებ ინფორმაცია მასალაში მოგვიანებით აისახა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG