Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მას უნდა, რომ პუტინს მოუსმინოთ - ვინ არის ტაკერ კარლსონი?


ამერიკელებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება რუსეთში, - ამბობს ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი.
ამერიკელებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება რუსეთში, - ამბობს ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი.

ამერიკელი პოპულისტების კერპმა, ტაკერ კარლსონმა ინტერვიუ ჩაწერა ვლადიმირ პუტინთან. მისგან კრიტიკულ კითხვებს თითქმის არავინ ელოდება. კარლსონი ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორს” ეძახის და ამბობს, რომ აშშ უკრაინას აღარ უნდა დაეხმაროს.

რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, დასავლელი ჟურნალისტისთვის ინტერვიუ აღარ მიუცია.

ორწლიანი ტრადიცია დაირღვა 2024 წლის 6 თებერვალს, როდესაც პუტინი ელაპარაკა მოსკოვში ჩასულ ამერიკელ ულტრაკონსერვატორ ჟურნალისტს, ტაკერ კარლსონს.

“ამერიკელების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ დაესხა პუტინი თავს უკრაინას. მისი ხმაც კი არასდროს გაუგიათ”, - თქვა კარლსონმა იმავე დღეს გამოქვეყნებულ ვიდეოში.

პუტინს კი ამერიკელებმა აუცილებლად უნდა მოუსმინონ, რადგან დიდწილად სწორედ ისინი აფინანსებენ უკრაინაში ომს, დაამატა მან.

პოპულისტი და კონსპიროლოგი

ტაკერ კარლსონი წლების მანძილზე აშშ-ის უმსხვილესი ტელეარხის, Fox News-ის წამყვანი იყო. 2016-2023 წლებში საავტორო გადაცემა მიჰყავდა.

ამ ხნის განმავლობაში ის ხშირად ავრცელებდა შეთქმულების თეორიებს, რომელსაც ამერიკაში ბევრი რასისტულად თვლის.

მაგალითად, 2022 წლის ივლისში მან თქვა, რომ “დიდი ჩანაცვლება” დემოკრატიული პარტიის პოლიტიკის ნაწილია. შეთქმულების ამ თეორიის თანახმად, ამერიკის ხელისუფლება განგებ უშვებს ქვეყანაში არაქრისტიან და არათეთრკანიან მიგრანტებს, რათა მათ დროთა განმავლობაში თეთრკანიანი ქრისტიანი მოსახლეობა ჩაანაცვლონ.

რატომ? იმიტომ, რომ, „დიდი ჩანაცვლების” თეორიის მიმდევრების აზრით, მიგრანტების დამორჩილება უფრო მარტივია.

მათ გამო ამერიკა “უფრო ღარიბი, უფრო ბინძური და უფრო დაყოფილია”, - ამბობდა კარლსონი.

იგი ასევე ამართლებდა 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმას აშშ-ს კაპიტოლიუმზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა. ტაკერ კარლსონი ამტკიცებდა, რომ თავდასხმა “ძირითადად მშვიდობიანი” იყო.

ამასთანავე, ის დონალდ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერია. მაგრამ შარშან გაჟონილი მიმოწერის თანახმად, არაერთხელ უთქვამს, რომ ტრამპი “ეზიზღება”.

Fox News-მა კარლსონი შარშან აპრილში დაითხოვა, მიზეზის განუმარტავად. ამერიკაში ბევრს სჯერა, რომ მიზეზი სასამართლო დავაა, რომელიც არხს ამერიკულ კომპანია “დომინიონთან” ჰქონდა.

სწორედ “დომინიონის” მიერ წარმოებულ ხმის დამთვლელ მანქანებს იყენებდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტაკერ კარლსონი და მისი გადაცემის სტუმრები კი ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ განგებ გააყალბა ხმები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ.

ეს სასამართლო დავა FOX-ს 787 მილიონი დოლარი დაუჯდა.

პუტინს - კი, ზელენსკის - არა

ტაკერ კარლსონი პუტინს დიდი ხანია იცავს. ჯერ კიდევ 2017 წელს ის ამბობდა, რომ ამერიკელებმა პუტინი “საფრთხობელად” და “განტევების ვაცად” აქციეს და სინამდვილეში ის უსაფრთხოა.

2019 წელს, მან თქვა, რომ ამერიკა “რუსეთის მხარეს უნდა იყოს, თუკი მოუწევს არჩევანის გაკეთება რუსეთსა და უკრაინას შორის”.

სანამ უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო, კარლსონი ასეთ განცხადებებს ერიდებოდა და ამბობდა, რომ სისხლისღვრაზე პასუხისმგებელი ვლადიმირ პუტინია.

თუმცა დროთა განმავლობაში მისი რიტორიკა შეიცვალა.

მისი გადაცემების მოკლე შინაარსი ასე შეიძლება აღიწეროს:

დასავლეთს არ ესმის პუტინის, რომელიც უბრალოდ საკუთარ ინტერესებს იცავს. ნამდვილი დიქტატორი კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია.

აშშ ზელენსკის იმიტომ ეხმარება, რომ რუსეთში ხელისუფლება დაამხოს. ეს დახმარება უნდა შეწყდეს.

ეს სიტყვები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იმას, რასაც კრემლის პროპაგანდა საკუთარ მოსახლეობას უმტკიცებს.

“სასარგებლო იდიოტი”

ტაკერ კარლსონის და პუტინის ინტერვიუ “ააფეთქებს” არჩევნებს ამერიკაში, თქვა ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპი, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდის, ძალიან ახლოსაა ამ არჩევნებში მონაწილეობისგან. მისი რესპუბლიკური პარტიაც, ბოლო თვეებია, ბლოკავს უკრაინის დახმარებას. ომის დაწყების შემდეგ ვაშინგტონმა კიევს ას მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო. ამერიკული ფულისა და იარაღის გარეშე უკრაინისთვის ომში გამარჯვება თითქმის შეუძლებელი იქნება.

კრემლის მედიამ კარლსონის ვიზიტი ნამდვილ დღესასწაულად აქცია. ტელევიზია იმასაც კი აჩვენებდა, როგორ სვამდა ყავას, ტენიდა ტელეფონს და ვახშმობდა რუსეთიდან წასული “მაკდონალდსის” ადგილობრივ კლონ “ვკუსნო ი ტოჩკაში”.

ამიტომ არავის აქვს ილუზია, რომ კარლსონი ჰკითხავს პუტინს, მაგალითად, რუსეთში დაპატიმრებულ რადიო თავისუფლების ამერიკელ ჟურნალისტზე, ალსუ კურმაშევაზე, ან “უოლ სტრიტ ჯორნალის” კორესპონდენტ ევან გერშკოვიჩზე.

ეს ინტერვიუ უბრალოდ ტრიბუნაა პუტინისთვის, რათა დააჯეროს ამერიკელები, რომ უკრაინაში შეჭრა აუცილებელი იყო, - წერს CNN.

ის უბრალოდ “სასარგებლო იდიოტია”, რომელიც “თუთიყუშივით იმეორებს ვლადიმირ პუტინის ტყუილებს უკრაინაზე”, - თქვა ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა.

ომის დაწყების შემდეგ, არცერთ დასავლელ ჟურნალისტს თავი “არ შეუწუხებია” იმით, რომ ვლადიმირ პუტინი ჩაეწერაო, - ამბობს ვიდეომიმართვაში ტაკერ კარლსონი.

მისი სიტყვები თავად პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უარყო - “კოლექტიური დასავლეთიდან” პრეზიდენტს ბევრი ჟურნალისტი უკავშირდება, მაგრამ ყველა მიკერძოებულია და სწორედ ამის გამო იღებენ უარსო.

აი, ტაკერ კარლსონი კი სხვანაირია, მას “პროამერიკული” პოზიცია აქვს, - დაამატა პესკოვმა.

ტაკერ კარლსონის ინტერვიუ ვლადიმირ პუტინთან მის ვებგვერდზე 9 თებერვალს გამოქვეყნდება, თბილისის დროით ღამის 3 საათზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG