Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უნდა დაიხვრიტონ" - ვინ არიან რუსი დივერსანტები, რომლებიც პუტინს ამწარებენ?


"ანარქო-კომუნისტების საბრძოლო ჯგუფის წევრი", კადრი დოკუმენტური ფილმიდან
"ანარქო-კომუნისტების საბრძოლო ჯგუფის წევრი", კადრი დოკუმენტური ფილმიდან

რუსეთში აზიანებენ რკინიგზას და წვავენ სამხედრო კომისარიატებს. დივერსიების ნაწილზე პასუხისმგებლობა აიღო “ანარქო-კომუნისტების საბრძოლო ჯგუფმა”. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ გზით უპირისპირდებიან პუტინის ომს უკრაინაში.

რუსეთში ლიანდაგები ბოლო ოთხ დღეში ორჯერ ააფეთქეს. ორივეჯერ დასავლეთით, უკრაინასა და ბელარუსთან მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში. მატარებლები ლიანდაგებიდან გადავიდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

ეს ერთეული შემთხვევები არაა. მხოლოდ ომის პირველ ხუთ თვეში, სავარაუდოდ, დივერსიების შედეგად, შეფერხდა 63 სატვირთო მატარებლის მოძრაობა. ამავე პერიოდში, ცეცხლი წაუკიდეს სამხედრო კომისარიატების 20 შენობას. ძირითად ქვეყნის დასავლეთით.

2022 წლის ბოლოს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი დივერსანტებს დაემუქრა. “განაჩენი ასეთი ნაძირალებისთვის ერთია, უნდა დაიხვრიტონ… პირდაპირ დანაშაულის ადგილას”, - თქვა მედვედევმა 2 ნოემბერს.

დეკემბერში რუსეთში სასჯელი დივერსიის მოწყობისთვის მართლაც გამკაცრდა. მართალია, სიკვდილით დასჯა არ დაუბრუნებიათ, მაგრამ დივერსიის მომწყობებს თუ დამფინანსებლებს ახლა 15-20 წლიანი, ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

2023 წელს ხელისუფლებამ რკინიგზაზე დივერსიის მოწყობის ბრალდებით, უკვე 51 ადამიანი დააკავა. შარშან მხოლოდ 15, - წერს გამოცემა “მედიაზონა”. დაკავებულთა უმრავლესობა 25 წლისაც არაა. მათი მესამედი არასრულწლოვანია.

გამოძიების მტკიცებით, დივერსანტთა დიდი ნაწილი ანგარების მოტივით მოქმედებდა, ანუ სანაცვლოდ ფულს იღებდა. მხოლოდ რამდენიმეს ადანაშაულებენ უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში.

ახალბედა ანარქისტები

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში გაჩნდა რამდენიმე დაჯგუფება, რომელიც დივერსიებს აწყობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური “ანარქო-კომუნისტების საბრძოლო ჯგუფია”.

“2022 წლის 24 თებერვალს ვადა ამოეწურა ყველანაირ ეჭვს და ლოდინს. დროა, ყველამ პირადი წვლილი შევიტანოთ. იმოქმედეთ! ერთად ავწევთ ტალღას, რომელიც დიქტატორის კრახს მოაახლოებს!” - წერს ჯგუფი თავის ტელეგრამარხზე.

როგორც წესი, დივერსიის “ავტორების” ვინაობა უცნობი რჩება, თუმცა “ანარქო-კომუნისტებმა” პასუხისმგებლობა რამდენიმეზე აიღეს. უკანასკნელად, იანვარში - მაშინ ჯგუფმა დაპოსტა, რომ ააფეთქა "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტთან მიმავალი" სარკინიგზო ხიდი.

თბილისში მცხოვრები რუსი ანარქისტი, რომელიც “რადიო თავისუფლებას” ანონიმურობის პირობით ესაუბრა, ამბობს, რომ “ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ [კრემლის] სამხედრო მანქანას”.

იგი განმარტავს, რომ ანარქისტებს სხვა გზა არ დაუტოვეს ომის გასაპროტესტებლად. უკვე წლებია, “ნებისმიერ კოლექტიურ საქმიანობას რუსული სახელმწიფო აღიქვამს, როგორც მტრულს და სახიფათოს”.

რკინიგზის დაზიანების იდეა მათ ბელარუსიდან გადმოიღეს. იქ, დისიდენტები ინფრასტრუქტურას აზიანებენ 2020 წლიდან მოყოლებული და ამას “სარკინიგზო ომს” ეძახიან.

მამაკაცი ამბობს, რომ დაჯგუფებას არ ეხმარებიან უცხოური სპეცსამსახურები და, რომ ბოლო წელიწადში მას ბევრი ახალბედა შემოუერთდა. სწორედ ამიტომ, ბევრი დივერსია მიზანს ვერ აღწევს ხოლმე.

“ანარქო-კომუნისტები” ცდილობენ სამიზნე აუდიტორიის “განათლებას”. ისინი ხშირად პოსტავენ ასაფეთქებელი ნივთიერებების, მაგალითად, მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ინსტრუქციებს. ასევე აგროვებენ შემოწირულებებს კრიპტოვალუტაში.

ამერიკული მედიაორგანიზაცია Militant Wire, რომელიც სამხედრო კონფლიქტებს აშუქებს და აანალიზებს, “ანარქო-კომუნისტებს” ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აკვირდებოდა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, ტომას ლორდიც ამბობს, რომ მართალია მათ ჰყავთ წევრები ქვეყნის გარეთ (აღმოსავლეთ ევროპაში, ბელარუსსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე), თუმცა “ისინი არ იღებენ დახმარებას უცხო ქვეყნებისგან”.

თავდასხმა პუტინზე

რუსეთში მოქმედებენ სხვა ორგანიზაციებიც. ლორდის კოლეგა, ლუკას ვებერი გამოცემა Newsweek-ს ეუბნება, რომ მათი ნაწილი თანამშრომლობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. ასეთია, მაგალითად, “რუს მოხალისეთა კორპუსი”, დაჯგუფება, რომლის წევრებიც მხოლოდ დივერსიებს კი არ აწყობენ, არამედ უკრაინის მხარეს იბრძვიან.

3 მაისს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) განაცხადა, რომ გამოავლინა “საერთაშორისო არხი”, რომელიც “უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით” მოქმედებდა.

გამოძიების მტკიცებით, უკრაინის, ბულგარეთისა და რუსეთის მოქალაქეებს ამ არხის მეშვეობით ასაფეთქებელი ნივთირებები ოკუპირებულ ყირიმში გადაჰქონდათ, “ტერაქტების მოსაწყობად”.

ეფესბეს განცხადებაში ნათქვამია, რომ მარშრუტი იწყებოდა ბულგარეთში, გადიოდა თურქეთს და საქართველოს, და ასე აღწევდა რუსეთში.

იმავე დღეს, კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა პუტინის მოკვლა დრონებით სცადეს. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც კრემლის ერთ-ერთი გუმბათის აფეთქება ჩანს. უკრაინა თავდასხმის მოწყობას უარყოფს. მასზე პასუხისმგებლობა არცერთ რუსულ დივერსანტულ თუ პარტიზანულ დაჯგუფებასაც არ აუღია.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG