Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ომარ ხიზანიშვილი? - ქუჩები უცნობთა სახელებით


თბილისში სამასზე მეტი ქუჩაა და ბევრ მათგანს ისეთი ადამიანის სახელი აქვს მინიჭებული, რომელიც ბევრისთვის უცნობია. ინფორმაცია ამ პიროვნებებისა და მათი ღვაწლის შესახებ არსად არის განთავსებული.

გლდანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასივია, ის რვა მიკრორაიონსა და სოფელ გლდანს აერთიანებს. მოსახლეობა 150 ათას ადამიანს აჭარბებს. გლდანს ორი ცენტრალური ქუჩა აქვს. აქედან ერთი, რომელიც ოთხ მიკრორაიონს გასდევს, ომარ ხიზანიშვილის სახელს ატარებს. მაგრამ ვინ არის ომარ ხიზანიშვილი?

ინტერნეტის ეპოქაში, როცა იქ ბავშვსაც კი საკუთარი სოციალური პლატფორმა აქვს, შეუძლებელი აღმოჩნდა გაგვერკვია, ვინ იყო პიროვნება, რომლის სახელი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ჰქვია. ის, უბრალოდ, „არ იგუგლება“. არაფერი იციან თავად გლდანელებმაც. კითხვაზე, ვინ იყო ომარ ხიზანიშვილი, მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა გვიპასუხა, რომ ის გლდანის რაიკომის მდივანი იყო, თუმცა ვერც ამ ფაქტის გადამოწმება ხერხდება.

საბოლოოდ, ამ ადამიანის ვინაობის დასადგენად თბილისის მერიას მივმართეთ, საიდანაც ორაბზაციანი ინფორმაცია მოგვივიდა:

ომარ ხიზანიშვილი შალვას ძე დაიბადა 1910 წელს. იყო თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველოს უფროსი. მისი უშუალო თაოსნობითა და ინიციატივით განხორციელდა გლდანის რაიონის კეთილმოწყობა და ეკონომიკური განვითარება. გარდაიცვალა 1984 წელს. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. ომარ ხიზანიშვილის სახელობის ქუჩა მდებარეობს გლდანის რაიონში, დასაწყისი თენგიზ შეშელიძის ქუჩიდან. გლდანში გამავალ ცენტრალურ ქუჩას ომარ ხიზანიშვილის სახელი ეწოდა 2000 წელს.

გუგლში ვერც თენგიზ შეშელიძის ვინაობას იპოვით და ვერც ალეკო გობრონიძისას, რომლის სახელობის ქუჩაც იქვე, მუხიანშია. ზოგადად, არ არსებობს ელექტრონული პლატფორმა, სადაც იმ ადამიანების ბიოგრაფიები და ღვაწლი იქნება თავმოყრილი, რომელთა სახელებიც სხვადასხვა დროს თბილისის ქუჩებს დაარქვეს.

თბილისში ქუჩებს სახელებს საკრებულოსთან არსებული სიმბოლიკისა და სახელდების კომისია ანიჭებს. ურბანისტი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ კომისია ერთპიროვნულად, საზოგადოებასთან შეუთანხმებლად იღებს გადაწყვეტილებას და უგულებელყოფს საერთაშორისო გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც, ქუჩას ამა თუ იმ პიროვნების სახელი მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ უნდა მიენიჭოს და არა მაშინვე.

„ამასთან, ქუჩა სივრცითი გეგმარების ისტორიას გვიყვება. თავისი ახსნა აქვს იმას, რომ ზოგი ქუჩა მოკლეა და ზოგი - გრძელი. ამიტომ არ არის კარგი, როცა ზუბალაშვილების ქუჩას ორ ნაწილად ვყოფთ. ეს ქუჩა თაობებს ახსოვთ როგორც ერთი ქუჩა, ახლა კი ორი სახელი აქვს, ნაწილი დარჩა ზუბალაშვილების სახელობის, ნაწილს - ზურაბ ჟვანიას სახელი მიენიჭა. რატომ მაინცდამაინც ამ ქუჩას, ჰო შეიძლებოდა სხვაგან დაერქმიათ“, - ამბობს ცირა ელისაშვილი. მისი დაკვირვებით, ქუჩების გაყოფა უკვე ტენდენციად იქცა, კოჯრის ქუჩის ნაწილს გიზო ნიშნიანიძის სახელი ეწოდა, ლერმონტოვის ქუჩისას - გიგა ლორთქიფანიძის. - რატომ ვაკეთებთ ამას, ეს ხომ საზოგადოების სივრცეს ეხება? - კითხულობს ის.

ცირა ელისაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლებელია ქუჩების სახელწოდებებს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, მით უფრო, რომ თბილისში არის ძველი ქუჩები, რომლებიც ისტორიას მოგვითხრობს: ვერცხლის ქუჩა, სამღებროს ქუჩა, ბამბის ქუჩა... სტატუსის მიღების შემთხვევაში ქუჩისთვის სახელის შეცვლა აიკრძალებოდა.

მაგალითად, ნიაღვრის ქუჩა ყოველთვის ნიაღვრის ქუჩა იყო. სახელი შეარქვეს იმის გამო, რომ ფერდობია და ნიაღვარი მოდის. ახლა ამ ქუჩას დაარქვეს ბათუ კრავეიშვილის სახელი. დღემდე აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა, სახელდების კომისიამ კი მათ წერილს უპასუხა, „ნიაღვარიუსიამოვნო ასოციაციას იწვევს და ამიტომ გადავარქვითო. ანუ არ არსებობს კრიტერიუმები, რის გამო ვცვლით ქუჩის სახელს“, - ამბობს ცირა ელისაშვილი.

ყოფილი ნიაღვრის ქუჩა
ყოფილი ნიაღვრის ქუჩა

როგორ უნდა გავაცნოთ მოსახლეობას ის ადამიანები, რომელთა სახელები ქუჩებს ჰქვია, მაგრამ ისინი ხალხს არ ახსოვთ? თბილისის სიმბოლიკისა და სახელდების კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ კომისია ამ კუთხით ეტაპობრივ ღონისძიებებს გეგმავს.

შარშან, ქალთა დღეს, ბუკლეტები დავბეჭდეთ, სადაც იმ ქალბატონების ღვაწლი და ისტორია იყო მოთხრობილი, რომელთა სახელებიც თბილისის ქუჩებს ჰქვია. ახლაც ეტაპობრივად ვგეგმავთ ღონისძიებებს, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის ადამიანები, ვის სახელებსაც ატარებს ქუჩები“, - ამბობს ის.

ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ უფრო ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კომისიაში ისტორიკოსები, ურბანისტები და, ზოგადად, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, აქტივისტებიც იყვნენ.

დღეს სიმბოლიკისა და სახელდების კომისია ცხრა ადამიანისგან შედგება. დებულების თანახმად, მათგან ყველა საკრებულოს წევრი უნდა იყოს. მართალია, კომისიის სხდომაზე დასწრება ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ეს ცხრა კაცი იღებს ღია ან ფარული კენჭისყრით. ამჟამინდელ კომისიაში სპეციფიკური განათლება, რომელიც ქალაქის სიმბოლიკასთან მეტ-ნაკლებად კავშირშია, კომისიის მხოლოდ ერთ წევრს აქვს (კულტუროლოგი, ეთნოლოგია). დანარჩენებიდან 3 იურისტია, 2 - ეკონომისტი, 1 - პიარის სპეციალისტი, 1- ტრასპორტის სპეციალისტი, ერთს კი სამედიცინო განათლება აქვს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG